ღმერთო, წვიმა მოიყვანე ...
ღმერთო, წვიმა მოიყვანე ... ავტორი: აკაკი წერეთელი |
ღმერთო, წვიმა მოიყვანე
წითელი და შხაპუნაო,
რომ გავიდეთ სამუშაოდ
და დავსძახოთ “ჰოპუნაო!”
რომ ქალებიც გვერდში გვედგენ
ნამგლითა და ცელითაო;
ჩვენგან მოჭრილ თავთავს ჰკრებდენ
მადლიანის ხელითაო!
შვილებიც თავს დაჰხაროდენ
მობრუნებულს ალოსაო;
“ოროველას” დასძახოდენ
მამა-პაპურ კალოსაო!
ღმერთო, წვიმა მოიყვანე,
მიწის გამალბობელიო,
რომ გასწყვიტოს ჭია-ჭუა,
ქვეყნის დამამხობელიო!
1882 წ.