მუშური (1886)
ავტორი: აკაკი წერეთელი


ყანაო, მუშის სამოთხევ,

გლეხის დიდებავ, ყანაო!

ცისკრის სხივებმა შეგმოსეს

და ნამმა გადაგბანაო;


დილის ნიავმა დაგქროლა,

ალერსით გითხრა ნანაო;

ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა,

ალერსით აგამწვანაო.


ყანაო, გულ-ხელგაშლილო,

ქვეყნის მოკეთევ, ყანაო!

მოყვრულად შემოგსევივართ,

მტრულად გიმეტებთ განაო.


გავმარგლავთ ბალახ-ბულახსა,

გაგთოხნით ყოველგანაო!..

ყანაო, დაუზარებო,

უხვად მომცემო, ყანაო!


ზედ უფლის თვალი დაგყურებს,

შენი ბარაქა ბრძანაო;

აგშორდეს გვალვა და სეტყვა,

მოსავლის გამოცანაო...


ყანაო, ოქრო-ზურმუხტო,

ყანაო, ჩემო ყანაო!

მაღალმა ღმერთმა აკურთხოს

სხვაც ბევრი შენისთანაო!


1886 წ

აკაკი წერეთლის ლექსები