ქართლის ცხოვრება (მეშვიდე ტექსტი)
თქმული მისი-ვე აღშენებისათჳს ეკლესიისა
რედაქტირება„ოდეს წარემართა მეფე და ყოველი ერი ქრისტიანობასა მოსწრაფებით ვიდრე მღდელთა მოსლვადმდე, რქუა მეფემან წმიდასა ნინოს: „მესწრაფების მე აღშენებად სახლსა ღმრთისასა; სადა აღვაშენო?“ რქუა წმიდამან ნინო: „სადა-ცა მეფეთა გონება მტკიცე არს“ რქუა მას მეფემან: „მიყუარან მე მაყუალნი ესე შენნი და მუნ მნებავს გონებითა ჩემითა, გარნა არა ვყო ესრეთ, არამედ არა ვრიდო სამოთხესა მას სამეუფოსა, და ნაძუთა ამათ სიმაღლესა, და ბაბილოთა ამათ ნაყოფიერებასა, და ყუავილთა სურნელებასა. რამეთუ ჩუენება რომელი იხილე შენ მფრინველთა მათ ფრთითა უშუერითა განბანა წყლითა და განსპეტაკება ბრწყინვალედ, და დასხდომა მათი ხეთა მათ ზედა სამოთხისათა და ჴმობა მათი ჴმითა ტკბილითა, - ჭეშმარიტად სამოთხე ესე ჴორციელი წარმწყმედელი შეგუეცვალოს სამოთხედ საუკუნოდ, და მუნ აღვაშენოთ სახლი ღმრთისა სალოცველად ჩუენდა ვიდრე მოსლვადმდე მღდელთა საბერძნეთით“. და მეყუსეულად მოიღო ძალი და ასწავებდა ხუროთა, და მოჰკუეთა ნაძჳ იგი და ნაძჳსა მისგან შემზადნა შჳდნი სუეტნი ეკლესიისანი. და ვითარ აღაშენეს კედელი იგი ძელითა, და აღმართნეს ექუსნი იგი სუეტნი თჳს-თჳსად. ხოლო სუეტი იგი უდიდესი, რომელი საკჳრველ იყო ხილვითა, საშუალ ეკლესიისა შესაგდებელად განმზადებული, ვერ შეუძლეს აღმართებად მისა. და აუწყეს მეფესა საკჳრველი იგი ყოვლად ვერ-ძრვა ადგილით-ცა სუეტისა მის.
„მაშინ მოვიდა მეფე სიმრავლითა ერისათა. და მოიხუნეს მრავალ-ღონენი მანქანანი, და სიმარჯჳთა და ერისა სიმრავლისა ძალითა ეცადნეს აღმართებად და ვერ შეუძლეს. და იყო დაკჳრვებულ მეფე და სიმრავლე ერისა, და იტყოდეს: „რა-მე არს ესე“? და ვითარ იქმნა მწუხრი, წარვიდა მეფე სახიდ თჳსად, შეწუხებული დიდად. ხოლო წმიდა ნინო და ათორმეტნი მოწაფენი მისნი დედანი დაადგრეს სუეტსა მას თანა. ხოლო სანატრელი იგი გოდებდა სუეტსა მას ზედა და. ადინებდა ცრემლთა მისთა.
„ვითარცა შუა ღამე ოდენ იქმნა, წარმოიქცეს ორნი-ვე ესე მთანი, არმაზ და ზადენ, რე-ცა თუ ჩამოირღუეს და დააყენნეს წყალნი ორთა-ვე: და მტკუარმან გარდამოხეთქა და წარჰქონდა ქალაქი, და შეიქმნეს ჴმანი საზარელნი ტყებისა და გოდებისანი. და ეგრეთ-ვე არაგჳ გარდამოჴდა ციხესა ზედა და იქმნებოდეს საზარელნი გრგჳნვანი. შეეშინა დედათა მათ და ივლტოდეს. ხოლო ნეტარი ნინო ღაღადებდა: „ნუ გეშინინ, დანო ჩემნო, მთანი მუნ-ვე ჰგიან, და წყალნი მუნ-ვე დიან, და ერსა ყოველსა სძინავს. ხოლო ესე რომელ რე-ცა მთანი დაირღუეს, სამართლად გეჩუენების, რამეთუ ურწმუნოებისა მთანი დაირღუეს ქართლს შინა. და წყალნი რომელ დაეყენნეს, სისხლი იგი ყრმათა, კერპთა მიმართ შეწირული, დაეყენოს. ხოლო ჴმა ესე ტყებისა არს ეშმაკთა სიმრავლისა, რამეთუ იგლოვენ იგი თავსა თჳსსა, რომელ არიან მეოტ ამით ადგილით ძალითა მაღლისათა და ჯუარითა ქრისტესითა. მოიქეცით და ილოცევდით ღმრთისა მიმართ“. და მეყსეულად დასცხრეს ჴმანი იგი, და იყო არა რა.
„და დადგა წმიდა ნინო, განეპყრნეს ჴელნი და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და იტყოდა: „რათა არა დაებრკოლოს საქმე ესე, რომელსა წარმართებულ არს მეფე“. კუალად ვიდრე არა ეყივლა ქათამსა სამთა-ვე კართა ქალაქისათა, დასცა ზარსა ლაშქარმან ძლიერმან: დალეწნეს კარნი, და აღივსო ქალაქი სპარსითა ლაშქრითა; და შეიქმნა ჴმა ზარის-საჴდელი, ზრზინვა, და ყივილი, და კლვა. და აღივსო ყოველი ადგილი სისხლითა, და მოვიდა სიმრავლე ზახილითა და მახჳლითა, და სხუათა მათ შიშისაგან დადნებოდეს ჴორცნი და განილია სული მათი. ტიროდეს ნათესავთა თჳსთა.
„და მსწრაფლ ისმოდა, ჴმობდეს რა ძლიერად: „მეფე სპარსთა, მეფეთ-მეფე ხუარან-ხუარა ბრძანებს: ყოველი ჰურია განარინეთ პირისაგან მახჳლისა“. ესე რა მესმა, და მოვეგე თავისა ცნობასა; და შევორგულდით მე და ათნი-ვე იგი ჩემთანანი, და მოახლებულ იყვნეს მახჳლოსანნი გარემოს ჩუენსა, სცემდეს და კლვიდეს.
„და ისმა ჴმა ძლიერი - „მირიან მეფე შეიპყრეს-ო“. გარე-მოიხილა მჴნემან მოღუაწემან და თქუა: „ესე რომელ ყივის, ვიცი რომელ აწ სამე დიდად სჭირს; და ვმადლობ ღმერთსა, რომელ ესე ნიშანი მათისა წარწყმედისა არს, და ქართლისა ცხოვრებისა, და ამის ადგილისა დიდებისა“. და ნუგეშინის გუცემდა, ვითარცა მოძღუარი ჴელოვანი, ჭეშმარიტად მოძღუარი და მოციქული ქრისტესი.
„მიექცა ერსა მას მომავალსა და რქუა: „სადა არიან მეფენი სპარსთანი ხუარა და ხუარან-ხუარა, საბასტანით გუშინ წამოხვედით, მალე სამე მოხვედით და დიდი სამე ლაშქარი ხართ, ძლიერად დალეწეთ ქალაქი ესე, და მახჳლი დაეცით, ქართა და ნიავთა წარგუალეთ ბნელით ჩრდილოთ-კერძო, მთათა და კედართა. აჰა, მოვიდა რომელსა თქუენ ევლტით“. და განძრა ჴელი ჯუარის სახედ და მეყსეულად უჩინო იქმნეს ყოველნი იგი. და იქმნა დაყუდება დიდი, და დედანი იგი ნატრიდეს მას და ადიდებდეს ღმერთსა.
„ხოლო ვითარცა ცისკარი აღეღებოდა, და მიერულა ყოველთა მათ დედათა. ხოლო მე, სიდონია, მღჳძარე ვიყავ. და იგი დგა ჴელ-განპყრობით. აჰა ესე-რა, ზედა მოადგა ჭაბუკი ერთი ნეტარსა მას, ყოვლად ნათლითა შემკობილი, შებლარდნილი ცეცხლის ზეწრითა, და რქუა რა-მე სამნი სიტყუანი. ხოლო იგი დაეცა პირსა ზედა თჳსსა, და ჭაბუკმან მან შეჰყო ჴელი სუეტსა მას და აღმართა და წარიღო სიმაღლესა შინა. და განკჳრვებული მივეახლე მას და ვარქუ ესრეთ: „დედოფალო, რა არს ესე?“ ხოლო მან მრქუა: „მოიდრიკე თავი ქუეყანად“, და ტირილად იწყო ზარისა მისგან. და მცირედისა ჟამისა შემდგომად აღდგა და აღმადგინა და განვეშორენით მას ადგილსა. ხოლო დედანი ვითარ იყვნეს კიდე, იხილეს მათ-ცა სუეტი იგი, ცეცხლის სახედ ჩამოვიდოდა და მოახლდებოდა ხარისხად მონაკუეთსა ზედა ძირსა ნაძჳსასა.
„ვითარცა რიჟუ-რაჟუ ოდენ იყო, აღდგა მეფე გულ-გდებული ურვათაგან, მიხედნა სამოთხესა მას და დაწყებულსა ეკლესიასა, სადა-იგი მტკიცე იყო გონება მისი, იხილა ნათელი, ვითარცა ელვა აღწევნული ცად სამოთხით მისით. იწყო სრბად და მკჳრცხლ მოვიდოდა, და ყოველი სიმრავლე სახლისა მისისა და ყოველი ერი ქალაქისა მოვიდა მის თანა.
„ვითარცა იხილეს საკჳრველი იგი, ნათლითა ბრწყინვალე სუეტი ჩამოვიდოდა ადგილად თჳსად, რე-ცა ვითარცა ზეცით, და დადგა ხარისხსა მას ზედა, და დაემყარა ჴელით შეუხებლად კაცთაგან. და ნეტარ იყო მას ჟამსა შინა, რამეთუ, რა იგი იქმნებოდა, შიშითა და სიხარულითა აღივსო მცხეთა ქალაქი, და დიოდეს მდინარენი ცრემლთანი მეფეთა და მთავართა და ყოველსა ერსა. სულ-თქმითა სულისა მათისათა ადიდებდეს ღმერთსა და ნატრიდეს ნეტარსა ნინოს. და იქმნეს სასწაულნი დიდნი მას დღესა შინა.
„პირველად მოვიდა ჰურია ვინ-მე, ბრმა შობითგან; მიეახლა სუეტსა მას და იქმნა მხედველ მუნქუეს-ვე, და ადიდებდა ღმერთსა. მეორე სეფე-წული მოვიდა ყრმა, ამაზასპანი; იდვა რვისა წლისა. მოიღო დედამან მისმან სარწმუნოებით და დადვა ცხედრითა წინაშე სუეტსა მას ნათლისასა, და ნანდჳლ-ვე ნათლისასა ევედრებოდა ნინოს: „მოხედენ, დედოფალო, ძესა ამას ჩემსა, სიკუდილად მიახლებულსა. რამეთუ ვიცი ღმერთი ღმერთთა იგი არს, რომელსა შენ ჰმსახურებ და ჩუენ გჳქადაგებ“. მაშინ წმიდამან ნინო შეახო ჴელი სუეტსა მას, დასდვა ყრმასა მას და რქუა: „გრწმენინ იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, ცხოვრებისათჳს ყოვლისა სოფლისა ჴორცითა მოსრული; განიკურნე ამიერითგან და ადიდებდი მას, ვისმან ძალმან განკურნა“. და მსწრაფლ აღდგა ყრმა იგი, ვითარცა უტკივნელი. და დაეცა შიში დიდი მეფესა და ყოველსა ერსა. და თჳთო-სახენი სნეულნი მოვიდოდეს და განიკურნებოდეს, ვიდრემდის მეფემან შეუქმნა საბურველი ძელისა გარემოს სუეტსა მას, და დაფარა ხედვისაგან. და ეგრეთ-ვე შეეხებოდეს ერნი სართულსა მას და განიკურნებოდეს. მსწრაფლ იწყო მეფემან და განასრულა ეკლესია სამოთხესა შინა.
„და ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი მირიან მეფისანი კოსტანტინე ბერძენთა მეფესა წინაშე, და მიუთხრეს ყოველი, რა-ცა იქმნა. მაშინ აღივსო სიხარულითა მეფე და დედა მისი ელენე დედოფალი: პირველად ამისთჳს, რამეთუ მადლი ღმრთისა მიეფინებოდა ყოველთა ადგილთა და ჴელსა ქუეშე მათსა ნათელს-იღებდა ყოველი ქართლი. შემდგომად ამისთჳს განმხიარულდეს, რამეთუ დაიდასტურეს მირიან მეფისაგან სრულიად მოწყუედა სპარსთა და მტკიცედ მიღება სიყუარულისა მათისა. და ადიდებდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა. და წარმოგზავნა მღდელი ჭეშმარიტი იოვანე ეპისკოპოსად, და მის თანა მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი. და მოუწერა მირიანს კოსტანტინე მეფემან წიგნი ლოცვისა და კურთხევისა ღმრთისა მადლობისა. და წარმოსცა ჯუარი და ხატი მაცხოვრისა, და მის თანა ნიჭი დიდი. და ელენე დედოფალმან მოუწერა წიგნი ქებისა და ნუგეშინის-ცემისა.
„მოიწია იოვანე ეპისკოპოსი და მის თანა მღდელნი და დიაკონნი და მოციქულნი მცხეთად, და აღივსნეს სიხარულითა მეფე და დედოფალი და ყოველი ერი მათი, რამეთუ სურვიელ იყვნეს ყოველნი-ვე ნათლის-ღებისათჳს. მაშინ მსწრაფლ გაგზავნა ბრძანება მირიან მეფემან ყოველთა თანა ერის-თავთა, სპასალართა და ყოველთა პირთა სამეფოსათა მოწოდებად წინაშე მისსა; და მსწრაფლ მოიწივნეს ყოველნი ქალაქად.
„მაშინ ნათელ-იღო მეფემან ჴელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა, და შემდგომად დედოფალმან და შვილთა მათთა ჴელსა ქუეშე მათ მღდელთა და დიაკონთასა. და შემდგომად ამისსა აკურთხეს მდინარე მტკუარი, და ეპისკოპოსმან შემზადა ადგილი ერთი, მიწურვით ჴიდისა კარსა მოგუეთისასა, სადა ყოფილ იყო სახლი ელიოზ მღდელისა, და მუნ ნათელს-ცემდა წარჩინებულთა თჳთოსა და ეწოდა ადგილსა მას მთავართა სანათლო. ხოლო ქუემოთ მისსა, მდინარისა-ვე პირსა, ორგან, ორნი იგი მღდელნი და დიაკონნი ნათელს-ცემდეს ერსა. და მიატყდებოდა ერი იგი ურთიერთას მოსწრაფებით და ევედრებოდეს მღდელთა, რათა პირველად მას ვის-მე ნათელს-ცეს. და ესრეთ სურვიელ იყო ერი იგი ნათლის-ღებისათჳს, რამეთუ ესმინა ქადაგება წმიდისა ნინოსი, რომელსა იტყჳნ: „ყოველმან რომელმან არა ნათელ-იღოს, არა პოვოს მან ნათელი საუკუნო“ და ამისთჳს მოსწრაფე იყვნეს ნათლის-ღებად ყოველნი იგი. და ესრეთ სახედ ნათელ-იღეს ყოველმან ერმან და სიმრავლემან ქართლისამან, თჳნიერ ხოლო არა ნათელ-იღეს მთიულთა კავკასიანთა, არ-ცა მოვიდეს მოფენასა მას ნათლისასა, არამედ დაადგრეს ბნელსა შინა ჟამ რა-ოდენ-მე. და ჰურიათა მცხეთელთა არა-ვე ნათელ-იღეს, გარნა ბარბიანთა ნათელ-იღეს ორმოცდაათმან სახლმან და იქმნეს ქრისტიანე ჭეშმარიტ. ამისთჳს-ცა დიდ იქმნეს იგინი წინაშე მეფისა; და მიუბოძა მათ დაბა, რომელსა ჰქჳან ციხე-დიდი. არამედ არა ნათელ-იღო ფეროზ, სიძემან მირიან მეფისამან, რომელსა ჰქონდა რანი ბარდავამდინ მიცემულად მირიან მეფისაგან; არ-ცა ერმან მისმან ნათელ-იღო, არამედ ჴორციელ ოდენ მსახურებდა მირიან მეფესა.
„მაშინ წარავლინა მირიან მეფემან ეპისკოპოსი იოვანე და მის თანა წარჩინებული ერთი წინაშე კოსტანტინე მეფისა, და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, რომელი მას ოდენ ჟამსა გამოეჩინა ღმრთის-მოყუარესა ელენე დედოფალსა. და ითხოვნა მღდელნი მრავალნი, რათა განავლინნეს ყოველთა ქალაქთა და ადგილთა და ნათელს-ცემდენ ერსა, რათა მსწრაფლ ნათელ-იღოს ყოველმან სულმან ქართლისამან. და ითხოვნა ქვით-ხურონი აღშენებისათჳს ეკლესიათა.
„ვითარ მიიწივნეს წინაშე კოსტანტინე კეისრისა, სიხარულით მოანიჭა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფერჴნი დამსჭუალულ იყვნეს უფლისანი და სამსჭუალნი ჴელთანი. და წარმოგზავნნა მღდელნი და ხურონი ფრიად მრავალნი: რამეთუ კოსტანტინე მეფემან მეფობასა შინა მისსა აღაშენა წმიდა ეკლესია, ტაძარი ღმრთისა ხუთასი. და მოსცა განძი დიდ-ძალი ეპისკოპოსსა იოვანეს და უბრძანა: „სადა-ცა ჯერ იჩინო ადგილთა ქართლისათა, აღაშენენ ეკლესიანი სახელსა ზედა ჩემსა; და ნიჭნი ესე დაამკჳდრენ ქალაქთა ქართლისათა“.
„და წარმოვიდა ეპისკოპოსი და მის თანა მოციქული. და ვითარ მოიწივნეს ადგილსა, რომელსა ჰქჳან ერუშეთი, და დაუტევნა ხურონი საქმედ ეკლესიისა: დაუტევნა განძი და სამსჭუალნი უფლისანი და წარმოვიდა. და დაუტევნა წუნდას ხურონი და განძი და, რაჟამს ეწყო ოდენ ეკლესიასა, წარმოვიდა და მოვიდა მანგლისს, და იწყო ეკლესიასა შენება; და დაუტევნა ფიცარნი იგი უფლისანი.
„მაშინ შეწუხნა მირიან მეფე ამისთჳს, რამეთუ პირველ არა სამეუფოსა ქალაქსა მოვიდეს, არამედ სხუათა ქალაქთა და ადგილთა იწყეს შენებად ეკლესიათა და დაუტევნეს ნაწილნი. ხოლო მოვიდა წმიდა ნინო წინაშე მეფისა და რქუა; „ნუ სწუხ, მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ არს: სადა-ცა მოვიდოდიან, დასთესვიდენ სახელსა ღმრთისასა. ხოლო არს ქალაქსა ამას შინა სამოსელი იგი დიდებული უფლისა.
„მაშინ მოიყვანა მეფემან აბიათარ მღდელი და მის თანა ჰურიანი მრავალნი, და გამოიკითხა მათგან კუართისა მისთჳს. ხოლო მათ მიუთხრეს ყოველი, რომელი ზემო წერილ არს. მაშინ აღიპყრნა ჴელნი მირიან მეფემან და თქუა: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო; რამეთუ პირველითგან-ვე გინდა ჴსნა ჩუენი ეშმაკისაგან და ადგილისა მისგან ბნელისა. ამისთჳს სამოსელი იგი შენი წმიდა წარმოეც წმიდით ქალაქით იერუსალემით ებრაელთა მათ, ღმრთეებისა შენისაგან უცხო-ქმნილთა, და მომეც ჩუენ უცხოთა ნათესავთაგან“.
„და წარემართა მეფე და ყოველი ქალაქი მტკიცედ ქრისტიანობასა იწყეს ხუროთა შენებად ეკლესიისა გარეგნივ ზღუდესა, მაყუალთა მათ ზედა, საყოფელსა წმიდისა ნინოსსა, სადა აწ არს ეკლესია საეპისკოპოსო. მაშინ თქუა წმიდამან ნინო: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი იესო ქრისტე და მამა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელმან მოავლინა სიტყუა მისი წმიდა ზეცითგან მაღალთათ, თჳთ ძლიერისაგან საყდრისა გარდამოსრული ქუეყანად მდაბლად, შობილი. უეჭუელად თესლისაგან დავითისა, დედაკაცისაგან მარტოდ შობილისა, წმიდისა და უბიწოსა; რომელი სათნო ეყო მას მიზეზითა, მიზეზი ცხოვრებისა ჩუენისა, რომელმან ცასა ქუეშე ყოველივე განანათლა და მორწმუნენი აცხოვნნა; რომელი იშვა ვითარცა კაცი, ნათელი ყოველთა, ხატი ღმრთისა მამისა, და ვითარცა მსახურმან ვინ-მე სჯულისამან ნათელ-იღო წყლისაგან და სულისა, ჯუარს ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, და აღჴდა სიმაღლესა მამისა თანა, და კუალად მოვალს დიდებით; რომელსა შუენის ყოველი-ვე დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა თანა მამით და სულით წმიდით“.
აღმართებისათჳს პატიოსნისა ჯუარისა
რედაქტირებავითარცა ნათელ-იღეს მეფემან, და დედოფალმან, და შვილთა მათთა, და ყოველმან ერმან, მაშინ დგა ხე ერთი ადგილსა ერთსა, კლდესა ზედა ბორცუსა შეუვალსა, და იყო ხე იგი შუენიერი ფრიად და სულნელი. და ესე საკჳრველება იყო ხისა მისგან, რამეთუ ისარ-ცემული ნადირი, რომელი მოვიდის და ჭამის ფურცელი მისი და გინა თესლი მისი, განერის სიკუდილისაგან, დაღაცათუ საკლავსა ადგილსა დიდად წყლულ იყვის. ესე დიდად საკჳრველ უჩნდის პირველთა მათ წარმართთა, და აუწყეს ეპისკოპოსსა იოვანეს ხისა მისთჳს. ხოლო ეპისკოპოსმან თქუა: „აჰა ესე-რა, ჭეშმარიტად პირველითგან-ვე დამარხულ არს ქუეყანა ესე ღმრთისაგან მსახურად თჳსად, რამეთუ ღმრთისაგან აღმოსცენდა ხე იგი დამარხული ჟამისა ამისთჳს. რამეთუ აწ მოეფინა მადლი ღმრთისა ქართლსა, და მის ხისაგან ჯერ არს შექმნად ჯუარი პატიოსანი, რომელსა თაყუანის-ცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან.
და წარვიდეს რევ, ძე მეფისა, და ეპისკოპოსი, და სიმრავლე ერისა, და მოჰკუეთეს ხე იგი და წარმოიღეს რტოთურთ თჳსით. და მოაქუნდა ათსა ათეულსა კაცსა ზე-ზე რტოთურთ და ფურცლითურთ შემოაქუნდა ქალაქად. და შემოკრბა ერი ხილვად მწუანის ფერობასა მას და ფურცლიანობასა, ჟამსა ზამთრისასა, ოდეს სხუა ყოველი ხე ჴმელ იყო, ხოლო ესე ფურცელ-დაუცჳნელი, სულ-ამო და სახილველად შუენიერი. და ძირსა ზედა აღმართეს ხე იგი კარსა ზედა ეკლესიისასა, სამხრით, სადა ბერვიდა ნელი ნიავი, და შლიდა ფურცელთა მის ხისათა, და ძრვიდა რტოთა მისთა. და იყო ხილვა მისი შუენიერი, ვითარცა სმენით ვიცით, ხისა მის ალვისა.
ესე მოჰკუეთეს მარტსა ოცდახუთსა, დღესა პარასკევსა. და დაადგრა ხე იგი ეგრეთ დღესა ოცდაჩჳდმეტსა, და არა შეიცვალა ფერი ფურცელმან მისმან, ვითარცა დგა ძირსა-ვე ზედა მისსა, თავსა ზედა წყაროსასა, ვიდრემდის ყოველნი ხენი მაღნარისანი შეიმოსნეს ფურცლითა და ხენი ნაყოფისა გამომღებელნი შეიმოსნეს ყუავილითა.
მაშინ თუესა მაისსა ერთსა შექმნნეს ჯუარნი ესე, და შჳდსა ამის თჳსასა აღმართნეს ჴელის დადებითა მეფეთათა, სიხარულითა და წადიერებითა ყოვლისა ერისა ქალაქისათა, და იყვნეს ეკლესიასა შინა. იხილა ყოველმან ერმან ქალაქისამან ყოველთა მათ დღეთა: აჰა, ჩამოვიდის ჯუარი ცეცხლისა ზეცით და მისა გარემოს, მსგავსად გჳრგჳნისა ვარსკულავისათა, და დაადგრის ეკლესიასა ზედა ვიდრე განთიადმდე. და რიჟუ-რაჟუ ოდენ გამოვიდიან მისგან ორნი ვარსკულავნი: ერთი წარვიდის აღმოსავალით და ერთი დასავალით; და იგი თავადი ეგრეთ ბრწყინვალედ, ნელიად-ნელიად, განვიდის მიერ კერძო არაგუსა, და დადგის ბორცუსა მას ზედა კლდისასა,ზემო-კერძო ახლოს წყაროსა მას, რომელი აღმოაცენეს ცრემლთა წმიდისა ნინოსთა, და მუნით აღიმაღლის ზეცად. და ესრეთ მრავალ-გზის იხილა ყოველმან ერმან მაცხოვარება ღმრთისა ჩუენისა. მაშინ იწყეს კითხვად ნეტარისა ნინოსა, თუ „რა არს, რომელ გამოვალს ბრწყინვალე ვარსკულავი, და ერთი წარვალს აღმოსავალით და ერთი დასავალით“. ხოლო მან თქუა: „განავლინენით კაცნი მთათა ზედა მაღალთა აღმოსავალით ვიდრე კახეთის მთამდე და დასავალით ვიდრე სანახებამდე ამის ქალაქისა; და ოდეს გამობრწყინდენ მთიებნი იგი, ნახონ. თუ სადა დადგენ, და მუნ-ცა აღემართნენ ჯუარნი ესე ქრისტესნი“.
მაშინ ყო მეფემან ეგრე და შეიცვნა თავნი მთათანი მიწყებით. ხოლო დღე ესე იყო პარასკევი, და შაბათი განთენდებოდა. იყო იგი-ვე სასწაული, და იქმნა ეგრეთ-ვე, ვითარცა პირველ იქმნის. ხვალისა დღე მოვიდეს დასავალისანი, რომელნი დგეს მთათა ზედა ქუაბთა თავისათა, და მიუთხრეს მეფესა, ვითარმედ: „გამოვიდა ვარსკულავი იგი, ამაღლდა და მიიწია მთასა ზედა თხოთისასა, გარდასავალსა ზედა კასპისასა, დაადგრა ადგილსა ერთსა და ყოვლად უჩინო იქმნა“.
და ეგრეთ-ვე მოვიდეს მთით კახეთისათ და თქუეს: „ვიხილეთ ვარსკულავი აქათ მომავალი, და დაადგრა დაბასა ბოდესა კუხეთისასა“. მაშინ უბრძანა ნეტარმან ნინო: „წარიხუენით ორნი ჯუარნი და აღმართენით ერთი თხოთს, სადა-იგი გამხილა ღმერთმან ძალი მისი, და ერთი მიეც სალომეს, მჴევალსა ქრისტესსა, და აღმართოს უჯარმას ქალაქსა. რამეთუ ბოდი, დაბა კუხეთისა, არა წინააღუდგეს ქალაქსა მეფეთასა, რამეთუ ერისა სიმრავლე არს მას შინა. ბოდის კულა დაბა თჳთ იხილოს სათნო იგი ადგილი ღმრთისა“ და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა დედოფალმან.
ხოლო ესე სასწაულითა ზეცისათა ჩუენებით ჯუარი პატიოსანი მცხეთას იპყრეს, ჴელითა კაცობრივითა, და მივედით ბორცუსა მას ქუეშე: წყაროსა მას ზედა ათიეს ღამე, და ილოცეს ღმრთისა მიმართ, და ნეტარი ნინო ცრემლითა შეაზავებდა წყაროსა მას, და იქმნებოდეს კურნებანი და სასწაულნი დიდნი.
ხოლო ხვალისა დღე აღვიდეს კლდესა მას ზედა. და მივიდა ნეტარი იგი ბორცუსა მას ზედა, დავარდა ქვათა მათ ზედა, ტიროდა თჳთ იგი და მის თანა მეფენი და მთავარნი, და ყოველი სიმრავლე ერისა, ვიდრემდის მთანი ჴმას-ცემდეს. და დასდვა ჴელი ერთსა ქვასა და რქუა ეპისკოპოსსა: „მოვედ, რამეთუ შენდა ჯერ არს და დასწერე ჯუარი ქვასა ამას“ და მან ყო ეგრეთ, და მუნ აღემართა ჯუარი იგი დიდებითა მეფეთაგან. და მოდრკა ერი იგი ურიცხჳ, და თაყუანის-ცეს ჯუარსა, და აღიარეს ჯუარ-ცმული ჭეშმარიტად ძედ ღმრთისა ცხოველისად. და ჰრწმენა სამებით დიდებული ღმერთი.
ხოლო დიდნი იგი მთავარნი არა განეშორებოდეს ეკლესიასა წმიდასა, და სუეტსა ნათლისასა, და ჯუარსა მას ცხოველსა, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ უზომოთა და კურნებათა მათ მიუთხრობელთა. და დღესა კჳრიაკესა აღვსებისა ზატიკსა ყო მირიან მეფემან და ყოველმან მცხეთამან, შეწირეს შესაწირავი იგი დღე განაწესეს ჯუარისა მსახურებად, აღვსებისა ზატიკი, ყოველმან ქართლმან მოდღენდელად დღედმდე.
და იყო რა-ოდენისა-მე დღისა შემდგომად, მარტჳლისა უკანას, იხილეს სასწაული დიდად საშინელი, დღესა ოთხშაბათსა: აჰა ესე-რა, სუეტი ნათლისა, სახედ ჯუარისა, დგა ჯუარსა მას ზედა, და თორმეტნი ვარსკულავნი, სახედ გჳრგჳნისა, გარემოს მისსა, ხოლო ბორცჳ იგი კუმოდა სახედ სულნელად. და ხედვიდეს სასწაულსა ამას ყოველნი, ; და მრავალნი უღმრთოთაგანნი მოიქცეს და ნათელ-იღეს მას დღესა შინა. ხოლო ქრისტიანენი უფროს მორწმუნე იქმნებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა. მერმე კუალად იხილეს სხუა სასწაული ჯუარისა, ვითარცა რა ცეცხლი დგა თავსა ზედა მისსა, შჳდ წილად მზისა უბრწყინვალესი, ზედა დაადგრა მას და, ვითარცა საჴუმილისა ნაბერწყალნი აღვლენ, ეგრე სახედ ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. ხოლო ბორცჳ იგი იძრვოდა ძლიერად და, ვითარცა სასწაული იგი დასცხრებოდა, ეგრე-ცა ძრვა იგი დასცხრებოდა. ვითარცა იხილეს სასწაული იგი, დაუკჳრდა ყოველთა, და უფროსად და უმეტესად ადიდებდეს ღმერთსა. და ვითარცა იქმნებოდეს წლითი-წლად სასწაულნი იგი, და ყოველი ერი ხედვიდეს შიშით და ძრწოლით; მოვიდოდეს თაყუანის-ცემად გულს-მოდგინედ.
მას ჟამსა რევის, ძესა მეფისასა, ესუა ყრმა-წული. მცირე, და იყო სნეულ, და მიწევნულ იყო სიკუდილად. რამეთუ იგი ოდენ მხოლო ესუა მათ, მოიღო და დადვა იგი წინაშე ჯუარისა და ცრემლით იტყოდა: „უკეთუ მომიბოძო ყრმა ესე ცოცხალი, აღვაშენო კუბო საყუდელად შენდა“. და მუნქუეს-ვე განიკურნა ყრმა იგი, და განკურნებული და განცოცხლებული წარიყვანა. მერმე მოვიდა აღნათქუამისა აღმასრულებელად და ყო მადლისა მიცემა დიდითა სიხარულითა. და გულ-მოდგინებით აღაშენა კუბო ჯუარისა მცხეთისა რევ, ძემან მეფისამან, და წლითი-წლად მოვიდის და აღასრულის აღნათქუამი იგი მსხუერპლისა. და მიერითგან უფროს მოვიდოდეს ყოველნი უძლურნი და სნეულნი, განიკურნებოდეს და სიხარულით ადიდებდეს ჯუარსა წმიდასა ქრისტესსა.
იყო ვინ-მე მამაკაცი ჭაბუკი, და ორნი-ვე თუალნი დასდგომოდეს. ჯდა იგი წინაშე ჯუარსა ქრისტესსა, და შემდგომად შჳდისა დღისა აღეხილნეს თუალნი: ხედვიდა და ადიდებდა პატიოსანსა ჯუარსა.
მერმე დედა-კაცი ვინ-მე იყო, მარადის გუემული სულისაგან უკეთურისა ეგე-ოდენ, რომელ ძალი და გონება მისი მიეღო რვასა წელსა, და სამოსელსა თჳსსა დაიპებდა. და ვითარ მოიყვანეს და პატიოსანსა ჯუარსა შეამთხჳვეს, შემდგომად თორმეტისა დღისა განიკურნა და თჳსითა ფერჴითა წარვიდა. და ადიდებდა ღმერთსა და თაყუანის-ცემდა პატიოსანსა ჯუარსა.
და კუალად იყო ყრმა ვინ-მე მცირე: მეყსეულად დაეცა და მოკუდა. აღიღო იგი დედამან მისმან და დააგდო წინაშე ჯუარსა ყრმა იგი მომწყდარი, დილითგან მიმწუხრადმდე. ხოლო დედა მისი ტირილით ილოცვიდა წინაშე ჯუარსა, და სხუანი ეტყოდეს: „წარიღე, დედა-კაცო, და დამარხე, რამეთუ მომკუდარ არს, და ნუ-ღა-რა აწყინებ“. ხოლო მან არა წარიკუეთა სასოება, არამედ უფროს და უმეტეს საწყალობელად ტიროდა და ილოცვიდა. ხოლო მწუხრის ჟამსა სულიერ იქმნა და თუალნი აღეხილნეს. და შემდგომად შჳდისა დღისა განიკურნა, და განცოცხლებული წარიყვანა ყრმა იგი დედამან მისმან. და ადიდებდა ღმერთსა.
იხილეს რა სასწაული და კურნება ყოვლად წმიდისა ჯუარისა, მრავალნი უშვილონი მოვიდოდეს და ითხოვდეს შვილიერებასა, და შვილ-მრავალ იქმნებოდეს, და შესაწირავთა და მადლთა ჰყოფდეს. არა თუ რომელნი მოვიდიან მათ ოდენ მიიღიან კურნება, არამედ რომელნი შორით ილოცვიდიან წმიდასა ჯუარსა, მუნქუეს-ვე შეწევნითა მისითა მიიღიან მადლი, მძლე ექმნებიან მტერთა და მოსწრაფედ მოვიდიან შეწირვად მადლისა.
მრავალნი უკუე უღმრთონი ჭირსა შთაცჳვიან, და რაჟამს ხადოდიან წმიდასა ჯუარსა, მუნქუეს-ვე განერიან ჭირისაგან და მოვიდოდიან შემთხუევად პატიოსნისა ჯუარისა, და მსწრაფლ ნათელ-იღიან და ადიდებდიან პატიოსანსა ჯუარსა. მრავალნი უკუე, მრავალსა ჭირსა შთაცჳვნულნი, ძალითა პატიოსნისა ჯუარისათა განიკურნებოდეს პირად-პირადთაგან სატანჯველთა, მოივლტიედ ვედრებად და მყის განიკურნებიედ მოდღენდელად-დღედმდე და ადიდებდეს მამას, და ძესა, და წმიდასა სულსა.