ჩემი თავგადასავალი

ჩემი თავგადასავალი
ავტორი: აკაკი წერეთელი


პირველი ნაწილი თავი I

ყოველი არსი, სულიერი თუ უსულო, ხილული თუ უხილავი, ერთსა და იმავე მსოფლიო კანონს ექვემდებარება: დაიბადება, იზრდება, დაბერდება - კვდება!.. წყალი რა არის... წყალი!.. უბრალო მდინარეც კი ვერ ასცდენია ამ საყოველთაო წესსა და რიგს: დაიბადება თუ არა, ე.ი. თავს იჩენს თუ არა სადმე მივარდნილ მთის კალთაზე, მაშინვე იწყებს ჟონვას ნელ-ნელა, ახალფეხადგმულ ბავშვივით დაუყვება დაღმართს, თანდათან იზრდება, ფეხს იკიდებს, სანამ წკრიალით არ ჩამოცუნცულდება რომელსამე ხევში, სადაც, როგორც აღვირუსხმელი, სისხლჭარბი, თავმომწონე და შეუპოვარი, სანავარდოდ გამოსული ჭაბუკი, აღარავის ეკრძალვის, აღარაფერს ერიდება: მირბის და მიხტის ღრიალ-გრიალით!.. უძრავ ქვებს თავზე ევლება და კლდოვან კიდეებს თავგამეტებით აქეთ-იქით ეხლება, რომ გაგლიჯოს და გაიტანოს მისი მოწინააღმდეგე!.. მაგრამ, ვერ შემძლები ამისი, ზარითა და ზეიმით ჭალებისაკენ მიექანება. აქ კი გაგულდიდებული, ღრმა კალაპოტში ჩამჯდარი და გულსავსე, ვაჟკაცური მედიდურობით, მშვიდობიანად ტალღებს ტალღებით მოაგორებს!.. მიდის, მიშხუის, ზღვისკენ თავმიცემული, შორს გზით მიმავალი, და, რაც უფრო და უფრო უახლოვდება აუციელებელ სავანეს, თანდათან იჩენს აუჩქარებლობას, როგორც მოხუცი, და ბოლოს კიდეც შეჩერდება ერთი შეჩერება... ტბორავს, თითქოს უნდა, რომ უკანასკნელად ერთი კიდევ მოიხედოს უკანვე, თვალი გადაავლოს თავის წარსულს, ფერადად გაშლილ შორეულ გზას, და მერე კი საუკუნოდ ჩაინთქას, ჩაიღუპოს ზღვის უფსკრულში!..

მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი სიჭაბუკისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები!..

ალბათ, ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას, ვაძლევ: ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.

სწორედ ამ ჩიხურას პირად, მაღლობზე, დგას ორსართულიანი ქვიტკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე დარბაზისა და სისქე - ციხის, მაგრამ არცერთ მათგანს კი არა ჰგავს!.. აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში კი 1841 მიწერია. ნათქვამია: ადამის შვილი, გაჩნდება თუ არა ქვეყნად, მისი ბედის ვარსკვლავიც მაშინვე ცაზე იჭედება, წინასწარი ზედწარწერითო! თუ ეს მართალია, ეჭვი არ არის, რომ ჩემს ვარსკვლავზედაც შემდეგი შაირი წერებულა:

ერთი რამ ცხოველი არის, ხმას აწვდენს შორით-შორსაო, თავისთვის ჩოჩორს აკეთებს, სხვისთვის კი კაი ჯორსაო.

იმ თავითვე, დავბადებულვარ თუ არა, ვაჟის შეძენით გახარებულ მამაჩემს დიდი ხნის გარისხული და სასახლიდან გაგდებული შინაყმა შეურიგებია, და მე კი ბებიას მაშინვე გავულახივარ. აი, როგორ მოჰყვებოდა ხოლმე ამ ამბავს გაზეპირებული „მამაო ჩვენო“-სავით ცხონებული გადიაჩემი: „ვენაცვალე ჩემს კაკოს! (ბავშვობისას კაკოს მეძახდნენ) ამის დაბადებაც სულ სხვანაირი იყოო: დაიბადა ერთი რაღაც დათვისბელა, ბამბისქულა და ისე გაეკმიდა სული, რომ კრინტს არა სძრავდაო! ეს თურმე იმას ჰფიქრობდა: საიდან სად მოვედიო? და ბებიას კი გულშემოყრილი ეგონა და ჩქმეტა დაუწყო!.. ერთი-ორი კიდეც შემოუცაცუნა ხელი და ძლივს ხმა ამოაღებინაო! ვის უნახავს ამისი ტირილი? სულ იცინოდაო“.

ამას სხვებიც ამბობენ. დიახ, სულ თურმე ვიცინოდი, და ამ სიცილს ერთი კარგი უსიამოვნებაც მოუხდენია: ერთხელ ჩამოსულა ჩვენსა მეზობლის გამდელი და, მომცინარი რომ ვუნახივარ, უთქვამს: „ვუიმე!.. ჩემი გაზრდილი ნუ მომიკვდება, ეს ბავშვი ისე იცინის, რომ სწორედ სულელი გამოვაო!..“ ჩემ გამდელს სწყენია ეს და უპასუხნია: „როგორ თუ სულელიო?! ანგელოზია და ანგელოზებს შესცინის!.. იმათ ეთამაშებაო!.. სულელები ზოგი თქვენკენ მოიკითხეო“ და სხვნი!.. წაკაპარაკებულან და სცემიან ერთმანეთს. ჩემს გამდელს ჩვენი მოსამსახურეები მოჰხმარებიან, მეზობლისას - მათი; ბოლოს ქალბატონებიც ჩარეულან (რასაკვირველია, მხოლოდ სიტყვითა და მუქარით და არა საქმით). ამ ამბავს მიუწევია ვაჟბატონებამდისაც და ჩამოვარდნილა ორ ოჯახს შუა დიდი უსიამოვნება. აღარც, თურმე, ეკარებოდნენ ერთმანეთს და აღარც ხმასა სცემდნენ!.. მხოლოდ თევდორობის კვირაში, ზიარების წინეთ, ოქროპირ მღვდლის რჩევით შერიგებულან და მაშინაც კიდევ მამაჩემს სოფელში კაცი გაუგზავნია და შაუთვლია ძიძისათვის: „აქ გამომგვარე ჩემი ხითხითა ბიჭუნა, რომ მეზობლებმა ნახონ, და მტრებს თვალები დავუყენოვო!“ გამოვუყვანივართ, მაგრამ წარმოიდგინეთ ყველას გაკვირვება, რომ „ხითხითა ბიჭს“, ჩვეულების წინააღმდეგ, ერთი ღიმილიც არ მომსვლია, ისე თურმე ვყოფილვარ გაბრუებულსავით.

აქ ცხადია, რომ სოფელში ნამყოფ ათი თვის ბავშვს სასახლეში ყველაფერი მეუცხოვებოდა და გაშტერებული ვიქნებოდი, მაგრამ ასე არ გაუგიათ და არ აუხსნიათ ჩვენებს!.. იმათ უფიქრიათ: ეს სწორედ შურისა და სიხარბის საქმეა, თვალი ჰკრეს, გაღალესო და ისევ საჩქაროდ დავუბრუნებივართ სოფელში. ძიძასაც გზაზე ერთ ვიღაც მკითხავთან გაუვლია, გამოულოცვინებია... შეუბამთ ჩემთვის ყელზე ღინჭილა, მწარე ბალი და მიუყვანივართ სოფელში - შინ. იქ, რასაკვირველია, მომბრუნებია გული და ისევ დამიწყია სიცილი. ჩემი ძიძა დარწმუნებულა, რომ სწორედ გასჭრა შელოცვამ, გამობრუნდა ყმაწვილი, ახლა აღარა უჭირს რაო და მახარობელიც უფრენია სასახლისაკენ.

ძიძაობა და ყმაწვილის სოფელში გაბარება ისტორიული ჩვეულება იყო ჩვენს ქვეყანაში: მეფეები და მთავრები ერისთავენს აბარებდნენ და აზრდევინებდნენ თავის შვილებს, ერისთავები და დიდებულები - აზნაურებს და აზნაურები კი გლეხებს; უფრო ხშირად თავადებიც გლეხებს აზრდევინებდნენ. ნუ გგონიათ, რომ მაშინდელი მშობლები უგულო ყოფილიყონ და შვილები დღევანდელ დედებზე ნაკლებ ჰყვარებოდეთ!.. აქ სულ სხვა მიზეზები და საფუძველი იყო: ეს გაზრდილ-გამზრდელობა აკავშირებდა ერთმანეთთან სხვადასხვა წოდებას. გარდა ნათელ-მირონობისა, თითქმის სისხლხორცობა არ მიაჩნდათ ისე მტკიცე კავშირად, როგორც გამზრდელ-გაზრდილობა. არათუ ძიძიშვილები და მათი ახლო მონათესავენი, მათი შორეული მოყვრებიც კი მზად იყვნენ ყოველ შემთხვევაში თავი დაედვათ გაზრდილის გულისათვის, და გაზრდილიც მარად ექომაგებოდა ამ კაცს, და მისი ბრალია, რომ ამ უკანასკნელ საუკუნემდე ჩვენს ქვეყანაში უფრო კაცური და კეთილი განწყობილება იყო მაღალ და დაბალ წოდებას შუა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, რომ ამ გონივრული ჩვეულების მიზეზი იყო ჩემი სოფელში გაბარებაც. და კურთხეულიმც იყოს ეს ჩვეულება!.. არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ, თუკი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ერთად ვიზრდებოდი.

საწერეთლოში, ზემო იმერეთში, ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც, ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი. როგორც სათვალდათვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ „სავანე“, ე.ი. მოსასვენებელი ადგილი. საჩხერეზე შორს არ არის: ჩვენი სახლიდან ნახევარი საათის სასიარულო თუ იქნება. აქ ავიდგი მე ფეხი, აქ ამოვიდგი ენა და აქედანვე იწყება ჩემი მახსოვრობაც. თვალწინ მიდგია ისლით გადახურული ხის სახლი წინა და უკანა კარებით, უფანჯ-უსარკმელო, მხოლოდ ორი საკვამლურით, ანუ საფაფურით, საიდანაც კვამლი გადიოდა და სამაგიეროდ სინათლე შემოდიოდა. შუა კერაზე, მხარ-თეძოზე წამოწოლილი, დევივით იდვა დიდი, უზარმაზარი ჯირკვი და გაუსხლეტლად ზამთარ-ზაფხულ ცეცხლი გუზგუზებდა. გლეხის ოჯახი დილიდან საღამომდე სულ მუშაობაშია, საქმე არ გამოელევათ და ამიტომ ბავშვების გრძნობა-გონება სუყოველთვის გართულია. კაცები დილითვე ადრე მიდიან სამუშაოდ ყანებში, თუ ტყეში, სადილი და სამხარიც იქ მიუდისთ და დაღამებამდე ძვირად ბრუნდებიან სახლში. ქალები კი საოჯახო საქმეზე ტრიალებენ. მათ ხელშია საქონლის მოვლა, ფრინველების პატრონობა, სახლის დაგვა-დასუფთავება, სადილ-ვახშმის მზადება და მრავალი სხვა საწვრილმანო რამეები. ბავშვი რომ თვალყურს ადევნებს იმათ მუშაობას, თვითონაც ძალაუნებურად მონაწილე ხდება და სწავლობს. ხუთი-ექვსი წლისამ ძალიან კარგად ვიცოდი, თუ როგორ უნდა პირუტყვის ყურისგდება, ფრინველის მოვლა, სადილ-ვახშმის მზადება, გაცრა-გამტკიცვა, გამოცხობა, სხვადასხვაგვარ შეჭამანდის მომზადება და სხვანი. შესწავლილი მქონდა, თუ როდის და როგორ უნდოდა: ხვნა-თესვა, თოხნა, მკა, სხვლა და სხვანი, ასე რომ ჩემი შესაფერი ხელსაწყო რომ მქონოდა, ყველაფერს მოვახერხებდი. არ ვიცოდი მხოლოდ წინდა-პაიჭის ქსოვა და კერვა და ისიც იმიტომ, რომ ამბობდნენ: „ქალის ხელსაქნარი კაცისათვის დიდი ცოდვა არისო“ და მეც მეჯერა. მჯეროდა, მაგრამ ჩუმად მაინც გავტეხე ცოდვა და ვისწავლე მატყლის ჩეჩვა და ბამბის პენტვა. აი, როგორ მოხდა ეს: ჩემი ძიძიშვილი, რომელიც ჩემთან ძუძუშენაწოვარი და ჩემი კბილა იყო, არასოდეს არ მშორდებოდა, სულ ჩემთან იყო. ერთხელ ავდრიანი დღე იყო და, ქალებმა რომ ყანაში მუშებს სამხარი წაუღეს, ჩვენ შინ დაგვტოვეს, თან აღარ წაგვიყვანეს. გვეწყინა, მაგრამ რაღას ვიზამდით? დავრჩით მარტო, - მოგვეწყინა. ჯერ დანასობია ვითამაშეთ, მერე კენჭობია, მაგრამ მაინც ვერ გავერთეთ, რადგანაც ამგვარი სათამაშოები მოწყენილი და მობეზრებული გვქონდა. ძიძიშვილმა მითხრა: „მოდი, ერთი, ბაბუას წვერები დავუჩეჩოთო!“ ჩამოიღო საჩეჩელი, მოიტანა მატყლი და დაუწყო ჩეჩვა, თანაც ასე იძახოდა: „ასე დაეჩეჩოს ბაბუას წვერებიო“. ეს ძალიან მომეწონა და მეც მივბაძე. დიდხანს ვერ ვახერხებდი ჩეჩვას; ორჯერ-სამჯერ საჩეჩლის ჩხირები მეჩხვლიტა, მაგრამ მაინც თავი არ დამინებებია. ვინ იყო ის ბაბუა, ან რას ვერჩოდით? ეს წარმოდგენილი არც ერთს არ გვქონდა, მაგრამ ძალიან აღტაცებაში მოვყავდით ამ ბაბუას წვერების ჩეჩვას, ასე რომ თითქმის დავიქანცეთ... ბოლოს ისევ ძიძიშვილმა სთქვა: „კმარა ამდენი ჩეჩვა, ახლა გავპენტოთ და ქარს გავატანოთ ბაბუას წვერებიო“, ჩამოიღო ლარი, მოიტანა ბამბა და დაუწყო პენტვა. თან პენტავდა და თანაც ლარის ბაგაბუგის ხმაზე ბუქნას უვლიდა. მეც, რასაკვირველია, გავიმეორე მისი ნამოძღვრალი და ისე შეგვიყვარდა ეს „ბაბუას წვერის“ თამაში, რომ შემდეგში, როგორც კი გავიგულებდით სადმე ქალებს, სულ ამას ვთამაშობდით და ისე კარგადაც კი შევისწავლეთ საჩეჩელის და ლარის ხელი, რომ ქალებიც ვეღარა გვჯობნიდნენ. ძალიან ვფრთხილობდით, რაც კი შეგვეძლო, მაგრამ ერთხელ მოგვასწრეს ქალებმა, და ჩემმა ძიძამაც ჩამოიკაწრა ლოყები: „ვუიმე! რა გიქნიათ ეგ, შვილებო? ეგ ხომ დიდი ცოდვა არის?.. ქალების ხელსაქნარი რა თქვენი საქმეაო?.. და მერე ბატონებმაც თუ გაიგეს სასახლეში, რას იტყვიანო?“ იმ დღიდან გვიმალავდნენ ლარსაც და საჩეჩელსაც, მაგრამ გვიანღა იყო. ყმაწვილის გონება-გრძნობა მოუსვენარია, ყოველ წუთს მოძრაობაშია, მაგრამ ფეხმოუკიდებელი კი არის, დიდხანს ერთსა და იმავე საგანს ვერ შერჩება. ერთგვარობა და ერთფეროვნება მალე ჰბეზრდება და საგნიდან საგანზე გადადის: ამიტომ ოთახში ყოფნა ეზარება, რადგანაც, რაც კი ოთახში რამ არის, ყველაფერი ნაცნობია მისი, თვალი შეჩვეული აქვს და ვეღარ ართობს მის გრძნობა-გონებას: ის გარბის მინდვრად ცა და მიწას შუა, სადაც სანახაობა მრავალფერი და უთვალავია მისთვის. შინ დარჩენა ჩემთვისაც, რასაკვირველია, დასჯა იყო. მიყვარდა ხოლმე ყანებში სიარული, სადაც მუშები იმღეროდნენ, მაგრამ დიდხნობით ვერც იქ ვჩერდებოდი, რადგანაც მე თითქმის ყურადღებას არავინ მაქცევდა, თავის საქმეზე იდგნენ. ვინ არ იცის, რომ ყმაწვილი ბუნებათანაზიარია, ყოველთვის ჰსურს, რომ თვისი გულისპასუხი სხვებსაც გადასცეს, შეატყობინოს ხოლმე, და ეს მხოლოდ შეუძლია თავის ტოლ-ამხანაგებთან. ხშირად, როდესაც ყმაწვილი ვეღარა ჰხედავს ტოლ-ამხანაგს, უსულო საგნებს ესაუბრება ხოლმე... ქვას, ხეს, ყვავილს, ბალახს და სხვა, - პირუტყვებთან ხომ რაღა! ისე სიამოვნებით მუსაიფობს ხოლმე, რომ მეტი აღარ შეიძლება!.. მხოლოდ დიდებთან ვერ ახერხებდნენ ყმაწვილები სიტყვა-პასუხსა და გულს არ უხსნიან მათ!.. და ეს კი თვით უფროსების მედიდურობისა და აუყოლელობის ბრალია. ცხადია, რომ მეც ამიტომ ვერ ვრჩებოდი დიდხანს ყანაში მუშებთან. მაგიერად სამწყემსურში წასვლა, მინდვრად და ტყეში, და იქ დარჩენა ჩემთვის სამოთხეში შესვლა იყო. გათენდებოდა თუ არა, უქუდო, ფეხშიშველა გავრბოდი მწყემსებისაკენ და დაღამებამდე იქა ვრჩებოდი. ყმაწვილი, რომელიც კი სოფელში არ გაზრდილა, ბუნებაზე სრულიად მოსხლეტილია. ის არის მოკლებული უპირველესს ბედნიერებას. ქალაქში გაზრდილ ბავშვს, გენიოსიც რომ იყოს, მისი მასწავლებელი სიტყვით და ნახატებით ისე ვერ გააცნობს ბუნებას, როგორც სოფლელი იცნობს თავის საკუთარი ნახულობით. სოფლელს თვალწინ უდგას ყოველთვის ბუნება, მისის სხვადასხვაფერობით, გაცნობილი ჰყავს ყოველგვარი ოთხფეხი, ფრინველი, ქვემძრომი, მწერი, მცენარე და იცის მათი ზნე და ჩვეულება; ყველა მის თვალწინ იბადება, იზრდება, იშლება, იფურჩქნება, აყვავდება, მოაქვს ნაყოფი და კვდება, - ყველა მათგანის ჭირისა და ლხინის თანამოზიარეა და ამიტომაც ეთვისიანება მათ. რომელ მხატვრობას შეუძლია გადასცეს ბავშვს ის, რასაც სოფელში მყოფი თავის თვალით ჰხედავს? ავიღოთ, თუ გინდა, სულ უკანასკნელი: აი, მოდის, მოღრუჩუნებს დედა-ღორი და მას ცქრიალით უკან მოსდევენ პატარ-პატარა ჭყივილა გოჭები. ძუძუს ეხვეწებიან... დედა მიდის სადმე ჩრდილში და წამოგორდება მხარ-თეძოზე: მისცვივდებიან შვილები და მიეძაბრებიან ძუძუებს; სიამოვნების ნიშნად აქიცინებენ პატარა გადაპრეხილ კუდებს და დედაც თვალდახუჭული დაჰხარის, დაღრუჩუნებს მათ... აგერ, კრავები კუნტრუშობენ, თიკნები დახტიან... გოჭები ჭიდაობენ, კვიცები კოტრიალობენ და სხვანი - სულ მრავალფერობა და სხვადასხვა სანახაობა... უყურებს ბავშვი და თვითონაც გულშექმნილი, ხტის და თამაშობს!.. ამაებს ყველას მოკლებულია ქალაქელი. „გიმნასტიკაო“ - მეტყვით!.. მაგრამ გიმნასტიკა მხოლოდ ტანჯვაა ბავშვისთვის და სხეულის ჯორჯვა. სხვადასხვა ნაწევრებს ადამიანის გვამისა განა ერთი და იგივე მოთხოვნილება აქვს? მე ეგება მარტო ფეხი მინდა ვავარჯიშო და იმ დროს ხელი შევასვენო. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ამ დროს თვითონ ბუნება უფრო უტყუვრად უჩვენებს. „გიმნასტიკის“ დროს კი, წინააღმდეგ ჩემის მოთხოვნილებისა, უნდა მხოლოდ სხვისი ბრძანებით ვიმოძრაო. მაგალითად, მე როცა სირბილი მინდა, ის გამაჩერებს ერთ ადგილზე, მომცემს ხელში მძიმე რკინებს და, გინდა თუ არა, ხელები ავარჯიშეო... ხელოვნებას შეუძლია, რომ დაიმორჩილოს, ე.ი. დაამახინჯოს ბუნება, მაგრამ რომ შესცვალოს და თავისი სურვილით ვითომ გააუკეთესოს, არა მჯერა. აბა, წარმოიდგინეთ ერთი მხრით თავისუფალი, შველივით მონავარდე, სოფლელი ბავშვი და მეორე მხრით „დაჩანჩურებული“ ქალაქელი ყმაწვილი!.. ფეხსაცმელი უჭერს და მაზოლები სტანჯავს... გამოსუდრულა ტანთსაცმელში, საძრაობა აღარ აქვს, ეუბნებიან: ჭკვიანად იყავი, რაც ჩვენ გირჩიოთ, მხოლოდ ის იკისრე შენცო!.. იმ საბრალოს ერთი გაკოტრიალება ქვეყანას ურჩევნია, მაგრამ განა გაბედავს, რომ ტანისამოსი დასვაროს?.. იზრდება ბრძანებით მომავალი ჭლექი და მუმია.

ქართველების ოდენა სხვადასხვაგვარი სათამაშო თითქმის არც ერთ ხალხს არა აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუა-გონებასა და სხეულს სწრთვნის, ავარჯიშებს. ყველას არ ჩამოგითვლით აქ, რადგანაც შემდეგ კიდევ მექნება მათზე მსჯელობა განსაკუთრებით, და დავასახელებ მხოლოდ „ბურთაობას“. აბა, რომელი „გიმნასტიკა“ შეედრება მას? ბურთაობის დროს თვალი, ფეხი, ხელი, თავი, ტანი და ყველაფერი თანასწორად ეჩვევა სიმარდეს. ქართულ სათამაშოებს ბავშვები თავის ხელით აკეთებენ, მაგალითად, ტაფა-რიკს თვითონ გამოსჭრიან ხოლმე, შვილდ-კოდალს იკეთებენ ხოლმე, ბურთს თავის ხელით იმზადებენ, და ეს შრომა კიდევ უფრო აყვარებს პატარა პატრონს თავის საკუთრებას! ნაყიდი სათამაშოები და მუქთად ნაშოვნი ტიკინები ქალაქებში მუქთახორობას აჩვევენ ყმაწვილებს და უფრო უფუჭებენ ხასიათს. ეს მე ჩემ თავზე გამომიცდია! სხვისი გაკეთებული და ნაყიდი სათამაშოები არაფრად არ მიმაჩნდა და ჩემსას კი ვუფრთხილდებოდი ხოლმე. პატარებს უყვართ დიდების მიბაძვა და, მეც რომ ხუხულა სახლებსა და ბეღელ-სასიმინდე-წისქვილებს ვაშენებდი ხოლმე, ჩემს სიამოვნებას საზღვარი აღარ ჰქონდა. თავი მომქონდა, რომ მე თვითონ ვაკეთებდი. აბა, წარმოიდგინეთ სოფლელი ბავშვი, რომელსაც თავის ხელით გაკეთებული ბურთი ხელში უჭირავს და თავისუფლად გაჰკრავ-გამოჰკრავს ხოლმე ხტუნვითა და სირბილით, და შეუდარეთ ქალაქელს! იმ საცოდავს უჭირავს ხელში ძაფზე გამობმული ბუშტის ბურთი შიშით ვეღარ ინძრევა, არ გამიფრინდესო... რომ სიტყვა აღარ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი, რომ სოფელში გაზრდილ და ქალაქში მყოფ ბავშვებს შუა ისეთი განსხვავებაა, როგორიც ნამდვილსა და მის აჩრდილს შუა. ეს უბედურება ბედმა თავიდან ამაცდინა მე და ექვსი-შვიდი წლის ნამდვილი ბუნების შვილი ვიყავი: ტანმრთელი, მალხაზი, კეთილი, ყველას მოსიყვარულე და თავისუფალი, როგორც სამოთხის შვილი. დიახ, სანამდი სოფელში ვიზრდებოდი, სრულიად ბედნიერიც ვიყავი, თუმცა ხანდახან, კვირაში ერთხელ თუ ორჯერ, ჩემს ბედნიერებას შეაფერხებდნენ ხოლმე სასახლიდან ჩემ სანახავად გამოსულები!

„დღეს ბატონები მობრძანდებიანო!“ - იტყოდა ხოლმე ჩემი ძიძა: გამწმენდდა, გამბანდა, მომრთავდა, თითქოს სადღესასწაულოდ, და აღარ გამიშვებდა გარეთ. მართლაც იმ დღეს გამოვიდოდნენ ჩემ სანახავად დედ-მამა დიდის ამბითა და ამალით, ისე, როგორც კი შეშვენოდა ბატონყმობის დროს, და მთელი სოფელი ცერად გადაიქცეოდა ხოლმე. იმათი გამოსვლა ჩემთვის მხოლოდ სასეირო და სათამაშო იყო. ვიცოდი, რომ ისინი ბატონები იყვნენ და მე მათი შვილი ვიყავი. როგორც ისინი, ისე მათი მხლებლები მოწიწებითა და ალერსით მეპყრობოდნენ: მკოცნიდნენ და მანებივრებდნენ, მაგრამ მაინც მე მათი მობრძანება ბევრად არაფრად მეპიტნავებოდა, რადგანაც გული ტყე-მინდვრისა და სამწყემსურისაკენ მქონდა. კიდევ ჩემი ბედი, რომ ისინი დიდხანს არ იცდიდნენ სოფელში და მეც, გავიგულებდი თუ არა მათ ცოტა მოშორებით, ისევ გავრბოდი სამწყემსურში. იქ სოფლის ბიჭები, ჩემი ამხანაგები, გამომკითხავდნენ ხოლმე: „რა მოგიტანეს, რა გითხრეს ბატონებმა, როგორ იყვნენო?“ და სხვა. ამის გამოკითხვის შემდეგ, ჩვენც მაშინვე „ბატონობიას“ თამაშს დავიწყებდით ხოლმე: ზოგი ქალბატონს წარმოადგენდა, ზოგი ვითომ ვაჟბატონი იყო, ზოგიც მხლებლები!.. გადავჯდებოდით ჯორის ცხენებზე და ჩვენს მხიარულებას საზღვარი არ ჰქონდა.

ზემოთაც მოვიხსენიე, რომ ქართველებს ურიცხვი და უთვალავი სათამაშოები გვაქვს-მეთქი. ერთი მათგანი სამუდამოდ ჩამრჩა გრძნობა-გონებაში, თუმც ის თამაშობა თავისთავად სახალისო არ არის. ეს გახლავთ „ქორობია“. ერთი უფროსთაგანი კრუხობას იკისრებდა, სხვები წიწილები ვიყავით, გავაკეთებდით წრეს, ჩავაბამდით ფერხულს და ვტრიალებდით. ქორი მოდიოდა წიწილების მოსატაცებლად, კრუხი იგერიებდა, სანამ ძალ-ღონე ჰქონდა. ბოლოს ქორი ხან ერთი კუთხიდან, ხან მეორე კუთხიდან მოვარდებოდა, გაჰგლეჯდა წრეს და გაიტაცებდა წიწილს; მაშინ წიწილები გაიფანტებოდნენ, მიიმალებოდნენ აქეთ-იქით და გამწარებული კრუხი კი, შვილებს რომ აქეთ-იქით მიმალულსა და მიხიზნულს დაინახავდა, თვითონ გამოუდგებოდა ქორს, დააგდებინებდა და დაიბრუნებდა ხოლმე გატაცებულ წიწილას. მაშინ ხელახლად იწყებდა ქოთქოთს, შეიკრებდა წიწილებს და გააბამდა წრეს. მართალია, გამარჯვებული კი ყოველთვის კრუხი რჩებოდა, მაგრამ იმ საბრალოს მოსვენება არ ჰქონდა და იტანჯებოდა. ეს თამაში მე არ მიყვარდა, თუმცა ყოველდღე სხვადასხვა თამაშობას ამითი ვაბოლოვებდით ხოლმე. მეცოდებოდა კრუხი და ხშირად ვეკითხებოდი ხოლმე ძიძას: „რა დაუშავა კრუხმა ქორს, რომ წიწილებს სტაცებს და არ ასვენებს-მეთქი?“ - „ჭამა უნდაო!“ - მიპასუხებდა ხოლმე ძიძა და დაიწყებდა სიცილს. არ ვიცი, ეს თამაშობა, რომელიც სავარჯიშოდ დიდი არა არის რა, განზრახ იყო გამოგონებული რაიმე სამნიშვნელოდ, თუ ისე შემთხვევით, უბრალოდ, მაგრამ დღეს რომ ვუკვირდები, ძალიან მაგონებს ჩვენი ქვეყნის ბედს. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ისტორია სწორედ ქორობიას წარმოადგენდა: საქართველო კრუხი იყო სიცოცხლეგამწარებული, და სხვა მისი კუთხეები - წიწილები!.. მტრები ქორებივით ესეოდნენ... იტაცებდნენ ხან ერთს მხარესა და ხან მეორეს, მაგრამ საბოლოოდ კი საქართველო მაინც კიდევ იბრუნებდა ხოლმე დაკარგულ მხარეს და გაერთიანებული, ფერხულჩაბმული წრე ბოლოს იქნევდა ძლიერად. მაშინ მე ეს არ მესმოდა, რასაკვირველია, მაგრამ გულზე რაღაც კი უნებურად მკბენდა და მეჯავრებოდა „ქორობია“. თუმცა მისი თამაშობა ყველას კი უნდოდა, მაგრამ სიყვარულით კი არავის უყვარდა. ერთხელ, სახლში რომ დავბრუნდი, მოწყენა შემნიშნა ძიძამ და მითხრა: „რა იყო, ქორობია ხომ არ გითამაშნიათო“.

- ვითამაშეთ და ქორმაც მე გამიტაცა-მეთქი! - ვუპასუხე სიცილით. ძიძამ ჩამიკრა გულში და დაიწყო ტირილი. მე გამიკვირდა და ვკითხე: „რა გატირებს-მეთქი?“ - „ის მატირებს, რომ ხვალ ჩემს წიწილასაც მოიტაცებენ და მომაშორებენო!.. წიწილას რა უჭირს, მაგრამ, როგორ აიტანოს და როგორღა გასძლოს კრუხმა უიმისობით?“ ეს რომ სთქვა, გული ამოუჯდა, მოუმატა ტირილს და უფრო ძალუმად მიმიკრა გულზე. მე თუმცა არა მესმოდა რა, მაგრამ მივხვდი, რომ აქ კარგი არა არის რა-მეთქი, და დავიწყე ტირილი... ვიტირე, ვიტირე და ჩამეძინა ძიძის კალთაში. მეორე დღეს კი ყოველივე გავიგე: სამუდამოდ გამომათხოვეს სოფელს და გამიყვანეს სასახლეში, სადაც სულ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო.

სასახლეში ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ რომ გამომიყვანეს, მაინც ბევრი რამ მეუცხოვა. ჩვენებს თითქმის ყველას ვიცნობდი, და სტუმრებმა კი სწორედ გამაცეცეს. ხან ერთთან მივყავდით, ხან მეორესთან. მეალერსებოდნენ და მკოცნიდნენ. ისე მეხვეოდნენ გარს, როგორც ჩხიკვები ბუს. „ეი, სოფლის ბიჭო! - დაიძახა მამაჩემმა, - შენ ახლა ბატონობა უნდა ისწავლო და ბატონიშვილობას უნდა მიეჩვიო; რაც გითხრან, დაიჯერე, თორემ, თუ ურჩობა დაიწყე, წაგიყვან და დაგამწყვდევ ისე, როგორც ის პატარა ბიჭი მყავს დამწყვდეულიო“; მომკიდა ხელი, მიმიყვანა და გამაჩერა სარკის წინ, სადაც თავიდან ფეხებამდე ნათლად გამოვჩნდი და სიცილი დავიწყე.

- ხომ ხედავ? - მკითხა მამაჩემმა.

- რატომ არა!.. ბრმა ხომ არა ვარ?

- იცნობ? - მეკითხება მამა.

- რა დიდი ცნობა უნდა?

- ხომ არ გინდა, რომ დაეჭიდო?

- ვისა?

- ამ პატარა ბიჭს?

- ბიჭი კი არა, ის არ გინდა კიდე! ჩემი ლანდია!

- რა იცი, რომ ლანდია?

- რატომ არ ვიცი!.. განა ცოტა მინახავს წყალში?

ამ სიტყვებზე სუყველამ სიცილი ასტეხა და გაიკვირვა. - „შენი რისხვა ნუ მომეცემა, - წამოიძახა მოურავმა: - შენი რისხვა ნუ მომეცემა, რო იტყვიან: კვიცი გვარზე წავაო, სწორედ მართალი ყოფილა. სოფლის ბავშვი რომ ყოფილიყო, რას მიხვდებოდა!.. მე რომ პირველად სარკეში ჩავიხედე, ჭაღარა მერია, მაგრამ მაინც კინაღამ გავგიჟდი, ისე გამიკვირდა!“ ეტყობოდა, მოურავს კიდევ ბევრი რამ უნდა ეთქვა, მაგრამ დედაჩემმა გააწყვეტინა სიტყვა, დამიძახა და მკითხა: წყალში? როგორ თუ წყალში?

- ისე, როცა სათევზაოდ დავდიოდი ხოლმე ან ყვირილაში, ან იზვარაში, წმინდა წყალში ყოველთვის გამოვჩნდებოდი ხოლმე.

- მარტო შენ?

- მარტო მე რათა? წყალში ყოველიფერი გამოჩნდება: ხარი, ძროხა, ცხენი, დღე ყოველიფერი გამოჩნდება, ღამე კი მარტო ვარსკვლავები და მთვარე გამოჩნდება ხოლმე.

- თევზს როგორღა იჭერდი?

- პატარებს ჩქიფით და დიდებს კი ხელაობით. შევყოფდი ხოლმე ხელს ჯილეში, ქვებში, და, თუ შევხვდებოდი თევზს, დავიჭერდი და გამოვიყვანდი.

- გველი რომ შეგხვედროდა?

- რა ვუყოთ მერე? განა არ შემხვედრია? შევყოფ ჯილეში ხელს, იქ ბევრი ღორჯო გგონია ერთად თავმოყრილი, გამოგაქ და თურმე გველია დახვეული. გაიშლება და შემოგეხვევა მკლავზე.

- მერე... არ გეშინოდა? - შემომკივლა დედამ.

- არა! დავასხერტებდი ხოლმე რიყეზე.

- რომ ეკბინა?

- ნწუ! ამპა! წყალში როდი იკბინება, შხამი როდი აქ თან. წყალში ჩასვლას რომ დააპირებს, გველი მწვანე შხამს იქავე ქვაზე წამოანთხევს. წყლიდან რო ამოვა, მერე ისევე ალოკავს და გაუდგება გზას. მაშინ თუ ვინმეს შეხვდა და უკბინა, ძნელია: მზის ამოსვლისას თუ უკბინა, მზის ჩასვლამდის ვეღარ გაატანს, და მზის ჩასვლისას თუ უკბინა, მზის ვეღარ მოესწრება კაცი, მოკვდება.

- რო ვეღარ მიაგნოს თავისი შხამი?

- თუ ვინმემ დაუმალა ან შხამიანი ქვა გადაუგდო, მაშინ წყლის პირზე დაიწყებს ძებნას გველი, ირბენს, ირბენს და, რომ ვეღარ ნახავს, ჯავრით დაუშენს თავს ქვაზე და მოკვდება.

- შენ რა იცი ეგა?

- შარშან ყვირილას პირზე ვნახეთ მაგრე მკვდარი გველი. არც თავი ჰქონდა გაჭეჭყილი და არც წელი მოწყვეტილი, ისე იყო მკვდარი და მეთევზეებმა სთქვეს: შხამი დაეკარგებოდა და თვითონ მოიკლავდა თავსაო.

- რაზე იჭირვებს საქმეს, რატომ თან არ ჩაიტანს იმ შხამს წყალში?

- დაწყევლილია!... მერედა შხამი რო ჩაიტანოს წყალში, წყალს ხომ მთელი სოფელი სვამს და დიდი და პატარა სულ არ მოიწამლებოდნენ ერთიანად? - ჩემს სიტყვა-პასუხზე დედას ეცინებოდა და თავზე მისვამდა ხელს და მეც რაკიღა კი სოფლის ამბავი მომაყოლეს, მზად ვიყავი, რომ საღამომდის მეტიტინა, მაგრამ სხვებმა გაგვაწყვეტინეს საუბარი. „დასწყევლოს წმინდა გიორგიმო, - დაიძახეს აქეთ-იქით. - ტფუ! ტფუ! ვიღაც სწორედ ჩვენს ძვირში არისო“ და გადავიდნენ სხვა საუბარზე. ამასობაში სადილობამაც მოატანა და გადასძახეს ბიჭებს აივანზე, რომ სადილი მოეტანათ.

უცბად ოცი-ოცდაათი მეტი ფარეში შემოიჭრნენ და გაჩერდნენ შუა ოთახში. ბატონები მივიდნენ, ჩამომწკრივდნენ ტახტზე: პირდაპირ, მეორე ტახტზე აზნაურიშვილები დასხდნენ და თავში მღვდელი დაუჯდათ. კიბეზე ვიღაცამ დაახველა, სთქვეს - მოურავიაო და მართლაც ის იყო, მოუძღოდა წინ სადილს, შემოვიდა და მიეყუდა სვეტს. იმას შემოჰყვნენ სხვებიც. ხელოსნებს პური მოჰქონდათ ხელკალათებით, მზარეულებს კი ქოთნებით სხვადასხვა საჭმელები. მიდგეს კუთხეში და გაჩერდნენ. „აბა, ჰე, ხელი გადავიბანიეთო“, ბრძანეს ბატონებმა. ერთმა ფარეშმა ტაშტს დაავლო ხელი, მეორემ თუნგს და მესამემ ხელსაწმენდს. ჩამოუარეს რიგით და ყველას ხელი დააბანინეს. მერე ორმა ბიჭმა შემოიტანა გრძელი და ვიწრო ხის სუფრა ოთხფეხიანი, რომელსაც ერთი ფეხი გავარდნილი ჰქონდა. „შეუყენეთ ფეხიო“ - უბრძანა ბატონმა. ბიჭები სულ ერთიანად გაცვივდნენ გარეთ და თვალის დახამხამებამდე ერთმა შემოარბენინა ქვა, სხვებიც ისევ უკან მოსდევდნენ; გადააბრუნეს სუფრა და შეიქნა ერთი კაკა-კუკი. გაუმაგრეს ფეხი, მაგრამ ცოტა მეტი მოუვიდათ, ფეხი დამოკლდა და სუფრამ ყანყალი დაიწყო. „შეუყენეთ ნაფოტი“-ო ბრძამა ბატონმა. გაცვივდნენ ბიჭები ნაფოტის მოსატანად. კიდევ ისევ ერთმა მოიტანა ნაფოტი და სხვები უკან მოსდევდნენ; შეუყენეს სუფრას და გაამაგრეს. როგორც იქნა, ამ ჭირს გადარჩენ, მაგრამ მწუხარება ამით მაინც არ გათავებულა. დამშეულს ძაღლებს რომ სადილის სუნი ეცათ, დრო იხელთეს, შემოცვივდნენ ოთახში, შეძვრნენ სუფრის ქვეშ და წამოწვენ. - „არიქა, დაგვიხსენით ამ ძაღლებისგანაო“, დაიყვირა ბატონმა. ბიჭებმა დაავლეს ჯოხებს ხელი და დაუწყეს სუფრის ქვეშ ძაღლებს ცემა. ძაღლები იღრინებოდნენ, იკბინებოდნენ, დიდხანს არ უნდოდათ, რომ გამოსულიყვნენ სუფრის ქვეშიდან, მაგრამ ბოლოს, ძალა რო დაატანეს, იკადრეს და გაცვივდნენ გარეთ. ერთი-ორი ძაღლი აზნაურების სუფრის ქვეშაც შემძვრალიყო. ბიჭებმა რომ იმათ ჯოხით ცემა დაუწყეს, ერთმა აზნაურმა იყვირა: „ვაიმე, წვივი, წვივი მომტეხე, შე ოჯახდაქცეულოო! ბატონი-ჩემის რისხვა ნუ მომეცემა, ჩემი ჯინი სჭირს და განგებ მიყო ეს საქმეო!“ - მაგრამ ბიჭი დიდ უარზე იდგა და იძახოდა: „ღვთისა და ბატონის რისხვა მქონდეს, თუ უცაბედად არ მომსვლოდესო“. ამ შემთხვევამ დიდი სიცილი და ხარხარი გამოიწვია და ის აზნაურიშვილიც განგებ აზვიადებდა ტკივილს, ისვამდა წვივზე ხელს და იჭყანებოდა. ძაღლები რომ გარეკეს, რამდენიმე ბიჭი კარზე დააყენეს ჯოხით, რომ აღარ შემოსულიყვნენ. ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა და უკანასკნელი. არათუ ჩვენ ოჯახში, სხვის ოჯახებშიაც ამგვარივე შემთხვევა იყო ხოლმე; თითქმის ყოველ იჯრაზე, ყოველ სადილ-ვახშამზე ამ სუფრის ფეხების ცოდვილი იყო და ძაღლების მოგერება, და აზრად არავის მოსდიოდა, რომ ერთხელვე გაემაგრებინათ სუფრის ფეხები, და ან ბიჭები სადილობამდე კარებზე დაეყენებინათ, რომ ძაღლები არ შემოსულიყვნენ ხოლმე. ამ ახირებულობას ისე იყვნენ მიჩვეულნი დიდი და პატარა, რომ უამისოდ ვერც კი შეეძლოთ წარმოედგინათ სადილ-ვახშმის ჭამა; თითქოს ეს ყველა აუცილებელი საჭიროება ყოფილიყოს, ისე, როგორც მღვდლისაგან სუფრის კურთხევა. ყოველიფერს რომ მორჩნენ და დაალაგეს საჭმელები სუფრაზე, უცბად დედაჩემმა შეჰკივლა მამაჩემს: „რას შვრები მაგას!“ - თურმე მამაჩემს კარგი მოზრდილი ლუკმა ჩაედვა პირში ისე, რომ ჯერ მღვდელს „მამაო ჩვენო“ არ ეთქვა და სუფრა არ ეკურთხებინა. ახლა კი გაახსენდა, წამოვარდა ზეზე და ხელით ანიშნა მღვდელს. მღვდელმაც სისწრაფით „მამაო ჩვენო“ გადიკითხა, აკურთხა სუფრა, და მაშინ კი მამაჩემმაც გადაყლაპა ლუკმა და მიუბრუნდა მღვდელსა: „მამაო, კინაღამ არ დამახრჩვე, შიშით ვერ გადავყლაპე, სირცხვილით ვერ გადმოვაგდე და შენ კი ლოცვა გააჭიანურეო“. - „შენი რისხვა ნუ მომეცემა, ორჯერ გადავხტი, რამდენიც შევიძელი, ჩავაფუჩეჩე“. ამ სიტყვებზე დედაჩემი გაბრაზდა და უსაყვედურა მამაჩემს: „სულ შენი სულწასულობის ბრალია, რომ მღვდელსაც ცოდვაში აგდებ და გმობას ალაპარაკებ. ვის გაუგონია ლოცვის გადაფუჩეჩება და ღვთის მოტყუებაო?“ მღვდელი გაწითლდა და თავის გასამართლებლად წაილუღლუღა: „არა, უშავს რა, პური და ღვინო ისეც ნაკურთხია ღვთისაგანო; ცოტა რამ დააკლდეს, რა უშავსო!“ „რას ამბობ, მღვდელო, - სთქვა დედაჩემმა, - რაც კი არსებობს ქვეყანაზე, ღმერთს უკურთხებია, რო გაუჩენია; და მაშ რა საჭიროა კურთხევანი რო ყოველდღე ხელში გიჭირავს?“ ეს ბაასი ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა და რითი გათავდებოდა, რომ მამაჩემს არ დაეყვირა: „კარგია, ახლა რა დროს ეგ არის, მშიაო“. ყველამ ხმა ჩაიწყვიტეს და შეუდგენ გულმოდგინედ ჭამას.

სუფრა სხვადასხვა თავი საჭმელებით აივსო, თავ-თავისი კერძი ყველას საყოფი ედვა წინ, მაგრამ მაინც მამაჩემს მოართვეს ხელგობით და დაუდგეს წინ ასო-ასოდ აქნილი რაჭული ხბო, რომელსაც მოსაკითხად უგზავნიდა ხან ერთსა და ხან მეორეს. ისინიც თაყვანისცემით მოახსენებდნენ ხოლმე „ღმერთმა ნუ მოგვაკლოს თქვენი მოწყალებაო!“ ამ დროს გავიხედე, და შუა ოთახში რომ გამწკრივებული ბიჭები თავზე გვადგნენ და ჩვენ ჭამას რომ უყურებდნენ და ტუჩებს აცმაცუნებდნენ, მათ რიცხვში ჩემი ძიძიშვილიც იდგა, თვალი მიქნა, მივხვდი, რაც უნდოდა, გავაპარე ხელი, ვტაცე შუაძვალს და ელვასავით გადავუგდე. ბურთში გაჩვეულმა ბიჭმაც, რასაკვირველია, მამინოსავით დაიჭირა და იგდო უბეში. ბევრმა თვალიც ვერ მოასწრო ამ ჩვენს ხორცით გაბურთავებას, მაგრამ დედაჩემმა შენიშნა და სიცილით მითხრა: „შვილო, მარტო მაგას რომ მოუკითხე, სხვებს ხომ გული დაწყდებათო! მაგის ტოლა ბიჭები, ორი-სამი, ხომ ხედავ, სხვაც არისო! ისინი სულ შენი შინაყმები და ვეზირები იქნებიანო! მოუკითხე იმათაცო!“ მე დიდი სიამოვნებით ავასრულე დედის ბრძანება, და თითო ნაჭერი გადავუგდე სამივეს. ეტყობოდათ, რომ ბურთაობაში ისინიც გაწაფულნი იყვნენ. ორმა მათგანმა თითები ისე გამოჰკრეს ჰაერში მოტრიალე ხორცს, როგორც მიმინომ ბრჭყალები მწყერს; მხოლოდ ერთ მათგანს, რომელიც უფრო მოზრდილი იყო, გაუვარდა ძირს. „აი, დაგესხა თავს ლაფიო!“ - მიაძახეს აქეთ-იქიდან, „ვერ ყოფილხარ ბატონის ერთგულიო!“ შერცხვა ბიჭს, მაგრამ ხორცის ნაჭერი მარჯვედ მომუჭნა. „პანღური მაგასო!“ - ბრძანა ბატონმა; მისცვივდნენ პატარა ბიჭები და ჰკრეს პანღური. საკვირველია! ეს პანღური არც მეპანღურეებს და არც საპანღურეს არა სწყენიათ. შეიქნა ერთი საზოგადო სიცილი და ხარხარი. პატარა ბიჭებს პურიც გადაუგდეს და ისინიც სიამოვნებით გაცვივდნენ გარეთ, რომ პირი ჩაეგემრიელებინათ. სუფრაზე ღვინოს არავის არ აძლევდნენ, მხოლოდ მერიქიფეებს ეჭირათ ხელში ღვინით სავსე დოქები და, დაიცლებოდა თუ არა ვისიმე ჭიქა, მაშინვე აავსებდნენ. სადღეგრძელოები არ იცოდნენ. პირველს ჭიქას რომ აიღებდნენ, მაშინ კი პირჯვარს გამოისახავდნენ და იტყოდნენ: „დიდება ღმერთსა! მოწყალეს ერთსა! ღმერთო, გაუმარჯვე ბატონსა და ყმებსა, აქა მბრძანებელსა! შენდობა, მამაო!“ - ეტყოდნენ მღვდელოსაც და გადაჰკრავდნენ ღვინოს. მერე კი იმდენსა სვამდნენ, რამდენიც უნდოდათ. სამიზეზო სადღეგრძელოები კი ფიქრადაც არ მოსდიოდათ.

სადილი რაც უფრო გრძელდებოდა, უფრო და უფრო ეტყობოდა მხიარულება ყველას. იცინოდნენ, ხუმრობდნენ და სასაცილო ამბებს ამბობდნენ, სიცილსა და მუსაიფში ხანდახან ფარეშებიც გამოერეოდნენ, მაგრამ თავი კი ზრდილობიანად ეჭირათ.

გათავდა სადილი, სუფრა აალაგეს, ფარეშებმა ხელი დააბანინეს ისევ ყველას და წავიდ-წამოვიდნენ. სახლში დარჩნენ მხოლოდ ბატონები. იმ დროში ნასადილევს ძილი ყველასათვის აუცილებელი საჭირო იყო და ამიტომ დედ-მამა საწოლ ოთახში დარჩა. მე კი სასტუმრო ოთახში შემიყვანეს და იქ დამტოვეს: „იყავი მანდო და, როცა ძილი მოგინდეს, წამოწევი ტახტზე, მუთაქა მანდერ არიო, მიიდევი და დაიძინეო. სანამდის არ აგრილდება, კარში არ გაგიშვებთ, ხომ ხედავ, რომ სიცხით დედამიწას არმური ასდისო. ყოველი ცხოველი გაბოროტებულია: ან ბრაზიანმა ძაღლმა არ დაგგლიჯოს, ან გველმა არ დაგკბინოსო. რო აგრილდება, მაშინ კი პატარა ბიჭებიც გამოიღვიძებენ და იხტუნეთ ერთად ეზოში, რამდენიც გინდოდეთო“.

მომიკეტეს კარები და დამტოვეს მარტო. ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემს სიცოცხლეში, რომ მარტო დავრჩენილიყავი, და ისიც კარდაკეტილ ოთახში, დავღონდი და დავიწყე ფიქრი. მე გული ისევ ჩემი სოფლისაკენ მქონდა. „მართალია, ამისთანა სიცხეში, - ვიფიქრე გუნებაში, - მზეში ყოფნა და წანწალი არ ვარგა, მაგრამ მაგიერად სჯობია იმას, რომ ხის ქვეშ ჩეროში იჯდე და დანასობიას ან კენჭობიას თამაშობდე! და აქ კი, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო? ძილიო, რომ მეუბნებიან, განა ძილისგუდა ვარ, რომ დღეც ვიკოტრიალო?“ ამგვარი ფიქრები სევდასავით მომაწვენ გულზე და ყელში რაღაც ბურთივით გამეჩრა. უცბად რაღაცამ გრიალი დაიწყო, მივიხედე კედლისკენ და შევნიშნე (თურმე კედლის საათი იყო), თითქოს კოლოფის მზგავსი შეიძრაო, გაიღო კარები, გამოხტა გუგული, სამჯერ დაიძახა „გუგუ, გუგუ“-ო და შეჰყო ისევ თავი, დაიმალა. წამოვვარდი ზეზე, დამავიწყდა ჯავრიც, მწუხარებაც, ვიფიქრე: „ეს გუგული სად შემოფრენილა-მეთქი“, ის სოფელშიაც ვიცოდი, რომ გუგული ბუდეს არ იკეთებდა და სხვის ბუდეში სდებდა კვერცხებს. ვსთქვი: „სწორედ მერცხლის ბუდეა აქა და იქ ზის-მეთქი“. მოვინდომე, რომ მივპარვოდი და ქუდი დამეხურა ზედ. მივეპარე ფეხაკრეფით, ნელ-ნელა, დავდგი სკამი და შევდექი ზედ, მაგრამ მაინც ვერ ავწვდი. საათი მაღლა იყო ჩამოკიდებული, სკამი სკამზე დავდგი და ისე ვაპირებდი მიპარვას, შევპოტინდი. მაგრამ ამ დროს გამომისხლტა სკამი, გადმოვვარდი და გამხდა ბრეგვა იატაკზე. ხმაურობაზე გამოცვივდნენ მეორე ოთახიდან და, გაშხვართული რომ მნახეს იატაკზე, ჯერ შეეშინდათ, მაგრამ მერე კი, რომ მნახეს არა მჭირდა რა, სიცილი აიტეხეს. მე შემრცხვა და მოვრთე ტირილი. გული ამომიჯდა და ვეღარაფრით ვეღარ გამაჩერეს, სანამ ჩემმა უფროსმა დამ არ მომკიდა ხელი და არ წამიყვანა სამოახლოში, სადაც ჩემი ძიძაც სტუმრად იყო.

დედაჩემი დიდი ძველებური ოჯახის ასული იყო. 1820-ში, თეოფილაქტეს დროს, ქუთათელი და გაენათელი რომ დააპატიმრეს და აჯანყება მოხდა, იმ აჯანყებულების მეთაურად ითვლებოდა დიდი ივანე აბაშიძე, ახალციხეს მოკლული. ეს ივანე დარეჯან ბატონიშვილის, პირველი სოლომონ მეფის ასულის შვილი იყო და დედიჩემის მამა. აჯანყებულები რომ დაიმორჩილეს და დაამშვიდეს (უნდა მოგახსენოთ, მისთანა აჯანყება არყოფილა, რომ ხალხს რამე ძალადობა ეხმაროს, მხოლოდ უკმაყოფილებას აცხადებდნენ პირდაპირ, დაუფარავად), აბაშიძის ოჯახი აიკლეს და იმისი ცოლ-შვილიც სხვებთან ერთად ტყვედ წაიყვანეს. გურიის უკანასკნელი მთავარი, მამია გურიელი, ღვიძლი ძმა იყო აბაშიძის ცოლის: გამოესარჩლა დასა და დისწულებს, იშუამდგომლა მთავრობასთან და ტყვეები, გარდა დარეჯან ბატონიშვილის ერთი უფროსი ვაჟისა, უკანვე დააბრუნეს გზიდან. მაშინ დედაჩემი იყო 12 წლისა და ყველაფერი გულის ფიცარზე დაებეჭდა. აბაშიძის სახლობა დაბრუნდა, მაგრამ ყმა და მამული ჩამორთმეული დაუხვდა, ოჯახი აკლებული და განადგურებული. საზრდო რომ აღარ ჰქონდათ და პატრონიც აღარავინ ჰყავდათ, გურიის მთავარმა გადაიყვანა თავის ოჯახში და ცდილობდა, რომ მათი მწუხარება მომავალის იმედებით როგორმე გაექარვებინა. ყველაზე უფრო დასევდიანდა თურმე დედაჩემი: ამას თურმე დარეჯან ბატონიშვილი აგონდებოდა, რომელიც შვილსავითა ზრდიდა და ანებივრებდა, როგორც შესანიშნავ ბავშვს. დარეჯან ბატონიშვილისა არ იყოს, გურიელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია დედაჩემს. იმ დროს, როგორც სხვა ყოველ ქართველ დიდ-ოჯახებში, გურიელის სასახლეშიაც თითქმის შინაკაცებად ითვლებოდნენ ფრანგის პატრები და დიდი გავლენაცა ჰქონდათ ოჯახებზე.

ამ ევროპულად განათლებულმა და გონებაგანვითარებულმა მეცნიერებმა დედაჩემზედაც დიდი გავლენა იქონიეს: მათი მეოხებით შესწავლილი ჰქონდა, სხვათა შორის, ექიმობა და მეურნეობა. რაც კი იმ დროში ქართველ-ქალის ხელიდან გამოვიდოდა, ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა: იყო კარგი მწიგნობარი, მეოჯახე, მოხელსაქნარე და მასთან კარგი აღმზრდელი. ცნობისმოყვარეობასთან შრომისმოყვარეობაც შეთვისებული ჰქონდა: დილას მამლის ყივილზე რომ წამოდგებოდა, დაღამებამდე ფეხზე იდგა და უსაქმურად კაცი ვერ ნახავდა. „სიზარმაცე და უსაქმურობა დედა არის ყოველგვარ ბოროტებისაო“, იტყოდა ხოლმე: „და კეთილი საქმე კი იგივე ლოცვა, ვედრებააო“. მოსამსახურეებს ყოველთვის თვალყურს ადევნებდა, რომ ცუდი არა ჩაედინათ რა. უსაქმოდ არავის გააჩერებდა, ყოველგვარ ხელობას ასწავლიდა მათ და ზოგს წიგნსაც აკითხებდა. მაშინ, ბატონყმობის დროს, ამგვარი ქცევა საარაკო იყო და დედაჩემის მოქმედებაც ბევრს თვალში ეჩხირებოდა. მკაცრობისა და მრისხანების სახელი ჰქონდა გავარდნილი, რადგანაც თავი მძიმედ ეჭირა. „თუ თავი გაუყადრე ბრბოს, პირს შეგაჩვევს, აღარად ჩაგაგდებს და, რაც უნდა ურჩიო, აღარ დაიჯერებსო“, - ამბობდა. სასახლეში მისი ყველას ეშინოდა და დიდი ხათრიცა ჰქონდათ. მაშინ მეც ისე მეგონა, როგორც სხვებს, რომ დედაჩემი ცივგული და მრისხანე იყო, მაგრამ გონებაში რომ ჩავხვდი, მაშინ კი გამოვიკვლიე სიმართლე: ის იყო ნამეტანი ჩვილი გულის მექონი და მოყვარული, მაგრამ დიდ-ოჯახში ნამყოფი, დარეჯან ბატონიშვილის გაზრდილი და პატრების ნამოწაფარი, განგებ პირბადეს იფარებდა, მხოლოდ კეთილის განზრახვით. უნდა გენახათ მაშინ, როდესაც სასახლეში ავად ვინმე გახდებოდა, გინდ უკანასკნელთაგანიცა!.. დღე და ღამ მოსვენება აღარა ჰქონდა და თავის ხელით უვლიდა, როგორც შვილს. გაჭივებულის დახმარება რჯულად ჰქონდა დადგენილი, სულ სხვებზე ჰფიქრობდა და სხვებისთვის, თითქოს თავის საკუთარ პირადობაზე ხელაღებული ყოფილიყოს, მუდამ მწუხარებაში იყო, და ყოველ ფერიცვალობა დღეს მტირალი იჯდა ხოლმე. ამბობდნენ: ამ დღეს რაღაც ძველებური ამბავი აგონდებაო.

სულ სხვა ბუნების, მიმართულებისა და ხასიათის იყო მამაჩემი. უკანასკნელ დროში წერეთლები მძლავრობდნენ და სახუცის ოჯახი კი, მთავრობისაგან ზურგმომაგრებული, ყველაზე ბატონობდა. იმ დროს მამაჩემი დედისერთა მცირეწლოვანი ობოლი ყოფილა; ბიძებიც გადავარდნილი ყოფილან, მეფე სოლომონს ხლებიან თან. ქვრივ-ობოლს ვინ არა სჩაგრავს, და, რასაკვირველია, შეძენის სურვილით გატაცებული სახუცესიც არ დააკლებდა ხელს. ერთხელ სახუცის მოურავი მოსულა ბებიაჩემთან და მოუხსენებია: „თქვენ რომ ეზოში ძელქვის პატარა სახლი გიდგათ, სახუცესს სურს, რომ დაუთმოთო“. პატრონს, რასაკვირველია, შორს დაუჭერია ეს ამბავი, მაგრამ მოურავს მაინც მიუყვანია მუშები, დაუნგრევია სახლი და გადაუტანია. გამწარებულ ბებიაჩემს სახუცისათვის წიგნი მიუწერია: „დიდო ზურაბ წერეთელო! გრცხვენოდეს უკადრისი საქციელისო. დაგვიმარტოხელე ქვრივ-ობოლი და სახლს თავზე გვანგრევო. ვინ იცის, დრო რას მოიტანს, თუ ღმერთმა ინება და ჩემი მაზლი შინ მშვიდობით დაბრუნდა, მაშინ დრო გადაბრუნდება და შენც ესევე საქმე მოგივაო“. პასუხად ზურაბ წერეთელს აი, რა მოეწერა: „აბაშიძის ქალო, ენა დაიმოკლე, თორემ ხომ იცი, დროც ჩემ ხელთ არის და გასავალიცო. ჩაგწერ სიაში და შენი ობლიანა მოზდოკში ამოგაყოფინებ თავსო!“ ამ მუქარით შეშინებული ქვრივი გაჩუმებულიყო, მეტი რა გზა ჰქონდა, და შვილსაც ისე უფრთხილდებოდა, რომ მუდამ გვერდში უჯდა და აღარსად უშვებდა. ამის ბრალი იყო, რომ მამაჩემი შინაკაცად იყო გაზრდილი და მხოლოდ ის იცოდა, რაც დედამისს ესწავლებია. მუდამ დედის კალთაში თავის დებას ისეთი ზეგავლენა ჰქონდა მამაჩემზე, რომ იმას მთელ მის სიცოცხლეში თვითნებობა და ახირებულობა ზნედ ჰქონდა გადაქცეული: სძულდა ნადირობა, რაც იმ დროში მებატონეების ჩვეულება იყო, ეჯავრებოდა აქეთ-იქით სიარული და სულ სახლში იჯდა; შინაც არას აკეთებდა, ამბობდა: „კაცი სიმშვიდისა და მოსვენებისათვის არის გაჩენილიო“. არც თვითონ შრომობდა და არც სხვას აწუხებდა. უყვარდა ძილი, აგრეთვე არ სწინდა, როცა ხედავდა, რომ უსაქმური მოსამსახურეები მთელი დღე მხარ-თეძოზე წამოწოლილი კოტრიალებდნენ სახლში. პირის გემო იცოდა, უყვარდა კარგად ჭამა და სულ იმას იძახოდა: „არიქა, მშიერი არავინ დარჩეს სახლში, დიდსა და პატარას, ყველას საყოფად აჭამეთო“. ბუნებითაც ნამეტანი გულკეთილი იყო, შური და ბოროტება არ ესმოდა რა იყო; მაგრამ ერთ უბრალო რამეზე უცბად იცოდა გულის მოსვლა, და მაშინ აღარ დაზოგავდა გინდ შორებელი ყოფილიყო და გინდ ახლობელი.

ეს ზნე მოუვლიდა უფრო ხშირად მაშინ, როდესაც უნებურად გამოაღვიძებდა ვინმე, მაგრამ სიფიცხე დიდხანს არ გასტანდა. მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს: ჩვენში, როგორც შობის წინ ალილოზე, ისე სააღდგომოდ ჭონაზე დადიოდნენ ხოლმე მომღერლები. ერთხელ იმ დროს მოვიდნენ ჩვენსა მეჭონეები და დაიწყეს „ჭონა“, როცა მამაჩენს ეძინა. „ალათასა, ბალათასა, ხელი ჩაჰკარ კალათასაო“, რომ შემოსძახეს, მაშინ გამოეღვიძა მამაჩემს და მიაშურა. მომღერლებმაც რომ დაინახეს ლომივით კაცი, პერანგის ამარა, თავშიშველა, ფეხშიშველა, მათკენ მუქარით მიმართული, დაფრთხნენ; გადაცვივდნენ ზოგი აქეთ, ზოგი იქით ყორეზე, თავს უშველეს, მაგრამ თითო-ოროლა აქა-იქ მოგროვებული კვერცხები კი სულ დაემტვრათ. მამაჩემი გამობრუნდა და უბრძანა მოურავს: „შემიტყვე ვინ იყვნენ ეგ მეჭონეები, რომ ცოცხალი არ გადავარჩინოო“. ამაზე დიდი ფიციც დასდვა, მაგრამ, რომ გამოიძინა და კაი გუნებაზე დადგა, ბევრი იცინა და თავის ბრძანებაც გამოსცვალა: „შეიტყვეთ ვინ იყვნენ ის საცოდავები, რაც დამტვრევიათ კვერცხები, სასახლიდან უზღევით და, ამას გარდა, კარგადაც დაასაჩუქრეთო“. ეს ხასიათი რომ იცოდნენ მისი, მძინარის ყველას ეშინოდა და ფხიზელს კი არავინ ერიდებოდა. ოჯახის საქმეში არ ერეოდა. სულ დედაჩემის ხელში იყო; მაგრამ მამაჩემის ახირებულობა ბევრჯერ ხელს უშლიდა და ამ ორს, სრულიად ერთმანეთის წინააღმდეგი ბუნების მქონ ადამიანთ, ხშირად ჰქონდათ ერთმანეთში საყვედური. დედაჩემს არ მოსწონდა მამიჩემის ყოფაქცევა, მაგრამ ბევრს უთმობდა. როგორც კი შეიქნებოდა შუადღე და გუგული თორმეტჯერ დაიძახებდა „გუგუს“, მამაჩენი მაშინვე სადილად დაჯდებოდა. ადრე რომ მონდომებოდა სადილი, მაინც არა სჭამდა. უცდიდა გუგულს და მოთმინებიდან გამოსული ყვიროდა: „რა არის ეს რჯულძაღლი, რო ასე აგვიანებს და სასადილოს არ დაუკრავსო?“ ესეები ყველა, დედას არ მოსწონდა და ხშირად ეტყოდა ხოლმე: „შენი ცოდვა მიეცეს, ვინც შენ აგრე გამოგზარდაო“. ამგვარი ახირებული ხასიათი ოჯახში მოსაწონი არ არის, როგორც წესისა და რიგის ამრევი, მაგრამ სასახლეში კი ყველას ვაჟბატონი უფრო უყვარდა, ვიდრე ქალბატონი. რასაკვირველია, მრისხანე დედაჩემს არ უყვარდა არავის დასჯა, მხოლოდ სიტყვითა და შეხედულობით იყო საშიში. ხშირად იპატივებდა ხოლმე მამაჩემისაგან გულმოსულობით გაწირულს, მაგრამ მაინც ყველა მრისხანედა თვლიდა.

ერთხელ მოცლილი ფარეშები წასულიყვნენ შეშის მოსატანად. ტყე იქვე ახლოს იყო; თითო კონის შეკვრას, რასაკვირველია, დიდხანს არ მოუნდებოდნენ, მაგრამ დაღამებამდე მაინც რად დაბრუნდებოდნენ სასახლეში? დარჩენილიყვნენ სათამაშოდ და, სხვათა შორის, „ტირილობია“ ეთამაშნათ: გადააფარებდნენ თურმე ჩოხას შეშის კონას, დახურავდნენ ქუდს, ერთი მიუჩოქებდა, ორი იქით-აქეთ ხელს მოჰკიდებდა და სხვები ზარს ააყოლებდნენ მოთქმით ტირილს, ვითომდა მკვდარიაო; ხან ერთმანეთს ტიროდნენ, ხან თურმე მოურავს, ხან ხელოსნებს, ხან მზარეულებს, ხან ვის და ხან ვის. ამ ხანად თურმე რიგი მოურავზე მიმდგარიყო. იმასაც გაეგო, გული მოსვლოდა და ბატონს დააბეზღა: „თქვენ გტიროდენო“. მამაჩემს გული მოუვიდა; მიაყვანია მომტირალები და მათი საქმე ცუდად იყო, რომ დედაჩემი არ გამოსარჩლებოდა: „როგორ გეკადრება ასე გამოუკვლეველად გარისხებაო? ტირილიც არის და ტირილიც არისო. ვინ იცის, რა სიტყვებს ამბობდენო? ეგებ მართლა წარმოიდგინეს, რომ ბატონი აღარა გვყავდეს, რა დღეში ჩავცვივდებოდითო და იმას მოსთქვამდენო!“ ამის გამგონე ბიჭებმა გული მოიცეს და შეჰფიცეს: „შენი ხატი ნუ გაგვიწყრება, ჩვენ თქვენი ხსენება არ გაგვებედოს, და ღმერთმა ნუ მოგვასწროს მაგ დღესაო. ჩვენ მხოლოდ მოურავი ვიტირეთო“. მამაჩემს გაეცინა და ბრძანა: „კარგი, აღარ დაგსჯით, გაიმეორეთ კი ახლავე, როგორ იტირეთ მოურავიო“. იმათაც, რასაკვირველია, შემოიტანეს შეშის კონა, გადააფარეს ჩოხა და შეჰქმნეს ღრიალი: „ვაიმე, მოურავო“ და შეიქნა კომედია. სათითაოდ იტირეს სუყველამ, დიდმა, პატარამ, ვინც კი ოჯახში იყო, თავი მოიყარა, შეიქნა ერთი საზოგადო მხიარულება, ასე გაშინჯეთ, დედაჩემიც კი მეორე ოთახში იჯდა და ცდილობდა სიცილი შეეკავებინა. ცუდ გუნებაზე იყო მხოლოდ მოურავი, და მეორე დღეს მოციქულიც მოუგზავნა მამაჩემს: „თუ შეიძლებოდეს, რამდენიმე დღე დამითხოვეთ, რომ სახლში წავიდეო“.

ეგებ ვინმემ იფიქროს, რომ ამგვარი საქმეების ჩამდენი და საქმეში აჩქარებული მამაჩემი მჩატე ჭკუის ყოფილიყოს. სრულიადაც არა, ძლიერი გონების კაცი იყო, მოსწრებული და ენამჭევრი, თუმცა კი ხშირად ენამწარეც. დედაჩემი იტყოდა ხოლმე: „ამ ჩემ შვილებს მამამისის ენა გამოჰყვათ, დახურდავებულიო“. ჩვენ ხუთნი და-ძმანი ვიყავით, ღვთის მადლით, არც ერთს არ გვქონია სუსტი ენა და აქედან შეგვიძლია ვიგულისხმოთ, თუ რა უნდა ყოფილიყო მამაჩემის დახურდავებული ენა? სწორედ სასიამოვნო და საყვარელი სანახავი იყო მამაჩემი, როდესაც გუნებაზე იყო. იმას რომ სწავლა მიეღო და ცხოვრებაში განვითარება ჰქონოდა, შესანიშნავი რამე იქნებოდა. მაგრამ ნამეტან გულკეთილობასთან შეერთებულ გულფიცხელობას სულ სხვა ბეჭედი დაესვა, და, თუ დედაჩემი არ ყოფილიყო, ოჯახში ყოველიფერი არეულ-დარეული იქნებოდა. ამას თვითონ მამაჩემიც გრძნობდა და დამშვიდების დროს, დიდი პატივისმცემელიც იყო ცოლის ნება-სურვილისა. მიუხედავად მისი ახირებულობისა, გარეშეებსაც ძალიან უყვარდათ მამაჩემი და მთავრობაც დიდ პატივსა სცემდა და სიმართლისა და პირდაპირობისათვის, ბევრ რამესაც უთმობდა. ერთხელ გენერალ-გუბერნატორმა გაგარინმა დაიბარა: „მოდი ახლავე ჩემთან, უნდა მოგილოცო ხელმწიფის წყალობაო“. ბზობა დღე იყო. მივიდა მამაჩემი. გაგარინმა მიულოცა და უთხრა, რომ ხელმწიფის „ბლაღოვოლენიე“ მოგივიდაო. მამაჩემს იამა და დაჯდა, დაუწყო ცდა, როდის ჩამაბარებენ „ბლაღოვოლენიესო“: იცადა, იცადა, სადილობა გადავიდა, მამაჩემმაც მოთმინება დაჰკარგა და მიაძახა: „თუ მიბოძებთ, მიბოძეთ, ეგ რაღაც „ბლაღოვოლენიე“ არისო!“ გუბერნიის მმართველს გაეცინა და უთხრა თარჯიმნის პირით: „ბლაღოვილენიე“ უმაღლესი მადლობა არისო“. მოთმინებიდან გამოსული მამაჩემი წამოვარდა ზეზე და მიაყვირა: „ღმერთმა უმადური გამყოფოს, უსადილოდ დამტოვეთ! დღეს ბზობაა, მაგას ერთი კარგი ზურგიელი მერჩიაო!“ - სთქვა და გამოვარდა გარეთ. არ გაუვლია ნახევარ საათს, რომ ჩვენსა თარჯიმანი მოვიდა, გაგარინის გამოგზავნილი, თანაც ერთი წყვილი დიდრონი ზურგიელი მოიტანა: „ეს მიახლებია შენთვისო - შემოეთვალა გუბერნატორს, - და „ბლაღოვოლენიეც“ კიდევ სხვა იყოს ზედმეტადო“. რასაკვირველია, სრულიად დაკმაყოფილებულმა მამაჩემმაც დიდი მადლობა შესწირა.

პირველი ნაწილი თავი II

გიმნაზიაში რომ შემიყვანეს, გავცეცდი: იმდენი ბავშვი, ერთად თავმოყრილი, ჩემს დღეში არ მენახა. მოზრდილები სკამებზე იჯდნენ სულგანაბული და ახალმოსწავლე პატარები კი ჯგუფ-ჯგუფად კედლებთან იყვნენ ატუზული. აქ კედლებზე ირგვლივ ქაღალდის ფიცრები იყო ჩამოკიდებული, ზედ ანბანი და ამოსაღები ეწერა და იმას აკითხებდნენ ყმაწვილებს. ჯგუფს ერთ უფროსი ჰყავდა და ის ასწავლიდა: ხელში ეჭირა წკეპლა და, შეეშლებოდა თუ არა ბავშვს კითხვა, უცხუნებდა და უცხუნებდა. ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ და, როცა შემოუვლიდნენ კედლებს, მერე კი ნება ჰქონდათ სხვებთან ერთად დამჯდარიყვნენ ისინიც სკამზე. ამ ყოფაში იყვნენ, სანამ კითხვას ისწავლიდნენ. უნდებოდნენ ზოგჯერ წელიწადზე მეტს. წარმოიდგინეთ 7-8 წლის ბავშვი დილის შვიდი საათიდან ნაშუადღევის ორ საათამდე მშიერ-მწყურვალი, და მაშინ იგრძნობთ, თუ რა ტანჯვაში იყვნენ ის საწყლები. ზოგს გულს ეყრებოდა, ზოგს თავბრუ ეხვეოდა და ეცემოდნენ ძირს, მაგრამ ყურადღებასაც არავინ აქცევდა.

შესვლისთანავე პირველ კედელთან დამაყენეს „ანბან“-ზე, მაგრამ, რადგანაც მე ხუცური ვიცოდი, მხედრული წერა-კითხვა შესწავლილი მქონდა და რუსულ ამოსაღებშიც გატეხილი მქონდა თვალი დედიჩემის წყალობით, ერთ დღეს შემოვირბინე ყველა კედლები. მასწავლებელმა თავზე ხელი გადამისვა, მომიწონა, და უფროსებთან დამსვა სკამზე. კითხვით კარგად ვკითხულობდი, მაგრამ ჩემი უბედურება ის იყო, რომ რუსული არ მესმოდა. იმ დროს შემოღებული იყო საზოგადოდ თუნუქის ფირფიტა, რომელსაც „მარკას“ ეძახდნენ. ვინც ქართულად ხმას ამოიღებდა, მიაჩეჩებდნენ ხელში და თანაც გრძელ ფიცარს - სახაზავს დაჰკრავდნენ ხელის გულზე. მერე ის უნდა ცდილიყო, რომ სხვისთვის გადაეცა როგორმე იმრიგადვე, ე.ი. ჩაბარების დროს ლინეიკა დაერტყმია ხელის გულზე. ამგვარად ეს საცოდაობის ფირფიტა გადადიოდა ხელიდან ხელში. სწავლის გათავების დროს ვინც ვერ მოასწრებდა იმ ფირფიტის თავიდან მოშორებას და შერჩებოდა ხელში, უნდა კლასში დარჩენილიყო მთელი დღით უსადილოდ. ვინც რუსული არ იცოდა ახალმოსულობის დროს, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ და მუნჯდებოდნენ. ამ ჩვეულებას დიდი გარყვნილი ხასიათი ჰქონდა. ყმაწვილები ცდილობდნენ, რომ ერთმანეთი მოეტყუებიათ, გაებრიყვებიათ როგორმე და ცბიერობა-ფარისევლობას ეჩვეოდნენ. სულ ერთი კვირის შესული არ ვიყავი, რომ მოვიდა ჩემთან ერთი პატარა ყმაწვილი, ანგელოზის სახის მქონე, და ტკბილის ღიმილით, მეგობრულად მკითხა რაღაცა ქართულად; მეც, რასაკვირველია, რადგანაც სხვა ენა არ ვიცოდი, ქართულად ვუპასუხე. ყმაწვილს მშვიდობიანი სახე გადაუსხვაფერდა და სიხარულით მომაჩეჩა ფირფიტა. ჩამოვართვი, მეტი რაღა გზა მქონდა, მაგრამ „ლინეიკაზე“ კი ვერ დავეთანხმე. „რა გენაღვლება შენ, მე რომ „ლინეიკა“ არ დავირტყა, მარტო ვართ და ვინ გაიგებს-მეთქი“ - ვეხვეწებოდი. ჩემმა მოწინააღმდეგემ შორს დაიჭირა: „მე თუ დამარტყეს, შენ რა ჭრელი პეპელა ხარო?!“ მე მაინც არ დავეთანხმე, გავუძალიანდი და იმან ჭუჭყუნი დაიწყო. მასწავლებელი რომ შემოვიდა, მივიდა და დამაბეზღა. დამიძახეს, გავედი შიშით და კანკალით. მასწავლებელმა წარბები შეიკრა და მკითხა: „როგორ ბედავ ურჩობასო? აქ შენი სახლი ხომ არ გგონიაო!“ მე თავის მართლემა დავიწყე, მაგრამ აღარ გამივიდა! „კარგი, მე გასწავლი ჭკუასო!“ დაუძახა „სტოროჟებს“ და უბრძანა: „როზგიო!“ მე, ამის გამგონეს, თავში სისხლი ამივარდა და გაქცევა დავაპირე. „ნუ გაუშვებთ, დაიჭირეთო!“ - იყვირა მასწავლებელმა. იგრიალეს მოსწავლეებმა ჩემ დასაჭერად და გადამეღობენ კარებზე... მე მეორე ოთახში შევვარდი, სადაც მესამე კლასი იყო. აქაც ერთი ალიაქოთი მოვახდინე, მაგრამ შევხტი ფანჯარაზე, გავამტვრიე მინები, გადავხტი და მოვკურცხლე შინისაკენ. გამომიდგნენ „სტოროჟები“. წინ მე გავრბოდი კურდღელივით და უკან ისინი მომდევდნენ კიჟინით. გულგახეთქილი შევიჭერ შინ; დედ-მამამ რომ გაიგეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ და ბევრიც მირჩიეს: „წადი, რა ვუყოთ, გაგროზგონ, ეგ მარტო შენ თავზე ხომ; არ არის - ყველას როზგავენო. მოითმინე, მოიჭირვე. მიეჩვიე და ბოლოს კაცი გამოხვალო; მაგათში უმისოდ არ შეიძლებაო!..“ მაგრამ მე შორს დავიჭირე და გამოტეხილი ვუთხარი დედას: - „თუ კიდევ გაგიგზავნივარ იმ დასაქცევ გიმნაზიაში, თავს დავიხრჩობ-მეთქი!“ შეშინდნენ და ჩამომეთხოვენ. ერთ კვირას აღარ წავსულვარ კლასში. იმ დროს დირექტორად კოცებუ იყო, ახალი დანიშნული. ქართული მაზრის უფროსობის დროს შეესწავლა, კარგად იცოდა და ქართველებიც ძალიან უყვარდა. მოვიდა ჩვენსა და გამომკითხა ყველაფერი. მეც დაუფარავად მოვახსენე, რაც გადამხდა და რასაც ვგრძნობდი. გაუკვირდა, გადააქნია თავი, მომეფერა და მითხრა: „შენ ჩემი სახელი ახსენე და ნუღარავისი გეშინიაო! ხვალ ჩემთან მოდი პირდაპირ კანცელარიაში და მე წაგიყვან კლასშიო“. მეორე დღეს მართლა წამიყვანა და მიმიყვანა ჩვენს კლასში. გამოიკვლია ყოველიფერი და, „მარკის“ ამბავი რომ გაიგო, გაოცდა. მოიხმო ინსპექტორი, ზედამხედველები, მასწავლებლები და გამოუცხადა ყველას, რომ დღეიდან ეგ საქციელი აღარ ჩაიდინოთო! მოსპეთ „მარკა“ და უმიზეზოდ ცემა-ტყეპაზედაც ხელი აიღეთო! მერე მიუბრუნდა ჩემ მასწავლებელს და უთხრა: - „განსაკუთრებითი ყურადღება მიაქციე ამ ყმაწვილსო!“ მართლაც იმ დღიდან ცოდვის ფირფიტა გადააგდეს, მაგრამ ცემა-ტყეპაზე კი უცებ ვერ აიღეს ხელი. უიმისობა მაინც არ ეხერხებოდათ. ტყუილა კი არ არის ნათქვამი: „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო!“ იმ დროს მთელი რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ ჭკუა და სიკარგე როზგის ნაყოფიაო. გიმნაზიებშიც, რასაკვირველია, პირველი ადგილი ეჭირა... დღე არ იქნებოდა, რომ ყმაწვილების წივილ-კივილით იქაურობა არ ყოფილიყო გაყრუებული. „როტაში“ არ უნდებოდათ იმდენი წკეპლა, რაც თვითეულ კლასში. „სტოროჟებს“ ურმებით მოჰქონდათ ყოველდღე ახალ-ახალი. მოსწავლის გალახვა ყველას შეეძლო დირექტორიდან დაწყებული, „სტოროჟებამდე“. მიზეზს არავინ კითხულობდა. ვინ იცის, რამდენი დასნეულებულა, რამდენი დამახინჯებულა, და რამდენს კიდევ ხასიათი გაფუჭებია საუკუნოდ... ხშირად მოხდებოდა ხოლმე, რომ ერთი და იგივე ბავშვი, ერთი დღის განმავლობაში, სამჯერ-ოთხჯერ „გაროზგვილიყოს“ სხვადასხვა უფროსისაგან. მახსოვს და არც დამავიწყდება ჩემს დღეში: ერთი რუსის ბავშვი იყო - კრიჟანოვსკი, ძლიერ მოუსვენარი რამ, მაგრამ სხვებ კარგი იყო. ერთხელ ნახევარი საათით დააგვიანდა კლასში მოსვლა და დირექტორმა „გააროზგვინა“; იმ დღესვე გაკვეთილი არ იცოდა და მასწავლებელმა „გააროზგვინა“; სწავლა რომ გათავდა, ზედამხედველმა „გააროზგვინა“: სახლში გიცელქია და მეზობლის ბავშვისათვის ქვა გისროლია - გიჩივლესო! ამითაც ვეღარ გადარჩა. ყველამ ერთად დააბეზღეს ინსპექტორს და იმანაც მოუნდომა „გაროზგვა“. ეს ინსპექტორი შეუბრალებელი რამ იყო და მისი ისე ეშინოდათ, როგორც სულთამხუთავისა. კრიჟანოვსკიმ, ტანჯვა რომ ვეღარ აიტანა, იშვირა ხელი და ფეხი და გადავარდა რიონში. რომ შემთხვევით იქვე არ დასწრებოდა ერთი მეგრელი მოსწავლე, ძალიან კარგი მცურავი, დაიღუპებოდა. ისე ცემა-ტყეპას ხომ ანგარიში არ ჰქონდა. ვაი, მისი ბრალი, ვისაც კარგი ხუჭუჭი თმა ჰქონდა! ერთ ყმაწვილს, გვარად ჭაჭიაშვილს, დიდი ყურები ჰქონდა. დიდი და პატარა ყველა ყურებში ავლებდა ხელს. ერთხელ გამხეცებულმა ზედამხედველმა შუამდი აახლიჩა ყური; გაუსივდა და მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ დაუწყო შეხორცება. მაგრამ ვინ აცალა შეხორცება! სტაცებდნენ ხელს და ხელახლა აგლეჯდნენ... ასე რომ გავიდა სასწავლებლიდან. ერთ მოსწავლეს - კლდიაშვილს - პირით დაჰკრა შუბლზე „ლინეიკა“ და თავთხლე გადაადინა, ძვალიც კი გაუტეხა. გულშემოყრილი ბავშვი შინ წაიღეს. ამ გარემოებისათვის ყურადღებაც არავის მიუქცევია. ამისთანები რამ უთვალავი იყო. ღვთის მადლით, მე ამცილდა ტანჯვა და ერთხელ მეტად არ გავლახულვარ, მაგრამ ეს ერთიც საკმაო იყო, მთელი ჩემი სიცოცხლე მოეტანჯა! დირექტორმა რომ მიმიყვანა, იმ დღიდან ჩემი მასწავლებელი სულ გულაღრენილი იყო ჩემზე და, თუკი შემთხვევა ექნებოდა, რასაკვირველია, არ დამზოგავდა. ერთხელ რომელიღაც მოსწავლემ ხაჭაპურები მოიტანა კლასში და ლატარიაში ჩააგდო თითო კაპეიკად, ყველამ მოაწერა ხელი. წამძლია სულმა და მეც მოვაწერე. შემოგვესწრო მასწავლებელი და იწყინა, როგორ გაგიბედიათ ხელის მოწერაო! აიღო დიდი, უშველებელი „ლინეიკა“ ხელში. თითო-თითოდ გაჰყავდა ხელის მომწერლები; ჰკითხავდა: რომელი ხელით მოაწერეო? და, პასუხს რომ მიიღებდა, დაჰკრავდა ხოლმე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. „კიდევ მოაწერო?“ - ეკითხებოდა დაცინვით. მე ყველაზე ბოლოში ვეწერე, რადგანაც ჩემი გვარი წილზეა, და „ჟურნალში“ ანიდან იწყება გვარების წერა. იმ დროს საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაკითხული მქონდა და მომაგონდა ოფოფის ხრიკი, თავის გადარჩენა რომ უნდოდა და მელა გააბრიყვა. იმ განყოფილებაში წერის გაკვეთილი იყო. მე ვიფიქრე, რომ, თუ მარჯვენა ხელი მეტკინა, წერა გამიფუჭდება და მოდი მარცხენას გავიმეტებ-მეთქი. მეც რასაკვირველია მითხრა: „აბა დამნაშავე ხელი გამოაშვირეო!“ მე მარცხენა გავუშვირე. ჯერ დამკრა და მერე ეჭვი შეიტანა, რასაკვირველია განგებ, მარცხენა ხელით როგორ მოაწერდიო? რომ გამოვუტყდი, მარჯვენა ხელზეც დამკრა და გამიშვა. ტკენა ხომ ტკენა იყო, მაგრამ მე ის უფრო მტანჯავდა, რომ ჭკუა წავაგე და ორი „ლინეიკა“ დამკრეს, მაშინ როცა სხვები კი თითოთი გადარჩენ! ვტიროდი, ხელი მიკანკალებდა და, რასაკვირველია, კარგად ვეღარ დავწერდი!.. ნაწერები რომ გაარჩია მასწავლებელმა, დამიწუნა და კიდევ დამკრა „ლინეიკა“: უკეთ დაწერეო! კლასის გათავებამდი ოთხჯერ კიდევ დამკრა!.. ის დღე იყო და მას აქეთ ვეღარ გამოვბრუნდი. არ იქნა ვეღარ გადავიგდე გულზე ეს შემთხვევა. წერაში ხელი გამიფუჭდა და დღესაც კიდევ გაურკვევლად ვწერ; ვინც ჩემ ნაწერებს დახედავს, გაუკვირდება, რომ ზოგან კარგი ხელია და ადგილ-ადგილ კი ნაჯღაბნი და გაუგებარი. ეს მაშინ მემართება, როცა ინსტიქტურად მაგონდება ხოლმე მაშინდელი ჩემი ტანჯვა. ეს შემთხვევა რა გასახსენებელი იყო, მაგრამ მიტომ ვამბობ, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა იგულისხმონ, თუ რა ძნელია სათუთ ბავშვებთან სასტიკად მოპყრობა და რა შედეგი მოჰყვება ხოლმე...

ჩემი გალახვის ამბავი გაეგო დირექტორს და შენიშვნა მიეცა მასწავლებლისათვის. ის იყო და ის, ამ დღიდან ამომიჩემა მასწავლებელმა და ყურადღებასაც აღარ მაქცევდა, თითქო ერთი ჯირკი გდებულიყო იქ. არც მასწავლიდან და არც რამეს მკითხავდა. მე მაინც, ზოგს ამხანაგების შემწეობით, ზოგსაც ჩემით ვსწავლობდი, რაც ძალი და ღონე მქონდა. იმდენი ნიჭი არა მქონდა, რამდენიც სურვილი და ბეჯითობა. ვცდილობდი, დღე და ღამე გასწორებული მქონდა და სხვებს არა თუ არ ჩამოვუვარდებოდი, მეტიც ვიცოდი მათზე. ეგზამენები მოახლოვდა, ხმა გავარდა, რომ „პოპეჩიტელის“ თანაშემწე, მაქსიმოვიჩი, მოდის, იმან უნდა გამოგვცადოს მოსწავლეებიო. იმის სიფიცხეზე და გულქვაობაზე ბევრს საარაკო რამეს ლაპარაკობდნენ. ყველა შიშის ქარმა აიტანა, მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც.

მაქსიმოვიჩი ჩამოვიდა თუ არა, მაშინვე ბრძანება გამოსცა, რომ, რადგანაც ყველას ვერ მოვასწრებ, თვითეული კლასიდან სამ-სამი მოსწავლე გამომგვარეთ. პირველი, შუათანა და უკანასკნელი; იმათ გამოვცდი და მით მთელი გიმნაზიის გარემოებაც გათვალისწინებული და აწონილი მექნებაო. ეგზამენებმა კარგად ვერ ჩაიარა. წინდაწინვე დამფრთხალ ყმაწვილებს გონება ეკარგებოდათ. ჯერ იმ სამ მოწაფეთაგანს ჰკითხავდა რამეს საპასუხოდ და, თუ ვერ უპასუხებდნენ, მერე მთელ კლასს მიუბრუნდებოდა. თუ აქაც აღარავინ აღმოჩნდებოდა, მასწავლებელს უნდა აეხსნა. ხშირად მასწავლებლებიც წაიბორძიკებდნენ ხოლმე. მაშინ თვითონ ეგზამენატორი ახსნიდა და გაამეორებინებდა ხოლმე ყმაწვილებსაც. ეს ახალი მეთოდი იყო მისგან შემოღებული. იმ დროს გიმნაზიაში სწავლობდა ერთი შესანიშნავი და სახელგანთქმული ახალგაზრდა - ბესარიონ ღოღობერიძე. მოსწავლეებსაც დიდი ხათრი ჰქონდათ მისი და პედაგოგებსაც მისი იმედი ჰქონდათ: „თუ დაგვიხსნის, ის დაგვიხსნის და გვასახელებსო“. მათი მოლოდინი გამართლდა, მაგრამ სულ ისე მაინც არა, როგორც ეგონათ. ამბობდნენ: „მარჯვედ იყო ბესარიონი, მაგრამ ბევრი ოფლი კი აწურვიესო“. ასე თუ ისე, თუ იმას არა, მაქსიმოვიჩი გულს ვეღარ მოიბრუნებდა ქუთაისის გიმნაზიასა და მის მასწავლებლებზე. შუა კლასებშიაც ზოგიერთებმა გვარიანად მიუგეს. ბოლოს ჯერი მიდგა უმცროს კლასებზე. ჩვენი კლასიდანაც, განკითხვის დღე რომ დადგა (ასე ვეძახოდით საზოგადოდ მაქსიმოვიჩის ეგზამენებს), სამი მოწაფე აიყვანეს და ჩააყენეს თონეში. მესამე მოწაფედ, ესე იგი, უკანასკნელ მაჩანჩალად, მე გამაყოლეს. ჩემი ამხანაგები ცახცახებდნენ და მე კი უფრო სეირის საყურებლად გავედი, რადგანაც ვიცოდი, რომ, როგორც უკანასკნელს, ბევრს არას მკითხავდნენ და ყურადღებას არ მომაქცევდნენ. ერთ ხანს მარჯვედ იყვნენ მოწაფეები. საზეპირო როცა ჰკითხეს, იმათაც ჩააბულბულეს; მაგრამ ბოლოს, როცა აზრით გაგებაზე მიდგა საქმე, მაშინ კი აიბნენ. საკვირველი იყო: „პოპეჩიტელის“ თანაშემწის საკითხავებმა , სასახლეში რომ ბავშვებმა თამაშობები ვიცოდით „ბერი ჩამოხტა“, „აჩატი“, „ანზე ვისი ყმა ხარ“ და სხვანი, სწორედ არ მომაგონდა! გამიკვირდა: „ეს რა გიმნაზიის საკადრისია-მეთქი“, - ვამბობდი გუნებაში. მაგრამ მომაგონდა ჩვენი სახლი, დედა და ისე წავხალისდი, რომ ასე მეგონა, შინა ვარ-მეთქი და ორჯერ-სამჯერ, ჩემ ამხანაგებს რომ შეეშალა, მეუკმაყოფილოდ თავი გავაქნიე. მაქსიმოვიჩმა თვალი მომატანა და მომაყვირა: „რას აქნევ თავს ქეციანი ცხენივითო“! შევშინდი და ენა ჩამივარდა. მასწავლებელი მომეშველა და მოახსენა: - „ალბათ ბუზი აწუხებს და ხელს ვერ ხმარობსო“... - „რა დროს ბუზებია!“ მიუბრუნდა უკმაყოფილოდ მასწავლებელს: „და ან საჭიროების დროს ხელს ნუ გაანძრევო, ვინ ეუბნება? უშლიან მხოლოდ წარამარა ხელების აქეთ-იქით ქნევას. არა, აქ სხვა მიზეზიაო!“ მიმიხმო სტოლთან.

- მე შეგნიშნე, რომ, როცა იმათ ეშლებოდა, მაშინ აქნევდი თავს. მართალია, თუ არა? ნუ გეშინია, მითხარი!

- დიახ, უნებურად!

- მაგალითად, რა შეეშალათ?

- აქლემი გაფრინდაო, რომ მოგახსენეს, ეტყობათ, არ უნახავთ აქლემი!

- შენ? შენ სად გინახავს?

- შარშან თათრებმა ჩაატარეს მაიდანში; ძლივს მიიფხორებოდნენ.

- მერე, რა იცი რომ ვერ გაფრინდება?

- ფრთები არა აქვს.

- რასაც ფრთები არა აქვს, ვერ გაფრინდება? მაგალითად, კაცი ვერ გაფრინდება?

- ვერა.

- არ გაგიგონია ძველად, რომ ვინმე გაფრენილიყოს?

- ძველად - ენოქ და ილია, მაგრამ ისინი ურმით გაფრინდნენ ღვთის ძალით. - ეგზამენატორმა თვალები დააჭყიტა და მკითხა:

- ვინ გითხრა შენ ეგ?

- დედამ.

- კუდიანები რომ ფრენენ, იმასთ ხომ ფრთები არა აქვთ?

- კუდიანები არ ფრენენ.

- მაშ, როგორ შეუძლიათ, რომ არ ფრენდნენ, ასე ჩქარა ყველგან როგორ მიივლ-მოივლიან?

- მგელზე ჯიან და ისე დადიან, - აქ გადაიხარხარა და თავზე დამისვა ხელი. ამგვარ რამეებს მკითხავდა და თანდათან გახალისდა. მეც, რომ შევატყვე, აღარ წყრება-მეთქი, გავთამამდი. ბოლოს დამიწყო გამოცდა. საზეპიროები მკითხა, - კარგად მივუგე.

- აზრიც გესმის? - მკითხა.

- რასაკვირველია, მესმის!

- შეგიძლია ქართულად გადაგვითარგმნო ეგ ლოცვები?

- რაღად გადაგითარგმნით, ქართულად რომ უფრო ადრე ვიცოდი?..

- სად ისწავლე?

- სახლში.

ეგებ რუსულიც იქ ისწავლე?

- არა, აქ. - მიუბრუნდა მასწავლებელს და ჰკითხა:

- თქვენ ხომ არ შეგშლიათ, რომ ეგ ბავშვი უკანასკნელ მოწაფედ წარმოადგინეთ?

- არა, თქვენო აღმატებულებავ! ერთი რომ პატარაა, მეორე კიდევ არც დიდი ხნის შემოსულია და ჯერჯერობით ყურადღებას აღარ ვაქცევდით, არასა ვკითხავდით, გაკვეთილებსაც არ ვაძლევდი: ჯერ მიეჩვიოს-თქო, - უპასუხა მასწავლებელმა ცოტა ფერმიხდილად.

- მაშ თუ არა გკითხავდნენ, შენ როგორღა სწავლობდი? - მითხრა მან.

- სხვებს რომ აკითხებდნენ და უხსნიდნენ, მეც აქ არ ვიყავი? ყურს ვუგდებდი.

ეს რომ გაიგონა, „ხედავთო?“ დაეკითხა ჩემ ამხანაგებს: რომ მოგენდომებიათ, თქვენც ასე ისწავლიდითო. მასწავლებელი რომ კარგად გიხსნით, ეს ცხადად სჩანს“. ხელი ჩამოართვა მასწავლებელს და მადლობა უთხრა. მე შუბლზე მაკოცა, წამოდგა ზეზე და დაიშალა კლასიც. მივფრინდი თუ ფეხით მივედი სახლში, აღარ მახსოვს, სიხარულმა ისე ამიტაცა, რომ მთვრალივით ვეღარ გამოვერკვიე. შინ რომ მივედი, სტუმრები იყვნენ სახლში და მამაჩემმა მომაძახა: რა ქენი, ჩემო კაჭუაო? მეც ყველაფერი მოვახსენე, რაც გადამხდა. „მე კი არ ვიცოდი?! - წამოიძახა მამამ. - კვიცი ყოველთვის გვარზე მიდისო. პეტრე არხიმანდრიტს რომ ვებარე მონასტერში ბავშვობისას, ყველას ვჯობდიო, რასაც სხვები ათ-ათ წელიწადს უნდებოდნენ, მე ორ-სამ წელიწადს გავიარე, გავათავე: „ღრამატიკა, ანგარიში, ისტორია, ღეოღრაფია და სხვანიო. ბატებმა არ დამაცალეს, ყიყინით მაწუხებდნენ, თვარა, რომ მოეცადა, არისტოტელის კატეღორიასა და ლოღიკას სულ ბდღვირს გავადენდიო. შენც, შვილო, ოჯახის შვილი რომ ხარ, სხვებზე უფრო მეტი უნდა ისწავლო და ვიგინდარები არ გაიტოლოო!“ სტუმრებმაც ამგვარივე დარიგება მომცეს. დედა კი თავისთვის იჯდა თავჩაღუნული, თითქო ამისთვის სულერთიაო და არც კი შეუმჩნევივარ. საღამოს, დასაძინელად რომ ჩავწექ ლოგინში, მოვიდა დედა და შუბლზე დამადო ხელი. ჩამოჯდა ლოგინზე. მე გავიფიქრე: „ვაითუ ავად ვარ და მატყობს რამეს, თვარა ასე სხვიმის როდის მოსულა-მეთქი“. წინათაც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ საკვირველი ზნე სჭირდა დედას: თუ არ გამოთხოვების დროს, როცა სადმე დიდი ხნით მივდიოდი და ან ხანგრძლივ უნახაობის შემდეგ, ისე არ გვაკოცებდა ბავშვებს, და მაშინაც ისე, თითქო გული ნებას არ აძლევსო. ეს მეც მიკვირდა და ვერ ამეხსნა. ეს ხასიათი მთელ მის სიცოცხლეში შერჩა. შვილიშვილებსაც ასე ეპყრობოდა. ერთხელ, დაცოლშვილიანებული ვიყავი, შევესწარი, რომ ჩემ პატარა შვილს, მძინარს, მიდგომოდა და სიფრთხილით, არ გამოიღვიძოსო, ჰკოცნიდა, ეალერსებოდა. მაშინ მივხვდი, რომ ალბათ ჩვენც ასე გვეალერსებოდა-მეთქი. ცხადად ვინ უშლიდაო - იფიქრებს კაცი, და ის თურმე იმ აზრის იყო, როგორც ერთხელ გამოაცხადა ლაპარაკში, რომ ხშირი მოფერება აფუჭებს ყმაწვილს და წარამარა კოცნასაც ფასი აღარ აქვს მის თვალშიო. არ ვიცი, საზოგადოდ ეს მართალია თუ არა, მაგრამ ჩემ თავზე, როგორც გამოვცადე, მისი კოცნა რაღაც სასუფევლურ ნეტარებად მიმაჩნდა. იმ საღამოს ავფოფინდი, რომ გვერდში მომიჯდა და ალერსიანად მითხრა: ხომ ილოცეო?..

- როგორ არა-მეთქი!

- დღეს დილას, სანამ კლასში წახვიდოდი, დაუჯდომელი პარაკლისი ხომ არ დაგვიწყებია?

- როგორ დამავიწყდებოდა!.. და მერე მით უფრო, რომ განსაცდელში მივდიოდი.

- ჰო, კიდეც მიტომ უხსნიხარ ღმერთს და გაგიმარჯვნია. უღმერთოდ, რაც უნდა იცოდე, მაინც ვერას გააწყობ! მამაშენმა რაც გითხრა დღეს, ის მართალი კი ნუ გგონია, იმან ისე იცის ხუმრობა.

- რა?

- რა-და, სხვებმა რომ გაჯობოს, სირცხვილიაო. აბა, სხვები რომ კარგები იყონ, შენი რა სირცხვილია? სირცხვილი ის არის, როცა შენ შენდა თავად არ ვარგხარ და არ ცდილობ სწავლას. შენ სხვებს კი არ უნდა ეჯიბრებოდე! შენ სრულიად შენთვის უნდა ცდილობდე ყოველგვარ სიკარგეზე და, თუ სხვებიც შენისთანები იქნებიან და კივ უკეთესიც, შენ იმითი რას დაჰკარგავ? შენ კიდეც უნდა გიხაროდეს მათი სიკეთე. შენ ხომ კარგად დაგიჭერია დღეს ეგზამენი, აი რა კარგ გუნებაზე ხარ! ისინი კი, შენი ამხანაგები, ვინ იცის, რა გულდაწყვეტილები არიან!

- ტიროდნენ, დედა!

- მერე არ შეგეცოდა?

- შემეცოდა კი არა, კინაღამ მეც ვიტირე...

- რა-და, იმათაც შენსავით რომ გაემარჯვათ, ხომ გეამებოდა?

- ნეტავ მართლა!..

- ჰო, შვილო! სხვისი შური და სიხარბე გულში არ უნდა შეუშვა, - ესენი ორივე ეშმაკის კიბის საფეხური არიან. ეშმაკი ჯერ შეგიტყუებს ზედ ნელ-ნელა და მერე უცბად გკრავს ხელს და გადაგაგდებს. - მე პირჯვარი დავიწერე, დედამ მაკოცა მხურვალედ, ორჯერ-სამჯერ ჩამეკონა გულში, პირჯვარი გადამსახა და მომშორდა: „დაიძინეო“. ჩემს ნეტარებას საზღვარი აღარ ჰქონდა. დიდხანს თვალი ვეღარ დავხუჭე, და, რომ დამეძინა, სიზმრებმა წამიღეს: სულ ანგელოზებში დავფრინავდი და ვთამაშობდი.

გათავდა ეგზამენები. წავიდა მაქსინოვიჩი. მიწყნარდ-მოწყნარდა ყოველიფერი და მეც პირველი საჩუქრით გადამიყვანეს მეორე კლასში. სულ სხვა თვალით მიყურებდნენ ამხანაგებიცა და უფროსებიც. ამას მე კარგად ვხედავდი და ვცდილობდი, რომ არ შევრცხვენილიყავ. დღე და ღამე გაერთიანებული მქონდა, ისე მონდომებით ვსწავლობდი და იმ შრომასთან და ცოტა ნიჭთანაც, რომ უკეთესი პატრონობა მქონოდა და უფრო სწორ გზაზე ვმდგარიყავ, კარგი რამ გამოვიდოდი, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ იმ დროს პედაგოგია მეტად დაბალ ხარისხზე იდგა. ბავშვებს კაჭკაჭებსავით სწრთვნიდნენ და არა ადამიანის შვილებად! ყოველი საგანი უნდა მხოლოდ ეზეპირებიათ მოსწავლეებს, და, აზრი ესმოდათ თუ არა, ამას არავინ ჰკითხავდა. ერთი რუსის შვილი იყო - ვოლკოვი - და იმას საღმრთო წერილიდან გაკვეთილი ჰკითხეს. საბრალომ ზეპირად არ იცოდა, მაგრამ თავისი სიტყვით შვენივრად ახსნა. მასწავლებელმა უგდო, უგდო ყური და გაიცინა: - შენი სიტყვებით რომ ბრძანებ, განა სწუნობ მაგის დამწერის სიტყვებს?! გაუჯავრდა და გააგდო, ცუდი ნიშანიც დაუსვა. მერე მეორედ გაიყვანა, როდესაც გაეზეპირებია და სულმოუბრუნებლად, სულ სხვაპასხუპით უთხრა, თუმცა კი არ ესმოდა, რას ამბობდა. მოუწონა: „აი როგორ უნდა დაისწავლოო!“ და კარგი ნიშანიც დაუსვა. ასე იქცეოდნენ ყველა მაშინდელი მასწავლებლები. მხოლოდ მათ რიცხვში ერთადერთი, გვარად ტროე, სულ სხვა იყო! მაქსიმოვიჩის მეთოდი შემოიღო: საზეპიროს ცოტას გვაძლევდა, სულ რამდენიმე პწკარს, მაგრამ მაგიერად, არა თუ აზრი, ყველა სიტყვის მნიშვნელობა უნდა გვცოდნოდა და აგვეხსნა. მის კლასში ყველა - დიდი და პატარა - თანასწორად სმენად იყო გადაქცეული. ბუზი რომ გაფრენილიყო, გაიგებდა კაცი. მაშინ იცოდნენ და დღესაც კიდევ, მასწავლებლები რიგ-რიგად ჰკითხვენ მოსწავლეებს, ასე რომ მოწაფემ იცის, როდის მოუწევს რიგი და იმ დღისათვის უკეთ ემზადება, ვიდრე სხვიმის, და მის სწავლაში თანასწორობა აღარ არის. ტროეს კლასში კი ყველა მზად უნდა ყოფილიყო. ერთს რომ ჰკითხავდა, უცებ, მოულოდნელად სხვას რომელიმეს „განაგრძეო“ - მიუბრუნდებოდა. აგრეთვე არ იცოდა ძველი და ახალი გაკვეთილი: მოულოდნელად ძველიდანაც გვკითხავდა ხოლმე. თითოეულ სკამს მიუჩინა თითო უფროსი შეგირდი. ისინი ჰკითხავდნენ ყოველდღე გაკვეთილს მოსწავლეებს და ნიშნებს უსვამდნენ. იმ უფროსებისათვის მერე მე უნდა მეკითხა და დამესვა ნიშნები. ზოგიერთი მათი შეგირდებიც უნდა შემემოწმებინა და ის ნიშნები მიმერთმია მასწავლებლისათვის. რომ შემოვიდოდა, ისიც გადაათვალიერებდა და დასამოწმებლად გამოიხმობდა ზოგიერთებს. ერთი გაბაშვილი იყო ჩვენს კლასში, რომელიც სოფლიდან დადიოდა ჩვენს კლასში და დაწყებას, რასაკვირველია, ვეღარ მოასწრებდა ხოლმე. ამისთვის აჩოქებდნენ ხოლმე იმ საწყალს კუთხეში კლასების გათავებამდე. ასე რომ ფეხზე მდგარი ის სწავლის დროს ძვირად დაგვინახავს. ერთხელ დარჩენილიყო სადღაც და ქუთაისში ნათესავებში გაეთია ღამე. სამოსწავლო წიგნიც ეშოვნა (მაშინ არამცთუ გარეშე წიგნი, სახელმძღვანელო წიგნებიც ცოტა იყო, სულ რამოდენიმე და ერთი მეორისაგან ვნათხოვრობდით) და გაკვეთილი კარგად დაესწავლა. ადრე მოვიდა, მაგრამ, რადგანაც დაჩვეული იყო, დაიჩოქა და ამისთვის ყურადღებაც არავის მიუქცევია. მის უფროს შეგირდს მისთვის კარგი ნიშანი დაესვა, მე შევამოწმე და მართალი გამოდგა. ტროემ რომ საზოგადოდ ყველას ნიშნები გადაათვალიერა, გაბაშვილის ოთხასც მოჰკრა თვალი. ალბათ გაუკვირდა და გამოუძახა. ჰკითხა და მისთანა თქვენს მტერს! ერთი სიტყვაც ვერ მიუგო, გადააქნია თავი და გამიხმო:

- ეს ნიშანი შენ დაუსვიო? - მკითხა.

- დიახ, მე-მეთქი, - ვუპასუხე.

- მერე რათა, რომ არაფერი იცის?

- მე რომ ვკითხე - იცოდა.

- იცოდა?! ასე მალე, ორ წუთში როგორ დაავიწყდებოდა? აქ რაღაც სხვა ამბავია! - ბრძანა მრისხანედ. - შევიტყობ, რაც არის, მაგრამ ჯერ არ მცალია. გაბაშვილო, წადი და იქვე დაიჩოქე, სადაც იყავი და შენც, წერეთელო, მიდი მაგასთან და გვერდში ამოუდექი, სანამ ჩემი კლასი არ გათავდეს! მერე ორივეს ერთად დაგამოწმებთ. - თუმცა ყველაზე მეტი ჩვენ ტროესი გვეშინოდა, მაგრამ მისგან დასჯილი არ გვინახავს, და ახლა: როგორ გამიბედეს მოტყუებაო, ზომას გადავიდა.

- შე შეჩვენებულო, რა ჰქენი ეგა, აკი იცოდი? - დავეკითხე ჩუმად, კუთხეში რომ გავედით.

- ახლაც ვიცი, - მიპასუხა ტირილით.

- მაშ, რატომ არ მოახსენე!

- ფეხზე რომ ვიდექი, ვერ მოვახერხე. ეს რამდენი ხანია - სულ დაჩოქილი ვსწავლობ და პასუხსაც ისე ვაძლევ. აი, თუ არ ვიცი! - მოჰყვა ზეპირად. - რომ ავდგე, დამებნევა! - მასწავლებელმა მოგვატანა თვალი და მოგვაყურა - რას ჩურჩულებთო? - მე გავედი და მოვახსენე ყველაფერი. გამოიყვანა გაბაშვილი, დააჩოქა და ისე ჰკითხა. კარგად მიუგო, რამდენჯერმე გაიმეორა ეს ამბავი და ისე გაუკვირდა, რომ წამოდგა ზეზე, კლასს თავი დაანება და გასწია კანცელარიისკენ. იქ რა ჩაიდინა, ვინ იცის? მაგრამ იმ დღიდან კი გაბაშვილი დაჩოქილი არ გვინახავს.

ერთხელ, სწავლა რომ გათავდა და შეგვასვენეს, მე, რადგანაც დილას არა მეჭამა რა, შევირბინე შინ. ვიგდე ახალუხის ჯიბეში ცხელი მჭადის კოკორი და მივაშურე ისე კლასს: არ დამაგვიანდეს-მეთქი. ტროეს გაკვეთილი იწყებოდა. ფეხად შეესწრო ჩემთვის და ხუთი მოწაფე კიდეც გამოეხმო და გაემწკრივებინა. შევყავ თავი თუ არა, მომაყვირა: - შენ, აქ მობრძანდი და დადექ ამათთანაო! მივედი და გავჩერდი. ცხელი მჭადი მომედვა ბარძაყზე და მეცხუნა. მე შმაშური დავიწყე, ხელი მოვუსვი, ასე რომ ავტოკდი. მასწავლებელმა შემნიშნა და მკითხა: რა გემართებაო? დაფარვა აღარ შეიძლებოდა... ამოაყოფინეს ჯიბიდან მჭადს თავი... შეგირდებმა გადიხარხარეს. მასწავლებელმა ულვაშებში ჩაიცინა, გამომართვა მჭადი და წინ სტოლზე დაიდვა. მე სირცხვილის ოფლი გადამსკდა. დაგვიწყო გაკვეთილების კითხვა. ამ დროს, ჩემდა საუბედუროდ, ინსპექტორი შემოვიდა. მაშინ კი ამიკანკალდა მუხლები. ეს ისეთი შეუბრალებელი ვინმე იყო, რომ ყმაწვილის „გაროზგვას“ არა ეჩია რა. სულ უბრალო მიზეზი საკმაო იყო, რომ ოთხში ამოეღო. ერთხელ ერთსა და იმავე დროს ორი ბავშვი „გაროზგა“: ერთი იმიტომ, რომ თმა წამოგზრდიაო და მეორეც იმიტომ, რომ მეტად ძირში მოგიჭრიაო! ვიფიქრე: „ეს მჭადი მე ხეირს არ დამაყრის-მეთქი!..“ მართლაც, მოჰკრა თვალი თუ არა, დაიღრიალა: - ამ მჭადს რა უნდა აქ, ვინ მოიტანაო!.. ერთი მოწაფე, რომელიც ხშირად მექიშპებოდა ხოლმე, წამოხტა ზეზე და მოახსენა: წერეთელს ამოუღეს ჯიბიდანაო. - რათ მოგიტანიაო?! მკითხა მრისხანედ. მე ენა ჩამივარდა, მაგრამ მასწავლებელმა მოახსენა: ახლავ გაიგებთო და მკითხა: ეს რა არისო? მჭადი-მეთქი, - ვუპასუხე კნავილით.

- რისგან კეთდება?

- სიმინდისაგან.

- როდის სთესენ სიმინდს? რანაირად იზრდება? როგორ მუშაობენ? როდის აკეთებენ მჭადს და სხვანი. ესენი ყველაფერი გამომკითხა და მეც პასუხს ვაძლევდი. რამდენიმე წუთს მკითხავდა და ბოლოს სთქვა: კარგიო! ხვალ ნუ გადავიწყდება ბრინჯის მოტანაო; ხვალ იმის შესახებ ვილაპარაკოთო. ინსპექტორმა იფიქრა: აქ სწორედ მასწავლებლის სურვილით მოუტანიათ მჭადიო და გავიდა კლასიდან ხმაამოუღებლად. მასწავლებელმა მაბეზღარი მოწაფე გაიხმო და ჰკითხა: შენ არა გაქვს რა ჯიბეშიო? გაუსინჯა და კოჭი უნახა. - ეს რა არისო? ეს ხომ სათამაშოა, რომელიც კლასებში სრულიად გამოუსადეგარია და შენ კი ჯიბეში გიძევსო!.. წერეთელმა მჭადი მიტომ მოიტანა, რომ შიოდა და შეჭმა ვეღარ მოასწრო და შენ კი სათამაშოდ დაბრძანდები! კარგი, გაჩერდი მაგრე კლასის გამოსვლამდე! მე მაგ კოჭით წარგადგენ ინსპექტორთანო. იმ მოწაფეს ფერი ეცვალა და ატირდა. კლასი რომ გათავდა, მიუბრუნდა მტირალს და უთხრა: კარგი, ახლა კი მიპატიებია, მაგრამ შემდეგ კი ფრთხილად იყავი: რაც შენთვის არ გინდა, იმას ნურც სხვას უზამო!

ეს ჩვენი საყვარელი მოძღვარი მხოლოდ ოთხ კლასამდე ასწავლიდა; უფროს კლასებში ნება აღარ ჰქონდა, რადგანაც უმაღლესი სასწავლებელი არ ჰქონდა გათავებული. თუკი რამ ვისწავლეთ რუსული, მის ხელში; და მის შემდეგ კი, იმ უფროს კლასებში, მეოთხედან დაწყებული, თუ რამ დაგვაკლდა, თვარა არა შეგვიძენია რა. მეოთხე კლასი მეტად ძნელი კლასი იყო: სულ ახალ-ახალი საგნები და მასწავლებლები: ისტორია, გეომეტრია, ტრიგონომეტრია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლათინური, სჯულის-კანონი, მეურნეობა, მინერალოგია და სხვადასხვა - სულ ერთად მოგვაყარეს! - თავ-ტანის რომ აღარა გაგვეგებოდა რა, გავუსვით ზეპირობას ხელი, და, როგორც იქნა, კიდევ იოლად გავდიოდით, თუმცა სრულიად არ გვესმოდა რა იმ საგნების. სხვისი რა მოგახსენო და მე კი ასე ვიყავი, თუმცა პირველ მოწაფედაც კი ვირიცხებოდი და ოქროს ფიცარზე ვეწერე. ამ მაღალ კლასში, როცა არ იყოს, დავთარი შემეშალა. ერთი ვიღაც რუსული ენის მასწავლებელი დაგვინიშნეს, გვარად საპეგა. იმისთანა ახირებული კაცი ძვირი იყო! სულ ჯავრობდა რაღაცაზე, ცხვირი ჩამოუტიროდა და სხვაც რომ ვინმე დაენახა მომცინარი, გადაირეოდა. მე კი ჩემდა საუბედუროდ, ისეთი მომცინარი სახე მქონდა, რომ ტირილის დროსაც კი მეღიმებოდა! ამითვალწუნა ამ კაცმა და საშველი აღარ მომცა. წინა სკამიდან სულ უკანასკნელზე გადამსვა: „თვალში ნუ მეჩხირებიო!“ ერთხელ რაღაც კაი გუნებაზე იყო, გამიყვანა და მკითხა გაკვეთილი. კარგად მივუგე. მომიწონა: „ცოდნით კარგად იციო, მაგრამ რა მიზეზია, რომ სულ იღიმები? ნუ იცინი პირუტყვივითო!“ მე მეგონა, მცდის-მეთქი და ვუპასუხე: „პირუტყვები არ იღიმებიან და არც იცინიან-მეთქი“. ეს რომ ვუთხარი, ისარნაკრავივით წამოხტა, მტაცა ხელი საყელოში და გამიძახა გარეთ.

უკანა სკამზე რომ ვიჯექი, მოწაფეები მოიბრუნებდნენ ხელს და ზურგს უკნიდან მომაბზეკდნენ ხოლმე თითს. წარმოიდგინეთ ორმოცი და ორმოცდაათი თითი ჩემკენ მოშვერილი, მაშინვე დამეთანხმებით, რომ სიცილი ძნელი შესაკავებელი იყო. მეც უეცრად გადავიხარხარებდი ხოლმე. მიზეზს ვერ ვამხელდი, და ის კი მიატოვებდა გაკვეთილებს და დაიწყებდა ხოლმე ერთ ამბავს. მოწაფეებსაც ის უნდოდათ. ბოლოს ამიკრძალა მის კლასში შესვლა და რჩევაში ითხოვა: ან მე აღარ ვიქნები, ან ის მოწაფე გააგდეთო. მის გარდა ყველა მასწავლებელს ვუყვარდი, პირველ მოწაფედაც მთვლიდნენ და არ დაეთანხმენ. მიმიხმეს და მკითხეს: რა მიზეზია, რომ ასე გაგიჯავრებია ეს მასწავლებელიო? მე ტირილი დავიწყე და იქვე სიტყვის გათავებამდე გავიღიმე. დირექტორი წამოდგა და წავიდა საპეგას კლასში, რომ სხვებისათვისაც გამოეკითხა და შეეტყო ნამდვილი მიზეზი. ჩემდა ბედად მისთანა გარემოებას შეესწრო, რომ ხელი მომიმართა. ერთი მოწაფე იყო ჩვენს კლასში კ...ლ... სამაგალითო რამ, აჩქარება არ უყვარდა. საპეგა კი, როცა გაკვეთილს ჰკითხავდა ვისმე, ამბობდა: ნუ ფიქრობ, ისე მითხარიო. ის გაუყვანია დაფაზე, რაღაც დაუწერინებია და ახსნას უცდის. კ...ლ... ფიქრობს, რომ კარგად მიუგოს. სულწასული პედაგოგი მიეპარა უკნიდან და ცხვირ-პირი დაფაზე მიახლევინა: „რას უცდიო?“ შეშინებულსა და გაბრუებულ მოწაფეს ცხვირში სისხლი წასკდა, და სწორედ ამ დროს შეესწრო დირექტორიც. საპეგა მეორე დღეს თვალით აღარ გვინახავს, მის მაგიერ მეორე დაგვინიშნეს - პანიზოვსკი. მაგრამ ბევრით უკეთესი ვეღარც ის იყო, უკეთესი კი არა, ხმას არ იღებდა, სულ წითლდებოდა. კოშანსკის რიტორებას მოიტანდა ხოლმე და ისე უხმოდ, თითით გვაჩვენებდა: აქედან-აქამდის გაიზეპირეთო, და ჩვენც ვასრულებდით მის ნებას. იმას „ქალ-ბიჭას“ ვეძახოდით, დავცინოდით, მაგრამ ის თვალს გვარიდებდა. არაფერი გარეშე წიგნი არ იყო, რომ წაგვეკითხა; და რომ კიდეც გვეშოვა სადმე, წაკითხვის ნებას არ მოგვცემდნენ: „რაც კარგი რამეა - რიტორებაშია დაბეჭდილი, ის გეყოფათო“. ერთხელ ერთმა თამამმა მოწაფემ ჰკითხა: „რაც აქ არ არის მოყვანილი ამ წიგნში, მის მეტი პუშკინს არა დაუწერია რაო?“ „ეგ რა შენი საქმეაო?“ - მიუგო მასწავლებელმა. ყმაწვილი არ მოეშვა და კიდევ ჰკითხა: „პუშკინი უკეთესი მწერალია თუ გერცენიო?“ წამოვარდა ზეზე შეშინებული, დაიცვა თითები ყურებში და გააბა ყვირილი: „აქ არ ვყოფილვარ, არა გამიგონია რა, არცა გითქვამს რაო“... და ამგვარად გავიდა კარში.

არანაკლებ ახირებული იყო ლათინურის მასწავლებელიც - ძალიან კარგი, მშვიდობიანი და ბეჯითი მასწავლებელი; ბუზის ეშინოდა და, მახარობელას რომ ბზუილი დაეწყო, იმას გული უწუხდა. ეს რომ იცოდნენ მოწაფეებმა, თუ რომელიმე მათგანმა გაკვეთილი არ იცოდა, მოიყვანდა უცბად მახარობელას და ჩუმად გაუშვებდა კლასში; მასწავლებელი დაფრთხებოდა, მოსწავლეები წამოვარდენოდნენ ზეზე, ზოგი სტოლზე შეხტებოდა, ზოგი ამ ბუზს დაუწყებდა ვითომდა კლასიდან გამოდენას; ხან ერთ კუთხეში მიაგდებდნენ, ხან მეორეში და ამასობაში კლასიც თავდებოდა.

ცხადია, რომ ამგვარ პირობებში ჩაყენებული მოზარდი თაობა ვერას გამოიტანდა ბევრს გიმნაზიიდან, რომ ამ საზარელს ბნელში ერთი ნათელიც არ გამოგვჩენოდა. ის იყო პოლონელი როდზიევიჩი, რომელიც ჯერ პროფესორად ყოფილიყო, მაგრამ ლოთობის გულისათვის დაეთხოვათ და სტავროპოლში ეშოვა ინსპექტორობა. მერე იქიდანაც გაეგდოთ და ჩვენში გადმოიმყვანეს მათემატიკის მასწავლებლად. ეს ლოთი მასწავლებელი ყურადღებასაც არ აქცევდა თავის საგნებს, არც ალგებრას, არც გეომეტრიას, არც ტრიგონომეტრიას და არც ფიზიკას; ჩვენს ნებაზე მოაგდო მათი სწავლა და ჩვენც, როცა გაგვიძნელდებოდა გაგება რამესი, მაშინ დავეკითხებოდით და მშვენივრადაც აგვიხსნიდა ხოლმე. საკვირველია, რომ მისი საგანი ყველაზე უკეთ ვიცოდით. რაღაი, შეგვატყო, რომ გონებადახშული და განუვითარებელი არიანო, სულ სხვა რამეებზე გვესაუბრებოდა და ცდილობდა ჩვენს გამოფხიზლებას. იმ ხანებში გამოაცხადეს, რომ ვისაც უნდა რუსეთში წასვლა და უმაღლეს სასწავლებელში შესვლა, იმან ლათინური უნდა ისწავლოს და, ვისაც მხოლოდ გინმაზიის გათავება უნდა, იმან სჯულის-კანონი შეისწავლოს და, თუ პირველ შეგირდად გამოვა, ჩინსაც მიიღებსო. ჩინს მაშინ დიდი მომხიბლავი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ ყველა ჩემმა ამხანაგებმა, თუმცა ზოგი მათგანი ვერც წავიდოდა რუსეთში სიღარიბის გამო, ლათინური ირჩიეს. ერთმა მათგანმა მხოლოდ და მეორემ მე სჯულის-კანონის შესწავლა მოვინდომეთ, ჩინის სურვილით წარტაცებულებმა. იმ ხანებში რუსული ენის მასწავლებელმა გვიბრძანა: აიღეთ, რაც გინდათ, და თქვენდა თავად თხზულება დასწერეთ, მაგრამ დიალოგებად კიო. მე ავიღე და დავწერე ერთი ახირებული რამ. მასწავლებელმა რომ წაიკითხა, ინსპექტორს გადასცა და მას საპეადგოგიო რჩევაში წარედგინა და ეთქვა: „ამის დამწერი, თუ ახლავე არ აილაგმა, არ ივარგებსო!“ რჩევაზე როდზიევიჩს გამოედვა თავი: მაგის დამწერი კარგი ვინმე გამოვა და, გაწყრომა კი არა, მოფერება ეჭირვებაო. მე ვთხოულობ, რომ იმას ძალა დაატანოთ - ლათინური შეისწავლოს და მაღალ სასწავლებელში სადმე შევიდესო, მჭერმეტყველებამ გაიტაცა, გადაიყოლია ზოგიერთები სხვებიც და დირექტორმაც ბანი მისცა. შემიხმეს მეც.

- ეს შენი დაწერილიაო? - მკითხა დირექტორმა.

- დიახ, ვუპასუხე ცოტა შემკრთალმა.

- მერე როგორ გაბედე, რომ მთავრობის მოსამსახურე პირებს ასე ცუდად იხსენიებ?

- ის გადამდგარი ჩინოვნიკია.

- სულ ერთია, უპატიურად შეხება მაინც არ შეიძლება! ის დამსახურებული იქნებოდა და პენსიაც ექნებოდა, - დაუმატა მრისხანედ ინსპექტორმა. - წაიღე და გადაასწორე სხვანაირად.

- თუ მხოლოდ ეგ არის წუნი, ეგ ადვილია: წავშლი სიტყვას „გადამდგარი“ და დავწერ „გამოგდებულს“. გამოგდებული, თუ კარგი ყოფილიყო, ისევ სამსახურში იქნებოდა. - დირექტორმა გაიცინა და გამიშვა. იმ დღიდან მეც ლათინურზე გადავედი. ამის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარა როდზიევიჩმა და განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა. საკვირველი იყო მისი საქმე: ისე გაჟღენთილი ჰქონდა გვამი არყით, რომ ხანდახან, კიდეც რომ არ დაელია, ისე თავისთავად მოუვლიდა სიმთვრალე. ერთხელ მოუარა გაკვეთილების დროს და მოწაფეს, რომელიც დაფასთან იდგა და გეომეტრიულ სახეებსა ხატავდა, - მიაყვირა: „აბა, ჩამოუარე ლეკურიო!“ და ტაშის კვრა დაიწყო. გაშეშდა მოწაფე. ჩვენც შევწუხდით, მაგრამ იმან მაინც თავისი არ დაიშალა: „როგორ თუ შენ ნაციონალური ცეკვა გეზიზღებაო?! არ იცი, რომ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვაში მისი გული და სული იხატება? აი, ლეკურიც ხომ ქართულია, ცოცხალი რამ არისო!“ დაუკრა ვითომ თვითონ ლეკური, მერე გადავიდა მაზურკაზე: „აი ესეც ჩვენი გამოგონილი თამაში და შეუპოვარი მაზურკაო! და ახლა ესეც ნახეთ, რასა ხატავსო“ და დაუარა „ტრეპაკა“, უწმაწური გინებით შეკაზმული. ბოლოს შეჩერდა, დაავლო ქუდს ხელი და გავარდა კარში. ჩვენ ღმერთს მადლი შევწირეთ, რომ არც დირექტორი, არც ინსპექტორი და არც სხვა ვინმე არ შემოგვსწრებია. ისე შეგვებრალა, რომ არ ვიცოდით, გვეცინა თუ გვეტირა! მესამე დღეს ძალიან დარცხვენილი შემოვიდა. დიდხანს ხმას არ იღებდა და ბოლოს დაიწყო:

„ყმაწვილებო! ძველ დროში საბერძნეთში განგებ დაათრობდნენ ხოლმე მონებს და მათ უსაქციელობას თავის შვილებს აყურებინებდნენ, რომ მათთვის თვალდათვალ დაენახვებიათ, თუ რა საძაგლობაა - კაცი რომ დათვრება, გონებას დაჰკარგავს და პირუტყვს დაემსგავსება. გუშინწინ მე დაგანახვეთ თქვენ ამგვარი რამ. ეცადეთ, რომ გაუმაგრდეთ ცხოვრებას, აიტანოთ გასაჭირი და ჩემსავით არ გაგაფუჭოსთ. რა ვარ ახლა მე? განა არა ვგრძნობ, რომ ფიზიკურად დამახინჯებული ვარ? მაგრამ მაინც, მადლობა ღმერთს, ამ ფიზიკურმა დამახინჯებამ სული და გული წმინდად, შეუბღალავად შემინახა“. კლასის გამოსვლამდე სულ ამნაირად გვემუსაიფა და მოგვშორდა. ჩვენ თითქმის ყველა ვტიროდით და იმ დღიდან კიდევ უფრო გვებრალებოდა.

უკანასკნელ კლასში რომ გადავედით, მე ფრანგულის მასწავლებლის მუსიე ტურესის სახლში ვიდექი. ამ მუსიე ტურესს ყმაწვილები „მოსე ტურას“ ეძახდნენ. ერთხელ საღამოს სტუმრად შემოჰყვა როდზიევიჩი; დაჯდნენ ორი მარტო და ჩაის დაუწყეს სმა. სტუმარმა რომი მოითხოვა, თვითონაც დაისხა და მასპინძელსაც დაუსხა. შეჰყვნენ ნელ-ნელა მუსაიფს. შეზარხოშებულმა ფრანგმა რევოლუცია მოიგონა და აღტაცებით დაიწყო ლაპარაკი. სტუმარმა პოლონეთი გაიხსენა, და მოხსნეს თავი სიფრთხილეს, მით უფრო, რომ იქ იმ ორისა და ჩემს მეტი არავინ იყო. მე ჩემთვის კუთხეში ვიჯექ, ასე რომ, მგონი, ვერც კი შევნიშნეს. იმათმა აბდაუბდა საუბარმა ისე გამიტაცა, რომ რაღაც უჩვეულო სასუფეველი ვიგრძენი, სმენად გადავიქეცი. ბოლოს სთქვა ამოოხვრით როდზიევიჩმა: „ახლა რაღა დროს, ვწუხვარ, რომ სამხედრო სამსახურში არ შევედი, რომ სარდალი გავმხდარიყავ და მარჯვე დროს ქვეყნისათვის კონრადივით სამსახური გამეწია!..“

ეს რომ ჩამეწვეთა ყურში, ჩემი თავი ვეღარ ვიცანი! იმ ღამეს აღარ დამეძინა. ვამბობდი: „რა მინდა უნივერსიტეტში? რა კარგი იქნება სამხედრო სამსახური? ოდესმე სარდალი გავხდები! რაც ადრე შევიდგები საქმეს, ის აჯობებს, და ამ ერთ წელიწადს მაინც ხომ, უკანასკნელს კლასში, ახალს არას გვასწავლიან, ძველებს გვამეორებინებენ, - და გამოვალ, არსად არ წავალ-მეთქი“. გადავწყვიტე და გამოვუცხადე მამას ჩემი სურვილი. მამას ძალიან იამა: „შენი ნებაა, შვილო! მე შენი ხნისას ცოლი მყავდა და ოჯახს ვეკიდეო“. მაშინვე გამოვედი სასწავლებლიდან, რითაც ყველა გავაკვირვე და დილიდან საღამომდე როდზიევიჩს აღარ ვშორდებოდი. ოთხი თვე დავრჩი, მაგრამ ეს ოთხი თვე უფრო ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ვიდრე რვა წელიწადი გიმნაზიაში მყოფობის დროს. დამდეგ მაისს გამოვეთხოვე დედ-მამას, იმერეთს და დავადექი გზას. სრულიად გამოუცდელს ცხოვრებაში, ბევრის არმცოდნეს და სრულიად არაფრის მნახველს უნდა ზღვა გამევლო, ხმელეთი გადამელახა და ერთი ბიჭის ამარა ჩავსულიყავ პეტერბურგში, სადაც ჩემი ძმა მეგულებოდა „კანვოი“-ში მოსამსახურედ.

აკაკი წერეთელი მოთხრობები

ბაში-აჩუკი · დათუნა გოცირიძე · კუდაბზიკეთი · მამალი რას ყივის · მესარკე · პატრიოტის აღსარება · ყვითელი სანთელი · ჩემი თავგადასავალი