ჩემი თხა
ავტორი: აკაკი წერეთელი


(ხალხური)


ჩემო ლამაზო ბეკეკა,

შენ ჩემო თხაო ბელაო!

ჩემი მტერი და ორგული

შენ გენაცვალოს ყველაო.


წვერი გაქვს დეკანოზისა

და რქები ეშმაკისაო,

კბილები, ნამგლად ნალესი,

ნეკერს კვრეხს, ბალახს მკისაო.


მთაში რომ წაკოკინდები,

დააგდებ მინდორ-ველსაო,

ჯიხვებს ეწვევი კლდეებში,

იქ მოიღერებ ყელსაო!


გაძღები, გასისინდები,

ჯიქანს გაივსებ რძითაო,

რა გზითაც დილას წასულხარ,

ბრუნდები იმავ გზითაო.


მოხვალ და საწველს ამივსებ,

არ დამამადლი წველასო!..

მეძღვნეო ჩემი შვილების,

შენ მირჩევნიხარ ყველასო.


თვალის-ჩინივით მოგივლი,

ნუ გეშინია მტერისო!..

მაგ ძუძუების ჭირიმე:

საწველში ჩაიმღერისო!..


ბეკეკავ! ჩემო ბეკეკავ!

შენ ჩემო კარგო ბელაო!..

ჩემი ოჯახის ურგები

შენ გენაცვალოს ყველაო!


1894 წ.

აკაკი წერეთლის ლექსები