თამარ ცბიერი
ავტორი: აკაკი წერეთელი


ისტორიული ხუთმოქმედებიანი

დრამატიული პოემა


მოქმედნი პირნი:

გიორგი გურიელი — იმერეთის მეფე.

თამარ დედოფალი — მისი მეუღლე.

ქუთათელი — მსაჯულთუხუცესი.

ნაკაშიძე — სახლთუხუცესი.

გოჩა — მგოსანი.

შიკრიკი.

მასხარა

ცირა — მოახლე.

ნიკო — გურიელი.

1) მობურთალნი

2) მობურთალნი

მობურთალები და კარისკაცები.



მოქმედება პირველი


საბურთაო მოედანი. წინ დიდი ჭადრის ხე ქვის ტახტით. იქვე მახლობლად, რიონის პირად, ოქროს ჩარდახის ცალი გვერდი მოჩანს. ხმაურობაა.


ხმა სცენის გარედან


გავარდა ბურთი!.. მარჯვედ, ბიჭებო!..

აღარ გაუშვათ მეორედ იქით!

ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო! ცხენოსანს ერგო!

ვისაც მუხლს გერჩისთ, გამოუდექით!

შენი ჭირიმე, შენი, გურულო!

ვეფხვია!.. დასწვდა... ცხენზე შეუხტა!

ოჰ, გამოაგდო... ბრაწი ცხენოსანს!

ეყოს სირცხვილად! ხერხი წაუხდა!..

გავარდეს ბურთი!.. ნუ გააჩერებთ!

არ ვარგა ჯგლითი! რისთვის დამალეთ?

სუყველა ერთად ნუ მოაწყდებით!..

ნიკო მიუშვით! მაგას აცალეთ!


გამოსვლა პირველი


(ორი მობურთალი, დაქანცულ-დაკარწახებულები)


პირველი მობურთალი


უჰ, დედაჩემო! თავს რისთვის ვიკლავთ?

რომ აღარ არის ძალი და ღონე!..


მეორე მობურთალი


რა გაეწყობა, მეფე-დედოფალს

ნაძლევი აქვსთო, ხომ გაიგონე?


პირველი მობურთალი


მეფე მხარს იჭერს გურულებისას!


მეორე მობურთალი


დედოფალი კი ჩვენსკენ არიო...

მიტომ გახურდა ეს ბურთაობა,

თითქოს ირყევა მთა და ბარიო.


პირველი მობურთალი


უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მეტნი არ ვიყოთ,

დაგვამარცხებდენ დღეს გურულები:

ხელ-ფეხსაც ერჩისთ, თვალ-ყურიც უჭრისთ

და ისე ხტიან, როგორც რომ შვლები.


გამოსვლა მეორე


იგინივე და მასხარა


მასხარა


ეჰე! ბიჭებო, აქ რას უზიხართ?


პირველი


დაღალული ვართ! მოსვენება გვსურს!


მასხარა


კურდღელს რომ ძაღლი ჩამოურჩება,

აღარვინ აჭმევს მაშინ იმ ძაღლს პურს!..

ბურთის ძაღლებო! თქვენი კურდღელიც

ის ბურთი არის, იქ მიაშურეთ!..

თუ მოედანი გურულებს დარჩათ,

რა მოგივიდესთ, აბა უყურეთ:

ვერ გადურჩებით მაშინ დედოფალს

ვეღარც ცოცხალი და ვეღარც მკვდარი!


მეორე


ჩვენ გურულები ვერ გვაჯობებენ,

ადიდოს ღმერთმა ისევ თამარი!

(ადგებიან და მიდიან)


ხმა


წავიდა ბურთი! გაშპა გურული!

ნუ გაუშვებთ, ნუ! დაუხვდით ვინმე!


პირველი (დაუხვდება წინ)


დააგდე ბურთი! ვეღარ წამიხვალ!

დამრჩი, გურულო, აქ გახლავარ მე!..


(გურული ფეხს გამოჰკრავს, დასცემს, თავზე გადაახტება და გააქვს ბურთი,

სხვები უკან მისდევენ).


მასხარა


(თვალს გააყოლებს მოთამაშეებს, მერე მობრუნდება, დაცინვით)


მიმინოსა მწყერი უყვარს,

შევარდენსა ნადირობა!

ბურთაობა დედოფალსა

და მეფეს კი სხვა გმირობა.

დედოფალიც ბურთი არის:

ყველას ხელში უვარდება;

ხან გააქვსთ და ხან გამოაქვსთ,

მაგრამ არვის უჩერდება.

ერთი მხოლოდ გოჩა არის,

როგორც ვატყობ, მისი ლელო;

მისთვის დასცლის ტრფობის ფიალს,

მისთვის უნდა სადღეგრძელო;

მაგრამ თურმე სხვა ყოფილა

ხასიათი მგოსნებისა:

ყურმოჭრილი ყმა ყოფილან

უნაყოფო ოცნებისა.


გამოსვლა მესამე


იგივე და სახლთუხუცესი


სახლთუხუცესი


ოჰ, შენ აქა ხარ?


მასხარა


არა, ბატონო!

აქ არ გახლავართ! მიგულებდეთ შორს!..


სახლთუხუცესი


ვიცი, რომ სული ჯოჯოხეთშია,

მაგრამ აქ ვხედავ შენს მასხარა მძორს.


მასხარა


ჯოჯოხეთისკენ ის იყურება,

ვისაც რომ უჭრის ეშმაკზე თვალი

და შეუძლია, რომ გაარჩიოს:

“ეშმაკისაა თუ ჯორის კვალი?”


სახლთუხუცესი


ისე ახსენებ მაგ ეშმაკის კვალს,

თითქოს გინდოდეს, რომ შეუდგე მას!


მასხარა


დიახ, ამ ქვეყნის ქუდი რომ მხურავს,

მეც უნდა ავყვე საზოგადო ხმას;

თორემ, თქვენც იცით, მგოსნის არ იყოს,

ვინც ქვეყანაში გამოერჩევა,

აითვალწუნებს უმრავლესობა

და კურთხევის წილ ეძლევა წყევა.


სახლთუხუცესი (ამოოხვრით).


ეჰ, ჩემო ძმაო! გვიანღა არის

ჩვენთვის მაგ ჭკუის გამოკიდება!

მოხუცი აქ რომ ჩანგურს ისწავლის,

ის საიქიოს გამოადგება.

ჩვენ ჩვენი პური მოგვიჭამია!

როგორც გვიწირავს, ისევე ვწიროთ:

პირზე ღიმილი ნუ მოგვშორდება,

მაგრამ იმავ დროს გულში ვიტიროთ,

რომ მოვიოხოთ გულის ტკივილი,

ქვეყნის დაცემით გამოწვეული,

და თან ვიგლოვოთ მეფე გიორგი

სულ სხვა ქცევის და საქმის ჩვეული.

(სიჩუმეა)

ნეტავი შენ, რომ, როგორც მასხარას,

რაც რომ გულში გაქვს, გათქმევინებენ!


მასხარა


და ნაცვლად ყველა მედიდგულება:

ხან დამცინიან, ხან მაგინებენ!..

მწარე ლუკმაა ხუმარას ლუკმა!

სანაღველ-ცრემლო ჩვენი ხელობა

ყველას ჰგონია და ეგონება

ჭკუის სიმცირე და სულელობა.


სახლთუხუცესი


კი, მაგრამ როცა თქვენი ხუმრობა

იქ გასჭრის, სადაც სხვა ვერას ჰბედავს,

თავმოყვარება რას გეუბნებათ

და თქვენი ჭკუა მაშინ რას ხედავს?


მასხარა


ოჰ, ვერ დავფიცავ! ეგ წამი არის

გვირგვინი ჩვენის თავმოყვარების,

დამავიწყარი გადასულ ტანჯვის,

ქვა ოთხკუთხედი ტკბილ ნეტარების.


სახლთუხუცესი


მაშ, ნეტავი თქვენ! და ჩვენ რაღა ვქნათ

სასახლის კარზე, დარბაისლებმა?

ერთიმეორის წახედვით უნდა

ისე ვიზმუვლოთ, ვით მგლებში მგლებმა.

გრძნობა და ზრახვა უსიტყვოდ გულში

უნდა ჩავიკლათ და ჩავიმარხოთ,

უმანკოებას ცილი შევწამოთ

და საქები რამ ურცხვად დავძრახოთ!

ეს მხდალი კრძალვა და მორიდება

სასახლეების ყველგან წესია

და სათვალთმაქცო ეს ცრუ კანონი

დროთ მტარვალობას დაუთესია!

მე გამიზრდია მეფე გიორგი,

მე ვიყავ მისი ერთგული ლალა,

მაგრამ, პირდაპირ რომ ვამხილო რამ,

არ მაქვს უფლება!.. არა მაქვს ძალა!

მაშინ, როდესაც იქ ქართლ-კახეთი

ბურთივით გააქვს სასტიკ შაჰ-აბაზს,

ბატონი მეფე, ცოლის ამყოლი,

თვალ-გულს აყოლებს აქ ბურთაობას.

და იმერეთი, ეს ქაჯთა მხარე,

როს გარყვნილების მორევში სცურავს,

მეფე გიორგი კი ლხინს ეძლევა

და თავი მოსწონს!.. ზედ ქუდიც ხურავს!

რა დაემართა, ნეტავ ვიცოდე?

რამ შეუცვალა მამაცი გული?


მასხარა


მე ამას ვფიქრობ, რომ ჯადო მისცეს...

დედოფლისაგან არს მოხიბლული!

მაგრამ გოჩა კი ასე ამტკიცებს:

სულ ტყუილია ჯადო-ქარიო!

ცოლს შეუძლია, თუ ლამაზია,

ისეც მოხიბლოს სუსტი ქმარიო!


სახლთუხუცესი


მაგას მეც ვფიქრობ და, სანამ თამარს

დარეჯანის დღეს არ დავაყენებთ,

არ დაბრუნდება წაღმა ბორბალი,

ვერც გავიხარებთ, ვერც მოვისვენებთ.


მასხარა


სუ! ვიღაც მოდის!


შიკრიკი (სახლთუხუცესს).


მეფე გიბრძანებსთ!


სახლთუხუცესი


განა გათავდა თამაში ბურთის?


შიკრიკი


დიახ, ბატონო, და გამარჯვებაც

იმერლებს დარჩათ, როგორც ყოველთვის.


სახლთუხუცესი


ასზე ათასი რომ მიიყვანოთ,

გაიმარჯვებენ, რაღა თქმა უნდა!

თუ გურულებიც თქვენდენი იყონ,

დაგეყრებოდათ თავს ქვა და გუნდა!.. (მასხარას)

შენ აქ დარჩები?


მასხარა


მაშ სად წავიდე?

ბარემ დაღამდეს და მერე წავალ.


სახლთუხუცესი


გოჩა თუ ნახო, ასე უთხარი,

რომ შემოვიდეს ჩემთან ჩუმად ხვალ. (გადის)


მასხარა


მიკვირს, რომ მეფემ ეს ნაკაშიძეც

ცოლის ბრძანებით არ მოიშორა!..

ნუთუ თამარმა, შორს გამჭვრეტელმა,

ჯერ ორგულობა ვერ შეატყო რა?

მაგრამ ჯერ ან კი რა საჩქაროა,

ხომ შეიტყობენ, როცა იქნება...

მაგრამ, თუ დაგვრჩა ჩვენ გამარჯვება,

და, რასაც ვფიქრობთ, ღმერთმა ინება...

ჰმ, მარა, არა! გული თუ გატყდა,

შესაძლებელიც აღარა სჯერა!..

ეჰ, ცდა ხომ ბედის მონახევრეა?

ერთიც ვცადოთ ჩვენ ბედისა წერა! (გადის)


გამოსვლა მეოთხე


მგოსანი


(გამოდის ფიქრით მოცული და რაღაცას კითხულობს)


“მე ვარდი ვარ, ვარდი, გულსხივოსანი,

მსურს ბულბული მოჭიკჭიკე, მგოსანი,

გრძნობით, ჭკუით, სულით პატიოსანი,

მეტს რას ეტყვის იმას მანდილოსანი?

მე ია ვარ, ია ნაზად დახრილი,

მენატრება იადონი ხმატკბილი,

ყოვლად სრული, ბუნებით შემკობილი!

მეტს რას ჰკადრებს ხორციელად შობილი?

ზამბახი ვარ, საწალკოტო, სუნნელი!

ის - მებაღე უცხო ცეცხლის ამგზნელი;

მე - სნეული, ის - მკურნალი დამხსნელი!

მეტს რას იგრძნობს მოტრფიალე მზებნელი?

ტრფობის წიგნში ვინც ჩამწერა... მისია,

ვინც სევდების გულში ჯარი მისია,

მისი ვარდი, თაიგული, მის ია

არ ერგება სხვას... მისი და მისია!”

კიდევ ლექსები! რას ამტეხია?

მიკვირს, ჩემთვისაც რომ მოუცლია...

მაგრამ, ეტყობა, ტრფობის ფიალა

ჯერ კიდევ სრულად არ დაუცლია.

ქალი ვერ იტანს კაცისგან უარს,

მით უფრო, როცა თავმომწონეა;

თავმოყვარებით გატაცებულსა

უბრალო ჟინი ტრფობა ჰგონია!

ხუთჯერ გათხოვილს ქმრის სიცოცხლეში

საყვარლად სხვებიც ვინ არ ჰყოლია?

წმინდა მოძღვარიც მის უწმინდურ გვამს

საჯოჯოხეთოდ გადაჰყოლია.

ხანიც ვერ უკლავს ბიწიერ სურვილს:

რაც დრო გამოდის, უფრო მხურვალებს!

მაგდალინელურ სიამოვნებას

დღეს მთელი ქვეყნის ბედს ანაცვალებს!

(დაფიქრდება)

ეჰ! დარეჯანის გაზრდილ-გაწვრთნილი

უნდა მის კვალსვე გამოვუყენოთ,

რომ დაცემული ჩვენი ქვეყანა

ეგებ მით მაინც წამოვაყენოთ.

მაგრამ სიფრთხილე გვმართებს სხვაგვარი.

სახლთუხუცესის არ მაქვს იმედი:

იქ შეთქმულება ნაყოფს ვერ მისცემს,

სადაც არიან ორ-სამზე მეტი.

არა! დღეს სწორედ უნდა გადაწყდეს (გაიხედავს)

ჩვენი იმედი და ბედისწერა!

ჩემი ნათლულიც აგერა მოდის,

მიმახარობლებს კარგ რასმეს, მჯერა.


გამოსვლა მეხუთე


იგივე და ცირა


მგოსანი


ჩემო ნათლულო და შვილობილო,

სანდოვ გულისა, ჭკვიანო ცირა!

ჩვენი უმანკო ბატონიშვილის

ვერ გაიგე რა? არა იცი რა?


ცირა (თვალცრემლიანი)


ოჰ, როგორ არა: ჩემი დობილი

და დედაჩემის ძუძუთ გაზრდილი

უდაბნოშია გამომწყვდეული,

ვით ცის და ქვეყნის შემცოდე შვილი.

იქ იტანჯება და გულისპასუხს

ვერ მიზიარებს მე მეგობარი

მაშინ, როდესაც დედამისსა ჰქმრობს

რჯულის გამტეხი იმისი ქმარი.

რისთვის გასწირეს? რათ გაიმეტეს?

ვისთან რა ჰქონდა დანაშაული?

ოჰ, გამწირველო შენი სისხლ-ხორცის,

თამარო! იყავ ღვთისგან წყეული!..


მგოსანი


ჩემო ნათლულო! უნაყოფოა

შენი ტირილი და ეგ გოდება!..

იმას რას არგებს აქ რო ვიგლოვოთ?

დღეს თუ ხვალ, ვიცი, ის იქ მოკვდება.


ცირა (შეჰკივლებს)


როგორ, მოკვდება? მაგას რას ამბობ?

გაგიხმეს ენა, ღვთისგან წყეულო!..


მგოსანი


მოჰკვლენ და მოკვლაც ისე ჩაივლის,

როგორც სიზმარი რამ უჩვეულო.

ეჰ, ჩემო შვილო! ჯერ შენ რა იცი

ამ ჩვენი ქვეყნის გამოცანები!

უსამართლობას რამდენი შერჩა,

ვინ მოსთვლის, მსხვერპლი მაგისთანები!


ცირა


შეიტყვე რამე?


მგოსანი


არა!.. ეს ვიცი,

რომ დედოფალი ვერ გაიხარებს,

სანამ არ მოჰკლავს და გენათელიც,

ვით მეგობარი, ხელს დააფარებს.


ცირა


ნუთუ გამოხსნა არ შეიძლება?

არა არის რა საშუალობა?

უნდა დამიწდეს ასე უდროოდ

ჩემი თალიკოს ყმაწვილქალობა?

არა, მგოსანო, არა, არ მჯერა!..

მაშინ ქვეყანაც რა იქნებოდა?

და თვით სამოთხე ნათელმიხდილი

ჯოჯოხეთივით აეგზნებოდა!..

ექნება რამე მაგას სახსარი,

უნდა მოვძებნოთ!.. უნდა ვიპოვოთ!

ზეცას შევტიროთ, ქვესკნელს ჩავკვნესოთ,

ვუთხრათ ქვეყანას და ღმერთსა ვთხოვოთ!..


მგოსანი


ერთადერთიღა საშუალება

ჩვენ დაგვრჩენია... მაგრამ ჯერ მითხარ:

იმას რომ შენი თავი შესწირო,

არ დაინანებ? ამაზე მზად ხარ?


ცირა


მაგას რას ამბობ? თვითონ არ იცი

განა, რა არის მეგრელი ქალი?

რაღა გააქრობს, თუ რომ მის გულში

ერთხელვე გაჩნდა ნამდვილი ალი.

გულს შენახორცი, სულზე ტკბილია

ის დედიჩემის ძუძუთ გაზრდილი;

იმისთვის ტანჯვა — სიხარულია!..

მკვდრეთით აღდგომა — მისთვის სიკვდილი!


მგოსანი


რა საჭიროა შენი სიკვდილი?

კმარა, თუ მოვკლავთ თამარ დედოფალს!

მით გამოვიხსნით მაშინ თალიკოს

და თანც მოვისხამთ მთელის ქვეყნის მადლს.


ცირა


ქვეყნის მადლს?


მგოსანი


დიახ! შენა გგონია,

რომ მან გასწირა მარტო თამარი?

თუ არ იმისგან, მაშ ვისგან არის

ჩვენი ქვეყანა დღეს ცოცხალ-მკვდარი?

დიდი ხანია, ლეჩაქის ნაცვლად,

ეშმაკის ქსელი მას თავზე ხურავს

და იმერეთი, მისგან გარყვნილი,

დღეს ბოროტების მორევში სცურავს!

მეფე, მთავრები და ერისთვები

მან შეახეთქა ერთმანეთს ყველა,

რჯულს გადუყენა სამღვდელოება

და არსად არის იმისგან შველა.


ცირა (შემკრთალი)


ეგ განა მარტო ქალის ბრალია?

რად აბედვინებს მაგოდენს ქმარი?


მგოსანი


რად აბედვინებს? ჰმ, რომ იცოდე,

რა კაცი იყო ადრე მთავარი!

შენ ნუ გგონია, რომ მას თალიკო

არ ჰყვარებოდეს, მისთვის გაეშვას,

ან სიყვარულით შეერთოს თამარ!

მისი გონება მისდევდა სულ სხვას!

მაგრამ წაუხდა მისი განზრახვა

და ისე არის დღეს მოხიბლული,

რომ აერია წრფელი ზრახვები

და გადუბრუნდა უეცრად გული.

და თუ თამარი აღარ ეყოლა,

ის ისევ ძველ გზას დაუბრუნდება!

გამობრუნდება თალიკოს ბედი

და ჩვენც აღდგომა გაგვითენდება.


ცირა


ნუტავ თუ მართლა?


მგოსანი


განა ეჭვი გაქვს?

მისი სიკვდილი ჩვენ გამოგვიხსნის.


ცირა (თავისთვის)


თალიკოს ვნახავ ისევ ბედნიერს,

ამისრულდება ნატვრა დიდი ხნის (მგოსანს),

მაშ, გზა მიჩვენე და მიმასწავლე! (დაფიქრდება)

ეჰ, ვიცი!.. ვიცი! ახლა მეც მივხვდი:

მივეპარები ამაღამ მძინარს

და ჩემი ხელით მას სულს ამოვხდი... (აღტაცებით)

ღმერთმა მაგონა! აბა, ნათლიავ!

უნდა მიშოვნო ერთი ხანჯალი!


მგოსანი


დაწყნარდი, შვილო! სუსტსა ქმნილებას

შენ სავაჟკაცო ვინ მოგცა ძალი?


ცირა


მაშ საწამლავი?


მგოსანი


შენ რომ არა ხარ

არც მერიქიფე, არც მზარეული?

რაში ჩაუყრი? არა, სხვაგვარად

უნდა ეს საქმე მოხერხებული.

იცი, რას გეტყვი: - შენ ხომ გინახავს

ბურთში განთქმული ნიკო გურული?

ვინ დასთვლის, მისთვის რამდენ ლამაზ ქალს

ასძგერებია უზომოდ გული?!

მაგრამ ის, თურმე, მხოლოდ ერთს ეტრფის,

ის ერთი არის მისი სურვილი,

და მისგან სულდგმულს იმისთვის უნდა

მისი სიცოცხლე, მისი სიკვდილი.

შენ რათ სწითლდები? ვიცი, ის ერთი

შენა ხარ! - ჩემთან რისა გრცხვენია?

ლამაზისაგან ლამაზისადმი

ნამდვილი გრძნობა კარგი ძღვენია!

თუ მართალია, რომ სიყვარული

შენი ედება და გულს უმსჭვალავს,

შენ შეგიძლია იმას მიანდო

საიდუმლო რამ, და ის დამალავს.

შენი სურვილის ამსრულებელი,

ის მიიყვანე შენს მაგიერად

და თამარს გულში ჩაურჭობს მახვილს

უფრო გაბედვით, უფრო ძლიერად!


ცირა (შემკრთალი)


კი, მაგრამ ის ხომ დაიღუპება

და მე ვიქნები მასთან უპირო!

არა, ისევ მე... მე დავიღუპო!

მე უნდა ჩემი თავი გავწირო!


მგოსანი


შენ ვერ შეიძლებ, საქმეს წაახდენ!

ის მოახერხებს... იმას აცალე.

ჩუმად მოჰკალით და, თუ გაიგონ,

მაშინ შენს თავზე გადაიბრალე.


ცირა


მაგას კი ვიზამ.


მგოსანი


სუ, არ აჩქარდე!

სიფრთხილე გმართებს მოაზრებული.

უცები არის და გონმიხდილი

კაცი უზომოდ აღელვებული.

ჯერ დაიმშვიდე გული და მერე

ისე გაენდე იმ შენს სასურველს!


ცირა


ნუღარას ეჭვობ! თალიკოს ცრემლი

და მისი მადლი მომიმართავს ხელს. (გარბის)


მგოსანი (მარტო)


ნუთუ მას, ვინც ეს ჩვენი ქვეყანა

საოცრად გარყვნა და დაამცირა,

პასუხს მიაგებს სამაგიეროდ

ერთი უბრალო მოახლე, ცირა?!

ღმერთო ძლიერო, კურთხეულ იყოს

შენი ძალა და შენი განგება!

შენა ხარ ჩვენი გულთამხილავი,

შენ გშვენის ქვეყნის ქებათაქება!


ფარდა


მოქმედება მეორე


(მდიდრულად მორთული დედოფლის საკუჭნაო)


გამოსვლა პირველი


სამკაულებით აჭურვილი დედოფალი და ცირა


თამარი

ცირა!


ცირა


ბატონო?


თამარი


ნახე?


ცირა


მივეცი!


თამარი


რომ წაიკითხა, არა გითხრა რა?


ცირა


მე რას მეტყოდა, მხოლოდ უბეში

ჩაიდვა, ჩუმად გულთან მიიკრა.


თამარი


ვინ იყვნენ მასთან?


ცირა


მარტო დამიხვდა;

რაღაცა ლექსებს იზეპირებდა

და აღტაცებულს სახეს შევნიშნე,

რომ უჩვეულო რამ აკვირვებდა.


თამარი


რა ლექსი იყო, ყური ვერ მოჰკარ?


ცირა


მხოლოდ ორ სიტყვას “ვარდსა და იას”.


თამარი (სიამოვნებით)


კარგი! რომ მოვა, შემატყობინე

და ნუ დასტოვებ განის კარს ღიას.


თამარი (ცირა მიდის)


(დიდხანს დადის აღელვებული, სარკეს იღებს ხელში, თავის სახეს ეკეკლუცება. მერე სიამოვნების ღიმილით და თავმოწონებით ამბობს)


როგორც რომ მთვარე თხუთმეტის დღისა,

ვეღარ შემძენი სინათლის კიდე,

მისცურავს ცაზე სხივმომფინარე

ამპარტავნებით კიდითი-კიდე,

ისე შვენებაც ჩემი სრულქმნილი

ერთსა წერტილზე შეჩერებულა,

მაგრამ ჯერ კიდევ მისი დიდება

და სხივოსნობა არ დაკლებულა!

ხანიც ვერ შესცვლის... არ გამრუდდება

ჩემის შვენების ხაზი, ეს მჯერა,

და სიკვდილამდე ხარკად მექნება

თვით ცის და ქვეყნის გულისა ძგერა!..

ტრფობის სურვილით გარშემობურვილს,

თაყვანისცემით მმონებს მთავარი!..

მსოფლიო კრების დაკანონებულს

აღთქმას ჩემთვის სტეხს თვით მღვდელმთავარი!

მხიბლავი ჩემი ორკეცი ძალა

ხილულთ აბრმავებს, ბრმას უხელს თვალებს;

წაღმას უკუღმა, უკუღმას წაღმა

თითისტარივით შეატრიალებს.

შორს გამჭვრეტელსა ბრძენსა გენათელს

ჩემზე ზრახვებმა აუბეს თვალი...

დააგმობინეს წმინდა წარსული

და დაავიწყეს ტკბილმომავალი.

მჭერმეტყველებით სახელგანთქმულსა

ლევან დადიანს, ტკბილმოუბარსა,

ენა ებმოდა, რომ შემომჭვრეტდა

ვით საოცნებო რამ ზენაარსსა.

თვით ბაგრატ მეფე, ის უსინათლო,

ისე ჰხედავდა ჩემსა შვენებას,

ვით თვალხილული ძილში ჰხედავდეს

დილის რიჟრაჟსა და გათენებას.

ეს გურიელიც, მოუსვენარი,

სახელგანთქმული, ვეფხვი, ლომგული,

დღეს მოკამათედ ჩემის სურვილის,

ლეჩაქის ყურზე მყავს გამობმული...

მაგრამ მგოსანი, ის უგვარტომო,

ის უხარისხო ვიღაცას შვილი,

ვით უკვდავების წყარო, მიზიდავს

და ვერ მომიკლავს მწყურვალს წყურვილი!

ის ერთი მხოლოდ... მხოლოდ ის ერთი

ჩემსა სურვილებს უკუუდგება...

სულ სხვა ჰანგზე ჟღერს იმისი ჩანგი,

სხვა არის მისი ქებათაქება!

ცოცხალ თამარის, იმის წინ მდგარის,

თანაგრძნობითა არ იმსჭვალება

და იმ თამარსა, გამქრალსა, მკვდარსა,

წარმოდგენილსა ეტრფიალება!

ჰმ!.. არა მჯერა! ეგებ ცბიერობს:

ყველას თვალს უხვევს... თავს ისულელებს

და იმ თამარში მხოლოდ ამ თამარს

აღმაფრენითა იხორციელებს?

ნეტავ თუ მართლა?! მაგრამ რას ვამბობ?

განა ვერ ვხედავ მის გულგრილობას?

გადუცდენელად გულის სამზღვრისა,

გონება უჭრის მხოლოდ ზრდილობას.

და ყურს არ უგდებს ის არც ჩემ თრთოლვას,

არც ამ თვალების ელვარებასა

და არც მისგანვე ცეცხლშეკიდებულ

ბროლის გულ-მკერდის მღელვარებასა!

ნაცვლად პასუხის, იმის სახეზე

მე შემინიშნავს რაღაც ღიმილი,

თითქოს ჯოჯოხეთს ესწავლებიოს

გულის ისარი, სულის სახმილი!..

ოჰ, თუ შემეძლოს მაშინ მე მისი

ქვეყნად გაქრობა, გაცამტვერება,

არც სულს და არც გულს, არც აქ და არც იქ

აღარად უნდა სხვა ნეტარება!!

მაგრამ ზოგჯერაც იმავ სახეზე

სხვაც ეხატება რაღაც ღიმილი,

და გულს მიბრუნებს შეურაცხყოფილს,

ვით სამკურნალო, ციური, ტკბილი.

დავკარგე ძალა!.. დღეს მონაღა ვარ

ორ ღიმილ შუა გამომწყვდეული:

ორად იყოფა მთელი არსება,

ორად მეპობა სული და გული!..

მიყვარსა და მძულს, მძულსა და მიყვარს,

მსურს დავიმონო!.. მსურს დავემონო!

სული გადმომცეს, სული გადავცე...

რომ შევიწონო და შევეწონო!


გამოსვლა მეორე


იგივე და ცირა


ცირა


გოჩა გიახლათ!


თამარი


შეატყობინე,

რომ მას ნება აქვს ჩემთან შემოსვლის. (ცირა გადის)

ვნახოთ, ამ თამარს თუ იმ თამარში

ჩემ გვერდით მყოფიც გულგრილად გასცვლის.

ჩუ! გულმა იგრძნო... ახლოა... მოდის,

მისი ფეხის ხმა ყურს ტკბილად ესმის!

გაქვავდი, გულო! არ წაგცდეს, ენავ,

ნაწარმოები სუსტი გულისთქმის!


(დაავლებს წიგნს ხელს და ვითომ გატაცებით ჰკითხულობს)


გამოსვლა მესამე


(მგოსანი შემოდის წყნარად და შორიახლოს დგება მოწიწებით.

თამარი დიდხანს ყურადღებას არ აქცევს)


მგოსანი და თამარი


თამარი


აქა ყოფილხარ?.. თუ ვერ შეგნიშნე,

მიზეზი შენ ხარ! მე ნუ დამდებ ბრალს:

ამ უკანასკნელს შენს ლექსთა კონას

ვეღარ ვაშორებ ვერც გულს და ვერც თვალს.

დიდი ხანია, — რუსთველის შემდეგ

აღარ გვინახავს მსგავსი ლექსები:

მკითხველსაც ისე ააფრთოვანებს,

როგორც წერის დროს თვით შენ ეგზნები...

სიტყვა აზრს თანხმობს, აზრი ლექსთწყობას,

ყველა კი ერთად — სულსა და გულსა,

და წამკითხველი დამწერს უჯერებს,

ვით წინამორბედს და მოციქულსა!


მგოსანი


გმადლობთ, ბატონო!.. ღირსი არა ვარ!

მე არ შემფერის ეგზომი ქება,

და მაგას ჩემზე გათქმევინებსთ თქვენ

ჭკუის და გრძნობის მხოლოდ უხვება!

თუ არ ვიცოდე, რომ დაცინებას

ჩემებრ დაბალზე თქვენ არ იკადრებთ,

სხვას ვიფიქრებდი, რადგანაც თვით ლომს

შეუხამებლად კატას ადარებთ:

მგოსანსა შობილს დიდებულ დროში

და სანეტაროდ მაღლით გამსჭვალულს,

როგორ ადარებთ საბრალო მღერალს,

საერო კვნესით მარად გულმოკლულს?

სამხიარულო, სალხინო ხმებით

სამოთხით იყო რუსთველის ქნარი,

და ჩემი მხოლოდ სამარის კარზე

ჟღერს... ის ჟღერაა მოთქმა და ზარი...

და, თუ ხანდახან, ათასში ერთხელ,

სამხიარულოც წამცდება რამე,

ეს ჭირისუფლის ღიმილი არის,

მხოლოდ წამითი... მოკლე სიამე!


თამარი


კი, მაგრამ აქ ხომ ტკბილი ოცნება

შენც იქ მიგაფრენს; გადაგაქვს ქნარი

და რუსთველივით შენც ტრფობის საგნად

გამოგისახავს დიდი თამარი?

სხვადასხვა დროის დიდი მგოსნები

ეკამათებით ერთსავე ორი,

თუმც სარბიელი შენი და მისი

სხვადასხვა არის — ვერ თანასწორი!

მის შთამგონებელს, ზეაღმტაცებელს

თვალით უჭვრეტდა რუსთველი თამარს,

და შენ კი მხოლოდ ოცნების ძალით

ახორციელებ მას, გამქრალს და მკვდარს.


მგოსანი


მაგას რათ ბრძანებთ, აბა, ბატონო?

განა თამარნი ქვეყნად კვდებიან?

საუკუნიდან საუკუნეში

ისე, ვით მთვარე, გაახლდებიან.

მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იწყება

მათი სიცოცხლე დაუვიწყარი

და სათაყვანოდ სამარადისოდ

საერო გულის ეღებათ კარი.

მეცა ყოველ წამს თამარი სათნო

თვალწინ მეხატვის გაბრწყინვებული,

იმის გამო მაქვს სულისკვეთება

და მისთვის მიძგერს სიწმინდით გული.

ის არის ჩემი წმინდა წმინდათა,

ჩემი სულისდგმა, ჩემი გულისთქმა,

ჩემი არსების გამასპეტაკი...

წმინდა მირონი და აიაზმა.


თამარი (წყენით)


ნეტავ მგოსნები რა ქმნილება ხართ!

რისგან ხართ მაგრე ახირებული?

თვალსა არიდებთ ამოსულ მთვარეს

და ჩასულ მზისთვის გიღელავსთ გული!

უკუუდგებით დღევანდელ ნათელს,

ოცნებით ანთებთ გამქრალსა ლამპარს,

ნამდვილსა სტოვებთ უყურადღებოდ

და გულს აყოლებთ გადასულ ზღაპარს.

საკვირველია! ბრმას, უგზო-უკვლოს,

გარდაქცეულსა სმენად, ქვეყნის ხმას

მგოსანიც ჰმონებს და მის ცრუ ჰანგზე

აყოლებს აზრს და მაღალ გულისთქმას.


მგოსანი


აგრე რომ გახლდეს, ჩემო ხელმწიფევ,

ქვეყნის წინსრბოლა შეჩერდებოდა,

და უგნურება დღევანდელი დღის

ხვალის კანონად დაიდებოდა!

მაგრამ ღაღადი და ამბოხება

გაურჩეველად ქვეყნად არ რჩება:

მართალი მხოლოდ ფეხსა იკიდებს

და სიზმარივით ტყუილი ქრება...

ვითარცა პეტრე, ღვთის უარმყოფი,

ერთმა მამლის ხმამ გამოაფხიზლა,

ისე აფხიზლებს ხალხსაც მცირე რამ

და ის მცირეა მგოსნობის ძალა.

და ნუ იფიქრებთ, რომე მგოსანმა

სხვისი აყოლით ჩანგი აჟღეროს

და მისი გული ძალდატანებით

შეათამაშოს და ააძგეროს!


თამარი (ნაღვლიანის ღიმილით)


მაგას მეც ვხედავ და ეგ სიტყვები

გულსა ხვდებიან მწარე მახვილად!..

ეჰ, თავმოყვარევ ადამიშვილო!

სხვისი საძნელო რად გიჩნს ადვილად?

(ხანგრძლივი სიჩუმისა და მღელვარების შემდეგ, თავისთვის)

მეტს ვეღარ ვიტან!.. ეს ყურს არ უგდებს

კრძალვით წარმოთქმულ სიტყვებს გადაკრულს!

ვეტყვი პირდაპირ!.. ხვალის იმედით

თავმოტყუება რას არგებს ბედკრულს! (მგოსანს)

მკურნალო! გრძნობით გონებამიხდილს,

ბუნებააღძრულს მხედავ, ვარ ავად

და სჯობს ერთმანეთს გული გავუხსნათ,

ვუთხრათ, რასაც ვგრძნობთ დაუფარავად.

კმარა ამდენი მალულობია...

გეყოფა თავის მოკატუნება!..

გონება შენი კერპად რომ ურჩობს,

მაღალი გრძნობა რას გეუბნება?


მგოსანი (გაკვირვებით)


მე, დედოფალო...


თამარი


სსუ! იქ არ არის

არც დედოფალი და არც მსახური,

სადაც სხვა ძალა გახელმწიფებდა,

უფრო ძლიერი, ვიდრე მეფური.

პასუხს მოითხოვს შენდამი ჩემის

ბუნების თრთოლვა და მღელვარება

და შენგან მხოლოდ ეძლევა ოდენ

მწარე ღიმილი და მდუმარება.


მგოსანი


ბატონო...


თამარი


ბანზე ნუ აგდებ სიტყვებს:

შემამკობელო ქვეყნის და ცისა,

ნუთუ არ იცი, თუ რაა გული

ტრფობით გამსჭვალულ დედაკაცისა?


მგოსანი (დაფიქრდება, თავისთვის)


მართალი მითხრა: კმარა ამდენი

ჩემგანაც თავის მოკატუნება,

ვეტყვი პირდაპირ, დაუფარავად,

რასაც კი გული მე მეუბნება.

არ შემარჩენენ, ვიცი, სიმართლეს:

ძნელია ქალის შურისძიება,

მაგრამ ოდესმე მოსალოდნელი

რაც არის, სჯობს, თუ დღეს გათავდება!

(თამარს გამბედავად).

ვწუხვარ, რომ ჩემგან თქვენ ვერ მოისმენთ

მისთანა პასუხს, როგორსაც ელით,

მაგრამ, რასაც ვგრძნობ, სჯობს, აღვიარო

აწ თქვენ წინაშე გულის სიწრფელით:

გნებავსთ შეიტყოთ ჩემგან, რა არის

შეყვარებული დიაცის გული?

სასუფეველი და ჯოჯოხეთი,

გრძნების კავშირით შეერთებული;

საუნჯე რამე ავის და კარგის

უმეტნაკლებო, ამოკრებული;

თვით უკვდავების წყარო-ნექტარი,

ნაღველ-სამსალით გამწარებული;

მხიბლავი ძალა, ანდამატური,

თავში საამო, ბოლოში მწარე;

წამ-ერთ — აკვანი სიხარულისა,

ხანგრძლივ — კუბო და ცივი სამარე.


თამარი (გაოცებით)


თუ მართლა ამბობთ მაგას, მგოსნებო,

სხვაგვარად რათ ჟღერს, მაშ, თქვენი ქნარი?

სჩანს, სიცრუეა თქვენი სალმუნი

და თქვენ ყოფილხართ კაცთ მატყუარი!

თქვენ არ უგალობთ ქვეყნად სიყვარულს,

ვით სასუფევლის ძალას რამ ზენას,

და მიწისშვილთა, თქვენგანვე ცდენილთ,

უცნაურ ძალით უხიბლავთ სმენას?!


მგოსანი


ჩვენ რო ვუგალობთ, ის სხვა გრძნობაა:

რუსთველებრივი, ტარიელური!

ის ნუ გგონიათ თქვენ გულის ფხანა

საყოველთაო... ყოველდღიური.

მხოლოდ რჩეული ცისა და ქვეყნის

აღმაფრენითა იმას მისწვდება,

და დანარჩენი უმეტესობა

იმ ძალს ვერ იგრძნობს, ისე მიწდება.


თამარი (გატაცებით)


მაშ თუ მაგრეა, იმა ციურ ნიჭს

რო დაეძებდეს აქ მიწიერი,

რაღად ამტყუნებს გაუკითხავად

უსამართლო და უგნური ერი?

რომ სიყვარულსაც დავუხშოთ გული,

სხვა რაღა გვრჩება აქ ნეტარება?

კაცი მაშინ გრძნობს მხოლოდ სიცოცხლეს,

როცა ისრულებს, რაც ენატრება.


მგოსანი


ჰმ... დედოფალო! მესმის მაგ სიტყვის

ჭახრაკული რამ მშვენიერება,

მაგრამ, პასუხი რო მოგახსენოთ,

იქნება მეტი კადნიერება

და ვეღარ ვბედავ...


თამარი


სთქვი! ნუ დაჰფარავ,

გინდ იყოს ჩემი გმობა... ყვედრება!

აქ დედოფალი დღეს აღარ არის

და მხოლოდ ქალი გესაუბრება...


მგოსანი


თქვენი ნებაა!.. ვინ ჰგმობს სიყვარულს,

მოპოებულსა აღმაფრენითა?..

ჰკიცხავენ მხოლოდ ცუდად მოხვეჭილს:

ქვეყნის ცრემლით და სისხლთა დენითა.

(გაჩუმდება და თავს ჩაღუნავს).


თამარი (ნაღვლიანის ღიმილით)


ჰმ... მიკვირს: კაცი შორს გამჭვრეტელი

ახლომახლოზე რისთვის იხვევს თვალს?

ამ იმერეთის ამბოხებაზე

ნუთუ, მგოსანო, შენც მე მადებ ბრალს?

როცა ზღვა ჰღელავს, ნავ-ჭურჭლებიცა

მათ უნებურად ექანებიან...

ხალხიც ისეა: თუ რომ მღელვარებს,

კერძო პირებიც აეგზნებიან.

იმავ თავიდგან იმერთა მხარე

ბუდე ყოფილა არეულობის,

სარბიელი რამ გაუტანლობის,

მოღალატობის და ორგულობის.

არავისა სწამს აქ სისხლ-ხორცობა,

ღვთისაც არა აქვთ გულმართლად შიში!..

გონება — მეტად, გრძნობა — ნაკლებ, ერს

ახელმძღვანელებს სულ ანგარიში!..

მე იმერელი ქალი არა ვარ,

რომე უარვყო ჩემი ბუნება,

და ცხოვრებაში ისე ვიქცევი,

როგორც ეს გული მე მეუბნება

შენ რომ წეღან სთქვი, მეც იმ სიყვარულს

ვეძებ და ვეძებ თავდადებულად...

მხოლოდ ისა მრწამს ჩემის არსების

სახელმძღვანელო უმაღლეს რჯულად;

და თუ აქამდე ვერ მიპოვია,

დამნაშაობად რისთვის მეთვლება?..

პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს,

მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება!

არც ერისთავი, არც გენათელი,

არც გურიელი, არც დადიანი,

არც ბაგრატ, მეფე იმერეთისა,

ის უსინათლო და შავდღიანი,

და არც სხვა ვინმე ჯერ მამაკაცი

არ შემხვედრია, რომ მსურს, მისთანა!..

და თავისთავზე მდარე მამაკაცს

ქალი საყვარლად იწამებს განა?!

მაგრამ მის შემდეგ, რაკი, მგოსანო,

მე შენ შეგნიშნე და გაგიცანი,

გრძნობა-გონებამ, ორივემ მითხრა,

რომ შენ ხარ ჩემი ტრფობის საგანი.

აწ შენ ხელთაა, არა თუ ჩემი,

მთელი სამეფოს ბედისა წერა!..

მას შეუძლია ერიც განკურნოს,

ვინც რომ თამარის გული აძგერა.

თუმც არ იქნები ნაკურთხი მეფე,

მაგრამ ძალა კი მისი გექნება,

რადგანც კანონი იქნება ჩემთვის

შენი სურვილი და შენი ნება.

მეტს აღარ ვიტყვი!.. აწ შენგან ველი

სიტყვებს გულწრფელსა, პასუხს უტყუარს

და ნუ დაჰფარავ შენს გულისპასუხს...

ვითა სიწმინდეს, გაფიცებ შენს ქნარს!..


მგოსანი


ღირსი არა ვარ მე მაგ დიდების!..

ვერც შევიფერებ მაგგვარ წყალობას!..

სხვა რამეს ეძებს ეს ჩემი ქნარი,

სხვა ბანი უნდა ჩემსა გალობას.

გამოუხატავს შენში ბუნებას

შემოქმედების ძალა ძლიერი,

თვალ-ტანადობა, გრძნობა-გონება,

ნიჭი ბევრგვარი, გულსახმიერი.

მოუვლენიხარ კაცთა მხიბლავად!..

კურთხეულ იყოს მისი განგება!..

ენამ უძლურმა მომაკვდავისამ

ღირსშესაფერი ვით შეგძღვნას ქება?

როდესაც გიჭვრეტ, ცას ვხედავ გახსნილს

და სასუფევლის მშვენიერებას!..

შენა ჰგრეხ სიმებს ჩემის ჩანგისას

და მე უცნაურს ვგრძნობ ნეტარებას!

მაშინ ვემხობი შენ წინ სიმდაბლით

და გრძნობით გიხრი თავს, დედოფალო,

მაგრამ მე იმ დროს თვალწინ მეხატვის

შენი ნაღვაწი სისხლისა კალო:

მომაკვდავთ კვნესა, ქვრივ-ობლის წყევა,

ქვეყნის ღაღადი, ერთა ყვედრება, —

მესმის და წინა ტკბილი ოცნება,

ვითა სიზმარი ისე მიქრება.

სასიყვარულოდ აღელვებული

მაშინ მე გული შურით მევსება

და გასაკიცხავ ლექსად იცვლება

მომზადებული ქებათაქება.

ჰა, დედოფალო, ეს არის ჩემი

სრული სიმართლე, ვით აღსარება!

რომ მოგატყუო, არც ჩემ კაცობას,

არც თქვენ მზეობას არ ეკადრება.


თამარი


(ხელები აქვს პირზე მიფარებული და ჰღელავს წყნარად)


წარსული ჩემი თუ ბოროტია,

თუმც მე არა მაქვს განზრახვით ბრალი,

ამიერიდან შენ ხელთ იქნება

და აცისკროვნე მაშ მომავალი!

მხოლოდ გიყვარდე!..


მგოსანი


არ მოხერხდება!

გულს ვერ ვაძგერებ ძალდატანებით,

გულსა გამსჭვალულს უკვე ტრფობისგან

და აყვავებულს ტკბილის ოცნებით.


თამარი (უცბათ, მივარდნით)


მაშ გიყვარს ვინმე?


მგოსანი


დიახ! თამარი!


თამარი


ჩემი ასული?


მგოსანი


არა! ის არა!


თამარი


მაშ აბაშიძის?


მგოსანი


მაგას რას ბრძანებთ?


თამარი (ხელს ჩაჰკიდებს)


მაშ, შენვე მითხარ: ვინ თამარია?

ჩქარა! ნუ მტანჯავ!.. ნუ აგვიანებ!


მგოსანი


ის თამარია, ჩვენი ქვეყანა

რომ გაადიდა, გააძლიერა!..

ის თამარია, ვისთვისაც შოთამ

საშვილიშვილოდ ჩანგი აჟღერა!


თამარი


ჰა! ჰა! ჰა! მკვდრისა არა მაქვს შური,

რადგანც ცოცხლებში არავინ გიყვარს!

ამიერიდან აქ ეს თამარი

შემოგევლება საჭირნაცვლოდ გარს. (მოეხვევა)


მგოსანი (აშფოთებული, თავისთვის)


რა მემართება?! ლამის წამერთვას

მე უნებურად გრძნობა-გონება!..

არა, არ ჰშვენის გრძნობის მეუფეს,

მგოსანს, დიაცის ცუდად მონება! (გამოუსხლტება)

მომშორდი!.. ჩემგან შორს! შორს, მაცდურო!

ჩემზე ვერ გასჭრის ეგ ცბიერება!..

სხვები მოსძებნე და მათ დაუგე

მახედ ეგ შენი მშვენიერება!

ვისიც წარსული შებღალულია,

ვის გამოც იდგა სისხლისა ღვარი,

მას ჩემი გული ვერ მიენდობა

და შეაჩვენებს ეს ჩემი ქნარი!


თამარი (გაშმაგებით, თავისთვის)


წახდა ყოველი!.. და ეს სირცხვილი

ყველა ჩემ ტანჯვებს აღემატება!..

ოჰ, ის ღიმილიც ჯოჯოხეთური,

მის გველურ სახეს ზე ეხატება!.. (მრისხანედ, მგოსანს)

მე მხოლოდ გცდიდი, შე უბედურო!

კმარა! რაც სცოდე, ისიც გეყოფა!..

ჰეი!

(შემოცვივდებიან კარისკაცები)

შეჰკარით! მან მოინდომა

ძალით დედოფლის შეურაცხყოფა!


(დედოფალი ლეჩაქმოხდილი, თმაგაწეწილი, თითს მიაშვერს მგოსანზე,

რომელსაც კარისკაცები იჭერენ. მგოსანი გაოცებულია)


ფარდა.


მოქმედება მესამე


გამოსვლა პირველი


მასხარა (შემოდის ხელში ხანჯლით)


ეს სოფელი სწორედ საგიჟეთია:

ყველა სჩემობს ჭკუას, გრძნობას, გონებას!..

ვეღარ ვარჩევთ მართალს და მოჩვენებულს!

ვინ გადურჩეს უგნურების მონებას?!

გარეგნობა, ჭრელი სანახაობა,

თვალსაჩინო სათვალთმაქცო თვისება,

აი, ქვეყნად რა ამაღლებს კაცად კაცს!..

ვის რად უნდა ჭეშმარიტი ღირსება?

უსამართლოდ ციხეში ზის მგოსანი,

მხოლოდ მისთვის, რომ ქვეყნისთვის ცრემლსა ჰღვრის!

მე აქ ჩემს თავს ვიმცირებ და ვიმდაბლებ:

თავზე მხურავს ჩაჩი სულელ მასხარის!

და რად ვიტანთ ამდენ შეურაცხყოფას,

თუ სიტყვებსაც არ ექნება აწ ძალი?

არა, არა, დროა, რომ შევუდგეთ სხვა საქმეს:

სამკურნალოდ ხელთ ავიღოთ ხანჯალი!

ამით მოჰკლა ლასხიშვილმა დარეჯან;

ის ამბავი ამ მახვილზე სწერია,

მეორედაც ეს გაუპობს გულ-მკერდს მას,

ვინც რომ ქვეყნის მავნებელი, მტერია!..


გამოსვლა მეორე


იგივე და ცირა


(შემოდის ნელა; რომ დაინახავს მასხარას, შეკრთება)


ცირა


მე ვის ველოდი და ვინ მოსულა?!

ნუთუ მასხარა გაკადნიერდა

და სატრფიალო საამო წერილს

ნიკოს სახელით მხოლოდ ეს მწერდა?


მასხარა


ცირავ! ნუ შფოთავ! ნუ გეშინია:

მტერი არა ვარ, მოველ მოყვრულად.

სხვისი სახელით წიგნს მიტომ გწერდი,

რომ შეგხვედროდი მარტოს ფარულად.


ცირა


რა ამბავია? შენათ მოსულხარ,

თუ სხვისგანა ხარ გამოგზავნილი!


მასხარა


ამ ნიშანს ჰხედავ? (უჩვენებს ხანჯალს)


ცირა


მგოსანმა მოგცა?


მასხარა


სხვა ვინ მომცემდა?!


ცირა


და ვინ გიჩვენა

ციხეში მარტოდ გამომწყვდეული?


მასხარა


როგორც მასხარას, მე ხომ ნება მაქვს

ყველგან შევიდე და გამოვიდე?

ვნახე მგოსანი და ეგ წერილიც

მისი, უბეში ჩუმად ჩავიდე...


ცირა (ართმევს ბარათს და სიჩქარით ჰკითხულობს)


“რაც ამბავია, რაც გვემართება,

ამას გადმოგცემს ყველას ხუმარა!

ამის რჩევაზე უნდა იაროთ,

დროს ნუ დაჰკარგავთ! ჩქარა და ჩქარა!”

ნეტავ რა მოხდა?


მასხარა


შეთქმულთა სია

ხელთ ჩავარდნია თამარ დედოფალს, —

და ამით უფრო გააფთრებული

აღარც მკვდრებს ზოგავს, აღარცა ცოცხალს.

მიზეზადა ხდის თურმე თავის ქალს,

ამ შეთქმულობას იმას აბრალებს

და, რა თქმა უნდა, რომ ხვალვე მოჰკვლენ

და ან დასთხრიან თალიკოს თვალებს.


ცირა


უი! შენს ცირას!


მასხარა


რა დროს ეგ არი?

სჯობს ჩვენ დავასწროთ, დღე დავუმოკლოთ!


ცირა


კი, მაგრამ, აბა, ასე უეცრად

რა მოვახერხოთ და რა შევიძლოთ?


მასხარა


რაც გოჩამ გითხრა, მეც იმას გირჩევ, (ხანჯალს აძლევს)

ეს გადაეცი შენ ნიკო გურულს;

ამაღამ მძინარს მიეპარება

და ის გაუპობს გესლით სავსე გულს.


ცირა


კი, მაგრამ ისიც დაიღუპება,

ვით ლასხიშვილი, დედოფლის მკვლელი;

და სატრფო გულის როგორ გავწირო,

სიცოცხლით უნდა ავიღო ხელი?


მასხარა


სიცოცხლით მაშინ აიღებ შენ ხელს,

თუ გამარჯვება დარჩა დედოფალს!

განა ვერ ატყობ, ქვეყნის მომხიბლავს,

თუ როგორ იჭერს ნიკოსკენ ის თვალს?


ცირა


ეგ ტყუილია!..


მასხარა


ტყუილს და მართალს

გაარჩევს ქალი შეყვარებული?

ეშხით დამთვრალის გონებას სძინავს

და უკუღმართობს მარტოკა გული.


ცირა


მე მიღალატებს და სხვაზე გამცვლის?

მაშ არ ყოფილა შეყვარებული!


მასხარა


ცვალებადია კაცის ბუნება:

გადუბრუნდება ერთ წამს მას გული...

განა არ იცნობ თამარ დედოფალს?

თვით ჯოჯოხეთიც ხელს უწყობს ცბიერს,

და ერთნაირად ჯადოქრობითა

მისკენ იზიდავს ჭაბუკს და ხნიერს.

სიკვდილის მეტი სხვა ვერაფერი

მას ვერ შეუშლის ტრფობის რიგს და წესს.

წაგართმევს ნიკოს და შენ თვალდათვალ

გაყურებინებს იმასთან ალერსს.


ცირა (აშფოთებით)


და მე დავუთმობ? ის ძლიერია,

ქვეყნის მპყრობელი დედოფალია,

მაგრამ, ტრფობაზე თუ მივარდება,

მეც ქალი ვარ და ისიც ქალია!

არვის დავუთმობ მას უსიკვდილოდ!

ჩალად გავწირავ მაშინ მე ჩემს თავს!


მასხარა


ხა! ხა! ხა! ხა! ხა! ეგებ გგონია,

რომ მაგით ნიკოს ჩააცმევ შენ შავს?

თავს თუ მოიკლავ, რა ენაღვლებათ!

ცოცხლები მკვდრებზე აღარ ფიქრობენ:

ხანმოკლე ჭმუნვას, დროს შემწეობით,

გულში თანდათან ნელა იქრობენ.

შენ რომ იდები ცივ სამარეში,

გარშემო მატლი შემოგეხვევა, —

იმ დროს თამარი, ეშხით აღვსილი,

შენს ნიკოს ტკბილად გადაეხვევა.

და მაშინ ნიკოც გადაივიწყებს,

ვისაც დღეს ეტრფის, ვინცა დღეს უყვარს!..

და შემდეგშიაც, ათასში ერთხელ,

მას მოიგონებს, ვით წარსულ სიზმარს.


ცირა (თვალებზე ხელი აიფარა და ჰღელავს)


კმარა, ნუ მტანჯავ! გულს ისრად ხვდება

და თვალებს მიხელს ეგ მწარე ენა!..

(გულზე იკრავს ხანჯალს).

ოხ, საჩუქარო ჩემის ნათლიის,

არ გიღალატებს ჩემი მარჯვენა!..


მასხარა


ნეტავ რას ამბობ? არა თუ ქალი,

მეც ვერ შევიძლებ მაგგვარ ხელობას!..

სხვა გული უნდა, სულ სხვა სიმარჯვე

და სხვა გაბედვა კაცის მკვლელობას.

მე ნიკოს მეტი არ მეგულება

ჩვენში მაგ საქმის ამსრულებელი.


ცირა


კი, მაგრამ საქმე რომ გამოცხადდეს,

ვინღა იქნება ნიკოს მშველელი?


მასხარა


ვერ გაიგებენ და, თუ გაიგონ,

მე დამდვან ბრალი! სთქვან, მე ვიყავი!

და მეც ვიკისრებ, არ გავცემ ნამდვილს,

მოწმეა ღმერთი გულთამხილავი.


ცირა


მაშ, კარგი, მაგრამ ნიკოს ვინ ნახავს?


მასხარა


ჭადარქვეშ იცდის მომზადებული

და საჭიროა შენი დასტურიც,

რომ აუღელვო უფრო მას გული.

ახლა კი წავალ და გამოვგზავნი...

მეტს არას გეტყვი, ყველა შენ იცი.

მეც, რაც გითხარი, იმას ვიკისრებ,

მოცემული მაქვს აღთქმა და ფიცი! (გადის)


ცირა (დიდი ხნის მღელვარების შემდეგ)


ოხ, ღმერთო ჩემო, ადამიანის

არ შეიძლება შვება სულ სხვა მხრით,

თუ არა სხვების ღალატ-განწირვით,

ნაღველ-ცრემლებით და სისხლისა ღვრით?

სისხლში გასვრილი ხელებით უნდა

გადამეხვიოს მე საყვარელი?!

მაგრამ, რა ვქნათ, რომ სხვა გზა არ არის

უფრო ადვილად გამოსახსნელი?

ჩუ! ვგონებ მოდის!


გამოსვლა მესამე


იგივე და ნიკო (შემოდის)


ნიკო


აქა მშვიდობა!


ცირა


დროზედ მოხვედი და ხსენებაზე.


ნიკო


გეხმე და მოველ! რასაკვირველია,

რომ გავჩნდებოდი აქ შენს ნებაზე.


ცირა


აგრე გიყვარვარ?


ნიკო


საკითხავია?

მაშ რა კაცი ვარ და რად ვიცოცხლო,

თუ ვისაც ვეტრფი და ვინც კი მიყვარს,

არ ვემსხვერპლო და არ ვენაცვალო!

მითხარ, რა გინდა, რომ შევასრულო?


ცირა


მართლა გიყვარვარ?.. ჯერ სთქვი წინდაწინ.


ნიკო


როგორც ტარიელს ნესტან-დარეჯან,

როგორც ავთანდილს მისი თინათინ!


ცირა


ნესტან-დარეჯან მსხვერპლსა თხოულობს,

ხატავეთს ჰგზავნის სატრფოს საომრად

და თინათინი მის გმირს ავთანდილს

ისტუმრებს ხანგრძლივ მოყმის საძებრად.

მე შენ არ გიდებ ამგვარ პირობას!..

ვითხოვ ადვილად შესასრულებელს

და, თუ გინდივარ სულით და გულით,

აი, ამ მახვილს მოჰკიდებ შენც ხელს!


ნიკო


ამ ხანჯალს?


ცირა


დიახ... და ამ მახვილით

შენ უნდა მოჰკლა ქვეყნის ორგული!


ნიკო (შეკრთება)


დედოფლის მოკვლა!.. მაგას რას ამბობ?

შენც თანახმა ხარ? აღელვებული...


ცირა


ხომ არ შეშინდი? შენი გმირობა

და თავგანწირვა ეგ არის განა?..

აკი მზად იყავ ჩემის გულისთვის,

რომ გაგეწირა მთელი ქვეყანა?

ახლა ერთ ქალსაც ვეღარ იმეტებ?


ნიკო


ქალი ქალს ჰქვიან, მაგრამ დედოფალს?


ცირა


ვგონებ, დედოფალს მოუხიბლიხარ

და შენც სხვებსავით გდებს ტრფობისა ალს.

ხა! ხა! ხა! ხა! ხა! ახლა კი მჯერა!..


ნიკო


მაგას რას ამბობ?.. ხომ არ გიჟდები?

ქუდს როგორა მხდი და მირცხვენ ულვაშს?

არ იცი, ვინც მკლავს, ვისთვისაც ვკვდები?

მე მხოლოდ შენთვის, შენთვის ვსულდგმულვარ!

კაცის კვლას შენთვის მოვერიდები?

და, თუ შენ მეტყვი, წინ ვინ დამიდგეს?

ცა და ქვეყანას შევეჭიდები.

ეგ რა მითხარი, გაუტანელო,

მაგ ეჭვით გული რათ მომიკალი?

მაგრამ სიმტკიცეს ტრფიალებაში

ვით გამოიჩენს უძლური ქალი?

სჩანს, რომ ჩემს გულში ვერ იხედები

და ვერ გიცვნივარ საშენოდ, ცირავ! —

ასი ათასი თამარიც იყოს,

შენს თავს იმათში მე ვერ გავწირავ!


ცირა (აღტაცებით)


ოხ, მჯერა, მჯერა! მაგრამ მაშფოთებს

და ჭკუას მირევს მეც ტრფობის ალი.

მეც შენი ვარ და შენთვის მოვკვდები,

გზა და ხიდია დღეს ეს ხანჯალი!

ჰა, გამომართვი და მასთან ერთად

აწ ჩაიბარე ჩემი არსება!

თანდათან გული სიყვარულითა,

ვით საწყაული, ისე ივსება!

მიყვარხარ, ნიკო, შენი ვარ, შენი!

ვერ მოგიშორებ ვერც ცოცხალს, ვერც მკვდარს!


(მიუახლოვდება)


ნიკო


ოხ, ნეტარებავ! ამ დღეს ველოდი!..

სიცოცხლე ცირას! სიკვდილი თამარს!

(ხელებს უკოცნის)


ფარდა.


მოქმედება მეოთხე


სცენა პირველი


(მდიდრულად მორთული საწოლი ოთახი)


გამოსვლა პირველი


(დედოფალს სძინავს მოფარდაგებულში. ცირა “ნანინას” ამბობს)


ცირა (ჩანგურზე)


ნანინა, იავ, ნანინა,

ნანაო, ვარდო, ნანაო!

იმ ქვეყნის ნორჩო ყვავილო,

ამ ქვეყნის გამოცანაო!

ვარდი გთხოვს ფეროვნებასა

და ია სინაზესაო;

მოთინათინე მნათობო,

სჩაგრავ მთვარეს და მზესაო!

ნანინა, იავ, ნანინა,

ნანაო, ვარდო, ნანაო! (გადადებს ჩანგურს)

უყვარს დედოფალს ჩემი ნანინა,

ჩემი ჩანგური და ჩემი მღერა!

ღმერთმა შეარგოს!.. იძინე ტკბილად!

დღეს სულ სხვაგვარი მაქვს გულისძგერა!


(დედოფალი ახველებს, ცირა შეშინებული განაგრძობს ჩანგურს)


ნანინა, იავ, ნანინა,

ნანაო, ვარდო, ნანაო!

შეშურდა ცისკრის ვარსკვლავსა

თვალების ელვარებაო!

და განთიადი შემკრთალი

შენგან ბნელს ეფარებაო.

სხვა დედას ვის გაუზრდია

ოცნება შენისთანაო?

ხმელეთი საბურთალოდ გაქვს

და ზღვაა შენი სანავო!

მშვენიერების გვირგვინო

და სიბრძნის გამოცანაო!

ნანინა, იავ, ნანინა,

ნანაო, ვარდო, ნანაო!

(მამლის ყივილი მოისმის)


ცირა (შეჩერდება)


მამალი ყივის და ჯერ ამას კი

არ ეძინება!.. ძილი უტყდება.

ტანმა უაზრა! რა ღვთის რისხვაა?

მე აგერ ჩემი გადამიწყდება...


დედოფლის ხმა


ცირა!


ცირა


ბატონო!


დედოფლის ხმა


ვისთან საუბრობ?


ცირა


მარტო გახლავარ! ვამბობდი ლოცვას.


დედოფლის ხმა


ერთი დამღერე და მერე წადი,

შენს მაგიერად დაუძახე სხვას!


ცირა (ჩანგურს უკრავს)


ნანინა, იავ ნანინა,

ნანაო, ვარდო, ნანაო!

ჩამოდი, ძილო, მკურნალად,

წამწამზე დაეკიდეო!

უკეთეს ბინას ვერ ნახავ,

გინდ მოვლო კიდით-კიდეო.

გულს ზეწრად გადაეფარე

და სული დაუმშვიდეო!

ნეტარად დარჩი ნეტართან,

რად გინდა, რომ წახვიდეო?

ნანინა, იავ, ნანინა,

ნანაო, ვარდო, ნანაო!

ნარგიზო გაახლებულო,

უჭკნობო თანისთანაო!

ნანი... (სიმები უწყდება)

სიმები დასწყდა! კარგ ნიშანს ვხედავ!

მისი სიცოცხლის ძაფიც გასწყდება. (ყურს უგდებს)

ჩუ! ხვრინავს მაგრად... ახლა კი დროა

გადასწყდეს ბარემ, რაც გადასწყდება!

(მიდის ფეხაკრეფით. კარებს აღებს და შემოჰყავს ნიკო,

რომელსაც ხელში ხანჯალი უჭირავს).


გამოსვლა მეორე


ცირა და ნიკო


ცირა


სუ! ფრთხილად! ხვრინავს! გულის ძილშია!

დრო ხელს გვიმართავს, დაჰკეტე კარი!..

არ აგითრთოლდეს ხელი! გაზომე

და ეგ მახვილი ისე ჩაჰკარი!

გაუპე გული და იქ იპოვნი

ჩემს სიყვარულსა, ჩემს ერთგულებას!

და იმ წამიდან მონად თაყვანს ვცემ

შენს ბატონობას და შენს უფლებას!..


ნიკო


საკვირველია! ქალი მასწავლის,

თუ როგორ უნდა ხანჯლის ხმარება!

მხდალიც რომ ვიყო, გამაგმირებდა,

ნაცვლად რომ მელის, ის ნეტარება! (მიდის საწოლისკენ)


ცირა (აშფოთებული)


ოჰ, ღმერთო ჩემო, ძნელი ყოფილა

ადამიანის გამომეტება!

შურისძიებით აგზნებული ვარ

და სიბრალულის ცეცხლი მედება!..

ვეღარ ვუყურებ... (თვალს არიდებს, კუთხისკენ მიდის)


ნიკო (ახდის ფარდას და გაოცებით)


ამას რას ვხედავ?!

თვით ციურ მნათობს, ქვეყნად ჩამოსულს!

როგორ გაბედავს, რომ მიეკაროს

ცივი მახვილი ამის მკერდს და გულს?! (გავარდება ხანჯალი)


დედოფალი (გამოიღვიძებს)


ჰა, ვინ ხარ შენ აქ? ვინ შემოგიშვა?

როგორ გაბედე... შე უბედურო?!

(ნიკო დიდხანს მიაჩერდება და ღელავს...

დედოფალი აღტაცებით უცქერის)

შვენის მამაკაცს გამბედაობა!

აგირჩევია შესაფერი დრო!


ნიკო


დამნაშავე ვარ! უბრძანეთ მომკლან,

მე, ცხენის კუდზე გამოსაბმელი!


დედოფალი


ტრფობის წყურვილით აღტაცებულო,

შენი კუბოა ეს სარეცელი. (ააყენებს და მოხვევნას

უპირებს)


ცირა


რა ამბავია? ამას რას ვხედავ?

კიდეც ეხვევა... მევე გამწირა... (დაავლებს ხანჯალს ხელს)

შერცხვეს, ვაჟკაცო, შენი ღალატი,

აწ პასუხს მოგთხოვსთ ორივეს ცირა!

(მიაშურებს ხანჯლით. დედოფალი დაიკივლებს. ნიკო ცირას

ხელში ეცემა. ხმაურობაა. მეფე შემოვარდება ამალით).


გამოსვლა მესამე


მეფე, დედოფალი, ცირა, ნიკო,

სახლთუხუცესი და ორი თავადი


მეფე


რა ამბავია? ღალატი რამე?

სად არის მტერი? ვინ არის, ვინა?


დედოფალი


ცირას უნდოდა ძილში მოვეკალ

და ამ ჭაბუკმა გადამარჩინა!


ცირა


სტყუის, მეფეო! სასიყვარულოდ

ის დედოფალთან შემოიპარა!

მე ვერ შემნიშნა, სურვილმა ფარდა

ცოდვილ თვალებზე გადააფარა.

მე მატყუებდა და დედოფლისთვის

უცემდა თურმე ბოროტი გული!..

მიტომ მინდოდა მაგის სიკვდილი

და მიველ ხანჯალამოღებული.

მაგრამ უმტყუნა სხეულმა ჩემს გულს:

ვერ მივატანე ძალი და ღონე!

მოღალატეა შენი ეგ ცოლი,

მეფეო, ვამბობ და გაიგონე!


მეფე


ვაი სირცხვილო! (ზარდაცემულია)


ხალხი


შეურაცხყოფა! (ხანგრძლივი სიჩუმეა)


დედოფალი (მეფეს)


დრო არის, ვგონებ, რომ დააჩუმოთ!.. (კარისკაცებს)

შეთქმულთაგანი თუ აქ ვინმე ხართ,

დრო ხელს გიმართავსთ, რომ თქვენც უმოწმოთ!

ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა! ეს მომიგზავნეს!..

შეთქმული სხვებიც ბევრი იქნება

და გამოჰკითხეთ!..


მეფე


შეჰკარით ცირა!

უნდა ასრულდეს დედოფლის ნება!


ფარდა.


მოქმედება მეხუთე


გამოსვლა პირველი


მსაჯულთუხუცესი, სახლთუხუცესი

და მასხარა


მსაჯულთუხუცესი


დღეს რაღას ატყობ?


სახლთუხუცესი


მისთანა შენს მტერს!..

სევდა თანდათან უფრო აწვება!

თვალში სიყვითლეც შემოჰპარვია!..

უნდა გამოვტყდე, რომ მეეჭვება!


მსაჯულთუხუცესი


მოწყალე არის ღმერთი მაღალი!

ყოფილა კვლავაც მაგგვარად ავად!

ნაღვლიანებმა ეგრე იციან...

გულს გადაიყრის თავისვეთავად.


სახლთუხუცესი


სულ კარგად იყო, როცა მდივანმა

შემოუტანა მას განჩინება...

მაშინ დიდებულ სახეზე მხოლოდ

გამოეხატა მას მრისხანება...

და მოინდომა, როგორც შევატყვეთ,

იმ განჩინების სრულად დახევა,

მაგრამ იმავ წამს გაჩნდა თამარი,

როგორც ადამის წინაშე ევა;

მეფეც შეჩერდა... აღარა სთქვა რა,

განჩინებაზე დასვა ბეჭედი

და მგოსნის ბედთან შეერთებულად

გარდაიწყვიტა მან თვისიც ბედი.

მას ზედ დაერთო იმღამინდელი

მოულოდნელი ცუდი შემთხვევა

და იმის გამო ჭმუნვის ძაფებად

იჭვები, შემკრთალს, გულზე ეხვევა.

არ იცის რა ჰქნას! არეულია

მისი ორგვარი გულისაძგერა:

ხან დარწმუნდება ყოველიფერზე

და ხან სრულიად აღარა სჯერა.

დაკეტილში ზის, არც სვამს, აღარც სჭამს,

ჯერ რიგიანად არც სძინებია!

და მიკვირს, რომ დღეს ჩვენი მოყვანა

ყველასი ერთად უბრძანებია.


მსაჯულთუხუცესი


ვნახოთ რას გვეტყვის! (მასხარას) შენ რაღა გინდა?

შენც დაგიბარა მეფემ, ეგება!


მასხარა


დიახ! და თუ თქვენ ვერა არგეთ რა,

მაშინ კი რიგი ჩემზე მოდგება!..

(ხელს აშვერს მსაჯულთუხუცესს)

სულის მკურნალი, (სახლთუხუცესს) გულის ვეზირი

და სათვალყურო ცეტი, მასხარა,

სამნივე ერთად რომ განაგებდენ

საქვეყნო საქმეს... ვგონებ, რომ კმარა!

თორემ, ხომ იცით, კარისკაცები

რაც რომ მეტია, უფრო ცუდია:

თავი არც ერთის არ იხედება,

ერთიმეორის მხოლოდ კუდია!

და ერთი კუდი თუ გაქიცინდა,

სხვებიც მას ჰბაძვენ, იმ ერთს სთანხმობენ,

და სასწაულიც მათი ის არის,

რომ ხმელსა სწვავენ და ნედლს ახმობენ.

აი, გუშინაც მართლმსაჯულებმა

კუდის ქიცინით თავი მოღალეს,

და მათ გაუწყრეს წმინდა გიორგი,

რომ მით გიორგი მეფე გაღალეს!

თვალნაკრავია, მაგრამ მოიხდის,

გამობრუნდება, მაქვს ღვთის იმედი!

თუ რომ მიბრძანებთ, გამოვულოცავ!

სხვა საქმე არ მაქვს, მისთვის მოვედი.


მსაჯულთუხუცესი (წყენით)


თავთავის დრო აქვს სუყოველისფერს!

ნეტავი შენ, რომ არაფერს ჰფიქრობ!


მასხარა


ფიქრი რად მინდა? დარბაისელი

არცა ვყოფილვარ და არც ვაპირობ!

ბრძენი რომ ვიყო, ადრე დავჭკნები,

მასხარა რომ ვარ, გვიან ვბერდები!


სახლთუხუცესი


კმარა! გეყოფა! თავს ნუ აიშვებ,

თორემ უდროვოდ კადნიერდები!


მასხარა


უკაცრავად ვარ! სულ მავიწყდება,

რომ მასხარა ვარ დარბაისლებთან,

ისე უძლური და საცოდავი,

როგორც რომ კრავი დიდებულ მგლებთან.

ჩემი სიტყვები რა სიტყვებია?

ან ჩემი რჩევა ვის ეკადრება?

მაგრამ... სუ! აგერ ფეხის ხმა ისმის...

ბატონი მეფე თუ მობრძანდება?


(ადგებიან და კუთხისკენ მივლენ)


გამოსვლა მეორე


იგინივე და მეფე (დაღონებული)


მეფე (თავისთვის)


ქალის დაკირვა! მგოსნის სიკვდილი!

ვგონებ, ავჩქარდი ჩემის დასტურით!

განა ყოველთვის მართალი არის

თვალით ნანახი, ნასმენი ყურით?!

გურული იმ დროს დედოფლის სახლში

როგორღა გაჩნდა! ვინ შეიყვანა?

თუ რომ ღალატის გამხელა სურდა,

მე ვერ მეტყოდა წინდაწინ, განა?

ეგებ მგოსანიც... ჰმ! მაგრამ არა!

ცხადად დაედვა პირდაპირ ბრალი,

მაგრამ მე მაინც ავჩქარდი მაზე

განრისხებული, უზუმოდ მწყრალი...

როგორ გავწირე და გავიმეტე

მესაიდუმლე და მეგობარი?..

ავჩქარდი... შევცდი... მაგრამ რაღა დროს?..

გვიანღა არი!.. გვიანღა არი!.. (დაინახავს სხვებს)

აქა ყოფილხართ? დილა მშვიდობის!

გამარჯვება კი არავის ეთქმის

ახლანდელ დროში, როცა ყოველ კაცს

სისხლი სწყურია მისივე მოძმის.


მსაჯულთუხუცესი


ბატონო მეფევ!


მეფე


სად არის მეფე?

მე ვიყავ მხოლოდ ერთ დროს მთავარი;

ვკახაბერობდი მორჭმით მჯდომარე,

რკინის პალოზე მედვა საზღვარი;

მაგრამ, როდესაც ეს იმერეთი

ხელში ჩავიგდე და მით გავმეფდი,

მაშინ უკუღმა გადავიბრუნე

ჩემი დიდება და ჩემი ბედი.

დიდ მოურავის კვალში მიმყოლი,

ქართლს დავიხსნიდი მტრისგან, მეგონა;

სჯული უარვყავ, გავტეხე აღთქმა,

და თვით მე გავხდი დიაცის მონა.

ფუი ჩემს ულვაშს! (ჩაფიქრდება)


სახლთუხუცესი


ბატონო მეფე!


მეფე


განა მეფობა ეთქმის ცოცხლად მკვდარს?

მეფე რომ ვიყო, სხვისი ბრძანებით

გავიმეტებდი განა მეგობარს?!

მაგრამ ძნელია მრუდე გვირგვინი!

ბოძად და სვეტად იდგამს ქვეყნის ხმას

და მსხვერპლად სწირავს საკუთარ სურვილს,

კერძო განზრახვებს და ტკბილ გულისთქმას. (ჩაფიქრდება)


მსაჯულთუხუცესი


ნეტავ, თქვენ რა გაქვსთ სასინანულო,

რომ აჰყოლიხართ შემცდარ გულისთქმას?

“გული მეფეთა ხელთა უფლისა!”

თქვენ დაეთანხმეთ მხოლოდ ქვეყნის ხმას.


მეფე


და დავიბანე პილატებრ ხელი,

რომ ავიცილო თავიდან ბრალი?

ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა! მაშ შინაგანი

აღარ ჰქონია სინიდისს ვალი?

ეჰ, სახლთხუცესო! სად არის ჩვენი

ის ადრინდელი სულ-ხორცის ძალა?

დრომ უკუღმართმა გადაცდუნებულს

ყველა ხელიდან გამოგვაცალა!


სახლთუხუცესი


ბატონო ჩემო, თქვენს მოხუც გამზრდელს,

შემყურეს თქვენის ბედნიერების,

ნება ჰქონია ყოველთვის თქვენთან

სიმართლის დროზე კადნიერების.

ახლაც გავბედავ: უმჯობესია,

რომ ჯერ დააცხროთ გულისა ვნება,

ცოტა გაერთოთ და მერე უფრო

სხვა რამეს გირჩევს თქვენი გონება.

არა არის რა ხომ უსაშველო?

დღეის შეცდომა ხვალ გასწორდება,

თუ საცადისი ჭკუა-გონების

კაცს ისევ შერჩა და არ შორდება.


მასხარა


ზოგი მეც მკითხეთ რამე, ბატონო,

დარბაისლებმა რაც ბრძანეს, კმარა...

ჩანგურს ჩამოჰკრავს ჩვეულებრივად

და მოგახსენებსთ რამეს მასხარა.


მეფე


შენც ნახირ-ნახირ, ჩემო მასხარა?


სახლთუხუცესი


სთქვი რამე, მეფე რომ გააცინო!


მსაჯულთუხუცესი


ისა სჯობია, სიმებს ჩამოჰკრა

და დაამღერო რამე სალხინო.


მეფე


რა ჩურჩულია?


მსაჯულთუხუცესი


ამ თქვენს მასხარას

უნდა ჩანგურზე დააღიღინოს!


მეფე


კარგი იქნება, უძილარი ვარ

და ცოტა, ეგებ, მეც წამეძინოს. (თავს მისდებს მუთაქაზე)


მასხარა (ჩანგურზე ამღერებს “ოდელას” ხმაზე)


“მაღლით ცეცხლის წვიმა მოდის,

დაბლა დგება სისხლის ღვარი.

ცა და მიწა გადაბრუნდა,

გაგვისწორდა მთა და ბარი!

მწყერს მიმინო შეუშინდა,

კურდღელს — მწევარ-მეძებარი;

შევარდენი შეაშინა

მტრედმა, დასცა შიშის ზარი!

ძმა ძმას სწირავს, მამა — შვილსა,

მეგობარსა — მეგობარი”.


სახლთუხუცესი (ხელიდან ჰგლეჯს ჩანგურს)


დღეს შენ, მგონია, გადარეულხარ!

რაებს იმღერი მაგას, მასხარა?!


მეფე


არა... ამ ჩემს გულს ეგ უკეთ ხვდება...

ნუ აწყვეტინებ! განაგრძე ჩქარა!


მასხარა


“ცაო! ცაო! მოიწმინდე,

დაგვიყენე ისევ დარი!

შევარდენო, ფრთა გაშალე,

ცის კამარას თავი ჰკარი!..

მეგობარო, მოიგონე

გულითადი მეგობარი!

უსამართლოდ საკანში ზის

გაწირული ცოცხალ-მკვდარი,

მოსთქვამს ქვეყნის ურიგობას,

კვნესის, სტირის მისი ქნარი!

ამას ასე მოგახსენებსთ

დღეს მასხარა ენამწარი,

ნუ შერისხავთ მართლისათვის!

გესმისთ მისი ნაუბარი?”


(მეფე წამოვარდება, მსაჯულთუხუცესი და სახლთუხუცესი შეშინდებიან)


მსაჯულთუხუცესი

სახლთუხუცესი


ბატონო!


მეფე


გესმისთ თქვენ ეს სიმღერა?..

მადლობელი ვარ, ჩემო მასხარა!

შენმა სიტყვებმა ჭმუნვის ღრუბელი

გამიქარწყლა და გულს გადმიყარა.

ახლა კი ვხედავ, სასახლის სენი

ცუდი სახადი შესაყარია!

თურმე ეს ჩემი ჭკუა-გონებაც

იმან მოხიბლა, არივ-დარია,

მაგრამ აწ კმარა! ისევ მეფე ვარ,

მეფე ვარ, მეფე, გვირგვინოსანი!

და თანაშემწედ ორი კაცი მყავს:

ერთი მასხარა, ერთიც მგოსანი.

სახის სიცილით, გულის ტირილით,

პირველი ურევს მარილსა და ძმარს,

და მეორე კი თვისვე ცრემლებში

ილესავს ნაღველს და აწოვებს ქნარს!

სამკურნალოა სნეულ ქვეყნისთვის

მხოლოდ იმათი სიტყვა, სიმღერა!

დანარჩენების სიტყვა-პასუხი

საცბიეროა და არა მჯერა!


მსაჯულთუხუცესი


მაღალო მეფე! ნუ დაივიწყებთ,

რომ ერთგულები სხვებიც არიან!


მეფე


მაგრამ სიმართლეს ვერა ჰბედავენ

და ცბიერებას თავებს უხრიან!

მითხარ, სად იყვნენ ეს ერთგულები,

როცა მგოსანი ერთხმად გასწირეს?


სახლთუხუცესი


ზოგი გამოჩნდა წინააღმდეგიც,

მაგრამ რა ექნა ნაწილსა მცირეს?

სამღვდელოების უმეტესობა

ბატონ გენათელს ურცხვად მიემხრო

და წულუკიძემ შორს მყოფ წერეთელს

საუკუღმართოდ შეურჩია დრო.

მხოლოდ შემთხვევით იმ სამსჯავროში

მოგროვდა ორგულთ უმრავლესობა.

და ნუ მრისხანებთ საყოველთაოდ!

ისარი ყველას გულს რად ესობა?!


მსაჯულთუხუცესი


გლოვის ზარივით გაისმა ხალხში:

“მგოსანს სიკვდილი გადუწყვიტესო!”


მეფე


და არ ამბობენ: იმ განჩინებით

მეფესაც გული გაუხვრიტესო!


მასხარა


ვინ გაბედავდა! უცაბედად კი

ამას მოვკარი აქა-იქ ყური:

“დარბაისლების უწმინდურ სურვილს

როგორ მისცაო მეფემ დასტური?”


მეფე


გვიანღა არის! რაც მოხდა — მოხდა!

სიტყვა მეფისა არ შეიშლება!

წყეული იყოს ამგვარი ძალა

და შეუცვლელი ჩვენი უფლება. (ჩაფიქრდება).


მსაჯულთუხუცესი


ბატონო მეფევ! ერთს რამეს გირჩევთ,

და ნუ შემრისხავთ, მომეცით ნება!

თქვენ შეგიძლიათ სიტყვა გასტეხოთ

და სიტყვის შეცვლა როდი იქნება.


მეფე


გამოცანაა! რაღას უყურებ?

რატომ არ გვეტყვი, თუ იცი რამე?

გოჩას გამოხსნა რომ გულით მინდა,

ღმერთია, იცი, ამის მოწამე.


მსაჯულთუხუცესი


მოგეხსენებათ, მეფევ, თქვენც, ვგონებ,

მეფე დარეჯნის ყოფა და ქცევა;

მის დროს აგვაღო უფალმა ხელი,

მოგვაკლო მაღლით მისი კურთხევა.

ის დრო საზარი მოღალატობის

დღესაც კი უღლად აწევს ჩვენს მხარეს;

საქრისტიანოს ტკბილი სავანე

მან დაამსგავსა ოხერ სამარეს:

ასტეხა ხალხში შური და მტრობა,

უკუღმა სცარა ჩვენი ქვეყანა;

გასწყდა კავშირი სისხლ-ხორცობისა,

ძმას აღარ ჰქონდა ძმისა გატანა!

ქვეყნის გაწირვით და ორგულობით

იხვეჭდენ კერძო ბედნიერებას.

სხვადასხვა მუხლებს ბოროტებისას

სწავლობდენ თითქოს მეცნიერებას.

ტახტზე ასული ფარისევლობა

სისხლით და ცრემლით შავ პირს იბანდა;

და დღევანდელმა დღემ არ იცოდა,

თუ ხვალინდელი რას მოიტანდა.

მაშინ გავიდა ხალხში მგოსანი,

საერო ცრემლით ჩანგზე დამღერა

და ხალხის გული მიძინებული

გამოაფხიზლა და ააძგერა.

მათში ერია ლასხიშვილიცა,

ჭაბუკი ვინმე, მოსამსახურე,

პირისფარეში თვით დარეჯანის,

დარბაზის მცველი და მეთვალყურე.

ვითა მირონი წმინდა ტრაპეზზე,

გულზე ეწვეთა სიტყვები მგოსნის

და ჩაუსახა მტკიცე სურვილი

თავის გაწირვით ქვეყნის გამოხსნის.

ყურში ჩაედგა მგოსნის ყვედრება,

ელანდებოდა საერო საბჭო,

სანამ ხანჯალი დროს შემრჩეველმა

დარეჯანს გულში მარჯვედ არ არჭო.

აღელდა ხალხი, მაგრამ დედოფალს

არვინ იგლოვდა, არვინ სტიროდა.

“ადიდოს ღმერთმა მეფე ბაგრატი!”

ერთპირად ყველა ამას ჰყვიროდა.

დედინაცვლისგან დაბრმავებული,

უსამართლოდ ტახტ-ჩამორთმეული,

გამეფდა ბაგრატ და სიმართლისთვის

ხალხს მოუბრუნა ისევე გული.

მაშინ მოიხმო მეფემ მგოსანი

და სთქვა: “მგოსნობის ვცანით ძალიო!

რაც გინდა, გვთხოვე და აგისრულებთ,

რომ გადვიხადოთ შენი ვალიო!”

გოჩამ ეს ჰკადრა: “ქვეყნის დიდება

მგოსნისთვის არის მეტი ტვირთიო!

რა საჭიროა მღელვარე ზღვისთვის,

რომ მიემატოს ზვირთზე ზვირთიო?”

მაგრამ ბაგრატმა გაიმეორა:

“ჩვენ მოვალე ვართ მაინც შენიო.

და, თუ რამეს გთხოვ, ჩვენც აგისრულებთ,

ეს იყოს ჩვენი განაჩენიო”. (გაჩუმდება)


სახლთუხუცესი


მერე, სხვა რაღა?


მსაჯულთუხუცესი


სხვა არაფერი,

ამით გათავდა მათი მოყვრობა.

რომ მიიცვალა მეფე ბაგრატი,

პირობად დარჩა ისევ პირობა!..


მეფე


კეთილი, მაგრამ მკვდარი მოვალე,

კუბოში მწოლი, რას არგებს ცოცხალს?

საიქიოდან გვირგვინოსნები

რომ ვეღარ სჭრიან ქვეყნად სამართალს?


მსაჯულთუხუცესი


მაგრამ ისინი, ვინც მათს უფლებას

ხელში იგდებენ და მეფდებიან,

თუ პირობასაც არ იკისრებენ,

ქვეყნის შეხედვით ყოვლად სცდებიან.


მეფე (აღტაცებით წამოდგება)


ჩემო ერთგულო და გონიერო,

გალაპარაკებს მაგას განგება!

მაშ შევასრულოთ, გონზე მოსულმა,

ჩვენი სურვილი და ჩვენი ნება.

სახლთუხუცესო! ბოქაულთხუცესს

შენ გადაეცი ჩვენი სურვილი:

საპყრობილედან გამოიყვანოს

და აქ მომგვაროს შემცოდე შვილი! (სახლთუხუცესი მიდის)

ჩვენ უნდა თვითონ გავასამართლოთ

როგორც რიგი და როგოც წესია!

ყველა მას მომკის საშვილიშვილოდ,

რაც რომ თვითონვე დაუთესია. (მასხარას)

ჩემო მასხარა! განა შევარდენს

არ ჰშვენის, ხოხობს რომ შეუშინდეს?


მასხარა


უმჯობესია ფრთები გაშალოს

და ცხრა მთას იქით მისთვის გაფრინდეს.


მეფე


მიინავარდოს, მოინავარდოს,

ფრთა ფრთას შემოჰკრას, ცას ჰკრას კამარა!..

ეჰ, თავმან ჩემმან, შევარდნობა სჯობს!..

ძერა-კუდობა ამდენი კმარა!

შენ რაღას იტყვი, ჩემო მსაჯულო?


მსაჯულთუხუცესი


“გული მეფეთა ხელთა უფლისა!”

იყავ კურთხეულ ამიერიდან

მფარველი ქვეყნის და ქვრივ-ობლისა!


გამოსვლა მესამე


იგინივე და მგოსანი


(შემოდის. მეფე თავჩაღუნულია. საზოგადო სიჩუმეა)


მგოსანი


აქა მშვიდობა!


მეფე


წინ წამოდექი!

იცი, რად გიხმეთ?


მგოსანი


რა მოგახსენოთ!


მსაჯულთუხუცესი


რაც რომ სამსჯავრომ გადაუწყვიტა,

რიგი თქვენია, უნდა უბრძანოთ!


მგოსანი


შეტყობილი მაქვს, საპყრობილეში

მე ცირას სიტყვებს მოვკარი ყური. (მწარე ღიმილით)

მსაჯულთ სიკვდილი გადამიწყვიტეს

და მეფემაცა დართო დასტური.


მსაჯულთუხუცესი


დიახ, რადგანაც უმეტესობამ

გიცნო ქვეყნის და მეფის ორგულად.


მგოსანი (გაანჩხლებით)


ვინც ეგ იფიქრა ჩემზე, ეტყობა,

რომ ის ჭკუაზე შემცდარა სრულად.


მსაჯულთუხუცესი


როგორ? არა გაქვს დანაშაული

და ხმა ერისა ცრუდ ღაღადებდა.

როდესაც ის შენ, შეურაცხყოფილს,

სასიკვდილო ბრალს თავზე გადებდა?


მგოსანი


თუ ისე მკითხავთ, ვით სასიკვდილოდ

გამზადებულებს მათი მოძღვარი,

მარტოობაა მაშინ საჭირო

და მოწმედ მხოლოდ თვით მაცხოვარი.

და თუ პასუხს მთხოვთ, როგორც მსაჯული,

გვიანღა არის გასამართლება,

რაკი ერთხელვე დამნაშავედ მცნეს

და მათ მეფემაც ზედ დართო ნება.

სიკვდილი მელის, გაწყვეტილია

კავშირი ჩემი საქვეყნიერო;

არვისთან რა მაქვს თავშესაწყენი,

სასაყვედურო, ან საპირფერო.


მეფე


კარგი, არ გკითხავ, რაც იყო, იყო!

სულ სხვა რამეზე აქ მოგიწოდეთ:

უკანასკნელი შენი სურვილი

შეგვატყობინე, გვინდა ვიცოდეთ.


მგოსანი


ბრძანეთ!


მეფე


როდესაც ბაგრატის ტახტი

ჩვენ დავიმკვიდრეთ და ჩვენ ვიტვირთეთ,

მეფურსა ჩვენსა მოვალეობას

მისი ვალიცა ზედვე დავურთეთ.

როგორც გვიამბო დღეს ქუთათელმა

და ჩვენთავადაც გაგვიგონია,

ბაგრატისაგან სავალდებულო

აღთქმული რამე თურმე გქონია.

ის დაპირება ჩვენზე გადმოდის,

დღეს ჩვენ ხელთ არის იგი უფლება

და გვთხოვე, რაც გსურს, მეფური სიტყვა,

ერთხელ ნათქვამი, არ შეიშლება.

(სიჩუმეა, მგოსანი ხმას არ იღებს)


მსაჯულთუხუცესი (მგოსანს)


რაც მოგანიჭეს, ვერ გაიგონე?

ხომ გესმის, მეფე რასაც გიბრძანებს?

(მგოსანი ხმას არ იღებს)


მასხარა


რატომ არ ითხოვს თავისუფლებას?

ნეტავ ვიცოდე, რას აგვიანებს?


მეფე


ითხოვე, რაც გსურს! ჩვენ მოვალე ვართ,

რომ შევასრულოთ ის შენი ნება.


მგოსანი (ხანგრძლივი აღელვების შემდეგ)


მაშ ვითხოვ: მეფევ, ცირას ნუ დასჯი!

იმას არა აქვს დანაშაული;

მე მოვამზადე ის საღალატოდ,

მე ავუღელვე უმანკო გული. (ყველა შეკრთება)


მსაჯულთუხუცესი (თავისთვის)


რა სთქვა?


სახლთუხუცესი


რას ამბობს?


მასხარა


გაგიჟდა სწორედ!


მეფე


ღალატი?


მგოსანი


დიახ, მეც იქ ვერიე,

გამოვტეხილვარ, ვამბობ მეორედ!


მეფე


ნუთუ შენც?..


მგოსანი


დიახ, მაგით გვინდოდა

წამებულ ქვეყნის წამოყენება,

მაგრამ არ მოხდა... და ჩემზე აწ-კი

ასრულდეს შენი ძალი და ნება!


მეფე (დიდიხნის სიჩუმის შემდეგ)


მაინც ვერ გავტეხთ ჩვენს მეფურ სიტყვას!

თუ ითხოვ, ეგეც გეპატიება.


მგოსანი


მე მხოლოდ ვითხოვ უფლების ძალით:

უბრალოდ ცირა ნუ დაისჯება.


მეფე


შენ მხოლოდ შენთვის უნდა ითხოვო,

სხვის შესახებ კი არ შეიძლება.


მგოსანი


არა, მეფეო, უარს ვერ მეტყვით,

მონიჭებული მაქვს ეგ უფლება.


სახლთუხუცესი


კი, მაგრამ შენთვის ვეღარას ითხოვ.


მგოსანი


მე ჩემთვის რა მაქვს აქ სათხოვარი?

უმჯობესია, რომ მოკვდეს კაცი,

ვიდრე ცოცხლობდეს ვით ცოცხალ-მკვდარი!

ჭკუით ურწმუნო და გრძნობით უნდო,

გულგატეხილი რაღა კაცია?

კაცს მაშინ ჰშვენის ქვეყნად არსება,

თუ ცხოვრებაში ის მამაცია!


მეფე


გვითხარი, მაინც, შენში რამ აღძრა

მაგგვარი სასოწარკვეთილება?


მგოსანი


იმანვე, რამაც სხვებს გაუღვიძა

სხვის საბოროტო კმაყოფილება.

ჭაბუკობიდან მე გულში მედვა

ერთი ანდერძი, ერთი იმედი...

ის იყო ჩემი წმიდა-წმიდათა,

ჩემი სულისდგმა და ჩემი ბედი...

ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეს,

ვფიქრობდი, ვნახავ შეერთებულად,

დავით, გიორგის და თამარის დროს

ერთ საქართველოდ აყვავებულად.

(მეფეს სახე ეშლება, მგოსანი შესჩერებია მეფეს)

ამ ტკბილ ოცნების და წრფელ ზრახვების

ორი სხვაც მყავდა თანამოაზრე:

თვით გურიელი, დიდი მთავარი,

და ჯუმათელი, სჯულის სიმდიდრე.

თვალწინ მეხატვის მაღალი გორა,

ზედ აგებული წმინდა ტაძარი

და იმის გვერდით, თავმომწონებით

შტოებგაშლილი დიდი ჭადარი.

იქ, იმ ჭადრისქვეშ, სამივეს ერთად

საქვეყნო ბევრი რამ გვირჩევია

და სამშობლოზე გულაჩვილებულს

ცრემლებიც ერთად დაგვიფრქვევია.

ასე ვფიქრობდით: ჩვენ ერთ სამეფოდ

გავხდით იმერეთს შეერთებულსო,

და ხელს მივაწვდენთ ძმურად ქართლ-კახეთს

შაჰ-აბაზისგან აოხრებულსო.

მხოლოდ იმისთვის გმირმა მთავარმა

სჯული გასტეხა და იქორწილა

და ცოდვა მისი საშვილიშვილო

თანამზრახველებს გაუნაწილა.


მეფე (წყენით)


ნამეტანს ამბობ, ნუ დაივიწყებ,

მოთმინებასაც რომ აქვს საზღვარი!


მსაჯულთუხუცესი (მგოსანს)


უადგილოა და უსარგებლო

ეგ მოგონება და საუბარი.


მგოსანი


რაღად დავფარო, ვის მოვერიდო,

მე სასიკვდილოდ გამზადებული?

საიდუმლო ხმა მალაპარაკებს

და ეს ხმა არის ჯუმათლის სული.

ის მოკვდა, თუმც კი სული აქ ბრუნავს,

საქართველოსთვის თავგანაწირი.

მეფე აღარ ჰგავს პირვანდელ მთავარს

და მე რაღა ვარ ამ ქვეყნად მწირი?

რო მოვკვდე, მიჯობს, სასოწარკვეთილს

თავი არ მიღირს არცა ერთ ჩალად!

ნეტავი სხვებსაც არ ვუყურებდე

სხვის ყურმოჭრილ ყმად და მაჩანჩალად!


(მეფე შეიჭმუხვნება)


წავალ, მივმართავ იმ წინაპართ გუნდს,

სამშობლოს მსხვერპლად რომ შეწირულან,

და, თუმც საფლავიც არ ჰღირსებიათ,

მაგრამ ჩვენს გულში კი დამარხულან.

მეც ერთად მათთან, თუ ღირსი გავხდი,

ცრემლებს გადმოვყრი საამქვეყნო ძღვნად,

რომ ის ცრემლები აქ დანთხეულს სისხლს

წმინდად დაერთოს ციურ მანანად

და აღმოცენდეს მით საარსებო,

საზრდო რამ ჩვენის შვილისშვილების,

რომ ისინიც კი, წმინდად მიმღები,

ვით ზიარების იმ ნაწილების,

იმსჭვალებოდენ წინაპრებსავით

მათი სამშობლოს სადიდებელად,

და ღვაწლი მათი საშვილიშვილოდ

გადასცემოდეთ საგალობელად... (სიჩუმეა)

მშვიდობით, მეფევ! შენ აქ დარჩები

სამეფო ტახტზე მონად მჯდომარე!

მე კი მეფურად შევხვდები სიკვდილს!

დარბაზის ნაცვლად მელის სამარე.


გამოსვლა მეოთხე


(შუაკარებიდან შემოვა დედოფალი, გვირგვინითა

და სადედოფლო სამკაულებით აღჭურვილი. ცირა

თან შემოჰყვება)


დედოფალი


არ შეიძლება! შეაჩერეთ ეგ!

მგოსანს არა აქვს, იცოდეთ, ბრალი!

ვით დედოფალი, ახლა ვამტკიცებ,

რომ მტყუანია მაგასთან ქალი!..

(ყველანი ზეზე წამოცვივდებიან შეშფოთებით).


ყველა


დედოფალია!


მსაჯულთუხუცესი


და მასთან ისიც.


დედოფალი


ვინც გამიმეტა და ვინც გამწირა!

დიახ, ვბრძანე და გამომიყვანეს

საპყრობილედან შემცოდე ცირა!


მეფე


ამას რას ვხედავ?!


დედოფალი


კარებზე მომდგარს

მესმოდა თქვენი წრფელი მსჯელობა.

პირველად მხიბლავს ჭეშმარიტება...

ვიგრძნე სიმართლის უეჭველობა!..

წარსული ჩემი ბნელში მავალი

გადავაყოლე შემცდარ გულისთქმას,

მაგრამ უეცრად ბუნებაცვლილი

აწ ვემონები უმაღლეს აღთქმას.


მეფე


თამარ!


დედოფალი


მეფეო! გცოდე, როგორც ქმარს,

და, როგორც მეფეს, მოგფინე ბნელი!..

შემცოდე ცის და ქვეყნის წინაშე

შენდობას ვითხოვ მაგდალინელი...


(დედოფალი ხელიდან ბეჭედს იძრობს. საზოგადო აღშფოთებაა)


მსაჯულთუხუცესი


ღმერთო ძლიერო!..


მგოსანი (აღტაცებით)


აი, სად ვხედავ

მე სათაყვანო მშვენიერებას!


დედოფალი


ის, ვინც სიცოცხლით ვერ გამაძღარა,

სიკვდილით იგრძნობს სრულ ნეატრებას!


(ახდის ბეჭედს თავს და შესწოვს)


ცირა (შეჰკივლებს და მივარდება)


საწამლავია!


ყველა


საწამლავიო?!


მეფე


ჩქარა მკურნალი!..


დედოფალი (ღიმილით)


ვეღარ მიშველის!

ამაღლდი, მეფევ! ჩემის სიკვდილით

ჩვენი ქვეყანა შენგან ხსნას ელის!.. (სუსტდება)


მეფე (მივარდება აჩქარებით)


თამარ!


დედოფალი


მშვიდობით!.. ეს საწამლავი

ელვასავით სჭრის... ცეცხლი მედება!

ვიწვი! ოჰ, წყალი!.. მეფეო, მგოსანს

ნუ მოიშორებ... ქვეყნის... დი... დება.

ოჰ, ოჰ, მშვიდობით!.


მგოსანი


რა დროსა კვდება!


ფარდა.


1885 წ.

აკაკი წერეთლის პოემები

გამზრდელი · თამარ ცბიერი · თორნიკე ერისთავი · ნათელა ·