ქართლის ცხოვრება (მერვე ტექსტი)

თარგი:Header წიგნი რომელი მოუწერა პატრიაქმან ჰრომისამან და ბრანჯთა მეფემან ნინოს და მეფესა მირიანს და ყოველსა ერსა ქართლისასა

მათ დღეთა შინა მოვიდა წიგნი ჰრომით, წმიდისა პატრიაქისა, ნინოს და მეფესა და ყოველსა ერსა ქართლისასა. და მოავლინა ბრანჯი დიაკონი ქებისა შესხმად და კურთხევისა მიცემად, და ამის ნეტარისა ნინოსგან ლოცვისა წარღებად და მადლისა ზიარებად. აქუნდა წიგნი ბრანჯთა მეფისა ნინოს-ცა თანა: რამეთუ მამისა მისისაგან ნათელ-ეღო ბრანჯეთს. და ესე ყოველი მისმენილ იყო იერუსალემით და კოსტანტინეპოლით, ვითარმედ ქუეყანასა მას ქართლისასა მიეფინა მზე სიმართლისა. ამისთჳს სანატრელი წიგნი მოუწერა, რათა-მცა ეუწყნეს აქანი იგი სასწაულნი სუეტისა მის და მაყულოვნისა, და ძალი იგი კურნებისა. ესე ყოველი იხილა და მოისმინნა სასწაულნი იგი ბრანჯმან დიაკონმან, რომელნი ქმნილ იყვნეს მცხეთას, და განკჳრვებული ადიდებდა ღმერთსა; წარიღო წიგნები და წარვიდა.

მაშინ რქუა მეფემან წმიდასა ნინოს და ეპისკოპოსსა: „მნებავს ესრეთ, რათა იძულებით მახჳლითა მოვაქცივნეთ მთეულნი და სიძე ჩემი ფეროზ, და დავამონნეთ ძესა ღმრთისასა და ვათაყუანნეთ პატიოსანსა ჯუარსა“. მაშინ რქუეს: „არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახჳლისა აღება, არამედ სახარებითა და ჯუარითა პატიოსნითა უჩუენოთ გზა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, და მადლმან ღმრთისამან განანათლოს ბნელი იგი გულთა მათთა.

და წარვიდა წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა წარატანა მეფემან ერის-თავი ერთი. მივიდეს და დადგეს წობენს, და მოუწოდეს მთეულთა, პირუტყუთა სახეთა მათ კაცთა, ჭართალელთა, ფხოელთა, წილკანელთა და გუდამაყრელთა. და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ. ხოლო მათ არა ინებეს ნათლის-ღება. მაშინ ერის-თავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახჳლი მათ ზედა, და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი.

გარდამოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთს, და უქადაგეს ერწო-თიანელთა. ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს. ხოლო ფხოელთა დაუტევეს ქუეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს. და სხუანი-ცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის-ღება. ამისთჳს წარკრბეს იგინი და შესცთეს, და რომელნი-მე უკანასკნელ მოაქცივნა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსმან და რომელნი-მე მათგანნი დარჩეს წარმართობასა-ვე შინა დღეს-აქამომდე.

ხოლო წმიდა ნინო წარემართა წარსლვად რანს, მოქცევად ფეროზისა. და ვითარცა მიეახლა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, დაყვნა მუნ დღენი რა-ოდენნი-მე. და მოვიდოდეს მისსა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა მისსა სიმრავლე ერისა. მაშინ დასნეულდა მუნ; და ვითარცა ცნა რევ, ძემან მეფისამან, და სალომე, ცოლმან მისმან, რომელნი ცხორებდეს უჯარმას, მოვიდეს ნინოსა და აცნობეს მეფესა და დედოფალსა. ხოლო მათ მიავლინეს ეპისკოპოსი იოვანე წარმოყვანებად წმიდისა ნინოსსა, ხოლო წმიდა ნინო არა ერჩდა. მაშინ წარვიდა თჳთ მეფე და სიმრავლე ერისა. და შეკრბა მის ზედა სიმრავლე ერთა ძლიერთა. რამეთუ ხედვიდა ყოველი იგი ერი პირსა ნინოსსა, ვითარცა პირსა ზეცისა ანგელოზისასა, და მოსწყუედდიან ფესუსა სამოსლისა მისისასა, მიიღებდეს და ემთხუეოდეს სარწმუნოებით, და იძულებით ევედრებოდეს ყოველნი დედოფალნი, გარემოს მსხდომნი, რომელთა გარდამოსდიოდე ცრემლნი თუალთაგან მათთა განშორებისათჳს მოძღურისა მათისა და მოღუაწისა, და სნეულთა მკურნალისა ჴელოვანისა.

და ეტყოდეს სალომე უჯარმელი და პეროჟავრი სივნელი და მათ თანა ერის-თავნი და მთავარნი ჰკითხვიდეს, თუ „ვინა ანუ სადათ მოხვედ ამა ქუეყანასა მაცხოვრად ჩუენდა, ანუ სადათ-მე იყო აღზრდა შენი, დედოფალო; მაუწყე ჩუენ საქმე შენი. რასა იტყჳ ტყუეობასა, ტყუეთა მჴსნელო სანატრელო, რამეთუ ესე-რა გჳსწავიეს შენ მიერ, ვითარმედ ყოფილ არიან წინასწარმეტყუელნი პირველ ძისა ღმრთისა, და შემდგომად მოციქულნი თორმეტნი და სხუანი სამოცდაათნი, და ჩუენდა არა-ვინ მოავლინა ღმერთმან, გარნა შენ, და ვითარ იტყჳ, ვითარმედ ტყუე ვარი მე, ანუ ვითარ უცხო“.

მაშინ იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და თქუა: „ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო დედოფალნო ჩემნო. გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ დედათა, ყოველთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და გნებავს გზათა ჩემთა ცნობა, გლახაკისა მჴევლისათა. აწ გაუწყო-ცა, რამეთუ ესე-რა მოსრულ არს სული ჩემი ჴორჴად ჩემდა, და მეძინების მე ძილითა დედისა ჩემისათა საუკუნოდ. არამედ მოიხუენით საწერელნი და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრება ჩემი, რათა უწყოდიან შვილთა-ცა თქუენთა სარწმუნოება თქუენი, და შეწყნარება ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელ გიხილვან“.

მაშინ მსწრაფლ მოიხუნეს საწერელნი სალომე უჯარმელმან და პეროჟავრი სივნელმან: იწყო სიტყუად წმიდამან ნინო, ხოლო იგინი წერდეს. და წარმოუთხრა ყოველი, რომელი ზემოთ დავწერეთ, ცხოვრება მის წმიდისა და ნეტარისა. და შევედრა მეფესა იაკობ მღდელი, რათა შემდგომად იოვანესსა იგი იყოს ეპისკოპოს. მაშინ იოვანე ეპისკოპოსმან შეწირა ჟამი და აზიარა წმიდა ნინო ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და შევედრა სული თჳსი მეუფესა ცათასა, ქართლად მოსლვითგან მისით მეთოთხმეტესა წელსა, ქრისტეს ამაღლებითგან სამას ოცდათურამეტსა წელსა, დასაბამითგანთა წელთა ხუთიათას რვაას ოცდათურამეტსა.

მაშინ შეიძრნეს ორნი-ვე ესე ქალაქნი, მცხეთა და უჯარმა, და ყოველი ქართლი, მიცვალებასა ნინოსსა. მუნ მივიდეს და დამარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი ადგილსა-ვე ზედა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, რამეთუ მუნ ითხოვა თჳთ დაფლვა მეფისაგან, შეხედვებითა ღმრთისათა: სიმდაბლისათჳს ქმნა ესე წმიდამან, რამეთუ ადგილი იგი შეურაცხი იყო. და მწუხარე იყო მეფე და ყოველნი წარჩინებულნი მუნ დაფლვასა მისსა, არამედ მცნებისა და ანდერძისა მისისა აღსრულებისათჳს დაფლეს მუნ.

და ვითარ აღასრულა ესე ყოველი ღმრთივ-განბრძნობილმან მირიან მეფემან, განამტკიცა ყოველი ქართლი და ჰერეთი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა, ერთარსებისა ღმრთისა დაუსაბამოსასა, დამბადებელისა ყოვლისასა; და განმტკიცდეს სრულსა სარწმუნოებასა ზედა.

მაშინ კეისარსა კოსტანტინეს რომელ ჰყვა მძევალი, ძე მირიანისი, რომელსა ერქუა ბაქარ, გამოგზავნა იგი მეფემან კოსტანტინე ნიჭითა დიდითა, და მოუწერა ესრეთ: „მე, კოსტანტინე მეფე, თჳთ-მპყრობელი, ახალი მონა ცათა მეუფისა, პირველ ეშმაკისაგან წარტყუენული და მერმე გამოჴსნილი დამბადებელისა მიერ, მოვსწერე შენდა ღმრთივ-განბრძნობილისა და ჩემთანა-ვე ახალ-ნერგისა, მორწმუნისა მეფისა მირიანისსა. იყავნ შენ თანა მშჳდობა და სიხარული! ვინათგან იცან შენ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა, არღარა მიჴმს მე შენგან მძევალი, არამედ კმა არს ჩუენ შორის შუა-მდგომელად ქრისტე, ძე ღმრთისა, პირველ ჟამთა შობილი, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა, და ჯუარი მისი პატიოსანი, რომელი მოცემულ არს ჩუენდა წინა-მძღურად, გულითა მოსავთა მისთა, და შუა-მდგომელობითა ღმრთისა დამბადებელისათა ვიყვნეთ ჩუენ სიყუარულსა ზედა ძმებრივ. და შვილი შენი შენდა-ვე მიმინიჭებიეს, იხილე და განიხარე; და ღმრთისაგან მოვლინებული ანგელოზი მშჳდობისა იყავნ შენ თანა მარადის; განდევნენ ღმერთმან დამბადებელმან ეშმაკი მაცთური საზღვართაგან შენთა“.

მოვიდა ბაქარ, ძე მეფისა მირიანისი, და მოციქული კოსტანტინე მეფისა მცხეთას. აღივსნეს სიხარულითა მირიან მეფე და ნანა დედოფალი, და მადლობდეს ღმერთსა, ნიჭთა სრულთა მომცემელსა.

მაშინ მირიან მეფემან განასრულა ეკლესია საეპისკოპოსო და აღასრულა სატფურება მისი მრავლითა დიდებითა. და მოქცევითგან მირიან მეფისათ მეოცდახუთესა წელსა მოკუდა ძე მისი რევ, სიძე თრდატ სომეხთა მეფისა, რომლისადა-ვე მიეცა მეფობა სიცოცხლესა-ვე მისსა. და დაფლეს აკლდამასა-ვე, რომელი თჳთ მას-ვე რევს აღეშენა.

და მას-ვე წელიწადსა დასნეულდა მირიან მეფე, რომელი-ცა აღესრულა. და მოიყვანა ძე მისი ბაქარ და ცოლი მისი ნანა, და რქუა ნანას: „აჰა ესე-რა, მე წარვალ ვინა-ცა მოვედ, დავმადლობ მრავალ-მოწყალესა ღმერთსა, დამბადებელსა ცისა და ქუეყანისასა, რომელმან წარტყუენული ეშმაკისაგან მიჴსნა მე პირისაგან ჯოჯოხეთისა, და ღირს მყო მე მარჯუენით მის თანა. შენ, ნანა, უკეთუ გეცეს-ღა მოცალება ცხოვრებისა ჩემისა შემდგომად განყავ სამეფო განძი ჩუენი ორად, და მიიღე სამარხავსა ნინოსა, განმანათლებელისა ჩუენისასა, ჟამთა შეცვალებისათჳს, რათა არა შეირყიოს უკუნისამდე იგი ადგილი; რამეთუ მეფეთა საჯდომი არს, არამედ მწირ არს“. ეგრეთ-ვე დავედრა ეპისკოპოსთა, რათა ადიდონ დიდება მის ადგილისა, „რამეთუ ღირს არს პატივის-ცემასა“.

ხოლო ძესა თჳსსა რქუა: „შვილო ჩემო, შეიცვალა ბნელი ჩემი ნათლად და სიკუდილი ცხოვრებად. შენდა მომიცემია გჳრგჳნი მეფობისა ჩემისა. ღმერთმან დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან დაგამტკიცენ შენ სრულსა სარწმუნოებასა ზედა. იწურთიდი ყოვლად-ვე მცნებათა ძისა ღმრთისათა, და დაადგერ სრულიად მათ ზედა: და სახელსა ზედა ქრისტესსა სიკუდილი ცხოვრებად გიჩნდინ, რომლითა წარუვალი ცხოვრება მოიგო. და სადა პოვნე ვნებანი იგი ცეცხლისანი კერპნი, ცეცხლითა დაწუენ, და ნაცარი შეასუ რომელნი მათ ესვიდენ. და ესე შვილთა-ცა შენთა ამცენ, რამეთუ მე ვიცი იგი, რომელ კავკასიათა-ცა შინა-ვე დაილევიან. ხოლო შენ ამას შეუდეგ გულითა შენითა, და თავი შენი შევედრე ძესა ღმრთისასა, პირველ ჟამთა შობილსა, და განკაცებულსა, და ვნებულსა ჴსნისათჳს ჩუენისა. და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა სძლო მტერთა, ვითარცა აქუს ჩუეულება გულითა მოსავთა მისთა. და პატივს-ცემდი სუეტსა მას ცხოველსა ღმრთივ-აღმართებულსა, და იყავნ ყოვლითურთ სასოება შენი მისა მიმართ, და იყავნ მისლვა შენი ძილად საუკუნოდ სარწმუნოებასა ზედა სამებისასა“.

და მოაყვანებინა ჯუარი იგი წმიდისა ნინოსი, რომელი პირველითგან აქუნდა, და ჩამოჰკიდა გჳრგჳნი სამეფო ჯუარსა მას. და მოიყვანა ძე თჳსი ბაქარ. და თავსა მისსა გამოსახა .სახე ჯუარისა; და აღიღო გჳრგჳნი ჯუარისაგან და დადგა თავსა ძისა თჳსისასა. და აღესრულა მირიან მეფე, და დაეფლა ზემოსა ეკლესიასა, საშუალსა სუეტსა სამხრითსა, ჩრდილოთ-კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი ღმრთივ-აღმართებულისა მის სუეტისა. და მეორესა წელსა მოკუდა ნანა დედოფალი, და დაეფლა მას-ვე სუეტსა დასავალით, სადა მირიან მეფე დამარხულ იყო.


მეოცდახუთე მეფე, ბაქარ, ძე მირიანისი. ხოსროიანი

რედაქტირება

და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაქარ, და იყო მორწმუნე, ვითარცა მამა მისი. და ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა. და შთავარდა შორის მისსა და სომეხთა მტერობა. რამეთუ სომეხნი ბაქარის ძმის-წულის, რევის ძისა, თრდატ სომეხთა მეფის ასულის-წულის მეფობასა ლამოდეს ქართლსა. ხოლო ესე ბაქარ ეზრახა სპარსთა მეფესა, მამის ძმის-წულსა მისსა, დაემოყურა და გაუცვალა ქუეყანა დისიძესა მისსა ფეროზს. რომელსა აქუნდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანისგან, და მისცა მის წილ სამშჳლდითგან მიღმართ ქუეყანანი ვიდრე თავადმდე აბოცისა. მაშინ-ღა ნათელ-იღო ფეროზ და ერმან მისმან. და მოირთეს ძალი ხუასროთაგან და ეწყუნეს სომეხთა ჯავახეთს: სძლეს და აოტნეს სომეხნი.

მაშინ მეფემან ბაქარ, შუა-მდგომელობითა ბერძენთა მეფისა და სპარსთა მეფისათა, დაწერა ჴელით-წერილი ძმის-წულთა მისთა და დედისა მათისა სალომესგან ესრეთ, ვითარმედ: „ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობა მეფობისა. მისი იყოს მეფობა, და არა-ოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისთა“.

მაშინ-ღა მოიყვანნა ძმის-წულნი მისნი და მისცა კუხეთი, და დასხნა რუსთავს ერის-თავად. ამან ბაქარ ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად. ამან აღაშენა ეკლესია წილკნისა. მოკუდა და დაეფლა ძმასა-ვე თჳსსა თანა.


მეოცდაექუსე მეფე, მირდატ. ძე ბაქარისი. ხოსროიანი

რედაქტირება

და დაჯდა მეფედ ძე მისი მირდატ, და მეფობდა დიდსა სარწმუნოებასა შინა. და მან აღაშენა ეკლესია თუხარისის ციხესა შინა, რამეთუ ჴევსა კლარჯეთისასა არა იყო ეკლესია, და მუნ შინა დაადგინნა მღდელნი მოძღურად კლარჯთა. და მატა შემკობა და შენება ერუშეთისა და წუნდისა ეკლესიათა.

მაშინ ამის მირდატის მეფობასა იწყეს ქართველთა სუეტისა ცხოველისაგან ნაწილის გამოღებად და ქმნად ჯუარად, რამეთუ დიდნი სასწაულნი და კურნებანი იქმნებოდეს, სადა-ცა იყვის ნაწილი სუეტისა ცხოველისა. და არა აყენებდა მირდატ მეფე ნაწილისა გამოღებად, რამეთუ ეპისკოპოსმან-ცა ჭეშმარიტმან იაკობ ეგრეთ ჯერ იჩინა და თქუა: „მინიჭებულ არს უფლისაგან და ჯერ არს სუეტისა მის ღმრთივ-აღმართებულისა ქმნა სახედ ჯუარისა“. და განეფინა ყოველთა ადგილთა ქართლისათა ნაწილი სუეტისა ცხოველისა.

მაშინ ამან მეფემან მირდატ მისვე სუეტისაგან შექმნა ჯუარი ზომიერი და რომელი დარჩა სუეტისა მისგან ცხოველისა, მას გარე მოქმნა ქვითკირითა, და აღამაღლა ქვითკირი პირველ სუეტისა ოდნად; და თავსა მის სუეტისასა აღმართა ჯუარი იგი, ძელი განმაცხოველებელი. და ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი უშფოთველად აღასრულნა სარწმუნოებასა შინა დიდსა. და მის-ზე მოკუდა იაკობ ეპისკოპოსი, და დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათალიკოსისა დიაკონი. და მოკუდა მირდატ მეფე.


მეოცდაშვიდე მეფე, ვარაზ-ბაქარ, ძე მირდატისი. ხოსროიანი

რედაქტირება

და დაჯდა მეფედ ძე მისი ვარაზ-ბაქარ. და შეირთნა ორნი ცოლნი: ერთი - ასული თრდატისი, რევის ძისა, მირიანის ძის-წულისა; და ერთი - ძის-წული ფეროზისი, მირიანის ასულის-წულისა.


ჩანართი (Tk)

რედაქტირება

იყო ესე უშვილო, რამეთუ არა ესუა ძე-წული, და ვედრებინ ღმერთსა მარხვითა და მჴურვალედ ვედრებითა, რათა ღირს იქმნეს იგი მიცემად ძისა, რომლისა-ცა მიმთხუევად ღირს იქმნა. რამეთუ ჟამსა რომელსა-მე მომავალი ქუეყანათაგან სამეფოდ მისდა, მცხეთად, მწუხრი დაივანა კიდესა დიდისა მის მდინარისასა, რომელსა მტკუარ ეწოდების. და ვითარცა აღასრულა მწუხრისა ლოცვა. რათა მიიძინოს, რამეთუ თჳნიერ ლოცვისა არა-ოდეს ისერის არ-ცა მიიძინის, ამას ლოცვასა შინა გამოუჩნდა ანგელოზი ნათლისა ბრწყინვალე, რომლისა ხილვასა შეშინდა მეფე. ხოლო მან რქუა: „ნუ გეშინინ, ჵ მეფე, რამეთუ შეისმეს ვედრებანი შენნი წინაშე ღმრთისა, და მოგეცეს ძე, რომელი იყოს დიდ და სრულ წინაშე ღმრთისა და კაცთა, და მრავალნი ერნი ღმრთისა[დ] მოაქცივნეს“. და ვითარცა განიღჳძა მეფემან, მხიარული სულითა ადიდებდა ღმერთსა.

და შემდგომად მცირედისა მიუდგა ცოლი მეფისა და უშვა მას ძე, და დიდი სიხარული ყვეს მეფემან, მოვლით სამეუფოთ მისით-ურთ, ჟამსა მას შობისა მისისასა და ნათელ-სცეს სახელითა წმიდისა სამებისასა, და უწოდეს სახელად მურვანოს. ესრეთ ანგელოზისა ხარებითა იშვა წმიდა ესე, ვითარცა სამოელ და ერემია. და საშოთაგან-ვე წმიდა იქმნა, ვითარცა დიდი წინა-მორბედი. და ვითარ მიეცა სასწავლოდ, მცირედთა ჟამთა დაისწავლა ყოველი-ვე წერილი, და გულის-ხმის-ყოფით აღმოიკითხავნ და იწურთინ დღე და ღამე: რამეთუ ფრთხილ იყო და მახჳლ გონებითა, და მადლი ღმრთისა იყო მას ზედა.

ჟამთა მცირისა თეოდოსი ბერძენთა მეფისათა იქმნა მტერობა ბერძენთა შორის და სპარსთა; და მეფემან თეოდოსი, მოშიშმან ნუ უკუე შეერთნენ ქართველნი სპარსთა და იძლინენ ბერძენნი, ამისთჳს-ცა მოსთხოვა სიყუარული ქართველთ მეფესა, და უმეტესისა სიმტკიცისათჳს მძევალნი-ცა სთხოვნა. ხოლო რათა არა განიწვალნენ ქართველნი ბერძენთაგან, მოველი სათხოველი ბერძენთა მეფისა აღუსრულა მეფემან ქართველთამან, და წარმოავლინა ძე თჳსი მურვანოს, ათოთხმეტისა წლისა, მძევლად, ქალაქად კოსტანტინეპოლედ, სხუათა თანა სეფე-წულთა, მრავლითა პატივითა და დიდებითა.

და ვითარცა მიიწინეს და ცნა მეფემან თეოდოსი, მრავლითა მლევანებითა აღიყვანა სამეუფოდ პალატად. და ხილვასა-ვე თანა, ვითარცა ღ(მრ)თივ მონიჭებული ძე მათი, ესრეთ სურვილით და სიყუარულით და ამბორის-ყოფით მოიკითხეს მეფემან თეოდოსი და მეუღლემან მისმან ევდუკია, ყოვლისა თანა სამეუფოსა მათისა.

ვითარცა იხილა ყრმამან მან მურვანოს მეფე და დედოფალი და ყოველი პალატი, რამეთუ იყვნეს დიდსა შინა ღ(მრ)თის-მსახურებასა მარხვითა ლოცვითა, გლახაკთ-მოწყალებითა, ამან უფროსად განამრავლა მოღუაწება: მარხვა ფრიადი, მღჳძარება უზომო, ლოცვა დაუცხრომელი, გლახაკთ-მოწყალება, სიმშჳდე, სიყუარული, სახიერება, მოთმინება და ყოველნი-ვე ნაყოფნი სულისანი შეიტკბნა, რომელ არიან წმიდანი სათნოებანი, სიტყჳსაებრ წმიდისა მოციქულისა. ხოლო უმეტეს და უაღრეს ყოვლისა მოიგო სიწმიდე სულისა და ჴორცთა, ვითარცა დიდმან იოსებ.

ხოლო მცირეთა ჟამთა ისწავა ენა ბერძული, და ყოველი-ვე სწავლულება საეკლესიო და საპილოსოფოსო. ეგრეთ-ვე წარვიდა რა იერუსალემად, საფლავსა უფლისასა მიიწია, და მუნ აკვეცილ იქმნა მონოზნებად, და უწოდეს სახელით პეტრე. ისწავა ენა და სწავლულება ასურებრივი, ვიდრემდის უკჳრდა ყოველთა სიფრთხილე და სიმახჳლე გონებისა მისისა. ხოლო დღითი-დღე პალატით მოცემულსა როჭიკსა გლახაკთა განუყოფდა, ემოსა ფლასი ფიცხელი და მქისე ქუეშე-კერძო სამეუფოთა სამოსელთა. იმარხავნ იგი ორ-ორით, სამ-სამით და უფროს-ღა შჳდეულით. რამეთუ იყო დიდი წმიდა წინაშე ღ(მრ)თისა, და იქმნა ჩუენებითა და ბრძანებითა ქ(რისტე)სითა ეპისკოპოს მოჰამისა, რამეთუ არა-ვინ შემძლებელ იყო ქებად მისსა, გარნა გრიგოლი დიალოღი, პატრიაქი რომისა, რომელ აღწერა ქება მისი წიგნსა შინა თჳსსა.


ჩანართი (BEPRbdks)

რედაქტირება

ხოლო ამას ანგელოზისა ხარებითა მოენიჭა ძე, რომელსა უწოდეს მურვანოს. ესე მურვანოს საშოთგან-ვე დიდი წმიდა იქმნა, ვითარცა წინა-მორბედი, და ყოველი-ვე საღმრთო წერილი დაისწავლა. და წარემატებოდა ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღ(მრ)თისა.

ვითარ იქმნა ათორმეტისა წლისა, მაშინ ბერძენთა მეფე თეოდოსი მცირე შეშინებულ იქმნა, რათა არა მიერთნენ ქართველნი სპარსთა, და სთხოვა ვარაზ-ბაქარს მურვანოს მძევლად. და წარიყვანა კოსტანტინეპოლედ და ვითარცა ძესა თჳსსა ზრდიდა ფუფუნებითა დიდითა. ხოლო მურვანოსს არა-რა ეურვებოდა სოფლისა ამის დიდებისათჳს, არამედ შესძინა ლოცვასა და მარხვასა და სიწმიდით ცხოვრებდა. და შეიმოსა შინაგან, ჴორცთა თჳსთა ზედა, ფლასი თხის ბალნისა, და მით აჭირვებდის ჴორცთა თჳსთა. და მსწრაფლ ისწავა ენა ბერძული და ასურებრივი, და ფილოსოფოსობა სრული, ვიდრე ყოველთა უკჳრდა.

ხოლო მიენიჭნეს მას მადლნი ღ(მრ)თისა მიერ სნეულთა კურნებისანი, რომელი წერილ არს სრულსა ცხოვრებასა მისსა. და ღამესა განცხადებისასა მდგომარე იყო შვილად, და რქუა მსახურსა თჳსსა მოღებად ზეთი აღსანთებელად კანდლისა. ხოლო მან შეურაცხ ყო მურვანოს და აყუედრა: „მეფისა ძე ხარ და არა გსურის სამეფოთათჳს, და ვითარცა მონაზონი იყოფები მშიერი კჳრიაკით კჳრიაკედმდე“:

ხოლო მურვანოს აღანთო წყალი კანდელსა შინა, თჳნიერ ზეთისა, და ილოცვიდა ეგრე: რამეთუ შჳდ-ღამე ენთებოდა კანდელი იგი წყალსა მას შინა. და ეჩუენა უფალი იესო ქრისტე და აღუთქუა მის თანა ყოფა მარადის და მრავალი სასწაული აღასრულა კანდლისა მის მიერ ცხებითა სნეულთათა.

ხოლო საჭურისი ვინ-მე იყო მეფისა. რომელი-ესე ორნი-ვე შეითქუნეს წარსლვად. სცნა მეფემან თევდოსი და დაუდგინნა მცველნი. ხოლო წინამძღურებითა უფლისათა განვლეს ღამე და წარვიდეს. რამეთუ სუეტი ნათლისა წინაუძღოდა მათ, ვითარცა ისრაელთა, და ჴმა ესმათ სუეტით გამო: „რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა“. და პოვეს ნავი და ვლეს რა-ოდენი-მე დღენი. ხოლო ქალაქსა ერთსა შინა შეპყრობილ იქმნეს ვისგან-მე და შეიყენნეს საპყრობილესა. ხოლო მას ღამესა იქმნა ძრვა და მეხის-ტეხა, და ელვა ფრიადი და მთავარსა მას ქალაქისასა დაადგა კაცი ვინ-მე, საშინელებით ეტყოდა: „განუტევენ მონანი ღ(მრ)თისანი. უკეთუ არა, დაიქცევის ქალაქი ესე“. და ესრეთ შეძრწუნებულმან განუტევნა.

ამისა შემდგომად მოვიდეს იერუსალემად. და მუნ იყო ვინ-მე მეფე ჰრომისა სამთავროთ მოსრული, სახელით პინინოს, და მეუღლე მისი, რომელთა დაეტევათ სოფლისა სიცბილი და მუნ იყოფოდეს. რამეთუ მონაზონ იქმნნეს და აღაშენნეს ორნი მონასტერნი, რომელნი თჳთოეულნი მუნ იყოფოდეს. და ამათ მიერ შეწყნარებულ იქმნეს. შემდგომად ამისსა საფლავსა უფლისასა მიიწივნეს, და მუნ აღკუეცილ იქმნეს მონაზონებად: და უწოდეს მურვანოსს პეტრე, ხოლო საჭურისსა იოვანე, რომელთა ღუაწლნი და შრომანი გამოუთქმელ არიან. და აღაშენნეს მონასტერნი და ქსენონი.

ამისა შემდგომად გამოსცადა ეშმაკმან პეტრე და აყუედრა მამულთა სამეფოთა დატევება, და მონაზონებითა არა კეთილად ცხოვრება. ხოლო მან შერისხა და განაძო. ამისა შემდგომად გამოეცხადა კუალად ქრისტე, და აჩუენა ცათა შინა ეკლესია და ერგასისნი კაცნი მგალობელნი, შუენიერნი ხილვითა. და აღუთქუა დიდება საუკუნო.

და ანასტასი პატრიაქისა მიერ იძულებით მღდელად ჴელ-დასხეულ იქმნა. შემდგომად განვიდა უდაბნოთა და აღაშენ[ნ]ა მუნ-ცა მონასტერნი. პირსა იორდანესსა, მჯდომი მძჳნვარე განკურნა. მოვლნა ყოველნი უდაბნონი ეგჳპტისა და სკიტისანი, და მრავალნი სასწაულნი აღასრულნა. კუალად მონასტერსა და ქსენონსა თჳსსა მოიქცა, და სიყმილსა შინა საფქვილე, საცერცვე, საზეთე და საღჳნე - ყოველნი-ვე ჭურჭელნი ლოცვითა თჳსითა აღავსნა.

მას ჟამსა აღესრულა ეპისკოპოსი მოამისა, და შეკრბეს კაცნი მის ქალაქისანი და გამოითხოვეს პეტრე ქართველი. ხოლო მან არა თავს-იდვა, რათა-მცა უსმინა პატრიაქსა, არამედ ენება თავისა გარდაგდება სიმაღლისაგან და ეგრეთ წარტოლვა სხუათა ადგილთა. არამედ კუალად ქრისტე გამოეცხადა სიმრავლესა თანა ანგელოზთასა, და სიტყჳთა უფლისათა ეპისკოპოსობა თავს-იდვა.

მრავალ-გზის ესმა ჴმა ზეგარდამო ქალაქსა მას, რომელი ეტყოდა პეტრე ქართველსა: უწჳმრობასა წჳმიან ჰყოფდა, უშვილოთა შვილიერ, სნეულთა განკურნებდა, უნაყოფოთა ნაყოფიერ ჰყოფდა, მეთევზურთა განუმარჯუებდა. ხოლო მისცა ღმერთმან მადლი წინასწარმეტყუელებისა და სულისა წმიდისა ხილვისა. რამეთუ სული მამისა ესაიასი და მამისა ზენონ სკიტელისა ჴორცთაგან რა განვიდეს, იხილნა ზეცად აღმავალნი.

ამისა შემდგომად სცნა განსლვა თჳსი ჴორცთაგან და ყოველთა აუწყა. ხოლო ძმამან ვინ-მე ათანასე იხილა ჩუენება პეტრესთჳს, რამეთუ წმიდანი ევედრნეს ღმერთსა: „პეტრე ქართველისა ბრძანე მოყვანებად ჩუენდა, რამეთუ ფრიად ტანჯნა ჴორცნი თჳსნი“. და შემდგომად ათისა დღისა უბრძანა მოსლვად მისსა ამისა შემდგომად ათ დღე ილოცვიდა სენაკსა თჳსსა. და გამოვიდა მეათესა დღესა და შესწირა წმიდა მსხუერპლი, და ეზიარა წმიდათა საიდუმლოთა, და სხუანი-ცა აზიარნა და აკურთხნა და მშჳდობა მისცა. შევიდა სენაკად, მიწვა და დაიძინა ძილი თჳსი, თუესა დეკემბერსა ორსა. და იხილეს წმიდათა კაცთა ვიეთ-მე წმიდა სული მისი რომელ შეჰყვანდათ სიმრავლესა წმიდათასა, გალობითა და დიდებითა, რომელთა წანა-უპირობდა მღდელ-მოწამე პეტრე ალექსანდრიელი და მრავალნი სნეულნი განიკურნეს, რომელნი შეეხნეს წმიდასა გუამსა მისსა, რომელი ცხოვრებასა შინა მისსა წერილ არს.

ხოლო ამის ნეტარისა ფრიადი ქება აღეწერა გრიგოლ დიალოღოსსა, წმიდასა პატრიაქსა ჰრომისასა, წიგნსა შინა თჳსსა.

ხოლო ჩუენ პირველსა-ვე სიტყუასა მოვიდეთ.

და უშვნა რევის ძის-წულმან ორნი ძენი, რომელთა სახელები ერქუა მირდატ და თრდატ; ერთი უშვა ფეროზის ძის-წულმან, რომელსა ერქუა ფარსმან.

ესე ვარაზ-ბაქარ მეფე იყო კაცი ურწმუნო და მოძულე სჯულისა, და ვერ იკადრებდა ერისაგან განცხადებად სჯულისა სიძულილისა, რამეთუ მოქცეულ იყო ქართლი და დიდსა სარწმუნოებასა შინა იყვნეს აზნაურნი და ყოველი ერი ქართლისა. და ვარაზ-ბაქარ შიშისა მათისაგან ვერ განაცხადებდა დატევებასა სჯულისასა; არა სადა აღაშენა ეკლესია, არ-ცა-რა მატა შენებულთა, და ყოვლითა-ვე იქცეოდა უსჯულოდ.

ამის-ზე გამოგზავნა სპარსთა მეფემან ერის-თავი სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა ზედა ხარკისა დადებად. მაშინ სომეხთა მოგზავნეს ვარაზ-ბაქარისსა მოციქული და რქუეს, რათა შეკრბენ და მოირთონ ძალი ბერძენთაგან, და განახუნენ კარნი კავკასიანთანი, და გამოიყვანნენ ოვსნი და ლეკნი, და წინააღუდგენ სპარსთა. და წარჩინებულნი თჳსნი-ცა ეტყოდეს წინა-აღდგომასა სპარსთასა. არა ისმინა არ-ცა სომეხთა, არ-ცა წარჩინებულთა თჳსთა. რამეთუ იყო იგი ჩუკენი და მოშიში: უკუ-ჯდა იგი ჴევსა კახეთისასა, და აღაშენა ციხე ჴიდარს, და განამაგრნა ციხე-ქალაქნი, და უბრძანა ყოველთა, რათა დამალნენ ჯუარნი.

და მოვიდეს სპარსნი პირველად სომხითს, და მოაოჴრეს სომხითი, და შემოვიდეს ქართლს, და აღაშენა ერის-თავმან სპარსთამან ტფილისის კართა შორის ციხედ მცხეთისად. მაშინ ვარაზ-ბაქარ ეზრახა შევრდომით და ითხოვა მშჳდობა. ხოლო ერის-თავმან სპარსთამან რქუა მას: „პირველად მომეც რანი და მოვაკანი, რამეთუ საზღვართა სპარსეთისაგანთა არს, და მათი არს, რომელნი სრულიად შვილნი არიან სპარსთა მეფეთანი და სხენან საყდართა მამათა მათთასა; და თქუენდა კმა არს ქართლი, რომელნი ნაშობნი ხართ მჴევლისანი. გაქუნდეს უკუე ქართლი და ხარკსა მისცემდეთ მეფეთა ხუასროვანთა“.

მაშინ ვარაზ-ბაქარ ვერ-ღა-რა პასუხი მიუგო შიშისაგან დიდისა მისცა რანი და მოვაკანი, და განუკუეთა ხარკი, ხოლო ერის-თავმან სპარსთამან მოსცა ციხე ტფილისისა და წარვიდა. და მიერითგან იქმნნეს სომეხნი და ქართველნი სპარსთა მოხარკენი.

და ამისა შემდგომად განდგეს კლარჯნი ვარაზ-ბაქარისაგან და მიერთნეს ბერძენთა. და დაიპყრეს ბერძენთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღჳთგან არსიანთამდე. და დარჩა ვარაზ-ბაქარს ქართლი თჳნიერ კლარჯეთისა, და ჰერეთი და ეგრისი. მან-ვე ერის-თავმან სპარსთამან წარიყვანნა ტყუედ შვილნი ფეროზისნი, ასულის-წულნი მირიანისნი, მორწმუნისა მეფისანი, და ქუეყანა მათი საზღვარი ქართლისა მოსცა ვარაზ-ბაქარს-ვე. და მოკუდა ვარაზ-ბაქარ, და დარჩეს ძენი მისნი სამნი წურილნი, რომელნი ვერ იპყრობდეს მეფობასა.


მეოცდარვე მეფე. თრდატ. სიმამრი ვარაზ-ბაქარისი. ხოსროიანი

რედაქტირება

მაშინ წარჩინებულთა ქართლისათა ზრახვა ყვეს და დასუეს მეფედ სიმამრი ვარაზ-ბაქარისი, ძე რევისი, ძის-წული მირიანისი, კაცი მოხუცებული, სახელით თრდატ, და მისცნეს შვილნი ვარაზ-ბაქარისნი საზრდოდ, ასულის-წულნი მისნი. ხოლო მესამესა შვილსა, მეორისა ცოლისასა, ზრდიდა ერის-თავი სამშჳლდისა, რომელსა ერქუა სახელი ფარსმან. ხოლო მეფობდა ესე თრდატ მოხუცებული კეთილად, იყო კაცი მორწმუნე, ბრძენი და გონიერი, ამან სიბრძნითა თჳსითა დაამშჳდნა სპარსნი, გამოაჩინნა ჯუარნი და შეკაზმნა ეკლესიანი. და ამის-ზე მოკუდა ეპისკოპოსი იაკობ, და დასუა მის წილ ელია. და ხარკსა მისცემდა სპარსთა მეფესა. ხოლო მან გამოიღო რუსთავი და აღაშენა ეკლესია; და მან-ვე აღაშენა ეკლესია ნეკრესისა. და მეფობდა უშფოთველად, და მოკუდა სარწმუნოებასა შინა დიდსა.


მეოცდაცხრე მეფე. ფარსმან. ძე ვარაზ-ბაქარისი. ხოსროიანი

რედაქტირება

და დაჯდა მეფედ ძე ვარაზ-ბაქარისი, ძის-წულის წული ფეროზისი, სახელით ფარსმან. რამეთუ იგი უხუცესი იყო ძმათა მისთა. და მოკუდა ელია ეპისკოპოსი, და დასუეს სჳმონ. ესე ფარსმან იყო კაცი მორწმუნე, მჴედარი შემმართებელი. ეზრახა მეფესა ბერძენთასა და ითხოვა მისგან შეწევნა; და აღასრულა თხოვა მისი კეისარმან. მაშინ განდგა და არღარა მისცა სპარსთა ხარკი; და განამრავლნა ჯუარნი, და განაახლნა ეკლესიანი ყოველსა ქართლსა შინა, და აღაშენა ეკლესია ბოლნისისა. და მცირედ-ჟამ მეფობდა და მოკუდა.


მეოცდაათე მეფე. მირდატ, ძმა ფარსმან მეფისა. ხოსროიანი

რედაქტირება

და დაჯდა მეფედ ძმა მისი მირდატ, ასულის-წული თრდატისი, ძე ვარაზ-ბაქარისი, მამულად ბაქარიანი, დედულად რევიანი, ორითა-ვე მირიანის ძეთა ნათესავი და იყო ესე მირდატ კაცი ქუელი, მჴედარი შემმართებელი, ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ლაღი და ამპარტავანი, და მინდობილი მჴედრობასა თჳსსა. არა მსახურა ღმერთსა, არ-ცა აღაშენა ეკლესია, არ-ცა-რა მატა შენებულთა, და სილაღითა მისითა მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთს, საზღვარსა ქართლისასა, ხოლო სპარსთა არა მისცემდა ხარკსა. მაშინ სპარსთა მეფემან გამოგზავნა ერის-თავი, რომელსა ერქუა უფრობ, სპითა ძლიერითა, მირდატის ზედა. მაშინ მირდატ, სილაღითა თჳსითა, არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა, მცირედითა სპითა მიეგება გარდაბანს და ეწყო: იოტეს და შეიპყრეს სპარსთა; მოვიდეს ქართლად, დაიპყრეს ქართლი და განრყუნნეს ეკლესიანი. ხოლო ნათესავნი მეფეთანი დარჩეს ჴევსა კახეთისასა, და სჳმონ ეპისკოპოსი მათ თანა-ვე. ხოლო მირდატ წარიყვანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა.