სიმღერა
სიმღერა ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)
არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთ ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში _ მთა, ბარად _ ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას _ ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია;
ია, უღრან ტყეს მოსული,
თალხკაბა, ენამტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, _
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ.
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმად მაგივრად ვწუწუნებ;
ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ.