სიყმე სიბერედ ვაქციე
სიყმე სიბერედ ვაქციე ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1907 წელი |
სიყმე სიბერედ ვაქციე,
ერი კი - ვერა ერადა.
იმედი მქონდა... ჩონგური
მოვმართე, დავჯე მღერადა.
მეწადა, ჰანგი მსმენელთა
გულისა ამაზრზენადა
ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა,
ცად აეწია ზენადა.
შევამკე მთები მაღლები
და ბარი ათასფერადა,
აზრი საერთო, საქვეყნო
მინდოდა გასაკვერადა;
ამისთვის თავსა დავწიე,
ვაქციე ნაცარ-მტვერადა.
ვადიდე გმირთა სახელი,
მკლავი და სულით დიდობა,
დავძრახე ქვეყნის ორგული
და შეურაცხვყავ ფლიდობა;
სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე,
ფუფუნებაზე - მწირობა.
მინდოდა არ შამებღალა
მე წმინდა დედა-შვილობა.
პირნათლად მივალ საფლავში,
მტკიცედ დავიცევ პირობა.
ამას მითვლიან ცოდვადა,
რაშიც მე მიჩნდა გმირობა;
თავს დამჩხავიან ყორნები,
გაუმართიათ ყრილობა.
შემირცხვა ზოგის ნამუსი,
გრძნობა, აზრი და ზრდილობა:
კაცობად დაუსახიათ
სიჩერჩეტე და ვირობა!
რა მეთქმის? გული მკვდარია,
ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა;
მე კაცთა შორის მეტი ვარ,
უნდა გავიჭრა ველადა,
რაკი გადიქცა ეშმაკი
ტკბილ მოსაუბრე გველადა
და თანამოძმე ეს ჩემი -
მის ყურისმგდებელ ევადა,
როს გახდა საქვეყნო საქმე
უსუსურთ საღეჭ კევადა.