შუშანიკის წამება
ავტორი: იაკობ ცურტაველი
„წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ არის იაკობ ცურტაველის (ხუცესის) მიერ დაწერილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. ეს არის ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლი ქართული მხატვრული ლიტერატურისა. დაწერილია მე-5 საუკუნის 70-იან წლებში. ავტორი მონათხრობ ამბავთა თვითმხილველი და მონაწილეა.


თარგი:სარჩევი მარჯვნივ


იყო, მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ძჱ არშუშაჲსი, რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ. და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპაჲსპეტისაჲ, რომლისათჳს-ესე მივწერე თქუენდა, მამისაგან სახელით - ვარდან, - და სიყუარულით სახელი მისი - შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით.

და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაჲსა მარადის გულს-ეტყჳნ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის-ყოფად მისთჳს. რაჲთამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა და იქმნამცა გონიერებასა ქრისტესსა.

ხოლო ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე ვინ თქუას ყოვლად განწირულისაჲ, ვითარ-იგი განაგდო სანატრელი სასოებაჲ ქრისტესი, ანუ ვინ არა სტიროდის მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახჳლი, არცა პყრობილებაჲ ქრისტესთჳს?!

რამეთუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა, არა თუ პატივისა მოღებისათვის, არამედ ძღუნად თავსა თჳსსა შესწირჳდა მეფისა მის მიმართ, უვარის-ყოფითა ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა და თაყუანის-სცემდა ცეცხლსა, რამეთუ ყოველით კერძოვე თავი თჳსი ქრისტეჲსგან განაგდო.

ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისაგან, რაჲთამცა სათნო-ეყო მეფესა, და ესრეთ ეტყოდა, ვითარმედ: „რომელი-იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა სჯულსა, ვითარცა-ესე მე“. ამას უქადებდა, რომელი-იგი არა აქუნდა ჴელთა შუშანიკისაგან. მაშინ განიხარა მეფემან და ბრძანა ცოლად მისა ასული მეფისაჲ.


2

და იჯმნა მეფისაგან სპარსთაჲსა პიტიახშმან. და ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქვეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და წინამიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო, ვითარცა გუელი, სოფლად შევიდეს. და წარმოჰმართა საიდასპანოჲთა ცხენითა მონაჲ თჳსი. და ვითარცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქჳან ცურტავ.

და ვითარცა მოიწია და შევიდა წინაშე შუშანიკისა, დედოფლისა ჩუენისა, კითხვაჲ ჰრქუა, ხოლო სანატრელმან შუშანიკ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან ჰრქუა: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ, იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ!“. ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყუად მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ აფუცებდა და ჰკითხჳდა დამტკიცებულად. ხოლო კაცმან უთხრა მართალი და ჰრქუა, ვითარმედ: „ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი“.

ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“.

და აღდგა და დაუტევა ტაძარი თჳსი და ღმრთისმოშიშებით ეკლესიად შევიდა და თანა მიიყვანა სამნი იგი ძენი და ერთი ასული და წარადგინნა იგინი წინაშე საკურთხეველისა და ესრეთ ილოცვიდა და იტყოდა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა, მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა!“

და ვითარცა მწუხრისა ჟამი აღასრულეს, სახლაკი ერთი მცირე პოვა მახლობელად ეკლესიასა და შევიდა მუნ შინა სიმწარითა სავსე და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა.


3

ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისა მის პიტიახშისაჲ, რომელსა სახელი ერქუა აფოც, არა მუნ იყო, არამედ კაცისა ვისამე წმიდისა ვანად მისრულ იყო კითხვად რაჲსამე სიტყჳსა. და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანავჰყვანდი ეპისკოპოსსა მას. და მყის მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი - მოსლვაჲ პიტიახშისაჲ და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითაი ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათ ჩუენთა წარმოჩინებისათჳს.

ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე დაბასა მას, რომელსაცა იყო ნეტარი შუშანიკ. და ვითარცა ვიხილე იგი განმწარებული, მეცა ვტიროდე მის თანავე. და ვარქვი ნეტარსა შუშანიკს: „ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო! ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტესსა, ნუ-უკუე მტერმან, ვითარცა სრსჳლმან, საძოვარი პოოს შენ თანა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ“. და მე ვარქუ მას: „ეგრჱთ არს. მჴნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ“. ხოლო მან მრქუა მე: „ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე!“

ხოლო მე ვარქუ მას: „ჭირნი შენნი ჭირნი ჩუენნი არიან და სიხარული შენი სიხარული ჩუენი არს. ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ, ყოველთა, ვითარცა შვილთა, გუხედევდ“.

და ვარქუ მე სანატრელსა მას: „ხუაშიადადრე, ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი“. ხოლო მან მრქუა მე: „რასა მკითხავ ამას?“ დ მე მიუგე და ვარქუ მას: „მტკიცედ სდგაა?“ და მან მრქუა მე: „ ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისათა!“ მე მიუგე და ვარქუ მას: „მწარე გონება აქუს მას, გუემასა და ტანჯუასა დიდსა შეგაგდოს შენ“. ხოლო მან მრქუა მე: „უმჯობეს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ“. და მე ვთქუ: „ეგრეთ არს“.


4

და ვიდრე ჩუენ ამას სიტყუასა შინა ვიყვენით, კაცი ერთი სპარსი მოვიდა და შევიდა იგი წინაშე ნეტარისა შუშანიკისა, და ტირილით იტყოდა: „ესევითარი სახლი მშჳდობისაჲ ვითარ საწყალობელ იქმნა და სიხარული მწუხარებად გარდაიქცა“. ხოლო ზრახვითა იყო იგი ვარსქენისითა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაჲ ნეტარისა მის. ხოლო წმიდამან მან ცნა ზაკუვითი იგი ზრახვაჲ მისი და მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ.

და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ვარსქენ პიტიახში. და უთხრა სპარსმან მან ფარულად და ჰრქუა: „მე ვითარ მიცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან. და მე გეტყჳ შენ: ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყჳ მას, რამეთუ დედათა ბუნებაჲ იწრო არს“.

და ხვალისა დღე, ვითარ აღდგა პიტიახში, გჳწოდა ჩუენ, ხუცესთა, და მივედით. და სიხარულით შეგჳმთხჳნა და გვრქუა ჩუენ: „აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ“. და ჩუენ მიუგეთ და ვარქუთ: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მაშინღა იწყო სიტყუად და თქუა: „რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ შენ ჩემი ხატი დაამჴუ. და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ. და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წარსრულ ხარ“. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „არა თუ მე აღმემართა ხატი იგი? და მემცა დავამჴუ! ხოლო მამამან შენმან აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა, და შენ მამისა შენისა საქმენი განრჰყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი. მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ, მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ. და, თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა!“

ხოლო ჩუენ ესე ყოველი მიუთხართ პიტიახშსა. ხოლო მან განიწყო გული და იბრდღუენდა მისთჳს.


5

მერმე მიავლინა ჯოჯიკ, ძმაჲ თჳსი, და ცოლი ჯოჯიკისი, ძმის ცოლი თჳსი, და ეპისკოპოსი სახლისა თჳსისაჲ და ჰრქუა მათ: „ესრეთ არქუთ: აღდეგ და მოვედ ადგილსა თჳსსა და ნუ ეგევითარი გონებაჲ გიპყრიეს, უკუეთუ არა, თრევით მოგითრიო!“

და ვითარ მიიწინეს და შევიდეს წინაშე დედოფლისა და მრავალსა დასაჯერებელსა სიტყუასა ეტყოდეს მას, მაშინ წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მათ: „კაცნო ბრძენნო, თქუენ კეთილად იტყჳთ, გარნა ნუ დაგიჯერებიეს, თუმცა მე მისა ცოლადღა ვიყავ. მეგონა მე, ვითარმედ იგი ჩემდა მოვაქციო და ღმერთი ჭეშმარიტი აღიაროს, და აწ მე მაიძულებთ ამას ყოფად?! ნუ იყოფინ ესე ჩემდა! და შენ, ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ და არცაღა მე შენი ძმისცოლი, არცა ცოლი შენი დაჲ ჩემი არს, რომელნი მის კერძო და მისთა საქმეთა ზიარ ხართ“. ჰრქუა მას ჯოჯიკ: „უწყი მე, აწ მოავლინნეს მსახურნი და თრევით წარგიყუანოს შენ“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ შემკრას და მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაჲ ჩემი მისგან“.

და ვითარცა ესმა ესე მისგან, ცრემლოოდეს ყოველნი და ჯოჯიკ აღდგა და ცრემლით გარე განვიდა.ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ეპისკოპოსსა: „ვითარ მეტყჳ მე დაჯერებად ჩემდა, რამეთუ მან ღმერთი უვარ-ყო?!“ ხოლო ჯოჯიკ ევედრებოდა და ეტყოდა: „დაჲ ჩუენი ხარ შენ, ნუ წარსწყმედ სახლსა ამას სადედოფლოსა“. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „უწყი, ვითარმედ დაჲ ვარ და ერთგან განზრდილნი, ხოლო მაგას ვერ ვჰყოფ, ვითარმცა მოსისხლეობაჲ იქმნა, და თქუენ ყოველნი თანამდებ იქმნენით“.

და ვითარცა ფრიად აურვებდეს მას, აღდგა წმიდაჲ და ნეტარი შუშანიკ და თანაწარიტანა ევანგელჱ თჳსი, და ტირილით ესრჱთ იტყოდა: „უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკუდილდ მივალ“.

ესე თქუა და წარვიდა მათ თანა, და თანაწარიტანა ევანგელჱ თჳსი და წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი. და რაჟამს შევიდა იგი ტაძარსა მას, არა დაჯდა იგი თჳსსა მას გალიაკსა, არამედ სენაკსა შინა მცირესა. და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად წმიდამან შუშანიკ და თქუა: „უფალო ღმერთო, არცა მღვდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალჱ. არცა ერისა კაცი ვინ გამოჩნდა შორის ერსა ამას. არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს მტერსა ღმრთისასა ვარსქენს“.


6

და შემდგომად ორისა დღისა მოვიდა მგელი იგი ტაძრად და ჰრქუა მსახურთა თჳსთა: „ოდეს მე და ჯოჯიკ და ცოლმან მისმან ერთად პური ვჭამოთ, ხოლო სხუასა ნუ ვინ უფლიედ ჩუენ თანა შემოსლვად“. და რაჟამს შემწუხრდა, მოუწოდეს ცოლსა ჯოჯიკისსა და ინებეს ერთად პურისა ჭამაჲ, რაჲთამცა მოიყვანეს წმიდაჲ შუშანიკცა. და ვითარცა მოიწია ჟამი პურისაჲ, შევიდეს ჯოჯიკ და ცოლი მისი წინაშე წმიდისა შუშანიკისა, რაითამცა მასცა აჭამეს პური, რამეთუ ყოველნი იგი დღენი უზმასა გარდაევლინეს. და ვითარცა მეტად აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად, ხოლო გემოჲ არარაჲსაჲ იხილა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ რისხვით: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“ და განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია.

მაშინ იყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნჳდა მას, და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა. და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ, ყიოდა და იზახდა, ვითაცა ცოფი. მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, და თავსა მისსა მოხეთქა, და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი, იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა, და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელ-სდებდა მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთაჲ.

და ვითარცა მცირედ და-რე-სცხრა გულისწყრომისაგან, მოვიდა სპარსი იგი და მჴურვალედ ევედრებოდა მას, რაჲთამცა საკრველთა მათგან განეტევა წმიდაჲ შუშანიკ. და ვითარ ფრიად ევედრებოდა, ბრძანა განტევებაჲ მისი და სენაკსა ერთსა შეყვანებაჲ და კრძალულად დაცვაჲ მისი ერთითა მსახურითა, და რაჲთა სხუაჲ არა ვინ შევიდეს ხილვად მისა, - არცა მამაკაცი, არცა დედაკაცი.


7

და ვითარცა ცისკარ ოდენ იყო, იკითხა და თქუა მსახურისა მიმართ მისისა, ვითარმედ: „წყლულებისა მისგან ვითარ არს?“ ხოლო მან ჰრქუა მას: „ვერ განსარინებელ არს იგი“. მაშინ თჳთ შევიდა და იხილა იგი. და დაუკჳრდა დიდძალი იგი სიმსივნჱ მისი. და ამცნო მსახურსა მას და ჰრქუა: „ნუმცა ვინ შევალს ხილვად მისა“. და თჳთ ნადირობად წარვიდა.

ხოლო მე აღდეგ და მივედ და ვარქუ მცველსა მას: „მე ხოლო მარტოჲ შემიტევე და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი“. ხოლო მან მრქუა მე: „ნუუკუე ცნას და მომკლას მე?“ და მე ვარქუ მას: „უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა და, თუ მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ არს?“ მაშინ შემიტევა მე ფარულად.

და ვითარ შევედ შინა, ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული, და აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“. და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: „მიბრძანე და

მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთახეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა ჰე, ღა-მე თუ განიკურნო“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთაჲ“.

ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი, რომელი მოეძღუანა სამოელ ეპისკოპოსსა და იოვანეს, რამეთუ ფარულად იღუწიდეს და ნუგეშინის-სცემდეს. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, ვერ ძალ-მიც გემოჲს-ხილვად, რამეთუ ყბანი და ზოგნი კბილნი შთამუსრვილ არიან“. მაშინ მივიღე მცირედ ღჳნოჲ და პური დავალბე და მცირედ გემოჲ იხილა. და მე ვისწრაფდი გამოსლვად.

მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, მიუძღუანოა საკაული ესე მისი, ნუუკუე ითხოვდეს, რამეთუ მე ამას ცხორებასა არღარა მეჴმარების!“ ხოლო მე ვარქუ: „ნუ რას ისწრაფი, იყოს შენ თანა“. და ჩუენღა ამას განვიზრახევდით, მოვიდა ყრმაჲ ერთი და თქუა: „იაკობ მანდა არსა?“ და მე ვარქუ, ვითარმედ: „რაჲ გინებს?“ და მან მრქუა: „უწესს პიტიახში. და მე დამიკჳრდა, თუ რაჲსა-მე მიწესს ამას ჟამსა?! და მივისწრაფე და მივედ და მან მრქუა მე: „უწყია, ხუცეს, მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა? და ჩემი სამკაული მას არა დაუტეო. ოდეს იგი არა ჩემი ცოლი არს, იპოოს ვინმე, რომელმან განკაფოს იგი. მივედ და მომართუ იგი ყოველივე, რაჲცა-რაჲ არს!“ ხოლო მე მივედ და უთხარ წმიდასა შუშანიკს. ხოლო მან განიხარა ფრიად და მადლი მისცა ღმერთსა და ყოველივე მომიძღუანა. და მივართუ პიტიახშსა და მან მიიღო ჩემგან, აღიხილნა და იპოვა ყოველი გებულად. და კუალად თქუა: „მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეამკოს“.


8

და ვითარცა მოიწინეს დიდნი იგი მარხვანი, მივიდა ნეტარი იგი შუშანიკ მახლობელად წმიდასა ეკლესიასა და იძია მცირჱ სენაკი და მუნ დაეყუდა. და იყო სენაკსა მას მცირჱ სარკუმელი და დაყო იგი. და იყო ბნელსა მას შინა მარხვით და ლოცვით და ტირილით.

და ჰრქუა ვინმე პიტიახშსა საკუთარმან მისმან, ვითარმედ: „ამათ წმიდათა მარხვათა ნუ რას ერტყჳ მას“.

და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი და მოვიდა პიტიახში ბრძოლისა მისგან ჰონთაჲსა, ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა. და აღდგა და მივიდა ეკლესიად და ეტყოდა ეპისკოპოსსა მას აფოცს: „გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?“ და იწყო გინებად და გმობად

ღმრთისა სასტიკად. ხოლო ხუცესმან ერთმან ჰრქუა მას: „უფალო, რაჲსა ეგრე იქმ, და იტყჳ ეგრეთ ბოროტსა და აგინებ ეპისკოპოსსა, და წმიდასა შუშანიკს რისხვით ეტყჳ?“ ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა ხუცესსა მას ზურგსა. და მან ვერღარა იკადრა სიტყუად.

და ეგრეთ წმიდაჲ შუშანიკ თრევით მოითრია თიჴათა შიგან და ეკალთა ზედა ეკლესიით ვიდრე ტაძრადმდე, ვითარცა მკურადი, მიერთრია; და ადგილდ-ადგილდ ქუე ძეძჳ დაეფინა. და თჳთ ფერჴნი დაიდგნის ძეძუსა მას ზედა, და კუბასტნი შუშანიკისნი და ჴორცნი წულილ-წულილად დაებძარნეს ძეძუსა მას. და ეგრეთ მოიყვანეს იგი ტაძრად.

და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ცემაჲ. ბოროტებდა და იტყოდა: „აჰა, ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი!“

და ვითარცა სცეს კუერთხსა სამას ოდენ, არა რაჲ აღმოჴდა პირსა მისსა ვაებაჲ, არცა კუნესაჲ. მაშინღა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ ურჩულოსა ვარსქენს: „უბადოო, შენღა თავი თჳსი არა შეიწყალე და განსდეგ ღმრთისაგან, შენ მემცა შემიწყალეა?!“

და ვითარცა იხილა დიდძალი იგი სისხლი, რომელ დამოსდიოდა ჩჩჳლთა მათ ჴორცთა მისთა, მაშინ უბრძანა დადებაჲ ჯაჭჳ ქედსა მისსა. და უბრძანა სენეკაპანსა ერთსა, რაჲთა წარიყვანონ წმიდაჲ შუშანიკ ციხედ და საპყრობილესა ბნელსა შეაყენონ იგი, და მოკუდეს.


9

დიაკონი ვინმე ერთი მის ეპისკოპოსისაჲ დგა წმიდისა შუშანიკის თანა მას ჟამსა, რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაჲთამცა ჰრქუა, თუ: „მტკიცედ დეგ!“ და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვერღარაჲ სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ ჰრქუა: „მტკი...“ და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით.

მაშინ წარმოიყვანეს და მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უჴამური და თმაგარდატევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, და ვერვინ იკადრა თავდა მისსა დაბურვად, რამეთუ პიტიახში იგი მჴედრ შეუდგა უკუანა კუალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა გინებითა.

და მივიდოდა წმიდისა მის თან ამბოხი მრავალი დედებისა და მამაბისაჲ, სიმრავლჱ ურიცხჳ, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ჴმაჲ აღემაღლა და ტიროდეს და იჴაჴდეს ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთჳს. ხოლო წმიდამან შუშანიკ უკმოჰხედნა ერსა მას და ჰრქუა მათ: „ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიჴსენეთ. და ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით“. და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი და ტირილი მამათა და დედათაჲ, მოხუცებულთა და ყრმათაჲ, მჴედრ მიმოდასდევნინ და მეოტ-ჰყოფნ მათ ყოველთა. და ვითარცა მიიწინეს ჴიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს: „შენდა ეგდენ ყოფად არს ფერჴითა შენითა სლვაჲ, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხითა გამოგიღონ“.

და ვითარცა შევიდეს ციხედ, პოვეს სახლაკი ერთი ჩრდილოჲთ კერძო, მცირჱ და ბნელი, და მუნ შეაყენეს წმიდაჲ იგი. და ჯაჭჳ იგი, რომელ ედვა ქედსა მისსა ზედა, ეგრეთვე ედვა, და დაჰბეჭდა ურჩულომან ვარსქენ ბეჭდითა თჳსითა. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „მე ამას მხიარულ ვარ, რაჲთა აქა ვიტანჯო და მუნ განვისვენო“. ხოლო პიტიახშმან ჰრქუა მას: „ჰე, ჰე, განისუენე!“

მაშინ დაადგინნა მცუელნი მის ზედა და ამცნო მათ, რაჲთა სიყმილითა მოკლან იგი. და ესრეთ ეტყოდა მათ: „გეტყჳ თქუენ, უკუეთუ ვინმე შევიდეს მისა, მამაკაცი, გინა დედაკაცი, იხილენით თავნი თქუენნი და ცოლნი და შვილნი და სახლნი თქუენნი! უბრალომცა ვარ, რაჲ გიყო თქუენ!“ მაშინ გამოვიდა ციხით.


10

და მესამესა კჳრიაკესა მოუწოდა მცველსა ერთსა, და ჰკითხა მას და ჰრქუა: „აქამომდე ცოცხალღა არსა საწყალობელი იგი?“ ხოლო მან ჰრქუა: „უფალო, სიკუდილდ კერძო უფრო საგონებელ არს, ვიდრე სიცოცხლით, რამეთუ შიმშილითა უფროჲს ხოლო მოკუდების, რამეთუ არა რას მიიღებს საზრდელსა“. ხოლო მან ჰრქუა: „ნურა რაჲ გგლიან, უტე, მოკუდეს!“

ხოლო მე მრავლითა ვედრებითა ვარქუ მცველსა მას და უქადე ჭურჭერი ერთი სამისოჲ. და ძნიად თავს-იდვა შეტევებაჲ ჩემი და მრქუა მე: „რაჟამს დაღამდეს, მოვედ შენ ხოლო მარტოჲ“. და ვითარ შემიყვანა მცველმან მან და ვიხილე ტარიგი იგი ქრისტესი შუენიერად, ვითარცა სძალი, შემკული საკრველთა მათგან, და მე ვითარ ვერ დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „კეთილისა ამისთჳს სტირა, ხუცეს?“ ხოლო მცველმან მან მრქუა მე: „ესეღა თუმცა მეცნა, არამცა შემოგიტევე შენ“. ხოლო მე ვიწყე სიტყუად და განმტკიცებად მისა, რავდენი ღმერთმან მომცა მე სიტყუად. და ვიჯმენ მისგან და წარვედ სწრაფით ვანად ჩემდა.

ხოლო პიტიახში ჩორდ წარემართა. და ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, არა დახუდა, ოდეს საქმჱ ესე იქმნა წმიდისა შუშანიკისა ზედა. და ვითარ მოიწია ჯოჯიკ, უკუანა სდევდა პიტიახშსა. და მიეწია მას საზღვართა ჰერეთისასა, და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაჲ მისი. და ვითარ ფრიად აწყინა, ბრძანა განტევებაჲ საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰჴადა ჯაჭჳ იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაჲ არა თავს-იდუა წმიდამან შუშანიკ ვიდრე აღსასრულამდე მითურთ. რამეთუ ექუსი წელი ციხესა მას შინა აღესრულა და წესიერებითა საღმრთოჲთა ყუაოდა: მარხვითა მარადის, მღჳძარებითა, ზედგომითა, თაყუანის-ცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაჲთა მოუწყინებელად: განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა.


11

და მიერითგან განითქუა ყოველსა ქართლსა საქმჱ მისი. და მოვიდოდეს მამანი და დედანი აღნათქუემთა შესაწირად და, რაჲ ვის უჴმდა, მიემადლებოდა წმიდითა ლოცვითა ნეტარისა შუშანიკისითა, რომელსა მისცემდა მას კაცთმოყუარე ღმერთი: უშვილოთა - შვილი, სნეულთა - კურნება, ბრმათა - თუალთა ახილვაჲ.

იყო ვინმე დედაკაცი ერთი სპარსი მოგჳ, რომელსა განბორებისა სალმობაჲ აქუდა. და მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა, ხოლო იგი ასწავებდა მას, რაჲთამცა დაუტევა მოგობაჲ იგი და იქმნა ქრისტიანე. ხოლო დედაკაცმან მან თავს-იდვა ადრე-ადრე. და იგი ასწავებდა დედაკაცსა მას და ეტყოდა, ვითარმედ: „მივედ იერუსალჱმდ და განსწმიდნე განბორებისა მისგან შენისა“. და მან გულსმოდგინედ შეიწყნარა და წარემართა გზასა მას სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. და განიკურნა იგი სალმობისა მისგან. და ვითარ გარემოიქცა იგი სიხარულითა დიდითა და მოიწია მუნვე, მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა მადლისა გარდაჴდად და წარვიდა სახიდ თჳსა სიხარულით განმრთელებული.


12

ხოლო წმიდამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა დიდითა გულსმოდგინებითა ჴელთა აღიხუნა დავითნი და მცირედთა დღეთა შემდგომად ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა, რომლითა-იგი დღჱ და ღამჱ ზესკნელითა მის მეუფისა მიმართ სათნოსა მას გალობასა შესწირვიდა ცრემლით.

და უთხრეს ნეტარსა შუშანიკს, ვითარმედ: „შვილნი იგი შენნი მოაქცინა მოგობასა“. მაშინ იწყო თაყუანის-ცემად ღმრთისა მიმართ ტირილითა დიდითა და თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა, სულთ-ითქუნა და თქუა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ

იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა“.

და მე მივედ და ვიხილე წმიდაჲ შუშანიკ დამშრშალი და დაბუშებული ტირილითა. და მოეძღუანა წმიდასა მას ეპისკოპოსსა საზრდელი, და ვითარ ფრიად ვაიძულე, მცირედ ოდენ გემო იხილა და ვჰმადლობდით ღმერთსა. და ვიდრე მუნ ჟამამდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა, ხოლო რაჟამს მიექცნეს და უვარ-ყვესცა ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელიცა მისი სძაგდა სმენად.


13

და მერმე მოციქულნი მოავლინნა პიტიახშმან და ჰრქუა: „ანუ ნებაჲ ჩემი ყავ და მოვედ ტაძრად, უკუეთუ არა მოხჳდე შინა, ჩორდ წარგცე შენ, ანუ კარად, კარაულითა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მიჰრუქა ესრეთ: „უბადოვო და უგულისხმოვო, ხოლო მე თუ კარად, ნუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რასმე შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე“. და გულსა ეტყოდა პიტიახში იგი სიტყუათა მათთჳს, ვითარ-იგი ჰრქუა მას, ვითარმედ: - ვინ უწყის, თუ კეთილსა რასმე მივემთხჳო, - ვითარმედ ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს, და მიერითგან არღარავინ მიავლინა მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ ბოროტთა მათ გუემათა დათმენათათჳს იტყოდა, რაჲთამცა სათნო-ეყო ღმერთსა.

ხოლო პიტიახშმან გამოირჩია ძუძუჲსმტე მისი საკუთარი, რაჲთა მოიყვანოს იგი ტაძრად. და ვითარცა ჰრქუა კაცმან მან: „ისმინე ჩემი და ჩამოვედ ტაძრად, და ნუ აოჴრებ სახლსა მას თქუენსა“, ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „არქუ მას უღმრთოსა, ვითარმედ: „შენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალიღა ფერჴითა არა გამოხჳდე შენ მაგიერ ციხით. ხოლო აწ, უკუეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებადმ პირველად დედაჲ შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს, გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად, ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად, გარნა თრევით განმითრიო“.

და ვითარცა მიუთხრა პიტიახშსა სიტყუაჲ იგი, მან თქუა: „ნანდჳლვე ვთქუ ეგე“.

და მეორესა დღესა შემო-ვინმე-ვიდა და ჰრქუა წმიდასა შუშანიკს: „კეთილად მიუგე მას სიტყუაჲ იგი, რამეთუ მაგით სახით ეგულვებოდა შეტყუვილი შენი, და მას სხუაჲ ზრახვაჲ გულსა მოეჴადა სიბოროტისაჲ შენთჳს“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „და შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადნის სიტყუანი პირსა კაცისასა. რამეთუ იტყჳს თჳთ უფალი: „მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ“.


14

და ვითარცა აღივსებოდა მეექუსე იგი წელი საპყრობილესა მას შინა, ჯეკმა დამაშურალობითა შრომათა მათ შინა სიმჴნისა მისისათა სენი სნეულებისაჲ მოიწია მას ზედა, რომელსა-იგი წინასწარ-უღაღადებდი და ვეტყოდე, ვითარმედ: „ნუ ჯეკმა, რამეთუ დაუმძიმებ ჴორცთა მაგათ ზედა, რამეთუ ვერ დაგითმონ და მერმე ვერღარას შემძლებელ იყო ყოფად რასმე საქმედ კეთილსა ეგოდენითა მაგით ფიცხლად მარხვითა და მარადის ზედგომითა და ღამე ყოველ დაშრომითა, ფსალმუნებითა და გალობითა“. და არცაღა მცირედ სადა სცა ჴორცთა მისთა განსუენებაჲ, და შეიქმნა და დადნა, ვითარცა ავლი.

ხოლო დიდთა მათ მარხვათა აღუსებისათა ერგასისთა მათ დღეთა ექუსთა წელთა შინა, არცა დღისი, არცა ღამე არა დაჯდის ქუე, არცა დაიძინის, არცა საჭმელი რაჲ მიიღის, გარნა დღესა ხოლო კჳრიაკესა ეზიარა ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა. და მცირედ ოდენ წუენაკი მსხლისა შექმნული, იგიცა მცირედ, მიიღის, ხოლო პურისა გემო არა იხილის ვიდრე აღუსებადმდე.

და მიერ დღითგან, ვინაჲთგან პყრობილ-ყვეს იგი ციხესა მას შინა, სასთაულსა ზედა თავი არა მიდვის, გარნა ალიზაკი ერთი დაიდვის სასთუნალ. და ქუესაგებელად იყო გირჯაკი ერთი ძუელი. და კაცთა თუალსა სასთაულაკი ერთი ხალენისაჲ უცნ სასთუნლით კერძო. და თაყუანის-საცემელად კილიკი ერთი მცირე ქუე წარუგდებიედ. და გრწყილი და ტილი მოუგონებელი ადგილსა მას დასხმულ იყო.

ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი და მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყჳთლებულნი, დაწერტილნი და დამშრშალნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლედ ცხოვრებულნი, და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა. და ესრეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილ იყო და მძიმეთა მათ საკრაველთა შინა ადიდებდა ღმერთსა.


15

და ვითარცა მეშჳდე წელი დადგებოდა, მოიწია წმიდისა და სამგზის სანატრელისა შუშანიკის ზედა წყლულებაჲცა ჴორცთა მისთაჲ. და დაუცხრომელად შრომათა მათ გამო დაუსივდეს ფერჴნი მისნი და თხრამლი აღმოსდიოდა ადგილდ-ადგილდ. და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს, და მატლიცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ჴელითა თჳსითა, და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: „ხუცეს, ნუ მძიმე-გიჩნ ესე, რამეთუ მუნი იგი მატლი უდიდეს არს და არა მოკუდების“. და მე ვითარცა ვიხილე მატლი იგი, მოუგონებელად დიდად მწუხარე ვიყავ და ვტიროდე ფრიად; კუალად მრქუა მე რისხვით: „ხუცეს, რად მწუხარე ხარ, ვიდრე უკუდავთა მათ მატლთა შეჭმასა უმჯობჱს იყავნ ამათ მოკუდავთა შეჭმაჲ აქავე, ამას ცხოვრებასა“. და მე მიუგე და ვარქუ: „ძაძისა სამოსელი მცირედღა შეგერაცხაა საგუემელად? და აწ მატლთა მაგათთჳს მხიარულ ხარ!“ და მან მრქუა მე ქენებით: „ნუ ვის თანა იტყჳ ძაძისა სამოსლისათჳს ცხორებასა ჩემსა, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲ“. რამეთუ შინაგან ძაძა ემოსა, და არავინ იცოდა ჩემსა გარეშე, ხოლო გარეგან კაცთა თუალსა ანტიოქიისა პალეკარტი ემოსა.


16

და ვითარცა ესმა ჯოჯიკს, ვითარმედ მიახლებულ არს ნეტარი დედოფალი წმიდაჲ შუშანიკ სიკუდიდ, წარვიდა და თანაწარიყვანნა ცოლი და შვილნი და მონა-მჴევალნი მისნი და მივიდა ციხედ ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტჳლისა. და ვითარცა მიიწია, მძლავრ შე-ხოლო-ვიდა, და თაყუანის-სცა პატიოსანსა ჯუარსა და მოიკითხა წმიდაჲ შუშანიკ. თანადაუჯდა და ჰკითხვიდა სალმობათა მათთჳს. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილ ვარ, ვითარ ღმერთსა უნებს, არამედ ყოველსა წარსავალსა მას გზასა მეცა წარვალ“.

ხოლო ჯოჯიკ მსწრაფლ აღდგა ზე და პირველთა მათ უწესოთა საქმეთა აღუვარებდა და ევედრებოდა წმიდასა შუშანიკს და ეტყოდა: „სძალო და მხევალო ქრისტესო, ითხოვე ღმრთისაგან, რაჲთა მომიტევენ მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „თუ შენ სხუად სახედ, ყრმებრ, არარაჲ ჰქმნე, ღმერთმან მოგიტევნეს შენ“. და ჯოჯიკ ჰრქუა: „მაგის სახისათჳს მოვედ მე შენდა, რაჲთა, რომელი-იგი არა რაჲმე სათნო ეყოს ღმერთსა, არა ვქმნე“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ ეგრე ჰყო შენ, უკუდავ მექმნე მე მაგით სიტყჳთა და ღმერთმან შესძინენ დღეთა ცხოვრებისა შენისათა“.

და მერმე, ვითარ შეატყუა ჯოჯიკ, ვითარმედ მას დღესა განვალს წმიდაჲ იგი ჴორცთა ამათგან, ჰრქუა: „მაკურთხე მე და ცოლი ჩემი, მჴევალი შენი, და შვილნი ჩემნი და მონა-მჴევალნი ჩემნი. და თუ რაჲმე შეგცოდეთ, ვითარცა კაცთა საწუთროჲსათა და სოფლისმოყუარეთა, მოგჳტევენ და ნუ მოიჴსენებ მედგრობათა ჩუენთა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ჯოჯიკს და ცოლსა მისსა: „ჰყავთ წარმდებად საქმე ესე ჩუენი, რამეთუ არავი იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთჳს, რომელმანცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღელსა“. ხოლო მათ ჰრქუეს: „ჩუენ თჳნიერ შენსა ფრიად დავშუერით, გარნა არა იყო სმენაჲ, არცა სიტყუაჲ“. მაშინ ჰრქუა წმიდამან შუშანიკ: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა-იგი არა არს თუალ-ღებაჲ წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა, სადა მე და მან სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოსთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭკნო და შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა. ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოვო და გუემათა და თრევათა მისთათჳს მე განსუენებასა მივემთხჳო და უგულისჴმოებისა და უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტეს მიერ, უფლისა ჩემისა“.

ხოლო იგინი ამას ყოველსა ზედა სიტყუასა მისსა ტიროდეს მწარედ და ჰრქუეს: „მოგჳტევენ ბრალნი ჩუენნი და გუარკურთხენ, წმიდაო მოწამეო და მარტჳლო სანატრელო ქრისტეს ღმრთისაო“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „ღმერთმან მოგიტევენინ, რომელ-რაჲ-იგი ჰყავთ“. მაშინღა აკურთხნა ჯოჯიკ და ცოლი მისი და შვილნი მისნი და მონა-მჴევალნი მისნი, და ყოველი ეზოჲ და პალატი მისი. და ამცნებდა სლვად გზათა ღმრთისათა და ეტყოდა, ვითარმედ: „ესე ყოველი ცხორებაჲ, ვითარცა ყუავილი ველთაჲ, წარმავალ არს და დაუდგრომელ და, ვინ სთესა, მოიმკო, და, ვინ განაბნია გლახაკთათჳს, შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი“. და უჯმნა და გამოგზავნნა იგინი მშჳდობით.


17

მერმე შომდგომად ჯოჯიკისა, მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაჲ დამოველ და იოანე ეპისკოპოსი, მისივე მოყუასი, რომელ0იგი იყვნეს განმამტკიცებელ და დიდად დამაშურალ, სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს, მონა და მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა მისთა, მადლობით წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტესისა. მსგავსად მისვე სახისა აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი მოვიდეს ეგრეთვე, რომელნი-იგი გულსმოდგინებით მონაწილე ყოფილ იყვნეს შრომათა მათ მისთა, სანატრელობით, ვითარცა ახოვანსა მჴნესა, მიჰვედრიდეს ქრისტესა.

და თხოვასა ერთსა ითხოვდეს მისგან ყოველნი იგი ეპისკოპოსნი და აზნაურნი ერთბამად, რაჲთა ბორკილი იგი ფერჴთაჲ ბრძანოს საცოდ და ნაკურთხევად ყოველითათჳს, რომლისათჳსცა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ, ვითარმედ: „მე რაჲ ვარ, არაღირსი ესე? ხოლო ღმრთისმოყუარებისა თქუენისათჳს ხუცესმან აღავსენ წადილი თქუენი მაგის სახისათჳს. ხოლო მე რაჲმე-რაჲ შემძლებელ ვარ? არამედ ყოვლად სავსემან ქრისტემან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა კეთილითა, რომელნი-ესე ჩემთჳს მოშუერით და ეზიარენით ვნებათა ამათ ჩემთა და ჭირთა და ტანჯვათა. ხოლო მე, საყუარელნო, აჰა, ესერა, წინაგანმზადებულსა მას ჩემსა გზასა წარვალ საუკუნესა. ჭირისა ამის წილ ჩემისა ქრისტემან მომმადლოს მე სიხარული, სატანჯველთა ამათ წილ - განსუენებაჲ; გუემათა ამათ ჩემთა და თრევათა და შეურაცხებათა - მივემთხჳო მე დიდებასა და პატივსა ცათა შინა დაუსრულებელსა“. და იგინი, ჯნმულნი, ცრემლითა სავსენი, ძლევისა მისთჳს დიდებასა ღმრთისა მიმართ შესწირვიდეს. და გამოვიდეს ციხით და წარვიდეს.


18

და მოიწია დღე იგი წოდებისა მისისაჲ და მოუწოდა ეპისკოპოსსა მისისა სახლისასა აფოცს და მადლსა მისცემდა მისა მიმართ მოწლეობისა მისისათჳს. ვითარცა მამასა და მამამძუძესა, შემვედრა მე, კაცი ცოდვილი და გლახაკი ესე. და შეჰვედრებდა ნეშტთა მათ ძუალთა მისთასა და უბრძანებდა დასხმად ადგილსა მას, ვინაჲცა-იგი პირველად გამოითრიეს და ეტყოდა: „უკუეთუ ღირს რაჲმე ვარ უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტე მოქმედი ვენაჴისაჲ, იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა“.

და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშჳდობით მასა ზედა დავწევ და დავიძინე“. და შეჰვედრა სული თჳსი უფალსა ყოველთა შემწყნარებელსა.


19

და მაშინღა ადრე-ადრე მოიღო სანატრელმან მან ეპისკოპოსმან იოვანე შესაგრაგნელად მჩუარი წმიდაჲ წმიდათა მათ და პატიოსანთა ნაწილთა მისთა. და ეგრეთ სხუათა მათ აღვიღეთ გუამი იგი ფრიად დამაშურალი და დაჭმული მატლთაგან, და განბანეთ იგი მატლისა მისგან მიწოვანისა და თხრამლისაგან, და შევჰმოსეთ მჩურითა მით.

და მაშინღა ეპისკოპოსთა მათ ორთავე, იოვაენ და აფოც, ვითარცა ჴართა მჴნეთა დაუღლვილითა სულიერითა და კეროვნითა აღნთებულითა საკუმეველითა სულნელითა აღვიხუენით პატიოსანნი ძუალნი და გამოვიხუენით წმიდასა მას ეკლესიასა. და დავჰკრძალენით წმიდანი იგი და დიდებულნი და პატივცემულნი ნაწილნი წმიდისა შუშანიკისნი განმზადებულსა მას ადგილსა. და მას ღამესა ანგელოზთა სახედ ღამე იგი გავათიეთ და დავითის ქნარითა მით ყოვლადძლიერსა ღმერთსა და ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა, იესუ ქრისტესა, ვადიდებდით, რომელი ყოვლითა ყოველთა მიმართ შემძლებელ არს და განაქველნის მამანიცა და დედანიცა, და თჳსთა მათ თჳსი იგი ძლიერებისა ძლევაჲ მიჰმადლის ყოველთა. რომელნი ეძიებენ მას ერთითა გულითა.


20

და არს დასაბამი ტანჯვათა მათ წმიდისა შუშანიკისთაჲ თუესა აპნისისასა, მერვესა თჳსასა, და დღესა ოთხშაბათსა; და მეორედ გუემაჲ მისი - შემდგომად აღუსებისა ზატიკსა დღესა ორშაბათსა, და კუალად ტანჯვაჲ ვარდობისა თუესა ათცხრამეტსა და აღსრულებაჲ მისი - თუესა იკდონბერსა ათჩჳდმეტსა, საჴსენებელსა წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა კოზმან და დამიანეთა.

და დღე ხუთშაბათი იყო, რომელსა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებელად და საქებელად ღმრთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.