სიკვდილი გმირისა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1899 წელი


ცის ქუხილივით გაისმა
სოფლად სიკვდილი გმირისა,
რომ ვერ უშველა ექიმმა,
ზის და ჩუმადა ტირისა.
ვერც მკითხავებმა უშველეს,
ვედრებამ იმათ პირისა.
მიზეზს რად ეძებთ სხვადასხვას -
დღე-წერა იყო იმისა.
“აფსუს, რა ჯონგა წაიქცა!” -
ყველა ამასა ჩივისა.

ცრემლი აწვიმა მთაზედა
ტურფამ ცისკარმა დილისა...
კუბოს ფიცრებიც ითლება
მისრიათ ქალის შვილისა.
დრო ჩამოუგდო მტრის ტყვიამ
გაუღვიძარი ძილისა.
ურჯულოს გაუხარდება, -
ლაშქარში ვეღარ ივლისა.

თავს რომ დაატყო - ვკვდებიო,
ჯალაფთ ანიშნა ხელითა,
რომ გაეყვანათ კარზედა
აბჯარ-აბგარით მთელითა.
სულის დალევა გარეთა
წესია ძველის ძველითა.
ჯერ თავად წამოიწია,
იდაყვებს იდგამს სვეტადა;
სიკვდილსაც არა ჰნებდება:
კერპობა ჰქონდა წესადა.

უნდა ხმლითა სცას მტარვალსა,
თუკი მოუვა ხელადა;
უჩინარია, ვის ებრძვის?
სული ამოჯდა ყელადა.
თავის მომრევი ვაჟკაცსა
არვინ ეგონა ქვეყნადა:
უკვირს, რომ ძალმა უჩინმა
დაჯაბნა მეტის-მეტადა;
მტერი სცემს, პასუხს ვერ აძლევს,
მონას რასმე ჰგავ ქლესასა.
მტრის ჯავრს არა სჭამს მხოლოდ მით,
არ გააგონებს კვნესასა.

მამა ამკაცრებს როსტია,
გული წაჰსვლია დედასა.
ეურჩა შვილი მოხუცსა,
მამას არ აძლევს ნებასა:
ვერ იტანს ვაჟკაცის ფიქრი
გულზე ხელების კრეფასა.
სიკვდილო, კარგის მოკვლისთვის
ნეტა ვინ გეტყვის ქებასა?!
ბერიძის დისა ტირილი
სანთლად დაენთო ზეცასა.
აეღო მთელი მთა-ბარი
ქალთამზის მოთქმა-კვნესასა.

დაიჭრა თმები გიშრისა,
ათეულის ჰგავ კრებასა.
ცოლის გულსაც ჰხვდა ლახვარი,
თუმც ტირილს ვერა ჰბედავსა;
ჩუმად იტირებს ბეჩავი,
როცა არავინ ჰხედავსა.
ხალხთ ჩვეულება დიდია:
დევსა ჰგავ, რკინის მკვნეტავსა!..
დერეფანში წევს ბერიძე,
თვალდახუჭული, მკვდარია.
მშობელი ქვეყნის დარაჯი
მოკვდა და აღარ არია.
პირნათლად მივა სულეთსა,
სადც იმის წინაპარნია,
რომ არ უმტყუვნა, ასრულა
გმირმა გმირული ვალია.
მკერდზე დააწყვეს იმისი
თოფი, ფარი და ხმალია.

თავით დაუდვეს ხანჯარი,
ხმალშეუვალი რვალია.
ფეხთით უდგია ლურჯაი,
ორთ უპყრავ ლაგმის ტარია;
ტოტს უცემს. ელის პატრონსა,
დაუგვიანდა მგზავრია.
დედ-მამას ანდერძს უწირავს:
``შანშეს მიეცით ხმალია,
სხვის ხელში ნუმც მეგულება,
ღირსი სხვა არვინ არია.
ხანჯარი - ფუნჩაიშვილსა, -
ის კარგი მეომარია.
ფარი და ჯაჭვი - ლეგასა,
ჯერ ომში შეუვალია.
ვინაც პირველად მიუხდეს
ბახტრიონს თარაქამასა,
ვინაც კი ამოაშხამებს
თათარს ცოდვების ჭამასა,
ჩემ ცხენი იმასა ჰყვანდეს,
ხელ იმან უსვას გავასა,
ალალი არი იმაზე,
ნურც თქვენ დაუწყებთ დავასა.

თოფი - ელიზბარს, ჭრილობით,
მე მგონავ, იყოს ავადა.
ვინც ჩემს იარაღს იხმარებს
ერთგულად, დაუმცდარადა,
ცოცხალიც ვამბობ, მკვდარიცა:
ღმერთმა ახმაროს ალლადა.
ყველაის შრომამც იქნება
მშობელი ქვეყნის წამლადა”.

ეს სთქვა და გაჰქრა, როგორაც
შანდალში ნამწვი სანთლისა;
ვენაცვლე იმის ბიჭობას,
ჭირიმე იმის გამდლისა!..
საგძალი მისდევს შავეთსა
აქ მოხვეჭილის მადლისა.
შაჭირვებულა სოფელი,
ძებნა სჭირდება ბადლისა:
ვაი, რომ ცუდი ბევრია,
პოვნა ძნელია კარგისა!