ქართლის ცხოვრება (პირველი ტექსტი)

თარგი:Header

ნაწილი პირველი: ცხოვრება ქართველთა მეფეთა

რედაქტირება

ვიწყო მოთხრობად ცხოვრებასა ქართუელთა მეფეთასა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა

თავი პირველი: ამბავი რვათა ძმათა

რედაქტირება

პირველად ვაჴსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა — ამათ თჳსთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის-წული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავით-ურთ მისით, და დაემკჳდრა ორთა მათ მთათა შუა კაც-შეუვალთა, არარატსა და მასისსა. და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხჳ, რამეთუ ესხნეს ცოლ-მრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილის-შვილნი ძეთა და ასულთა მისთანი, რამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელ. და ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა.

ხოლო ქუეყანა იგი, რომელი წილით ხდომოდა, ესე არს საზღვარი ქუეყანისა მისისა: აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა, და სამხრით ზღუა ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია.

ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკოსი, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა.

ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა, განუყო თარგამოს ქუეყანა და ნათესავი თჳსი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შჳდთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა: წარმოიყვანნა შჳდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნნა ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი. და ამათ საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს.

ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარს სამჴრით, ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე სადა შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი. ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავი და დაეშენა მუნ.

ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ზღუამდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნეთი, და დაემკჳდრა მუნ.

ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანა მტკურისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქჳან გულგულა. და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა. და უწოდა სახელი თჳსი ჰერეთი. და მის გამო ჰქჳან ჰერეთსა ჰერეთი. და აწ მას ადგილსა ჰქჳან ხორანთა.

ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღჳს ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი; დასავლით ზღუა; [ჩრდილოთ] მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედია.

ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არა იყო ხუედრი თარგამოსისა, არამედ არცა იყო კაცი კავკასიასა ჩრდილოთ; და უმკჳდრო იყო ქუეყანა იგი კავკასიითგან ვიდრე მდინარემდე დიდად, რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა. ამისთჳს გამოიყვანნა მრავალთა გმირთაგან ორნი გმირნი, ლეკან და კავკასი. და მისცა ლეკანს ზღჳთგან დარუბანდისათ ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, ჩრდილოთ ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთისად. და მისცა კავკასის ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულადმდე კავკასისა, დასავალით.

ხოლო ჰაოს დაემკჳდრა საყოფელთა მამისა თჳსისა თარგამოსისთა, და დაიპყრა ქუეყანა ჩრდილოთ, ვითა დამიწერია: სამჴრით მთით ორეთისითგან, აღმოსავლით ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, და დასავლით ვიდრე ზღუადმდე პონტოსა. და ამათ შჳდთა-ვე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსისა. და ესე რვანი-ვე ერთობით ჰმონებდეს ნებროთს გმირსა, რომელი იყო პირველი მეფე ყოვლისა ქუეყანისა.

შემდგომად ამისა მცირედთა წელიწადთა მოუწოდა ჰაოს შჳდთა მათ გმირთა, შემოკრიბნა და რქუა მათ: „მოგუცა ღმერთმან მაღალმან ძალი და სიმრავლე ნათესავისა ჩუენისა. აწ შეწევნითა დამბადებლისათა ვიყვნეთ არა-ვისა მონა, და არა-ვის ვმსახუროთ თჳნიერ ღმრთისა დამბადებელისა“. ეწამნეს შჳდნი იგი გმირნი, და დაუმტკიცეს განზრახვა იგი; და განუდგეს ნებროთს და არ-ღა-რა მისცეს ხარკი. და ეზრახნეს სხუათა ვიეთმე ნათესავთა, და დაუორგულდეს სხვანი-ცა ნათესავნი.

მაშინ განუწყრა ნებროთ, და შემოკრიბნა გმირნი მისნი და ყოველნი რომელნი ერჩდეს სპანი მისნი, და მომართა თარგმანოსიანთა. ხოლო ჰაოს მოუწოდა შჳდთა-ვე გმირთა და ყოველსა-ვე ნათესავსა თარგამოსისსა. და შეეწივნეს სხუანი-ცა ვინ-მე ნათესავნი დასავლეთისანი: შეკრიბნა ჰაოს ესე ყოველნი და დადგა ძირსა მასისისასა. და ვითარ მოადგა ნებროთ ქუეყანასა ადარბადაგნისასა, და დადგა მუნ და წარავლინნა გმირნი სამეოცნი და მათ თანა სპანი ძლიერნი წყობად თარგამოსიანთა.

ხოლო ვითარცა მოიწივნეს სპანი იგი ნებროთისნი, მაშინ მიეგებნეს შჳდნი იგი გმირნი ძმანი ჰაოსისნი სპითა ძლიერითა. ხოლო ჰაოს სპითა უძლიერესითა დაუდგა უკანით, ზურგით. იქმნა მათ შორის ბრძოლა სასტიკი, რომელი ემსგავსა სასტიკებასა ჰაერისასა. რამეთუ მტუერი ფერჴისა მათისა ვითარცა ღრუბელი სქელი; ელვა აბჯრისა მათისა ვითარცა ელვა ცისა; ჴმა პირისა მათისა ვითარცა ჴმა ქუხილისა; სიმრავლე ისართა და ტყორცა ქვისა მათისა ვითარცა სეტყუა ჴშირი, და დათხევა სისხლისა მათისა ვითარცა ღუარი სეტყუათა. განძლიერდა ბრძოლა მათ შორის, და მოსწყდა ორგნით-ვე ურიცხჳ.

ხოლო ჰაოს უდგა ზურგად გმირთა მისთა, ძალ-სცემდა და ნუგეშის-ცემდა ჴმითა საზარელითა, რომელი მსგავსი იყო მეხის ტეხისა. მაშინ სძლეს თარგამოსიანთა და მოსრნეს სამეოცნი იგი გმირნი ნებროთისნი და სპანი მათნი. ხოლო შჳდნი ესე გმირნი თარგამოსიანნი - ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ჰეროს, ლეკან, კავკასან, ეგროს - ესენი დარჩეს ცოცხლებით თჳნიერ წყლულებისა, და ძლევა-შემოსილნი ჰმადლობდეს ღმერთსა.

ხოლო ვითარცა ესმა ნებროთს, განწყრა და წარმოემართა მათ კერძო ყოვლითა ძალითა მისითა. ხოლო ჰაოსს არა ჰყვეს სპანი ნებროთის სპათა ოდენნი: განმაგრდა იგი ღირღალთა შინა მასისისათა. მიუდგა ქუეშე კერძო ნებროთ; და იყო იგი ჭურვილი რკინითა და რვალითა ტერფთაგან ვიდრე თხემამდე. და აღჴდა გორასა ერთსა ზედა ზრახვად ჰაოსისა და ეტყოდა დამორჩილებასა-ვე მისსა, რათა სთნდეს მიქცევა მისი. ხოლო ჰაოს რქუა გმირთა მისთა: „განმიმაგრეთ ზურგით კერძი ჩემი, და მივეახლო ნებროთს“.

და წარვიდა და მივიდა პირისპირ მახლობელად ნებროთისა, და სტყორცა ისარი და ჰკრა მკერდსა ნებროთისსა, ფიცარსა ზედა რვალისასა, და განავლო ზურგით. მაშინ დაეცა ნებროთ, და იოტა ბანაკი მისი. და განთავისუფლდეს ნათესავნი თარგამოსისნი. და მაშინ ჰაოს ჰყო თავი თჳსი მეფედ ძმათა თჳსთა ზედა და სხუათა-ცა ნათესავთა ზედა, მახლობელთა საზღვართა მისთასა. ხოლო შჳდნი-ვე ესე ძმანი წარვიდეს თჳს-თჳსად ქუეყანად, და იყვნეს მორჩილ ჰაოსისა. ხოლო აქამომდის დავწერეთ ამბავი ესე რვათა-ვე ძმათა.

თავი მეორე: ამბავი ქართლისა

რედაქტირება

ხოლო აქათგან ვიწყოთ და წარმოვთქუათ ამბავი ქართლისა და ნათესავისა მათისა, და ცხოვრება მათი ვიდრე დღეთა ჩუენთამდე, და ვითარ-იგი განუყო ქუეყანა თარგამოს ნათესავსა მისსა და რვათა-ვე შვილთა მისთა.

და მისცა ქართლოსს ქუეყანა, რომელი ზემო აღვწერეთ. და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა.

შემდგომად ამისსა ამან-ვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქჳან სამშჳლდე. და კუალად აღაშენა მტუერის-ციხე, რომელსა აწ ჰქჳან ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავი მისი.

ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა მცხეთოს, მეორესა გარდაბოს, მესამესა კახოს, მეოთხესა კუხოს, მეხუთესა გაჩიოს. ესე ხუთნი-ვე იყვნეს გმირნი. არამედ მცხეთოს უგმირე იყო სხუათა მათ.

მოკუდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი. და შემდგომად ამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე. და მან-ვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი, და განყვნა ცოლმან ქართლოსისმან ხუთნი-ვე იგი გმირნი, შვილნი მისნი.

გარდაბოსს მისცა ხუნანი და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მდინარე ბერდუჯისი, დასავლით ქალაქი გაჩიანი, და სამჴრით მთა პირველ ჴსენებული, და ჩრდილოთ მტკუარი.

ხოლო გაჩიოსს მისცა ორბის ციხე და სკჳრეთის მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა. და ამან გაჩიოს აღაშენა ქალაქი გაჩიანი, რომელსა მაშინ ერქუა სანადირო ქალაქი.

ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, [......შესარ] თავადმდე, მთასა კახეთისასა და მტკუარსა შუა.

ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგჳთგან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელი არს საზღვარი ჰერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი; კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისასა. რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხუედრი იყო. და მისცა კახოს შეწევნისათჳს და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ შენებულსა კახეთისასა.

ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქჳან არმაზი. და მან-ვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მთკურისა და არაგჳსასა, და უწოდა სახელი თჳსი მცხეთა. და დაიპყრა ქუეყანა ტფილისითგან და არაგჳთგან დასავლით ვიდრე ზღუადმდე სპერისა.

და ესე იყო განმგე და უფალ მათ ოთხთა-ვე ძმათა ზედა და ესე ოთხნი-ვე იყვნეს მორჩილ მისა. ესე არიან განყოფილნი ქართლოსის ძეთანი და რომელნი განყვნა დედამან მათმან შემდგომად სიკუდილისა ქართლოსისა. ხოლო მრავალთა წელთა და მრავალთა ჟამთა ცხოვნდა ძე ქართლოსისი, და განმრავლდა ნათესავი მისი, და მათ ყოველთა განმრავლდა ნათესავი მათი.

ხოლო შვილთა შორის მცხეთოსისათა გამოჩნდეს სამნი გმირნი სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა უფლოს, და შემდგომსა ოძრჴოს, და მესამესა ჯავახოს. განუყო მათ ქუეყანა და ნათესავი ათი ყოველი.

ოძრჴოსს მისცა ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა, ქუეყანა კლდოვანი. ამან ოძრჴოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: ოძრჴე და თუხარისი.

ხოლო ჯავახოსს მისცა ფანავრითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა. და ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტანისა, რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქჳან ჰური.

ხოლო უფლოს დარჩა საყოფელსა მამისა მათისა მცხეთოსისსა მცხეთას. და ეპყრა ქუეყანა არაგჳთგან და ტფილისითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანავრადმე. და ამან აღაშენა უფლის-ციხე, ურბნისი, კასპი, არაგჳთგან და არმაზითგან ვიდრე ტასისკარითამდე უწოდა ამას ქუეყანასა ზენას-სოფლისა, რომელსა აწ ჰქჳან შიდა-ქართლი.

ხოლო ვიდრე სიკუდილამდე მცხეთოსისა ესე ყოველნი ნათესავნი თარგამოსისნი იყვნეს სიყუარულსა ზედა ერთმანერთისასა; და შიში აქუნდათ ნებროთიანთა, და ჰგონებდეს იგინი ნებროთიანთაგან ძებნასა სისხლისა ნებროთისსა. და ისწრაფდეს იგინი მაგრებასა ციხე-ქალაქთასა შიშისათჳს ნებროთიანთასა.

ხოლო ვითარცა მოკუდა მცხეთოს, ძე ქართლოსისი, შთავარდა შური შორის შვილთა ქართლოსისთა: იწყეს ბრძოლად და ჴდომად ურთიერთას. რამეთუ უფლოსს, ძესა მხეთოსისათა, არა ერჩდეს, არ-ცა ხადოდეს უფლად, რომელი დატევებულ იყო საყდართა ქართლოსისათა, რამეთუ მამისა მისისაგან მიცემულ იყო უფლობა ქართლოსიანთა. იწყეს ბრძოლად და ჴდომად ურთიერთას; და განაგრძელეს მათ შორის ბრძოლა, რომელ ჟამსა-მე აღდგიან ამათგანნი ორნი ნათესავნი ერთსა ზედა, და სხუანი შეეწეოდიან რომელნი-მე მას; და რომელნი-მე კუალად სხუანი აღდგეს ერთმან-ერთსა ზედა და სხუანი შეეწეოდიან რომელსა-მე ჟამსა იქმნის მშჳდობა მათ შორის, და კუალად შეიშალნიან და ებრძოდიან.

და გაგრძელდა მათ შორის ესე-ვითარი საქმე, და არა-ვინ იყო მათ შორის უწარჩინებულეს და უსახელოვანეს, არამედ ადგილითი-ადგილად თავადნი იჩინიან. ხოლო ვინ-ცა იყვის მცხეთას, რე-ცა თავადი იგი იყვის ყოველთა მათ სხუათა ზედა. და არ-ცა სახელ-ედებოდათ მეფედ, არ-ცა ერის-თავად, არამედ მამასახლისი ეწოდებოდათ, და იგი იყვის მაზავებელ და ბჭე სხუათა ქართლოსიანთა. რამეთუ ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა, და უწოდდეს დედა-ქალაქად.

და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა, და მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისი.


გამოსლვა ხაზართა
რედაქტირება

მას ჟამსა შინა განძლიერდეს ხაზარნი და დაუწყეს ბრძოლად ნათესავთა ლეკისათა და კავკასიოსთა და ესე თარგამოსიანთა ყოველნი მას ჟამსა იყვნეს მშჳდობით სიყუარულსა ერთმან-ერთისასა.

ხოლო შვილთა ზედა კავკასისთა იყო უფალ დურძუკ, ძე ტირეთისი. ეზრახნეს ესე ექუსთა-ვე ნათესავთა თარგამოსიანთა, და ითხოვდეს შუელა ხაზართა ზედა. ხოლო შეკრბეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი, და გარდავლეს მთა კავკასია. და მოტყუენნეს ყოველნი საზღვარნი ხაზარეთისანი, და აღაშენნეს ქალაქნი პირსა ხაზარეთისასა, და წარმოვიდეს.

ამისსა შემდგომად ხაზართა იჩინეს მეფე, და დაემორჩილნეს ყოველნი ხაზარნი მეფესა მას ჩინებულსა მათსა. და წარმოიძღუანეს იგი და გამოვლეს ზღჳს-კარი, რომელსა აწ ჰქჳან დარუბანდი. ვერ წინააღუდგეს თარგამოსიანნი, რამეთუ იყო სიმრავლე ურიცხჳ ხაზართა, წარტყუენეს ქუეყანა თარგამოსიანთა, და შემუსრნეს ყოველნი ქალაქნი არარატისანი და მასისისანი და ჩრდილოსანი. და დაურჩეს ციხე-ქალაქნი თუხარისი, სამშჳლდე და მტუერის-ციხე, რომელ არს ხუნანი, შიდა-ქართლი და ეგრისი.

და ისწავეს ხაზართა ორნი-ვე ესე გზანი, რომელ არს ზღჳს-კარი დარუბანდი და არაგჳს-კარი, რომელ არს დარიალა. და განამრავლეს ხაზართა გამოსლვა და თყუენვა მათი და ვერ-ღა-რა წინააღუდგეს. და მიერითგან იქმნეს ესე ყოველნი თარგამოსიანნი მოხარკე ხაზართა.

ხოლო ოდეს პირველ გამოვიდა ხაზართა მეფე და მოტყუენნა ქუეყანანი, რომელნი ზემოთ დამიწერიან, და გარდავლო მთა კავკასია. და იყო ძე მისი სახელით უობოს, და მისცა ძესა თჳსსა ტყუე სომხითისა და ქართლისა. და მისცა ქუეყანა კავკასის ნაწილი, ლომეკის მდინარისა დასავლით, დასავლეთამდე მთისა.

და დაეშენა უობოს და მათნი ნათესავნი არიან ოვსნი, და იგი არს ოვსეთი, რომელ ნაწილი იყო კავკასისა. ხოლო დურძუკ, რომელი უწარჩინებულეს იყო შვილთა შორის კავკასისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, და უწოდა სახელი თჳსი დურძუკეთი. და მისცემდა ხარკსა მეფესა ხაზართასა.

ხოლო მას-ვე გზობასა მისცა მამის ძმის-წულსა მისსა ხაზართა მეფემან ნაწილი ლეკანისა, აღმოსავლით ზღჳთგან დარუბანდისით მდინარემდე ლომეკისა. და მისცა ტყუე რანისა და მოვაკნისა. და დაეშენა იგი მუნ, რომელ ნაწილი იყო ლეკანისა.

ხოლო ხოზონიხ, რომელ უწარჩინებულეს იყო ნათესავთა შორის ლეკანისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ხოზანიხეთი.

და გარდაჴდეს მას შინა ჟამნი მრავალნი. და ესე ყოველნი ნათესავნი იყვნეს მოხარკე ხაზართა.

ხოლო მიერითგან განძლიერდეს სპარსნი მიერ მზისა აღმოსავლითგან, ნათესავნი ნებროთისნი. და გამოჩნდა ნათესავთა შორის ნებროთისთა კაცი ერთი გმირი, რომლისა სახელი აფრიდონ, „რომელმან შეკრა ჯაჭვითა ბევრასფი გუელთა უფალი, და დააბა მთასა ზედა, რომელ არს კაცთ შეუვალი-ო“.

ესე-ვითარი წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა. აფრიდონ ეუფლა ყოველსა ქუეყანასა სპარსთასა: ხოლო რომელთა-მე ქუეყანათა შეგზავნნა ერის-თავნი, ჴელადნი მისნი, და რომელი-მე ქუეყანა მოხარკე ეყო. ამან წარმოგზავნა ერის-თავი თჳსი სპითა დიდითა, რომელსა სახელი ერქუა არდამ, შვილი ნებროთის ნათესავთა. მოვიდა ქართლად და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი. და მოსრა ყოველი რა-ოდენი ხაზარი პოვა ქართლსა შინა.

ამან არდამ ერის-თავმან აღაშენა ქალაქი ზღჳს-კარს, და უწოდა სახელი დარუბანდი, რომელი ითარგმანების „დაჴშა კარი“. და მან-ვე მოზღუდა მცხეთა ქალაქი ქჳთკირითა. და აქამომდე არა იყო ქართლსა შინა საქმე ქჳთკირისა. და ამის გამო დაისწავლეს ქჳთკირი. ამან-ვე არდამ მოჰკიდა კირი-ზღუდე ციხესა არმაზისასა და აქათ მტკურამდის, და წარმოზღუდა ცხჳრი არმაზისი ვიდრე მტკურამდე.

და ერისთავობდა არდამ მრავალთა წელთა. ხოლო ოდეს განუყო აფრიდონ ყოველი ქუეყანა სამთა ძეთა მისთა, მაშინ რომელსა-ცა ძესა მისცა სახლად სპარსეთი, და მას-ვე ხუდა წილად ქართლი, რომელსა სახელად ერქუა იარედ.

ხოლო შემდგომად არდამ ერის-თავისა გარდაიცვალნეს და ერის-თავნი. მიერითგან უცალო იქმნეს ძენი აფრიდონისნი, რამეთუ იწყეს ბრძოლად ურთიერთას. და მოკლეს ორთა ძმათა იარედ, ძმა მათი. მაშინ პოვეს ჟამი მარჯუე ქართლოსიანთა.

ეზრახნეს ოვსთა, გარდამოიყვანეს ოვსნი და პოვეს ერის-თავი სპარსთა ველსა გარე, და კნისობდა, და მოკლეს იგი. და რომელ პოვეს სპარსი, ყოველი მოსწყჳდეს ოვსთა და ქართველთა, და განთავისუფლდეს ქართველნი, ხოლო რანი და ჰერეთი დარჩა სპარსთა.

და შემდგომად ამისსა მრავალთა წელიწადთა კუალად განძლიერდეს სპარსნი. და განდიდნა მეფე სპარსთა, რომელსა ერქუა ქეკაპოს.

ხოლო მას ჟამსა იყო ვინ-მე ლეკეთს, კაცი მგრძნებელი, ნათესავი ხოზანიხიზისი და მან გრძნებითა თჳსითა დააბრმო ქეკაპოს მეფე და სპა მისი, და ვერ შევიდა ლეკეთს, უკუ-მოიქცა და მაშინ-ღა განუნათლდა თუალები. ამან ქეკაპოს კუალად მოხარკე ყვნა ქართველნი და წარვიდა.

შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა მოვიდა ამბავი, ვითარმედ მოსე განვლო ზღუა ისრაელთა, და იზრდებიან იგინი უდაბნოს მანანათა. განკჳრდეს ყოველნი, და მათ ყოველთა წარმართთა აქეს ღმერთი ისრაელთა.

და შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა უფალო იქმნა ქეკაპოს, მეფე სპარსთა, რამეთუ იწყო ბრძოლა თურქთა. მაშინ პოვეს ჟამი მარჯუე სომეხთა და ქართველთა, და განუდგეს სპარსთა და განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი მათნი და შეერთნეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი.

შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა გამოგზავნა ქეკაპოს, სპარსთა მეფემან, ძე მისი, რომელსა ერქუა ფარაბოროტ, სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა და ყოველთა თარგამოსიანთა ზედა. ხოლო შეკრბეს ესე ყოველნი თარგამოსიანნი, მიეგებნეს და დაეწყვნეს ადარბადაგანს, და იოტეს ფარაბოროტ, და მოსრეს სპა მისი. შემდგომად ამისსა მცირედთა წელთა კუალად გამოგზავნა ამან-ვე ქეკაპოს ძის-წული მისი, ძე შიოშ ბედნიერისა, რომელი მოიკლა თურქეთს, ვითარცა წერილ არს წიგნსა სპარსთა ცხოვრებისასა.

წარმოემართა ესე ძე შიოშისი, სახელით ქაიხოსრო. ვერ წინააღუდგეს მას სომეხნი და ქართველნი, რამეთუ დიდი იყო ძალი მისი. მოვლო ყოველი სომხითი და ქართლი, მოტყუენა ყოველი-ვე, იავარ-ყვნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და დაუტევნა ერის-თავნი, და აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა, და წარვიდა.

და შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა უცალო იქმნა ქაიხოსრო მეფე, და იწყო ბრძოლად თურქთა, ეძიებდა სისხლსა მამისა მათისასა. და პოვეს ჟამი სომეხთა და ქართველთა, განუდგეს სპარსთა და მოსრნეს ერისთავნი სპარსთანი, და განთავისუფლდეს.

ხოლო მას-ვე ჟამსა მოვიდეს თურქნი, ოტებულნი მის-ვე ქაიხოსროსგან. გამოვლეს ზღუა გურგანისი, აღმოყვეს მტკუარსა და მოვიდეს მცხეთას სახლი ოც-და-რვა. და ეზრახნეს მამასახლისსა მცხეთისასა, აღუთქუეს შეწევნა სპარსთა ზედა. ხოლო მამასახლისმან მცხეთელმან აუწყა ყოველთა ქართველთა. ინებეს დამეგობრება მათ თურქთა, რამეთუ აქუნდა შიში სპარსთა, და შემწეობისათჳს დაიმეგობრნეს თურქნი იგი გამოსხმულნი, და განიყვანეს ყოველთა ქალაქთა შინა.

ხოლო უმრავლესნი მათგანნი მოვიდეს და პოვეს ადგილი ერთი მცხეთას, დასავლით კერძო კლდეთა შორის გამოკუეთილი, ღრმა, და მოითხოვეს ადგილი იგი მცხეთელთა მამასახლისისაგან. მისცა და აღაშენეს იგი, მოზღუდეს მტკიცედ, და ეწოდა მას ადგილსა სარკინე.

და იყვნეს ესე თურქნი და ქართველნი ნების-მყოფელ ერთმან-ერთისა, მოელოდეს მოსლვასა სპარსთასა, ამაგრებდეს ციხეთა და ქალაქთა. მას ჟამსა შინა სადათა-ც ვინ მივიდის ძჳრის-მოქმედთაგან საბერძნეთით, გინა ასურით ოტებული, გინა ხაზარეთით, ყოველი-ვე დაიმეგობრიან ქართველთა შემწეობისათჳს სპარსთა ზედა.

და გამოჴდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი. და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქჳან ხერკ ხარკისა მისთჳს.

აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს. ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთა-ცა დაუტევეს ენა სომხური და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული.

და იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთასა. რამეთუ ცოლ-ქმრობისათჳს არა უჩნდათ ნათესაობა; და ყოველსა სულიერსა ჭამდეს; საფლავი არა იყო, მკუდარსა შესჭამდეს.

შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა აღმოვიდა ძე სპარსთა მეფისა ვაშტაშაბისი, სახელით სპანდიატ-რვალი, გოლიათი იგი და სახელოვანი. ხოლო ვერ წინააღუდგეს სომეხნი და ქართველნი, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი, და მოელოდეს მოსლვასა მისსა. ხოლო მოვიდა რა იგი ადარბადაგანს, ეწია ამბავი სპარსთა, რამეთუ მოკლეს მამის მამა მისი თურქთა და შემოვიდეს თურქნი სპარსეთად. მაშინ დაუტევა სპანდიატ ბრძოლა სომეხთა და ქართველთა, შეიქცა თურქთა ზედა ძებნად სისხლსა მამის მამისა მისისასა. და განთავისუფლდეს სომეხნი და ქართველნი.

შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა მეფე იქმნა სპარსეთს ძე სპანდიატისი, რომელი არს სახელით ბარამ, რომელი იცნობების არდაშირობით. ესე განდიდნა უფროს ყოველთა მეფეთა სპარსთასა. ამან დაიპყრა ბაბილოვანი და ასურეთი, მოხარკე ყვნა ბერძენნი და ჰრომნი. და მაშინ ქართველნი მოხარკე იყვნეს მისდა-ვე. და იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა.