ყვითელი სანთელი
ყვითელი სანთელი ავტორი: აკაკი წერეთელი |
მოდით, მოდით, მოდით, მოდით, მობ-ძან-დით, მობ-ძან-დით... მოდით, მოდით, მობ-ძან-დით!.. გაიძახოდნენ პატარა ზარები და შიგა და შიგ დიდიც ჩაერეოდა ხოლმე. საყდარში რომ ტევა აღარ იყო, გალავანში იდგნენ მლოცველები; საკურთხევლიდან თავი გამოყო მღვდელმა და ხელი დაუქნია დიაკონს. „რატომ მეორე ლანგარიც არ დაგიდგამს?“ - ჰკითხა ბრძანების ხმით.
- ნეტავ ის ერთი გაივსებოდეს და დავჯერდეთ! - მიუგო დიაკონმა.
- მაშ ტყუილა მოვიწყვიტე წელი წირვა-ლოცვით? ხომ ხედავ, რომ მარტო ჩვენები არ არიან, მაზიარებლები უცხოებიც არიან, ცოდვა უნდათ მოინანიონ, ამისთანა დროს მაგათი ადათია ჯიბის ძალის დატანება, როცა აქვსთ, არ დაზოგავენ... ჰა, წაიღე, დადგი ეს ვერცხლის ლანგარიც.
დიაკონმა აასრულა ბრძანება.
- სტარასტა! - მიუბრუნდა მნათეს მღვდელი, - ეს შენი საქმეა, შენ უნდა გეჭიროს თვალყური... აბა, რაღასი მომსახურე ხარ, თუ ეკლესიის შესაძენზედაც არ იფიქრებ? ვერა ხედავ, ამდენი სანთლები ოხრდება, თითო ხატს რომ ორმოც-ორმოცი უნთია, ვითომ რად უნდათ, ისე ვერ დაინახავენ, თუ? გააქვრე და ჩააწყვე კოლოფში.
- სწყინთ და რა ვქნა! - მიუგო მნათემ.
- შენ შენი საქმე აასრულე. ეს ყვითელი სანთელი ვიღას მიუკოსებია? მოგლიჯე, გადააგდე იქით.
- როგორ თუ მოგლიჯოს და გადააგდოს? - შეეკითხა ერთი დარბაისელი მოხუცებული, - ეგ ჩემი შეწირულია.
- თქვენი? აკი მოგახსენეთ, რომ მოდა აღარ არის-თქო! - გაუღიმა მღვდელმა.
- მოდა და ღვთის სამსახური არ გამიგონია! - მიაძახა მკვახედ მოხუცმა.
- აღკრძალულია და რა ვქნათ!
- ვინ აკრძალა? შემწირავი მე ვარ და საწირავის მიმღები - ღმერთი!
- კი, მაგრამ ჩვენც ნაბრძანები გვაქვს! მასთანც, თქვე დალოცვილო, მაგის ჩხიკინს ის არა სჯობს, რომ მიბრძანდეთ, ერთი ორი გროშის თეთრი სანთელი იყიდოთ და ის აუნთოთ! ყვითელს სანთელს ვინღა ხმარობს ახლა?
- ეჰ! რა უნდა გითხრათ! ახალი კაცები ხართ, მამაო, და რჯულიც ახალი შემოგაქვთ! - დაიძახა ნაღვლიანად მოხუცმა, მოტრიალდა ისარნაკრავივით და გამოვიდა ეკლესიიდან.
საქალებოში ვიღაცამ იკივლა. შეიქნა ხმაურობა.
- უჰ! დაგვამტვრიეს ამ ოხერშვილებმა! ასე გაბრიყვება და გათამამება შეიძლება, როგორც ეს გომბიოები არიან? აღარც უფროსი იციან და აღარც ტოლ-ამხანაგები! მუჯლუგუნებით გაგვასივეს! წინ აღარ გვიშვებენ, გარდამოხსნას ვეღარ ვმთხვევივართ, გაგონილა?
- რა ხმაურობაა, რა ამბავია, ბაზარი ხომ არ გგონიათ? აცალეთ ერთიმეორეს! - გამოიძახა საკურთხევლიდან მღვდელმა.
პოლიციელებმა გამოაჯილიგეს საყდრიდან ვიღაცა.
- შე მამაოხერიშვილო, რა გრჯის, რომ აღარავის აცლი! ჯერ ჩინოვნიკები არ მიბრძანებულან სამთხვევად და შენ მიტუტურობ? ჰა?
- ეგება ისინი ხვალამდე არ მივიდნენ, სადამდის უნდა ვუცადო? ყელამდე სავსე ვარ საქმით. საკერავები დამიყრია და ერთი წუთით აქ მოვსულვარ, გარდამოხსნას ვემთხვიო-თქო. მეც ქრისტიანი ვარ, ურჯულო ხომ არა ვარ?
- ჩუმად, ნუ წაგიგდია ენა! შენმა სიცოცხლემ, შენ თუ არ ემთხვიე, მოგისაკლისებს და გული დაწყდება! წაეთერი, ბევრს ნუ ლაპარაკობ! ნუ გვაცდენ! - მიაძახეს პოლიციელებმა, ერთი ორი კიდევ წაჰკრეს და გააცილეს გალავანს.
ამის ყოლიფრის მაყურებელი და გამგონე მეც გამოვედი ეკლესიიდან. გალავანში ერთი ჩემი ახალგაზრდა მეგობართაგანი დამიხვდა და მითხრა: „რატომ არ ურჩევ მამაშენს, რომ ჯინიანობაზე ხელი აიღოს და უბრალო რამეს გულისათვის სალაპარაკოდ არ გახადოს საქმე? სიძუნწით რომ მოდიოდეს, კიდევ სხვაა, თვარამ რა არის, რომ ყოველთვის ამ ყვითელ სანთელს დაათრევს? მართალია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, მაგრამ თუ ზოგიერთებზე ხელი არ ავიღეთ ხოლმე, მაშინ პროგრესიც აღარ იქნება ქვეყანაზეო“.
მკითხველი მიხვდება, რომ ის მოხუცი მამაჩემი იყო და მით უფრო ეკლად დამესო გულზე ჩემი მეგობრის სიტყვები, რომ მეც მისი აზრის ვიყავი და მამიჩემის ქცევა მერცხვინებოდა.
შინ რომ დავბრუნდი, მამაჩემი ტახტზე დამიხვდა მხარ-თეძოზე წამოწოლილი. ღრმა ფიქრებით გატაცებული თავისთვის ღიღინებდა, „მშვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა თვით უხრწნელი გვამი შენიო“ და სხვა. დიდხანს აკრიალა ხმა კანდელაკურად და ბოლოს, რომ დაიღალა, ამოიხვნეშა და სთქვა: „ჰაი, ბეჩავ, ვენაცვალე ამის დამწერს! ძირამდის კი ხვდება გულს ეს მადლიანი სიტყვები და! ახლა კი ვინღა აფასებს! სამაგიეროდ „პრაკი-პრუკიო, პრაკი-პრუკიო“ გაიძახიან“.
- სულ ერთი არ არის, მამაჩემო, რა ენაზედაც უნდა იდიდოს ღმერთი? - დავეკითხე ფილოსოფიურად.
- მისთვის კი ერთია, შვილო, მაგრამ მადიდებლისთვის? - დაეკითხა თავის მხრით გაოცებით.
- მეხუთე საუკუნემდის სულ ბერძნული წირვა-ლოცვა არ გვქონდა?
- მერედა, რა კარგი იყო? მიტომაც ირყეოდა ქრისტიანობა, სანამდი საღმრთო წერილი არ გადათარგმნეს და ხალხს არ გააგებინეს. მაშინდელი სისხლი ტყუილა დაიღვარა? რად შეაკლა ქრისტიანი ქართველები და ბერძნები ერთმანეთს გორგასლან მეფემ, თუ კი მაინც ეს დღე მოგველოდა და უკანვე დავბრუნდებით?
- სხვამ რომ თქვას, კიდევ სხვა არის, ვინც არა იცის რა, მაშინ შენთვის ხომ ადვილია გაგება, რადგანაც საღმრთო წერილი ზეპირად იცი, მიხვდები, სად რას ამბობენ.
- ვეღარ მივხვდი, შვილო, ვეღარც მე მივხვდი. - „სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ამინ!“ - როცა ეს სიტყვები ყურსა ხვდებიან, სულსაც ესმის და გულსაც. სხვანაირად - კი არა.
ამის გამგონეს მე სიცილი ამიტყდა.
- იცინე, იცინე, შვილო, ჯერ ყმაწვილი ხარ, მაგრამ ღმერთმა ქნას, რომ ბოლოს შენც ჩემსავით სატირლად არ გაგხდომოდეს საქმეო, - მითხრა მწუხარებით და გადაბრუნდა მეორე გვერდზე. მეტი ხმა აღარ გაუცია ჩემთვის.
იმ დღიდან მეც ყოველთვის ვერიდებოდი ამგვარ რამეებზე საუბარს მამაჩემთან და ყვითელი სანთლის შესახებაც აღარა მიკითხავს რა. ისე გაიყოლია ეს საიდუმლო განსვენებულმა საიქიოს.
მას უკან ბევრმა წყალმა ჩაირა, მე თითქმის იმ ხნის მოვიყარე, რა ხნისაც მამაჩემი იყო და მხოლოდ ახლა, ამ მოკლე ხანში, ერთმა უბრალო, სოფლელმა მოხუცმა გამცა მამიჩემის მაგიერი პასუხი და ჩამაგდო საგონებელში.
სოფელში საყდარს აშენებდნენ. ძველი უნდა გაეცივებიათ გორაზე და ახალი ვაკეზე გადმოეტანათ შიგ შუაგულ სოფელში. მრევლი ორად გაიყო, ბერიკაცობა წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჩაერია მთავრობა და გამარჯვება ყმაწვილებს დარჩათ.
- რათა ხართ ბერიკაცები მაგრე ჭირვეული? - იკითხა პრისტავმა. - ეს აღმართში ღოღიალი გეხალისებათ თუ? მკვდარი ვერ აგიტანიათ და ცოცხლები ვეღარ ასულხართ. აქვე არ გირჩევნიათ, ზედ კარზე რომ გქონდეთ ეკლესია?
- ბარემ არ გვირჩევნია, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია. - მიუგეს მოხუცებულებმა.
- რაო? რაო? თქვენა გგონიათ, რომ რაც უფრო მაღლობზე იქნება საყდარი აშენებული, ისა სჯობს? უფრო ახლო იქნება და უფრო მალე გაიგონებს ღმერთი ლოცვა-ვედრებას, განა? - იღრიჭება პრისტავი.
- ყურს არსად არ აკლია, დაილოცა მისი ძლიერება!
- აბა, რაო?
- ის, რომ რაც ადამს აქეთ ყოფილა, ის ერთი წიხლის კვრით არ უნდა მოიშალოს.
- საფლავში უნდა ჩაჰყვეთ მამა-პაპის სისულელეს?
- რაც სისულელეა, კი ვხედავთ! ჯერ გორიდან ვაკეზე ჩამოიტანთ, და მერე კი სულ ქვესკნელში ჩააგდებთ მაგ ჩვენ საყდარ-სალოცავებს.
- ნუ იცით ეგ სულელური როშვა! ხალხს ნუ აშფოთებთ, თუ არა!.. - შემოუძახა პრისტავმა, - თვენ თუ თქვენ ნებაზე მიგიშვათ კაცმა, რას არ იტყვით!
- სათქმელი ბევრი გვაქვს, მაგრამ ვინღა გვათქმევინა! თევზისა არ იყოს, პირი წყლითა გვაქვს სავსე.
- რას აყოლიხართ, შენი ჭირიმე, ამათ თავის პური მოუჭამიათ და გამოჩურჩუტებულან! საქმე ხმის უმეტესობით გადაწყდა და გათავდა, მორჩა! - მოახსენა მოწიწებით პრისტავს ახალგაზრდა მამასახლისმა.
- მართლა, რომ გამოყრუებული არიან! - დაუმატა პრისტავმა და წამოდგა ზეზე.
მრევლი დაიშალა, ხალხი წავიდ-წამოვიდა, ბერიკაცები მწუხარებით აქნევდნენ თავს; ერთ მათგანს გამოველაპარაკე და წავიყვანე სახლისკენ.
„ბარში რომ ჭკუა დაიკარგება, მთაში მოძებნიანო!“ უთქვამთ ძველად და მართალიც არის. ჩვენი ქვეყნის მთა და ბარი მოვლილი მაქვს და როგორც შემინიშნავს, ბარში თუმცა გამოცდილება და მოხერხება მეტია, მაგრამ დამჯდარი ჭკუა კი - მთაში უკეთესია. მართალია, ცოტა ზრდილობა აკლიათ მთიულებს, მაგრამ ძველებური ზრდილობა ახლა რომ აღარც ბარშია. ბრიყვული თავგასულობა და უზრდელობა განათლება ჰგონიათ. გულითაც რომ უნდოდეს დღევანდელ გლეხს, მაინც ვერ ახერხებს ზრდილობიან სიტყვა-პასუხს. „მე რომ მოვბრძანდი“ და „შენ რომ მეახელიო“, „მე რომ გიბრძანე“ და „შენ რომ მომახსენეო“, „მამაჩენი არ წამიწყდებაო“, „თავი ნუ მომიკვდესო“ და სხვა, ურევენ ლაპარაკში. ეს კიდევ, ვთქვათ, ბევრი არაფერი, მაგრამ საქმე ის არის, რომ აზრიანობაც აკლიათ: მაგიერად ისევ ბერიკაცებს, სადაც კი შერჩენილან ძველთაგან, ჯერ კიდევ არ დაუვიწყებიათ ქართული მამა-პაპური ზრდილობა. მათთან საუბარი სასიამოვნოა და მიტომაც წავიყვანე ჩემთან სახლში იმ დღეს მოხუცი საჩინო.
სადილად ჩემთან ერთ სუფრაზე ჯდომა იუცხოვა.
- არა, შენი ჭირიმე, ეს შტოლი რა ჩემი შესაფერია? და ან მე რა მაგისი საკადრისი ვარ? მაგაზე ჭამას ვერც კი მოვახერხებ. მაინცდამაინც, გვერდში რომ არ მოგიჯდეთ, სულ ერთი არ არის, აგერ თქვენ თვალწინ რომ გეახლებით ჩემთვის ცალკე, ჩემ ნებაზეო? - იქვე მახლობლად დაუდგეს სუფრა, მოითხოვა სამფეხა სკამი, პირჯვარი გამოისახა და დაჯდა თავისთვის. ჯერ საჭმლისთვის რომ ხელი არ მიეყო, ისე გაივსო ჭიქა და დაილოცა: „დიდება ღმერთსა, მოწყალება ერსა, დამარცხება მტერსა, ღმერთმა გამარჯვება ნუ მოუშალოს ამ ოჯახსო“. გადაჰკრა სავსე ჭიქა და მერე მიჰყო ხელი საჭმელს.
ჯერ შუა ჭამამდის არ იყო მისული, რომ აჭიკჭიკდა.
- ცხონებული დიდი ბატონი რომ მიიცვალა, მერე აღარ ვყოფილვარ ამ სასახლეში, - სთქვა ამოხვნეშით.
- რატომ, ჩემო საჩინო? - დავეკითხე.
- ეჰ, რაღა გამოსაჩენი ვართ ძველი კაცები! ჩვენი სიტყვა აღარავის ესმის დღეს და პასუხი. ხომ ნახეთ, დღეს რა ამბავი იყო ჩვენ ყრილობაზე? პრისტავმა თქვენი ჭირი წაიღოს, იმან რაც უნდა თქვას, ვინ დაუშლის, მაგრამ მამასახლისმაც რომ, იმ გუშინდელმა ღლაბმა, საცინად აგვიგდო და ბიაბრუთ გაგვხადა? „გამოყრუებული“ ბევრი გვიძახა და „გამოტვინებული“, აღარა დაუკლია რა. ის ამბობდა და თემი სიცილს გვაყრიდა. თვალი იმათ დაუდგებათ, თუ არა ჩვენ რა, მოხუცებულებს? ჩვენი ალიან-ჩალიანობა გათავებულია. სიკვდილის მოციქული კარზე გვადგია.
- ეგ დიდი სიბრიყვე მოუვიდათ, მაგრამ საყდრის შესახებ კი მართალნი იყვნენ. რაც უფრო ახლოს გექნებათ საყდარი, ის არ სჯობია?
- თუ ჯობნებიყოს, იმის ჩამოტანას ჩვენი ძველებიც კი მოახერხებდნენ, მაგრამ ალბათ არ ჯობნებულა. სიწმინდის ხელის შეხება არ არის კარგი. ბოსელი ხომ არ არის, რომ აქეთ-იქით გადაიტან-გადმოიტანონ ხოლმე პრისტავის ბრძანებით? ყოლიფერი რომ ასე გავიადვილეთ, მიტომაც გვიწყრება და გვირისხდება ღმერთი. მოსავალი აღარ მოდის, ზამთარი ზამთარს აღარა გავს და ზაფხული - ზაფხულს. საქონელს ჭირი უჩნდება და ვენახს ძირი უხმება. ამაზე მეტი სათვალდათვალო სასწაული კიდევ იქნება? მაგრამ მაინც არ გვინდა, რომ გავტყდეთ. აღარც წირვა-ლოცვას დავეძებთ, აღარც მარხვას ვერიდებით და აღარც ფიცის გვეშინია. და ეს სულ ახალმა დრომ მოიტანა. ამას წინათ ჩემი უნცროსი ბიჭი გეახლათ ქალაქიდან, ბავშვისთვის რაღაც-რაღაცა საბურჭალოები ეყიდა; მივედი, ვნახე - შიგ პატარა ვერცხლის აკვანიც ერია. - „ბიჭოს! - ვეუბნები ჩემს შვილს, - ეს ხომ უშვილოს შესაწირია და სად გიშოვნია? სახტარი ხომ არ გაგიტეხია-მეთქი?“ - „არაო, ამისთანა რამეები, ბეჭდები, საყურეები, ვერცხლეულობა და სხვა, კანტორის ბრძანებით გამოიტანეს მონასტრებიდან და ტორგით გაყიდეს, რომ ფული ეკლესიას მოახმარონო. მეც შემთხვევით ვიყიდეო“. - მაშინვე შევატანიე ჩვენს საყდარში, მაგრამ რად გინდა, ისევ ისე გამოიტანებენ და გაყიდიან. გააადვილეს, გააადვილეს სიწმინდის ხელის შეხება! ქვეყანა წამხედურობით ცხოვრობს. ადრე თუკი მოასწრებდი და საყდრის გალავანში გადაყრიდი, გინდ თვალ-მარგალიტიც ყოფილიყო, ხელს ვერავინ შეახებდა, და ახლა საყდრებსაც კი სტეხენ.
- ეგ, ვსთქვათ, მართალია, ჩემო საჩინო, მაგრამ მე კიდევ საყდრის გადმოტანის შესახებ უნდა ვსთქვა, რაც ახლოს გექნებათ საყდარი, ის ეჯობინება თქვენთვის.
- არა, შენი ჭირიმე, რატომ ბრძანებთ მაგას? საყდარი, როგორც მცველი და მფარველი, ზედ უნდა დაჰყურებდეს სოფელს და სოფელსაც ყოველთვის თვალწინ უნდა ედგას, რომ ღმერთი არ ავიწყდებოდეს. ჭირში, ლხინში, მუშაობის დროს, თუ მოცლილობისას - ყოველთვის უნდა თვალით ხედავდეს, რომ ცუდი არ გაივლოს რა გუნებაში. ამიტომაც აშენებდნენ ჩვენი მამა-პაპები თვალსაჩინოდ მაღლობზე. ახლა მიკრუნჩხავენ სადღაც ბარში, ვაკეზე: თუ გულდაგულ არ მიდი ზედ, ვერც კი დაინახავ, და ღმერთი ვინღა მოგვაგონოს? სოფლელები ვართ, ხომ მოგეხსენებათ, ჭკუა თვალში გვაქვს.
- ეგ მოსაზრება რატომ არ გამოაცხადეთ ყრილობაში?
- განა არა ვსთქვით, მაგრამ სიცილი დაგვაყარეს. და მღვდელმაც ასე გვითხრა, თუ მაგრე სასოებიანი ხართო, იყიდეთ თითო ხატი და დაისვენეთ სახლშიო. ჩვენზე უკეთესი ქრისტიანები ვინც არიან, იმათ, დიდსა და პატარას, ხატებით აქვთ გატენილი სახლიო.
- მერე?
- მერე და რა მერე! განა ეს სათქმელია? ხატი წმინდაა და წმინდა ადგილზეც უნდა ესვენოს, ვენაცვალე მის სიწმინდეს. მისი ბინა - საყდარია. სახლში, სადაც უწმინდურობა და ბინძურობაა, ეკადრება რომ ესვენოს? ხომ მოგეხსენებათ, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო. უგუნური რომ თვალს მიაჩვევს და გაუთამამდება, აღარაფრად ჩააგდებს, აღარც შიში ექნება და აღარც მორიდება. უწმინდურ ოჯახში ფუტკარიც არ დგება, თუ არა ხატს როგორ ეკადრება ყოფნა?
- როგორ თუ ფუტკარი არ დგება?
- განა არ მოგეხსენებათ, ოჯახში თუ რამე ნაუკუღმართები შევიდა და ან როგორმე გაუწმინდურდა, იმ ოჯახში იმ დღიდან ფუტკარი აღარ იხარებს? ან დაივსება და არ გაიპარება სადმე უდაბნოში. თქვენ გეცინებათ, შენი ჭირიმე, მაგრამ ეს სწორედ ასე გახლავსთ და ჩემი თვალითაც ბევრჯერ მინახავს. ახლა აღარვის ჰყავს, თუ არა ადრე მისთანა დავსებული გლეხი როგორ იქნებოდა, რომ რამდენიმე ძირი ფუტკარი მაინც არ ყოლოდა.
- მაშ ახლა ძალიან გაუწმინდურდა ხალხი, რომ ძვირად ვინმეს ჰყავთ?
- ეგეც არის, მაგრამ უფრო მიტომ არ შენებენ, რომ სანთელს გასავალი აღარ აქვს. ახლა ყვითელი სანთელის მაგიერად თეთრს სანთელს ხმარობენ. იმას ყიდულობენ იქვე საყდარში და იმას ანთებენ. ადრე კი ყველას თითონ უნდა ეშოვნა და მიეტანა ყვითელი სანთელი, და თუ ფუტკარი არ ეყოლებოდა, როგორ მოახერხებდა? ჩვენ დროში უფუტკრო ოჯახი უწმინდურად მიაჩნდათ; ყველა უფრთხილდებოდა არამს, რომ ფუტკარი არ გამიფრინდეს და ქვეყანაში თავი არ მომეჭრასო. აშენებდა, უკუღმართობას ერიდებოდა, სანთლით ღმერთს ემსახურებოდა და თაფლიც კიდე საოჯახოდ რჩებოდა. ჰყიდდნენ, ხან მარილზე ცვლიდნენ, ხან ვინ იცის კიდევ რაზე... დინდგელა კიდევ ზედმეტი იყო.
- დინდგელა?
- დიახ! შავი წებო. გაზარულსა და გატეხილს ჭურჭლებს მიაკოსებდნენ ხოლმე. ეჰ! უფუტკრობა სულსაც დააკლდა და ხორცსაც.
- თაფლისთვის თუ, თუ არა სანთლისთვის მართლა აღარ არის საჭირო. წვალებას ის არ სჯობს, რომ იქვე ხელათ იყიდოს კაცმა?
- ჰმ! ნუ ბრძანებთ, შენი ჭირიმე! სად ღვთის ნაბრძანები და სად ჩვენი გამოგონებული! მაშ ფუტკარი რაღად გაუჩენია ღმერთს, ვენაცვალე მის ძლიერებას! ღვთის ბუზი ტყუილა ჰქვია? ტყუილა გამოსულა იობის გვამიდან?
- როგორ?
- განა არ მოგეხსენებათ! ჩემზე უკეთ რომ იცით ყოლიფერი, მე რაღად მეკითხებით, შენი ჭირიმე?
- მე მაინც მინდა შევიტყო, შენ როგორღა გაგიგონია. - მოხუცმა ერთი ორი ჭიქა კიდევ გადაჰკრა და მოჰყვა.
- დიდი ერთგული და ღვთისმოყვარე ყოფილა იობი და ღმერთსაც სამაგიეროდ ყოველგვარი ბედნიერება მიუნიჭებია, ასე რომ ტოლი არავის ყოლია მის დროში. ერთხელ ეშმაკი მისულა და მოუხსენებია ღვთისთვის: „ქვეყანა მოვიარე და მისთანა ვერავინ ვნახე, რომ შენი უმადური არ იყოს“. - „იობიო?“ - უბრძანებია ღმერთს. - „დააკელი რამე, თუ იმანაც გული არ გაიტეხოს შენზეო“ - შეუბრუნებია სიტყვა იმ უწმინდურს. დანიძლავებულან. ან კი როგორ გაუბედა იმ წყეულმა დანიძლავება? მაგრამ, ვენაცვალე მის საიდუმლოებას, მის განგებას ვინ მიხვდება? „რაც გინდა, ის უყავიო“ - მიუცია ღმერთს ნება ეშმაკისთვის, - „და აბა თუ ათქმევინებ ჩემ ძვირსო“. რაღაი ნება აიღო იმ შეჩვენებულმა, ჯერ თურმე რაც ჯოგი ჰყავდა, ის გაუწყვეტია, მაგრამ ვერა წააცდენია რა ღვთის საწყენი. ის მაინც ღმერთს აქებ-ადიდებდა. მერე ყანები დაუსეტყვა და სახლკარი გადაუწვა, დედამიწასთან გაასწორა, გააღარიბა. მაგრამ მაინც ვერად გახდა, და ბოლოს ცოლ-შვილიც გაიწყვიტა. ამაზე ლექსიც არის გამოთქმული:
იობს შვიდი ვაჟი ჰყავდა, სამი ქალი, სახე მზისა, ყველა ერთ დღეს დაეხოცა, მაინც არ თქვა ძვირი ღვთისაო-ო
და სხვა. სულ ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა. ჰო, იმას მოგახსენებდი, გააუბედურა ყოლიფრით, მაგრამ ის მადლიანი იობი თავისას არ იშლიდა. „ღვთის ნაბოძები იყო და იმანვე წამართვა, ვენაცვალე მის განგებასო“. ეშმაკიც გაუჯიბრდა, და რომ ვეღარას გახდა, უკანასკნელი ნებაც გამოითხოვა: გაასივა, დააწყლულა და სამას სამოცდახუთი თავი სულ სხვადასხვაგვარი ჭია-მატლი გააჩინა და დაასია. ისე აყროლდა იობი, რომ სიახლოვეს ვეღარავინ ეკარებოდა, მაგრამ ღვთის ქება-დიდებას თუ მოუმატა, თუ არა არ მოუკლია. მაშინ კი გადმოხედა ღმერთმა მოწყალების თვალით, დასცა მეხი ეშმაკს და ქვესკნელში ჩააძვრინა. იობი კი აკურთხა მაღლით, განკურნა, რაც ჰქონდა, ყოლიფერი დაუბრუნა და ათი იმდენიც ზედ დაუმატა. ის ეშმაკის გაჩენილი ჭია-მატლები, გვამში რომ უჯდნენ იობს, ნაკურთხი შეიქნენ ღვთისაგან და ქვეყნის სასარგებლო. დანაწილდნენ სხვადასხვა ქვეყნებისათვის: ოთხი მათგანი, თავი-და-თავი რომელიც იყო, საქართველოს ერგო: ფუტკარი, ყაჭის ჭია, ბრაზის ჭია და წურბელი. ამათშიც ყველაზე უპირველესი ფუტკარია, ამიტომ რომ მარტო კაცის მუშაკი კი არ გახლავსთ, ღვთის მოსამსახურეც არის. სულსაც არგია და ხორცსაც. ერთისთვის სანთელს აკეთებს და მეორესთვის თაფლს. და როგორც აკეთებს, ის ხომ თქვენც მოგეხსენებათ.
- მომეხსენება, მაგრამ მაინც მინდა, რომ შენგან გავიგო.
- ბატონი ბრძანდებით! - სიცილით მითხრა და მოჰყვა. - ღამე უფრო ცოდვილია დღეზე; ღამ-ღამობით იმდენი ბოროტება ხდება, რომ, თუ ანგელოზები არა, აქამდის ცხრაჯელ დააქცევდა ღმერთს ჩვენ ქვეყანას. მაგრამ, ვენაცვალე მათ შუამდგომლობას, დილ-დილობით ცრემლით შესტირიან უფალს, აბრალებენ ჩვენ თავს და შენდობას ითხოვენ ჩვენ მაგიერად. იმათი ცრემლები ციურ ცვარად დაბლა ეშვებიან, მარგალიტებივით ეცემიან ყვავილების გულზე და თავის სიწმინდეს ყვავილების სიტკბოს უერთებენ. იმ დიდებულს სამზადისს ვაგლახად ვერავინ მიეკარება, გარდა ფუტკრისა, და ის კი, როგორც ხატის მუშა, დაეძებს და პირდაპირ მიდის ზედ. ამოსწუწნის, დაიხვევს ფეხებზე, მიიტანს სახლში და იქ აკეთებს სანთელ-თაფლს. დიდი სიწმინდეც მართებს, ოდნავაც რომ შეიბღალოს - მუშად აღარ გამოდგება. თავისთავად უწყინარია ფუტკარი, თუ საქმე არ გაუჭირვეს - არავის ერჩის. და ან კი რა უნდა იყოს მისი რჩოლა? უკბენს და ცოტათი გაასივებს, მაგრამ მაინც თავის კბენას თანვე გადაჰყვება ხოლმე, რომ მისი ნაკეთები სხვებში არ გაერიოს. სასწაულია მათი ცხოვრება და მუშაობა, წირვა-ლოცვა.
- ლოცვა?
- ნამდვილად! გალობით მუშაობენ. ბზუ, ბზუუ, ბზუუუო, რომ იძახიან მუშაობის დროს, ეს თურმე გალობაა და მათ ენაზე, ნიშნავს „სანთელი სულს, თაფლი ხორცსაო, სანთელი სულს, თაფლი ხორცსაო“. აი, შენი ჭირიმე, თუ რა არის ყვითელი თაფლის სანთელი. თვითონ გამჩენისაგან არის საწირავად დანიშნული და ჩვენც ვასრულებდით მის ნებას. ვალღობდით, გავწმენდდით, გავაკეთებდით სანთლის კვერს და ჩავასვენებდით წმინდად სკივრში. თაგვი ვერ მიეკარებოდა და ჭინჭველა. როცა დაგვჭირდებოდა - ამოვიღებდით, დავგრეხდით ბამბის ძაფს, გავაკეთებდით პატრუქს, გავალღობდით სანთლის კვერს, ჩამოვთლიდით და ჩამოვქნიდით სანთელს. დავჭრიდით ციდა-ციდას, ტკაველ-ტკაველას და მიგვიხაროდა ეკლესიისკენ. ეს მზადება და კეთებაც თავისთავად ღვთის ვედრება და ლოცვა იყო. ახლა? ახლა კი ნაარმი გროშით უნდა იყიდო სანთელი, ვინ იცის, შიგ იქნება, ნახევარზე მეტი ძაღლის ქონიც ურევია. ურჯულოს ჩამოსხმულია და ურჯულოს გაყიდული. ის უნდა აუნთო ხატს. აჰ, არა, არა, შენი ჭირიმე. მე ღმერთმა ნუ ჩამადენინოს ეს ცოდვა, და სხვებს - რაც უნდათ, ისა ჰქნან. დიდი ხანია საყდარში სასოებით აღარ შევსულვარ, აღარ მიმირთმევია სანთელი ხატისთვის! - წაიბუტბუტა თავისთვის, ერთი მწარედ ამოიოხრა, თითქოს ნაღველი თან ამოატანაო, და ჩაქინდრა თავი. მეც დიდხანს ხმა აღარ ამომიღია. რომ ვინმეს ვენახეთ, იფიქრებდა, საწყლებს ღვინო მოკიდებიათ და გაბრუებულანო. არ ვიცი, რას ფიქრობდა ის, მაგრამ მე კი ძველი დრო მეხატებოდა თვალწინ. მომაგონდა მამაჩემი, გამახსენდა მისი ყვითელი სანთელი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავდა მისი ჭირვეულობა. მოხუცმა თავი მაღლა აიღო, თითქო გამოერკვაო, და თავდაბლად შემეკითხა:
- თავი ხომ არ შეგაწყინეთ, ბატონო, ჩემი უგნური საუბრით? რა ვქნა, ძველი კაცები ვართ, რაც არ ვიცით, მეტი რა მოგვეთხოვება? თქვენმა გულკეთილობამ და თქვენმა მადლიანმა პურ-ღვინომ ამაჭიკჭიკა, თვარა სხვაგან ხმასაც არ ვიღებ ხოლმე, და რომ კიდეც ამოვიღო, ყურს ვინ უგდებს? „როდინდელ ამბავს ამბობო? ახლა სხვა დროა და სხვა სიტყვა-პასუხიც გეჭირვებაო“. მართალია!
- არა, ჩემო საჩინო! მართალია, ჩვენ თქვენზე მეტი გვინახავს და მეტიც ვიცით, მაგრამ ჩვენი ქვეყნის გულში კი თქვენ უკეთ ხართ ჩახედული. ჩვენ მაცდურმა გვიქცია მხარი და გზას გადავუხვიეთ, შეჩვენებული იყოს მისი არსება-მეთქი - ვუპასუხე ნაღვლიანად.
- ამინ და კირიალეისონო! - დაამატა მოხუცმა და წაუქცია თავი ღვინით სავსე ჭიქას.
1896
აკაკი წერეთელი მოთხრობები | |
---|---|
ბაში-აჩუკი · დათუნა გოცირიძე · კუდაბზიკეთი · მამალი რას ყივის · მესარკე · პატრიოტის აღსარება · ყვითელი სანთელი · ჩემი თავგადასავალი |