ნათელა
ავტორი: აკაკი წერეთელი


ძველებური ამბავი


შესავალი


ამაღლდით, გრძნობავ, გონებავ!..

ასცილდით მზე და მთვარესა!..

შეუკავშირდით ვარსკვლავებს,

მოციმციმ-მოელვარესა!


შეიტყვეთ საიდუმლობა

ზეციურ ტკბილი ხმებისა

და შეისწავლეთ კანონი

იმათი შეთანხმებისა!


მე მაშინ მხოლოდ გავბედავ,

ხელი შევახო ჩანგურსა

და მწარე ზარი ამ ქვეყნის

შევრთო იმ ქვეყნის ზევსურსა,


რომ მეც გალობით, გედივით,

დავაგდო ქვეყნის საზღვარი,

ჩავდნე ჩემსავე ჰანგებში

და გავქრე, როგორც ლამპარი…


დიახ, მსურს დავდნე და გავქრე,

რომ მას მოვფინო ნათელი!…

ნათელა არის იმისი,

ვისაც მე ვამბობ, სახელი.


ნაწილი პირველი


თავი I


ერთხელ თურმე მზე და მთვარეს

მოუვიდათ ჩხუბი დიდი:

გაშორდენ და შემაერთი

ჩაინგრიეს გზა და ხიდი.


შუა ჩადგა გველეშაპი,

დრო იხელთა, ჩაეპარა…

აღარც მზე სჩანს, აღარც მთვარე…

ორივ ერთად მიეფარა.


დადგა ბნელი საზარელი

დრო, მხეცების სანავარდი!…

მზის სხივების ვეღარ მჭვრეტი,

გახმა ია, დასჭკნა ვარდი!…


სწორედ ამ დროს, სიბნელის დროს,

მოევლინა ქართველს ჭირი!…

აღარც ძმობა, აღარც ყმობა,

აღარც სიტყვა, აღარც პირი!..


ერთი ძუძუთ გამოზრდილი,

ერთი დედის ორი შვილი,

ერთს ჭირსა და ერთსვე ლხინში

შეთანხმებულ-გამოცდილი,


ამერი და იმერეთი

აირია, აიშალა!…

და ორივეს ჩამოაკლდა

სიმტკიცე და ძველი ძალა.


ეს უნდოდათ მონგოლებსაც!

გაიხარეს გულით დიდად,

შუა ჩადგენ და ძმებ შუა

შური გასდვეს გზა და ხიდად.


გაეგონათ, ქართველები

პირდაპირად ვერვინ სძლია,

და იმათი დამჩაგვრელი

მხოლოდ სულის სიმდაბლეა!…


გზას დაადგენ ცბიერების,

ხალხსა ჰრყვნიდენ მრავალგვარად,

სიცრუე და ორპირობა

ხელთ ეჭირათ ხმლად და ფარად.


სიმართლეს და კარგ კაცობას

აღარ ჰქონდა გასავალი

და სდევნიდენ კაცურ კაცებს,

არ ჰქონოდათ, გინდა, ბრალი.


ჩამოაგდეს ქვეყანაში

სიღარიბე, სიღატაკე;

მთა და ბარი გაასწორეს,

შეაერთეს ზღვა და ვაკე.


დღეს-ხვალობით შელახული,

დაიჩაგრა, გატყდა ერი:

შიგადაშიგ გამოუჩნდა

ძმას მისივე მოძმე მტერი!…


მამა-პაპის წაღმა ხნული

შვილიშვილთა დაღმა ფარცხეს.

და ამერეთ-იმერეთმაც

ერთმანეთი დაამარცხეს.


ძველი ქება და დიდება

დაჭკნა უცბად, როგორც მდელო:

ადრინდელის ჩრდილი იყო

დაჩაგრული საქართველო!…


ყოველი მხრით გაისმოდა

სულთაბრძოლის “ვაი” - “ვიში”!..

და დაცემულ ქართველობის

აღარ ჰქონდათ მის მტრებს შიში!..


ეგონათ თუ ქართლის ბედი

საუკუნოდ მიეფარა

და მომავალ სიცოცხლესაც

შავი მიწა მიეყარა!…


რა იცოდენ, რომ მის წილხვედრს

დედა ღვთისა არ სწირავდა

და ტანჯვაში გამობრძმედილს

მომავლისთვის იფარავდა!


ზოგჯერ კერა ჩამქრალია,

ცივი ნაცრის გარე პირი…

და უსითბო, უსიცოცხლო

ზედ აყრია მას ნახშირი!


მაგრამ, თურმე, შუა-გულში

სძინავს ობოლ ნაკვერცხალსა

და ინახავს მერმისისთვის

ჩვეულებრივ ნათელ ძალსა!


ქვეყნის კერაც ასეთია:

გინდ დახუჭოს მტრულად თვალი,

იმის გულში მაინც ღვივის

დაფარული ნაპერწკალი!…


თავი II


ცაში ვარსკვლავი ვარსკვლავზე

ღვთისაგან დანათესია,

მაგრამ იმათში ყველაზე

შუქურა უკეთესია!…


ბევრია საქართველოში

პირთამზე, მზეთუნახავი;

მაგრამ, “ნათელას” რომ სჯობდეს,

არავინ არის მნახავი.


ტანადობა აქვს ალვის ხის

და თვალადობა მთვარისა,

ღიმილი - ცისკრის ვარსკვლავის

სხივოსან-მოელვარისა.


ვარდს მიუძღვნია ელფერი,

სინაზე - ტურფა იასა;

ზედ შუქი მოუფენია

სამოთხის კარსა ღიასა.


ცისფერი მისი თვალები

სამოთხის ჩამსახველია!

კოჭებამდე სცემს ხუჭუჭი,

შავი, უკუნი, ბნელია!…


ქალია ქველი წერეთლის,

პატრონი “მოდინახისა”,

უნებლიეთად დამგები

სასიყვარულო მახისა!


აღარც დედა ჰყავს, არც მამა,

ობლობით განაზარდია…

ცით მოწყვეტილი ვარსკვლავი,

ედემში რგული ვარდია!


სადაც კი საქართველოში

განთქმული მეომარია, -

თვალი იმისკენ უჭირავს,

ნათელას მაძებარია.


მაგრამ ნათელას პასუხი

საერთოდ გადაჭრილია:

“ჯერ ჩემი გული ყველასთვის,

როგორც სამარე, გრილია!


“და ვერაფერი გაათბობს,

თუ არ სხვაგვარი გმირობა!

საცოლოდ იმან მიგულოს,

ვინც შეასრულოს პირობა:


“მე ერთი ჩოხა შევკერე,

თეთრი რამ… მშვენიერია!

წელში ვიწროა, წერწეტი,

ბეჭებში განიერია.


“არსად ეტყობა ნაკერი,

ძაფები დაკარგულია.

და ოქრო-მკედით ნაჭედი,

სახეებ-მოქარგულია.


“შვიდი მტკაველი სიგრძე აქვს,

და შესაფერი განია!…

ოქროს ღილები შემიბამს,

ცრემლებით გამიბანია.


“ვისაც ის ტანზე მოუვა,

იმან ჩაიცვას, სხვამ არა!…

მაგრამ სხვაც არის პირობა,

ეს ერთი მარტო არ კმარა:


“წავიდეს, მტრებში იომოს,

გვიჩვენოს ძალა მკლავისა,

წითლად შეჰღებოს საპირე

ამ ჩემი ნახელავისა!…


“ნახოს სახელი მისთანა,

რომ არ ენახოთ არც ძველად:

ასოცი თავი მომართვას

ჩემი სარების სარქველად;


რომ შემოევლოს მესერად

ამ ჩემ დიდ ციხე-დარბაზსა…

და მაშინ მხოლოდ ეს გული

გათბება… დასდებს მას ფასსა!”


ყოველი კუთხით გაისმა

ეს უცნაური პირობა!

ყველას უნდოდა ესინჯა…

გამოეცადა გმირობა.


მთლად მოეხიბლა ქვეყანა

ნათელას ციურ სახესა:

გუნდად და გუნდად მოატყდენ

გმირები მოდინახესა!…


სინჯვენ… არ ერგო ის ჩოხა

არავის ტანადობასა!…

ეთხოვებიან ნათელას

და სჯერდებიან დობასა.


დღე დღეზე მიდის, თვე - თვეზე,

გარბიან წელიწადები!

და ფრთებს იკვეცავს სურვილი,

ნათელას გულში ნადები:


“ვაი, თუ ცუდად ვკარგავდე

ჭაბუკ დროს, სანეტაროსა,

და ჩემმა გიჟმა ოცნებამ

ამაოდ ჩამიაროსა?”


თავი III


მაღლიდან გადმომდგარიყო

მზეთუნახავი ნათელა;

სარკმელში იყურებოდა,

გული უცემდა ნელ-ნელა.


სევდა რამ შემოსწოლოდა

შავი ფიქრებით მღელვარეს;

შეეკრა ტევრი წარბები,

სახეს ჩრდილავდა ელვარეს.


ხან ფიქრით გატაცებული

შორს აშტერებდა თვალებსა.

ხან ისევ გონზე მოსული

გადაჰყურებდა ჭალებსა.


ყვირილა ადიდებული

მოიკლაკვნოდა ღრიალით,

რეტი ესხმოდა ჭალებში

აქეთ და იქით ტრიალით!


ხიდი წახვეტა, რაც იყო,

შეჰკრა გზა გაღმა-გამოღმის!…

დიდზე უწევდა მუქარა

მისი მყვირალა ცივი ხმის.


ანაზდად შორით გამოჩნდა

მხედარი თეთრი ცხენითა,

მოაგელვებდა მერანსა,

თითქოს მოჰყავდა ფრენითა.


მოადგა. ხიდი არ დახვდა,

ცხენი მოაგდო კიდესა!

დეზი ჰკრა, წყალში გადუშვა,

ისველებს ჩაფხუტ-რიდესა.


გამოეხვიენ ტალღებში

ცხენი და კაცი, ორივე!…

ღმერთზე ჰკიდია მათი ხსნა,

საეჭვო არის მათი სვე!


თვალი მოავლო ნათელამ,

იკივლა: “იღუპებაო!…

და შველაც ხორცშესხმულისგან

იმათი არ ეგებაო!”…


დაღუპვას რომ არ უყუროს,

თვალთ მიიფარა ხელები!…

მაგრამ გასცურა მხედარმა,

გადააჭენა ველები;


შეუდგა აღმართს!.. გულდაგულ

მიადგა მოდინახესა!…

სარკმელს შეჰყურებს მღელვარე,

ეძებს სასურველ სახესა.


არავინა სჩანს… ხორციელს

ვერავის ჰხედავს ის თვალით!…

მხოლოდ მაღლიდან დაეშვა

იმის წინ ჩოხა ფრიალით.


აიღო ხელში, გასინჯა,

ჩაიცვა, - ერგო კიდეცა!…

გაიორკეცა სურვილი,

მისთვის გაიხსნა კიდე-ცა!..


კოცნა შესტყორცნა სარკმლისკენ,

მოახტა მარდად თეთრასა!..

და, რომელ გზითაც მოვიდა,

დაადგა ისევ იმ გზასა!


არ სთქვა: ვინ იყო? რა გვარი?

საიდან იყო მოსული?…

წავიდა და თან წაიღო

ნათელას გული და სული.


თავი IV


ერთი ხანია - ნათელას

ძღვნად მოსდის ოქროს კავები

და ზედაც ჩამოხირხლული

სამშობლოს მტრების თავები.


არავინ იცის, ვინ გზავნის?

ვის მოაქვს ციხის კარზედა?

დღითიდღე თავებს აგებენ

სარქველად გამხმარ სარზედა.


ერთი აკლია ასოცსა!

იმასაც ელის ნათელა…

მაგრამ დრო გადის, არ მოაქვთ,

არ იქნა… არა ეშველა.


ფიქრში ჩავარდა ლამაზი:

“ვაი თუ მოჰკლეს გმირიო?!

მაშინ დაბნელდეს ჩემთვის ცა,

ჩაინგრეს ქვეყნის პირიო!…


წარმოიდგინა ავი რამ,

ოცნებით დართო ჭირი ჭირს;

თმა გაიშალა, ძირს დაჯდა

და აღარც იკრავს გულისპირს.


არ იხედება სარკმელში,

აღარ ადევნებს მგზავრს თვალსა!

ისე იქცევა, როგორც-კი

შეჰფერის ჭირისუფალსა.


თმაგაშლილს შავი სამოსი

უმატებს ელვარებასა.

რა შეედრება ქვეყნად მის

გულ-მკერდის მღელვარებასა?!


შევიდა მასთან გამდელი,

მისი საყვარელ-რჩეული;

მიუალერსა გაზრდილსა

და სიტყვა ჰკადრა ჩვეული:


“ბატონიშვილო, ვისა ჰგლოვ?

რათ ემონები ოცნებას?!

ლოცვა-ვედრება შეჰფერის

და არ ყვედრება ღვთის ნებას!


“ეგებ არ იყოს ის მკვდარი…

შენ კი იგლოვდე ცოცხალსა,

ცეცხლს იკიდებდე უჯეროდ

და ზედ ასხამდე ცხელ წყალსა!…


“ადე, ნუ ზიხარ! ჩაიცვი,

მოირთე სამკაულითა…

და, ვინც გსურს, იმის სიცოცხლე

ღმერთს შეავედრე გულითა”.


დასთანხმდა ქალი, წამოდგა,

მიჰმართა დედაღვთისასა:

სთხოვდა მას შუამდგომლობას

და შემწეობას ძისასა!


გათენდა დილა საამო,

ქვეყანამ გამოიღვიძა:

ცა დედამიწას დაჰხარის

და ცას შეჰნატრის ძირს მიწა.


კაცი, პირუტყვი, მცენარე

მზეს მოელიან საამურს,

ბულბული ჩანგურს უმზადებს

და შაშვი უკრავს სალამურს.


ტოროლა მაღლა ჰაერში

ზარს აწკარუნებს რიკრიკით,

ჩაუქროლ-ჩამოუქროლებს

მერცხალი ტკბილი ჭიკჭიკით!


ქვეყანა აღტაცებული

უგალობს ქებათ-ქებასა

და ყვავილები სამსხვერპლოდ

უკმევენ სურნელებასა!…


არ სძინავს არცა ნათელას:

ხატის წინ მუხლმოყრილია,

ცრემლსა ღვრის სავედრებელსა,

მით სასოება ტკბილია!…


უცბად გაიღო კარები,

მსახურმა ფეხი შემოდგა;

არ მოელოდა მლოცველი,

შეკრთა და ზეზე წამოდგა.


უბრძანა: “კადნიერება

ეგ შენი მეუცხოება;

მაგრამ შლეგი ხარ, უზრდელი,

ბევრი რამ მოგეთხოვება?!


“უდროვოდ, განა არ იცი,

ჩემთან არავის უვლია?!…

ნება აქვს მხოლოდ ერთს გამდელს

და ისიც მოკრძალულია”.


- ჩემო ხელმწიფევ, ნუ მრისხავ!

არა გხლებივარ ნებითა:

შეგვემთხვა უჩვეულო რამ,

გიახელ იძულებითა.


კარზე მოგვადგა მხედარი,

არ ამბობს, თუ ვინ გვაწვია;

წითელ ცხენზე ზის და ტანზე

ჩოხაც წითელი აცვია.


პირდაპირ მოდის უშიშრად,

არც არავისი ჰრცხვენია!…

კალთაში გამოხვეული

მოაქვს რაღაცა!… ძღვენია!


ნახვა სურს, სული მიუდის!

ამბობს: “მაჩვენეთ ჩქარაო!

ვარ კარგი მახარობელი

და არა მეტიჩარაო”.


გულმა უმთხრობლა ნათელას,

ვინც იყო მისი სტუმარი!

ბრძანა და გააღებინა

მაგარი ციხის მან კარი.


შინ შემოვიდა სტუმარი,

მის ნახვას არრა სჯობია!

ედემში ზრდილი ალვისხე

სამოთხის შენამკობია!


ჯერ თაყვანი სცა მასპინძელს,

მუხლები მოიყარა მან…

ვერ გამოჩნდება იმასთან

ზღაპრული გმირი ყარამან!…


ჰკადრა: “მოვსულვარ თქვენი ტყვე,

პირობის შემსრულებელი!

თქვენის სხივის და ჯავარის

შეფრქვევით მადიდებელი.


“უბრძანეთ, ცხენი გაბანონ,

ჩოხაც გარეცხონ თბილ წყლითა.

ცხენიც თეთრია, ჩოხაცა,

შეღებილია სისხლითა!


“და აწ, მიიღეთ ჩემგან ძღვნად

ვით პირის სანახავიო,

ქვეყნის მტრისა და ორგულის

ეს მეასოცე თავიო!”


გაჰმსჭვალა ვაჟის სიკეთემ,

შეკრთა წერეთლის ასული!

მადლობის გადასახდელად

ძლივს მოიბრუნა მან სული!


“კურთხეულ იყოს” - წყნარად სთქვა -

“შენი აქ მობრძანებაო!

თვალით გიყურებ, არ მჯერა…

მგონიხარ მოჩვენებაო.


“თუ ღვთით ხარ მოვლინებული

ცხადი რამ, ხორციელიო,

ვინ ხარ და სიდან მოსულხარ?

მითხარი! პასუხს ველიო!”…


ყრმამან მიუგო: “მაგისი

ძნელი არ არის ცოდნაო:

მთავრის შვილი ვარ, მთავარი,

დადიანი ვარ ცოტნაო!”…


ქალმა სთქვა: “ცოტნეს სახელი

გამიგონია მეცაო.

კურთხეულ იყოს მარადის

ჩვენი შემყრელი ზეცაო!”


ხელი ხელს მისცეს, გული გულს,

თვალი თვალს გაუყარესა,

და გაიმართა ნადიმი

ყველგან საჩხერის მხარესა.


ნაწილი მეორე


თავი I


იქ, სადაც ხოპის ნაპირზე

დღეს ძველი მონასტერია,

მთავრის სასახლე ყოფილა,

მიდამოც დიდი სჭერია.


იმისი კოშკი მაღალი

უჭვრეტდა ოთხსავ მხარესა;

მახლობლად თავზე ივლებდა

დღისით მზეს, ღამით მთვარესა.


მისჩერებოდა იალბუზს,

გადაჰყურებდა შავ ზღვასა,

შეფერადებულ ჭალებსა,

სანახავს სხვასა და სხვასა!


არცერთი კუთხით მომსვლელი

მტერი არ გაუცდებოდა:

მისი პატრონის მხარ-მკლავი

შორით შორამდე სწვდებოდა!


ის იყო ცოტნეს სადგური,

იქ მიიყვანა ნათელა!

და მიიწვია ქორწილში

მან ქვეშევრდომი სუყველა.


შემოკრბენ აფხაზ-მეგრელნი,

სვანებთან ერთად ჭანები;

ქართლ-კახეთ-სამესხეთოდან

მეგობარ თვისიანები.


ააგეს ფანჩატურები,

საჯდომი ბევრ ათასისა;

ქვეშ ორხოები დაფინეს,

დაუდებელი ფასისა.


თავში დაბრძანდა მთავარი

და გვერდით დედოფალია;

სხვები ჩამწკრივდენ რიგ-რიგად,

როგორც წესი და ვალია.


გახურდა ლხინი ჩვეულებრ,

შეიქნა ყანწის ტრიალი!..

ხელიდან ხელში გადადის

თას-აზარფეშა-ფიალი!…


და ვინც ბევრს არ ჰსვამს, შიგდაშიგ

არაკრაკებენ “კულითა!”…

გაჩნდა ღიღინი, გალობა,

სიმღერა კრიმანჭულითა.


იქ ისმის “დილა-ოდილა”,

“კაბდური”, “თინა-თინაო!” -

აქ “შადი”, “მრავალჟამიერ”,

“მზემ სხივი მოგვაფინაო!”


გამხიარულდა ერთგვარად

სუყველა, დიდი, პატარა,

მაგრამ დედოფლის სახეს-კი

ღრუბელი გადაეფარა!


შეწუხდა ცოტნე და უთხრა:

“აგრე რათ მოიწყინეო?

მასპინძელი ხარ, ხომ იცი,

რიგია, მოილხინეო!


“თუ საწერეთლოს დათმობამ

შენ მაგრე შეგაწუხაო,

სჩანს, ზეცა გამრისხებია

და რისხვით გადმომქუხაო!”…


მზე რომ ჭიატობს წვიმის დროს,

ამბობენ: “მზე პირს იბანსო,

და ცისარტყელა შვიდფერი

მას მხარს უმშვენებს და განსო”.


იმას მოჰგავდა ნათელას

თვალცრემლიანი ღიმილი

და ანგელოზის გალობას -

მისი პასუხი ხმატკბილი:


“ჩემო ხელმწიფევ! შენთან მყოფს,

მომაგონდება მე ვინა?

მაგრამ სხვა რამემ შორიდან

საგრძნობლად გულზე მიკბინა!


“ვეღარ მოვისმენ გულგრილად

“შადსა” და “მრავალჟამიერს”,

სანამდე საქართველოში

ბატონად ვხედავ ქვეყნის მტერს.


“თვალწინ მეხატვის ერთი რამ,

ისა მკლავს და ის მაღონებს:

ლიხს იქით მოძმე ქართველი

ყმად გაუხდიათ მანგოლებს!


“დღეს აქ ლხინი გვაქვს საერთო

ყანწ-აზარფეშის ტრიალი;

იქ კვნესა ისმის დაჭრილთა

და ქვრივ-ობლების ღრიალი!


“ხომ ხედავ ამდენ ვაჟკაცებს,

გმირთაგმირს, ლომთალომებსა?

ცოდვა არ არის ესენი

ერიდებოდენ ომებსა!?…


“აქ რას უსხედან? წავიდენ!…

შენ უწინამძღვრე, მთავარო!

და მეცა თქვენთან, იცოდეთ,

მამულის მსხვერპლად მზა ვარო!”


სთქვა და გაჩუმდა, მის სახეს

დაადგა თითქოს ნათელი;

თავი მოხარა სიმდაბლით,

გულზე დაიდვა რა ხელი.


ზეზე წამოდგა მთავარი,

შემკრთალი გაოცებითა!…

ხალხიც შეჰყურებს დედოფალს

უბიწო აღტაცებითა!…


მოულოდნელმა პასუხმა

გრძნობა-გონება არია!…

თითქო გაქვავდა ეს ხალხი,

უხმოდ, უძრავად მდგარია.


პასუხის ვეღარ მიმღებმა,

ნათელამ გაიმეორა:

“ქალი ვარ ჩემო ხელმწიფევ!…

ნუ მრისხავ, თუ რამ გეჭორა!”…


გამოარკვია ამ სიტყვამ

მთავარი გაბრუებული

და ათქმევინა, რაც ჰქონდა

გულში იდუმალ დებული:


“სწორუპოვარო მშვენებით,

სიბრძნითაც ამაღლებულო!

ოჯახისშვილო, ნაზარდო,

ქართველად აყვავებულო!


“დიდი ხანია, ჩემ გულსაც

ეგევ სურვილი ჰმსჭვალავდა,

მაგრამ სიფრთხილე საჭირო,

ვით საიდუმლოს, ჰმალავდა.


“გონზე მოსულან, შეთქმულან

ამერთა დიდებულები,

მათში ჯაბანსა, საეჭვოს,

არავის არ ვეგულები!


“მოუწერიათ ჩემთვისაც,

ითხოვენ შემწეობასა…

დღეისწორს მივალ ჯავახეთს,

მით დავუმტკიცებ ძმობასა.


“ჭირი და ლხინი საერთო

მოძმეთა შუა ვალია…

ამის თავდები, ვფიცავ ღმერთს,

ბრწყინვალე მომავალია!


“ეს ხალხიც მიტომ შევყარე,

რომ გამემჟღავნა ყველა ეს,

მოსამზადებლად მე სხვა დროს

ხელთ ვერ ვიგდებდი უკეთესს!”


ეს რომ სთქვა, მოუბრუნდა სხვებს:

“ხომ გაიგონეთ თქმულიო?

ჩვენ შეთანხმებულ სურვილზე

რას ამბობს თქვენი გულიო?”


ერთხმად დასძახეს: “იცოცხლე,

მრავალჟამიერ!.. ჟამიერ!..

ჭირიც და ლხინიც საერთო -

კავშირი იმერ-ამიერ!”…


ღიმილით ბრძანა მთავარმა:

“მეც მაგას მოველოდიო:

თქვენით და თქვენგან მომეხსნა,

გულზე რომ მაწვა, ლოდიო!


კმარა! მაგაზე საუბარს

ჩვენ ხვალაც მოვესწრებითო,

დღეს სათხოვარი მაქვს ერთი

და იმას გევედრებითო:


“დაჯექით!.. გამხიარულდით,

ნუ მოჰშლით ლხინს და მღერასო!

ვინ გაჰქცევია უდროოდ

ვარსკვლავს და ბედისწერასო?!”


გამხიარულდენ სტუმრები,

გამრავალკეცდა ლხინიცა…

მოლხენით არის მთავარი

და მისი თვალის ჩინიცა!


ღიმილით ამბობს ნათელა:

“ჩანგური მომაწოდეთო!

ვეღარას ფარავს დღეს გული,

რაც ვიცი, თქვენც იცოდეთო!”


სიმებზე ბროლის თითები

დააწყო ნაზად… რბილადა!

ყელმოღერებით დაჰმღერის,

ჩანგურიც მოსთქვამს ტკბილადა:


“ჩანგურს სიმები გავუბი,

მოვმართე ნელა-ნელაო;

შევუხმატკბილე ერთმანეთს:

“ოდელა-დელა-დელაო!”


“თავის ჰანგებზე, თავის ხმით

წკრიალებს ერთად ყველაო,

ერთი-მეორის თანხმობით:

“ოდელა-დელა-დელაო!”


“ერთი მათგანიც რომ გაწყდეს,

მაშინვე უნდა შველაო,

რომ არ გაფუჭდეს ჩანგური:

“ოდელა-დელა-დელაო!”


“ჩანგური საქართველოა,

სიმები ჩვენ ვართ ყველაო,

სხვადასხვა კუთხის მცხოვრები:

“ოდელა-დელა-დელაო!”


“ჩვენც ხომ სიმების სისუსტემ

სინათლე დაგვიბნელაო!…

ბნელში რა სასიმღეროა:

“ოდელა-დელა-დელაო!”


“შორიდან შემოგვეპარა

მტერი, ვით ტურა-მელაო

და სულ სხვა ხმებზე გვამღერებს,

არ მოსწონს “დელა-დელაო!”


“მწერიც კი ცხოვრობს თანხმობით,

ფუტკარი… ჭიანჭველაო!…

და ჩვენ რათ ვმღერით ცალ-ცალკე:

“ოდელა-დელა-დელაო”?!


“ერთობა ჩვენთვის ტახტია,

მტრებისთვის - სახრჩობელაო!..

მტრებს “ვაი-დედა” ვაძახოთ

და ჩვენ ვთქვათ: “დელა-დელაო!”


“კმარა! ამდენმა ცრემლებმა

სიმები დამისველაო!…

ვერც ვუკრავ, ვეღარცა ვმღერი:

“ოდელა-დელა-დელაო!”


სთქვა და გადასდგა ჩანგური,

შეხედა ღიმით მთავარსა:

ნათელა ნათელს ადიდებს,

ამკობს ჯავარი ჯავარსა!


თავი II


ხმალს ილესავს იმერეთი,

აწყობს, ჰმართავს მშვილდ-ისარსა!

ლიხს გადივლის “ორირაშით”,

იქაურებს მისცემს მხარსა.


საიდუმლოდ ემზადება,

მიჰყავს ცოტნე დადიანსა!…

წინ წაიძღვანს ჭყონდიდელსა,

კურთხეულს და მადლიანსა.


გაიხსენებს ბაგრატის დროს,

დავითის და თამარისას!…

სამშობლოსთვის ცხელს ოფლს დაჰღვრის

და სისხლს შეჰსვამს მისის მტრისას.


ისე გასწყვეტს ძირიანად,

არ გაუშვებს არც ერთს მთხრობლად!..

მაშინ მხოლოდ დაბრუნდება

იმერეთში მახარობლად!…


ასე ფიქრობს გმირი ცოტნე!…

ამასავე ჰფიქრობს ერი…

ბატონი ყმით, ყმა ბატონით,

ორივ ერთად ბედნიერი!


მაგრამ, ვაი! გაუცუდდათ

იმედი და გულის ძგერა…

ბედუკუღმა გადუბრუნდათ

საწაღმართო ბედისწერა!


წიგნი მოსდის დადიანსა,

მეგობრობის მონაწერი!

წაიკითხა… შეიცხადა:

დაიგლიჯა თმა და წვერი!…


მოეწერათ: “ნუღა მოხვალ!

თავს უშველე, ნუ აჩენო!..

შეთქმულება გაგვიმჟღავნდა,

დაგვიჭირეს ყველა ჩვენო.


“ნუ მოსცდები, ნუ იფიქრებ,

გზა არა აქვს ჩვენ საშველსო!..

ანის ქალაქს გვაგზავნიან,

გვიმზადებენ განსაცდელსო.


“რადგან ღმერთმა აგვაშორა

ჩვენი ბედი, ჩვენი სვეო,

იცოცხლე და მაგიერი

მტერს როგორმე მიუზღეო!”


წაიკითხა, დაიყვირა:

“რა შეგცოდეთ, ღმერთო, შენო, -

შენს მორწმუნეს, ღვთისმშობლის ხვედრს,

ამ სატანჯველს რომ უჩენო?


“ნუთუ ყველა იღუპება

საქართველოს ღირსი ძეო,

ბურჯი მისის ეროვნების

მომავალის სიმტკიცეო?!…


“მაშ პირშავად რაღათ დავრჩე,

მათი ტანჯვის მოწამეო?

მათთან ჭირი, მათთან ლხინი…

უიმათოდ რა ვარ მეო?!”


სთქვა და გულში გადიწყვიტა:

“მათთან წავალ მეც მალეო,

ტოლებში რომ არ გამოვსხლტე,

ვარ ამისი მოვალეო”.


თავი III


ვინ მოსთვლის, ჭირი რამდენი

უნახავს ანის ქალაქსა!..

სისხლით მორწყული არ იყოს,

ვერ ნახავ მტკაველ ალაგსა!


ყოველი მტერი ძველთაგან

ამ კუთხეს მოაწყდებოდა;

მკვიდრი, დამხვდური მამაცად,

თავგამეტებით წყდებოდა.


დღეს ერთი იყო, ხვალ სულ სხვა:

მტერი მტერს ენაცვლებოდა!…

ურდო ურდოზე მოსული,

არვისგან დაითვლებოდა.


მაგრამ ქალაქი ტანჯული,

განსაცდელს უმაგრდებოდა,

და, ვით ამირანს გულ-მკერდი,

წყლული-წყლულ უმთელდებოდა!…


ძლივსღა სულმობრუნებული,

ხელახლა აოხრებულა:

შესულა ურდო მონგოლთა,

ნოინი გამთავრებულა!..


სამეფო ტახტზე დამჯდარა,

ის… სისხლით უმაძღარია!…

აქედან მიდის საომრად

ოთხკუთხივ!.. მიუხარია!..


სხვა ქვეყნის ტანჯვა, აკლება

მათი წესი და რჯულია!

დღეს გამარჯვების ლხინი აქვსთ,

უზომო სიხარულია.


ზურნის ჭიჭყინში გაისმის

კიჟინა გამარჯვებისა

და ჭიანურში - ქვითინი

სხვადასხვა მხარეებისა.


ფიალად ხელში უჭირავსთ

კაცის გამხმარი თავები!…

ზიზღის ბუდეა იმათი

ყოველგვარ სანახავები.


სწორედ ამავ დროს გარეთ-კი

სულ სხვა ამბავი რამეა:

დამდგარა ტანჯვა-კრულვის დღე

და მწუხარების წამია!…


ალყად შეუკრავს დარაჯებს

დიდი მოედნის პირები,

შუაში ხელფეხშეკრული

ჰყრიან ქართველი გმირები.


ტიტველზე თაფლი წაუსვამთ

მზეს უფიცხებენ მხურვალსა!

წყალს ნატრულობენ, არა აქვსთ…

ყელი უშრებათ მწყურვალსა.


გარს ეხვევიან ბუზები…

სად არის მომგერებელი?!

შორსა ჰყავთ ჭირისუფლები

და მათი დამტირებელი!..


ჰკითხავს მტარვალი: “ვინა გყავთ

მომხრე და მოზიარეო?”

- ამ ქვეყნად ზღვა და ხმელეთი,

მაღლა ცა, მზე და მთვარეო!


დაცინვით ეუბნებიან,

შიში არა აქვსთ რისხვისა…

რა იცის გულში ნადები

და საიდუმლო სხვამ სხვისა!


გამოჩნდა შორით მხედარი;

ცხენი მოჰყავდა ოთხითა,

მოედნის პირზე შეჩერდა,

თვალს ავლებს ყველა კუთხითა.


უბრძანა დარაჯთუხუცესს:

“ვინა ვარ, ვერ მიცანიო?

ნოინის უცხო სტუმარი,

ცოტნე ვარ დადიანიო.


“ქართველ ერისთვებს, დიდკაცებს,

სადა აქვსთ მათი ბინაო?

მეც უნდა მათთან მივიდე,

წამყევ, წამიძეღ წინაო!”


დაცინვით უთხრა დარაჯმა:

“არ ბრძანდებიან შორსაო!…

და ჩვენც შინაყმად ვახლავართ,

როგორც ნოინის სწორსაო!”


შევიდა წრეში ქვეითად,

პირდაპირ მიეშურება,

გულ-ღვიძლს უსივებს ნაღველი

და სიმწრით პირი უშრება!…


მივიდა, ნახა ტყვეები…

შეჰყვირა: “ვაშა! ვაშაო!

დღეს უფრო ბრწყინავს თქვენი მზე,

ვარსკვლავმა იკაშკაშაო!


“გმირნი ხართ, კვდებით გმირულად,

საქრისტიანოს მსხვერპლადო,

ამიერ საშვილიშვილოდ,

სამშობლოს სადიდებლადო!


“მაგრამ რას მერჩით მეგობარს,

ყველგან თქვენს მოზიარესო,

რომ გამომწირეთ თქვენში და

დამაგდეთ იქით მხარესო?!”


ეს სთქვა და გაიძარცვა ტანს,

დაჯდა ტყვეებთან ტიტველა!…

თავი გასწირა ნებითა

და გააკვირვა სუყველა!..


თავი IV


ლხინგადახდილი ნოინი

ტახტზე ზის დაფიქრებული:

თვალწინ ეხატვის ქვეყნები

გადამწვარ-აოხრებული!…


ბევრი სხვადასხვა რჯულისა

და ტომის არის მნახველი,

მაგრამ სულ სხვაა მის თვალში

უცნაურობით ქართველი:


“არავის ებრძვის, პირიქით,

დამხდურად მეომარია!..

ვინც მის ქვეყანას არ ერჩის,

მოძმე და მეგობარია.


“არსად გაუდის მოყვრობა,

და არც მტერები აკლია;

მაგრამ ხომ მაინც პირწმინდად

ჯერეც ვერავინ დასძლია?!


“რა გამოვიდა, რომ ვძლიეთ?

განა ძლევაა ეს ძლევა?!…

რაც უფრო ჭირში ვარდება,

მით სიმხნეც მეტი ეძლევა.


“გაგვინახევრდა ლაშქარი.

ერთში ათსა ვცვლით მონგოლსა,

და რაღა ძალი შერჩება

მომსვლელსა და მის მომყოლსა?!


“ნუთუ ჩვენც მართლა სხვებსავით

დიდხნობა არ გვიწერია

და დროებითი აქ ყოფნა,

ვით საქარ-ბუქო მტვერია?!


“რაში არა ჰგავს? შეთქმულნი

ასამდე დაგვიჭერია…

რომ ასჯერ მეტიც არ იყოს,

აბა, რა დასაჯერია?!


“მაგრამ არ იქნა, არ გატყდენ:

არ უდრკებიან განსაცდელს!…

ვინ იყო მათთან ღალატში,

არც გვარს ამხელენ, არც სახელს.


“არას ითხოვენ!.. ზვიადად,

ამაყად იტანჯებიან!…

რაღაც მომავლის იმედით

და სასოებით კვდებიან.


“ძნელია მათზე უფლება

და მათგან სხვისი მონება!…

სულ სხვა გზა უნდა… სხვა ხერხი…

და გამჭრიახე გონება!..


“ვერ გასჭრის მათზე, ვით სხვაზე,

ეს სასტიკობა-ავობა!..

სადაც ლომობა არ გადის,

იქ უნდა მელიაობა”.


ამას ჰფიქრობდა ნოინი,

უსივდებოდა ნაღველი,

რომ მოახსენეს: “ქალია

ვიღაცო, თქვენი მნახველი”.


შავით მოსილი, პირბადით

შინ შემოვიდა სტუმარი…

ანიშნა მარტო დარჩენა

და გადუკეტა სხვებს კარი.


წადგა წინ შორიახლოსა,

პირბადე გადაიხადა:

მისი ციური მშვენება

ნოინის გულმა იხატა!…


ჯერ მისი მსგავსი ამ ქვეყნად

არსად ენახა სულდგმული;

სულმა წასძლია ბინძურსა

და აუძგერდა გლახ გული.


ზეზე წამოდგა… იმავ დროს

წინ ბიჯი წადგა თვით ქალმა

და იმის ბროლის თითებში

უცბად იელვა ხანჯალმა.


უთხრა: “შეჩერდი!.. ნუ მოხვალ!

რომ დაიმშვიდო, სჯობს, გული;

შენ სატრფიალოდ არა ვარ

ამსიშორს შორით მოსული!…


“სათხოვარი მაქვს წმინდა რამ…

მოგენდვე წმინდის გულითა!…

ნუ შეურაცხჰყოფ კაცობას,

ნუ დამდაბლდები სულითა!…


“ნუ შფოთავ! დაჯექ, დაწყნარდი

და მოისმინე ვედრება!

სულგრძელობასთან ზრდილობას

ან რა სჯობს, ან რა ედრება?!”


ვით გაღალული თვალისკვრით,

ჩაჯდა უსიტყვოდ ნოინი;

დაუცხრა ვნება ჩვეული,

გაქრა სურვილი და ჟინი!


ჯერ არც ჰსმენია ამგვარი

და არც რამ გაუგონია!

ჰფიქრობს, თუ მოჩვენებაა,

და ან სიზმარი ჰგონია!…


უყურებს თვალით, არ სჯერა!

ისმენს და მაინც იჭვშია:

უმტყუნა ძალამ სულ-ხორცის

და უჩვეულო შიშშია!…


ქალი შეჰყურებს პირდაპირ,

ლამის გახვრიტოს მან თვალით!

კაცი, ძლივს გონზე მოსული,

ოდნად ხმას იღებს კანკალით:


“მაშ მითხარ, რისთვის მოსულხარ?

რა არის შენი სურვილი?

მისთანას რას მთხოვ, ვერ მოგცე,

ვერ მოვკლა ნდომის წყურვილი!?


“გინდა, ტახტს მოგცემ, დედოფლად

დაგსვამ და გეთაყვანები!

მონად გაახლებ მეფეებს…

ჩიტის რძით გაიბანები!”


ქალი მიუგებს ღიმილით:

- “დედოფალი ვარ ისეცა!

მაგგვარ დიდებას არ ვეძებ,

არ დამიგმია ისე ცა!”


- “მაშ სულს შეგწირავ, თავს მოგცემ,

გულს დავდგამ საფეხურადა!

და შენს სურვილში დავდნები,

დავიწვი უცეცხლურადა!”…


- “არა, ნოინო! ნუ ჰფიქრობ!..

ვერ დავთმობ ჩემსა კერასა!

გული სხვას მივეც და შენთვის

ვეღარ დაიწყებს ძგერასა!”


- “ეგებო რჯული გიშლიდეს,

მე აღვიარებ შენს რჯულსა!…

ზეცაში ახვალ - აგყვები,

ჩახვალ - ჩაგყვები უფსკრულსა!”…


- “ეგ არას უშლის! ღმერთი ხომ

ყველასთვის იგივ ერთია!

რჯული გზა არის სხვადასხვა,

იმ ქვეყნად შენაერთია!…


სხვა მიზეზია: სხვა მიყვარს,

ის არის ჩემი ქმარიცა!

მისი ვარ, იმას ვეკუთვნი

მე ცოცხალიც და მკვდარიცა!…


აქ გადმოვარდა, როდესაც

გაიგო სხვების ტყვეობა!

ობლად დაგვყარა სუყველა,

დასთმო ლხინი და დღეობა!


აღარ გამიძლო გულმა და

შევუდექ მეც მის კვალობას:

ვეთხოვებოდი სამშობლოს,

ვიგლოვდი ყმაწვილქალობას!…


მსურდა, მომესწრო, მენახა,

მომეკრა სადმე მე თვალი!

და ან მის უცხო საფლავზე

გულში ჩამერჭო ხანჯალი!…


მოველ, ვიკითხე ყოველგან…

ცოცხალი არის, შევიტყვე…

ტიტვლებთან ტიტვლად დამჯდარა,

ნებით გამხდარა შენი ტყვე.


იმას გთხოვ, იმას გავედრებ!

მისთვის მოვსულვარ, ნოინო;

სული არ გამაწირვინო…

სიცოცხლე მომაპოვინო!”


გაოცდა მშვენიერებით…

სიტყვა-პასუხიც უკვირდა!

ის ერთი წამი ნოინსა

მთელ საუკუნედ უღირდა!…


დღემდის ეგონა, თუ ქალი

მარტო ვნებისთვის შექმნილა!…

ახლა-კი ხორცი დადუნდა

და სული სულსა ეტკბილა!


იგრძნო რაღაცა ციური,

მიუწვდომელი მან ძალა!..

გარდიქმნა მისი არსება,

ბუნება გამოეცვალა.


და უმაღლესის სურვილით

შეჰყურებს, როგორც ღვთაებას!…

რა სჯობს, რომ გული უბიწო

ციური ჯაჭვით დაებას!…


სთქვა: “საქართველოს მფარველი

დიდი ყოფილა… ძლიერი!

სადაც შობილხარ, გაზრდილხარ,

რათ უნდა გაქრეს ის ერი?!


“რაც მოხდა ჩვენში, დავიწყდეს!…

მოვითხოვ მე შენდობასა!..

აწ-კი მსურს “მამა-შვილობა”

და ვნატრობ მე შენ “დობასა!”…


“ახლა მოვიყვან შენს ქმარსაც…

ვნახავ, თუ შენი ღირსია

და თანაც ჩემი სიძობის

შესაფერ-საკადრისია?


“კუთხეში დაჯექ პირბადით!

მოისმენ ჩვენსა საუბარს!

იმანაც გვითხრას: ვის ეტრფის?

თავს ვის შესწირავს, ვინ უყვარს?


თავი V


ოქრო და ვერცხლში ჩამჯდარი,

მარტო შემოდის მთავარი.

არ ახლავს მისი მოყმები

და არც მოჰყვება მტრის ჯარი.


თავი დაუკრა ზრდილობით

და ჰკითხა: “რა გსურს, მიბრძანეთ!”

ნოინმა შეკრა წარბები,

სცდილობს ეჩვენოს მრისხანედ.


- “ვინ ხარ? და სადაური ხარ?

ვერ ვხედავ შენს აქ მომყვანსა!…

თუ საქართველოს შვილი ხარ,

დღემდის ვერ მცემდი თაყვანსა?”


- “მე სათაყვანოდ მოსული

არც დღეს გახლავარ, ნოინო!…

ნუ ჰფიქრობ, ცოტნე დადიანს

ტყუილი შენ ათქმევინო!”


- “ა! შენ ხარ ცოტნე? ის ცოტნე,

რომ არად აგდებს მანგოლსა?!

სცდილობს სამშობლოს გამოხსნას

და სხვებსაც ეძებს ამყოლსა?”


- “დიახ, ისა ვარ, ნოინო!

მართალი გაგიგონია”.

- “მაშ ჩემთან როგორ მობედე?..

მადლობას გეტყვი, გგონია?!”


- “არ მიფიქრია მაგაზე!…

სხვა იყო ჩემი განზრახვა:

აქ მოყვრებს ვეგულებოდი…

მომინდა მათი დანახვა!”


- “ხომ ნახე ისეთ პატივში,

როგორც მათ შეეფერება?!”

- “ვნახე და გავიზიარე

მეც მათი ბედნიერება.


“ჭირში და ლხინში, ყოველგან

ვყოფილვართ გაუყრელადა…

დღესაც მოვსულვარ მათთანვე

სისხლის და ცრემლის მღვრელადა”.


- “შენ მარტო? სხვები სად არის?

რათ გაიფანტენ ბზესავით?”

- “თუ ყოფილყვნენ, ისინიც

აქ მოვიდოდენ ჩემსავით”.


- “აფერუმ თქვენს მეგობრობას!…

აფერუმ ვაჟკაცობასა!

მაგრამ ვერ გიქებთ ბატონის

მოღალატობა-მტრობასა!…


- “როდის გიწამეთ ბატონად,

დაჰკითხებიხართ ჩვენს გულსა?

თუ ტვირთი მძიმე მონების

ძალით დაგვადგით ჩაგრულსა?!


“ძალმომრეობის კანონი

დღეს ერთის არის, ხვალ სხვისა…

ბედია მომნიჭებელი

წყალობის, გინა რისხვისა!


“დღეს მოხარკე ვართ ჩვენ თქვენი

და კიდეც ვიხდით ნებითა…

დროს ვუცდით… ჩვენს ღმერთს შევყურებთ

იობის მოთმინებითა.


“უმიზეზოდა რათ გვდევნით?

რისთვის გვეპყრობით მტრულადა?

რას გარგებსთ რჯულის მოსპობა

და ან ერობის, სრულადა?!…


“სანამდის ხელს არ აიღებთ

ამ უნაყოფო ცდაზედა,

ყოველთვის მტრულად დაგხვდებით

ყოველ სარბიელ გზაზედა!”…


- “დაგვხვდებით?!… და რას გაიტანთ?

ეს დღე მოგელისთ ყველასა!…

თქვენ თავად ძალი აღარ გაქვსთ

და ვისგან ელით შველასა?”


- “ღვთისგან!… რომ ჩვენმა შვილებმაც

ქვეყნისთვის სისხლი ღვაროსა!”…

“ჩვენ წავალთ, ისინი მოვლენ

ტურფასა საბაღნაროსა!”…


- “აფერუმ, ქვეყნის ერთგულო!

კაცი ხარ, კაცურადა სჯი!

მომწონს ეგ სიტყვა-პასუხი:

არ გირისხდები, არა გსჯი!


“გაძლევთ სრულ თავისუფლებას,

როგორც შენ, ისე ტყვეებსა!..

და თქვენ მხარესაც ავაცდენ

სამგლოვიარო დღეებსა.


“იყავით მარტო მოხარკედ…

შევეტკბოთ წლიდან-წლობითა:

თქვენ ჩვენი კარგი სტუმრობით,

ჩვენ თქვენი მასპინძლობითა!…


“მხოლოდ მეცა გთხოვ, იცოდე,

სამაგიეროდ ერთს რამეს:

შენს ცოლს აქებენ ყოველგან

და ის მომგვარე ერთ ღამეს!”…


როგორც რომ ვეფხი დაჭრილი,

ისე ათრთოლდა ცოტნეცა,

ააკრაჭუნა კბილები

და, ცოტას გაწყდა, რომ ეცა:


- “ბედს უმადლოდე, ხალვათად

რომ ხარ მასპინძლად მჯდომარე,

და მე კი სტუმრად მოსული,

ხმალ-ხანჯლით შენ წინ მდგომარე!


“ეგ ერთი გითქვამს!… მეორედ

ენას არ წააცდენინო!

გონებამიხდილს სასირცხვოდ

სისხლი არ დამადენინო!”


ნოინმა წარბი გაიხსნა,

ღიმილიც მოერია მას!

და სიტყვით ცივ წყალს ასხამდა

მის აღელვებულ გულისთქმას!


- “ნუ სჯავრობ!… განგებ გითხარი…

მინდოდა შენი გამოცდა…

რაც სთქვი, ტყუილი ყოფილა,

აგერ თვითონვე წამოგცდა!


“სამშობლო”, “მოძმე”, “მოყვარე”

სიტყვა ყოფილა უბრალო!

ნუთუ არა ღირს იმდენად,

რომ შენ ერთ ქალში გასცვალო?!”


არ მოელოდა ამ სიტყვას!

შერცხვა და შეკრთა მთავარი…

ცოტა შეჩერდა და შემდეგ

პასუხი მისცა ამგვარი:


- “მე რა ნება მაქვს მაგისი?

მონა არ არის, - ცოლია!

ჩვენი კანონი სულ სხვაა:

ცოლი ქმრის უღელტოლია!”


- “მაშ, კარგი! რადგანც მე მინდა

დღეიდან შენი მოყვრობა,

ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს,

განზე გადავდვათ აწ მტრობა!..


“ხომ ჰხედავ, აქ რომ ქალი ზის?

ის ჩემი შვილობილია.

ვატყობ, რომ შენი ჭვრეტითა

ისიც-კი კმაყოფილია!


“მაგაზე უფრო მშვენიერს

ქვეყნად ვერ ჰნახავ ვერც ერთსა!..

რომ შენი ცოლი ვერა სჯობს,

თავდებად გაძლევ მეც ღმერთსა.


“სასიძოდ ამირჩევიხარ:

მინდა ის მოგცე ცოლადა;

დაგიახლოვო და მყავდე

ჩემი თავისვე ტოლადა!”…


- “ვინ ღირსა მაგ თქვენ წყალობას

და ამ უდიდეს ოცნებას?!

მაგრამ ორცოლიანობის

რჯული არ გვაძლევს ჩვენ ნებას”.


- “ეგეც არ გინდა? მაშ კარგი!

პირობას გიდებ კიდევ სხვას:

იზამ - არ გავტეხ ჩემ სიტყვას,

არა და - ნახავთ ჩემს რისხვას!…


“მოდი, ახადე პირბადე,

აკოცე, როგორც საყვარელს!

და აგისრულებ მაშინ მეც

მაგ შენი გულის საწადელს!”


ებილწა ცოტნეს პირობა,

მაგრამ არ იცის, რაღა ჰქნას?

სხვა გზა არა აქვს მოყვრების

და მის სამშობლოს გამოხსნას!…


წარმოსთქვა: “გულთამხილავო!

შენ ჰხედავ, მატანს ძალასო…

მივალ და ისე ვაკოცებ,

როგორც ხესა და ჩალასო.


“რა არის კოცნა უნდომი!

უგულოდ… უსიყვარულოდ,

თუ არ სიცოცხლე ბედკრული

უსიტკბოდ… უსიხარულოდ?!”


დასთანხმდა! ქალთან მივიდა,

საკოცნად თავი დახარა!…

ქალმა გადიძრო პირბადე…

ნოინმაც გადიხარხარა!…


როგორც შვიდძალი ფერადი

ამშვენებს ცისარტყელასა,

ისე დაეტყო სახეზე

სიამოვნება ყველასა!…


1897 წ.

აკაკი წერეთლის პოემები

გამზრდელი · თამარ ცბიერი · თორნიკე ერისთავი · ნათელა ·