(ვჭვრეტ სიყვარულით...)

(ვჭვრეტ სიყვარულით...)
ავტორი: ანა კალანდაძე
1945 წელი


ვჭვრეტ სიყვარულით
შენს დაღარულ სახეს, დიდებულს,
ერთ დროს ვნებიანს...
შენი ოთახი ჰგავს ბიბლიურ ნოეს კიდობანს
და მას ყორანნი თავს ევლებიან...
მე ვგრძნობ,
ტალღები ამ კიდობანს როგორ არყევენ,
ჩემო ბებია!..
რად სევდიანნი შენს სარკმელთან დგანან არყები?
კაეშანი დაუფლებიათ?
ისას შემვედრე, გარდამსახე პირჯვარი შენი,
მო, დამიამე, მითხარ, მიიამბე კაეშნით მოცულს
და ობლად შთენილს
დამიყვავე და მომეფერე, ჩემო ბებია:
მე შხამი მასვეს...
ხედავ,
გუნდ-გუნდად
ყვავ-ყორნები თავს მევლებიან?
მგლოვობენ ასე!
ვჭვრეტ სიყვარულით
შენს დაღარულ სახეს, დიდებულს,
ოდეს ვნებიანს...
შენი ოთახი ძველს, ბიბლიურ ნოეს კიდობანს
შენც არ გაგონებს?
მე რა მაღონებს?
გეტყვი, ბებია!