სადღეგრძელო იყო მისი

სადღეგრძელო იყო მისი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1919 წელი


სადღეგრძელო იყოს მისი
ვინც ოცნებით იწვოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.
მოდიოდა ერთზე ასი,
გზა გვშვენოდა დიდების,
ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი
ბედთან არდარიდების.
სადღეგრძელო იყოს მისი
ვინც შიშმა ვერ დახარა.
ავდგეთ ფეხზე, ჩვენ თბილისი
ვადღეგრძელოთ ჭაღარა!
აქ სიცოცხლე და ხალისი
ვის სხვად არ ესვენება,
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდებით ხსენება!