როგორ გაჩნდენ ბუები ქვეყანაზედ?
როგორ გაჩნდენ ბუები ქვეყანაზედ? ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1909 წელი |
I
- ბალღები სადღა არიან? - იკითხა იოთამმა, როცა სახლში შევიდა, - ისრით იღლიაგაგმირული, ტყავგაუხდელი არჩვი კერაზე დააგდო ისე დაუდევრად, რომ ნადირის წვერმოკაუჭებულმა რქებმა მიწაც კი მოჩიჩქნა. ვერ იყო იოთამი კარგს გუნებაზე: თავიდან ფეხებამდის წურწურით წყალი გასდიოდა, ავდარს დაესველებინა; მშვილდი და კაპარჭი (საისრე) დედაბოძზე წნელით მიმაგრებულს ირმის რქაზე ჩამოჰკიდა და აჩქარებით კერაზე გახურებულს ცეცხლს მიაშურა; გასათბობად ხელები მიუპყრო; ტანზე გარექცევ ნაცვამი ჯიხვის ტყავის კალთებიდან ორთქლმა დაუწყო პირისახეზე ადენა; თბებოდა ცეცხლზე და თანაც ცოლისაგან პასუხს ელოდა, რომელიც იქვე, კერის შორი-ახლოს იწვა არხეინად, ძუ ვეფხვსა ჰგვანდა. გველ-ხოკერასავით სქელი, შავი ნაწნავები ზოგი უკან ბეჭებზე ჰქონდა გადაყრილი, ზოგიც წინ, გულ-მკერდზე ელაგა. პირისახე მოსინულ სპილენძს მიუგავდა. პატარა ბიჭს, იოთამთან ნაყოლს, ძუძუს აწოვებდა. ბავშვი ორის ხელით ჩაჰბღაუჭებოდა და გაშმაგებით სწოვდა ტუჩების ტკბარუნით. ვეფხვის ლეკვი ვეფხვის რძეს შაექცეოდა. დედა-შვილნი განცხრომაში იყვნენ. ლოგინად არჩვებისა, ირმისა და მგლის ტყავები ეგოთ, ხავსსა და ლელზე დაფენილი.
ეს მეორე ცოლი იყო იოთამისა, მოტაცებული, ნანადირევი. ტყეში შეხვდა, სანადიროდ ნამყოფი, სტაცა ხელი, არც აცივა, არც აცხელა, პირდაპირ თავის ქოხში ამოაყოფინა თავი. შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი მონა-მორჩილიო. მდევრად წამოსული ცოლის ძმები ისრით დახოცა, სიმამრს ქვით გაუტეხა თავი, კინაღამ ისიც საიქიოს გაისტუმრა. იოთამი ძალიან მძლავრი, მამაცი ადამიანი იყო.
ქმრის გამოხმაურებაზე ცოლმა მხოლოდ გადმოიხედა და ცეცხლივით შავი თვალები გადმოანათა. ოდნავაც არ შენძრეულა.
- ბალღები სად არიან-მეთქი, შენ გეკითხები? - განუმეორა იოთამმა.
მოუხეშავს, ბრიყვს, სასტიკს იოთამს ძალიან უყვარდა პირველ ცოლიდან დარჩენილი შვილები, ქალ-ვაჟი, მზია და ვეფხვია.
- ძროხები დაუკარგიათ, იმათ საძებნელად დავგზავნე, - უპასუხა ცოლმა.
- ოჰ, ოჰ, ჩამწარდა წუთისოფელი, სიცოცხლე შხამი გახდა შენს ხელში, დედაკაცო! ხუთი-ექვსი წლის ბალღები ამ უკუმეთს ღამეში რა ძროხებს მოგიძებნიან?! ვინ იცის, რა დაემართებათ ამ უკუმეთს ღამეში? გინდა ისინიც ნადირს დააჭამო? ამდენს ჩემს სულით ტანჯვას და ჩემი შვილების წვალებას ბარემ ერთხელ თავები დასჭერ, მორჩი და გაათავე, შენც დაისვენე და მეც დამასვენე, - სთქვა გაჯავრებულმა იოთამმა.
- შენ გააჭირე საქმე და შენმა შვილებმა!.. რა გახდა შენი შვილები, გველის წიწილები ცოტაა ქვეყანაზე? - უპასუხა გარისხებულმა ცოლმა.
გაშტერებული იოთამი დიდხანს უცქეროდა ცოლსა.
- ჰაი, შე გველო, მართლა და გველო, - წარმოსთქვა მან ბოლო დროს. მაშინვე ჩამოიღო კაჩხიდან მშვილდი და საისრე, ლახტი წელში გაირჭო. დაიბჯინა შუბი და გავარდა გარეთ; წვიმა კოკისპირულად ასხამდა. მიდის იოთამი უგზო-უკვლოდ. თავბრუ ესხმის. ერთხანად შედგა, ჩაფიქრდა, უნდოდა დაბრუნებულიყო, ცოლისთვის სამაგიერო გადაეხადა, მაგრამ ფეხი და აზრი აღარ შეშალა. გასწია პირდაპირ, მიდიოდა როგორც გატყორცნილი ისარი. შეჰყო თავი ხშირს დაბურულს ტყეში, ავიდა მაღლობზე და ჰყვირის: “ჰაი. ვეფხვიავ, ჰაი, მზიავ!” პასუხი არ მოსცა არავინ. იმის ძახილზე მხოლოდ ნადირნი გარბოდენ, მიალაწუნებდენ; ხის ტოტებიდან დამფრთხალი ფრინველები ზოგი ჰაერში ფარფატებდა, ტყის თავზე, სხვა ტყეშივე დაფთხრიალებდა, დასაჯდომ ალაგს დაეძებდა.
დადის თავგადაგლეჯილი, ხელებდასისხლიანებული, თავ-პირგადაკაწრული. “სადა ხართ, ჩემო შვილებო, თქვე საწყლებო, სადა? ჰაი, ვეფხვიავ, ჰაი, მზიავ!” ხან თავისთვის ბუტბუტებდა იოთამი და ხან კი მაღალის ხმითა ჰყვიროდა. ამაო იყო მისი ძახილი: გაღმა ფერდობებიდან მხოლოდ კლდეები გამოხმობით, გამოძახილით უპასუხებდენ.
თმაგაწეწილი, თვალებდაფეთებული იოთამი გიჟსა ჰგვანდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, არ იცოდა, სად დაედგა ფეხი, რისთვის ეხლო ხელი, ყველგან თავისი შვილები ეგულებოდა, ასე მალე ისე შორს სად წავიდოდენ, ვეღარ შევხვდეო, ფიქრობდა თავისთვის... ჰაი, მზიავ, ჰაი, ვეფხვიავ! როდი იცოდა საბრალომ, რომ მისი შვილები დედინაცვალმა იმავ საღამოთი დაირეკა კარში, როცა ის სანადიროდ წავიდა და დღეს მესამე ღამეა, რაც იმათ ტყის ჭერი ჰფარავს, ნიავი ეალერსება დედასავით, ნაკადულები უამბობენ სახუმარო, საცინელს, სასიამოვნო ამბებს, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ, მხოლოდ სხვა სახით; იმათი ხმა, ძახილ-ძუხილი კიდეც ესმოდა, მაგრამ არ იცოდა, ეს ხმა ვისი ან რისი იყო. უკვირდა იოთამს, კაცი ბერდება ამ ტყეებში და ჯერ ამისი მსგავსი არაფერი ჰსმენია. რა იცოდა, თუ მისი შვილები ეძახოდენ ერთი-მეორეს. რას ეძახოდენ, მით უმეტეს, არც ის ესმოდა.
II
დედინაცვალს არ ეხდინებოდა იოთამის შვილები, უნდოდა იმათი თავიდან მოშორება და აი რა ღონე იხმარა: იმ საღამოსვე, როცა იოთამი სანადიროდ წავიდა, როცა ვეფხვიამ და მზიამ საქონელი მორეკეს, იმათ შეუმჩნევლად ეს საქონელი ბაკიდან გამორეკა, უჩინარ ადგილას მოაფარა, ხოლო გერებს მოუშარა, საქონელი რად დაგიკარგიათო, გასწით, მოძებნეთო. ბალღების თავის მართლებამ ვერ გასჭრა. ნახეს, - საქონელი ბაკში აღარ იყო. “გასწით, გასწით, ამ წუთში იპოვნეთ საქონელი, უმისოდ თვალით არ დამენახოთ, თორემ ამ სიპებზე გაგინაყთ თავსაო”. დედინაცვალს ორივე ხელში სიპი ქვა ეჭირა, ერთი მეორეს ტაშივით შემოჰკრა, ისე მკვეთრად და სარწმუნო კილოთი წარმოსთქვა ეს სიტყვები, ბალღებს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. “მინამ არ იპოვოთ, თვალით არ დამენახოთო!..” საშინლად ბნელოდა. ბავშვები ტირილით გაუდგნენ გზას, მაგრამ სად იყო გზა? უღრანს ტყეში უგზო-უკვლოდ დახეტიალობდენ, ერთმანეთს ეკვროდენ, ხელიხელ ჩაკიდებულნი მიდიოდენ, ერთი რომ წაიქცეოდა, მეორე აყენებდა ფეხზე. მოსთქვამდენ, გარკვევით ისმოდა იმათი ტირილი: “ვაი, დედი, ვაი დედიო!” უხმობდენ დედას მოჰშველებოდათ, მაგრამ დედა არსად სჩანდა. იმათ გარშემო მხოლოდ მხეცების ბრდღვინვა და ფშვინვა ისმოდა. ბალღების ტირილზე ზოგი მათგანი დამფრთხალი გარბოდა, მაგრამ ზოგი-კი სიმშილით შეწუხებული, პირდაღებული თავზე წაადგებოდათ, მაგრამ ბალღების ღრიანცელი მოსისხლე მხეცსაც-კი გულს ულბობდა, ერიდებოდა - გვერდზე გაუვლიდა იგი. რამდენჯერ ორთქლმავალივით თვალები შეანათა მგელმა, მაგრამ თავს დაცემას ვერც ის ჰბედავდა.
ბავშვები შიშით ზეზეურად დნებოდენ, ცახცახებდენ, ყოველ ფეხის გადადგმაზე სიკვდილს მოელოდენ, საქონელი კი, ოხერი, არსად სჩანდა. ღონე, ძალი თავის დაცვისა არაფერი ჰქონდათ.
“ჰოი, ღმერთო, ღმერთო!” - წარმოსთქვეს ერთად, ერთხმად ერთ დიდის ჭანდრის ფესვებში მიკუნჭულებმა: “ღმერთო, გვაქციე ფრინველებად, რომ მაღლა ხეზე შევაფაროთ თავი, მხეცებმა ვეღარაფერი დაგვაკლონ, ადვილად მოვიაროთ ეს არე-მარე და მალე ვიპოვოთ საქონელიო.” სწორედ ამ დროს ჩამოიარა “ამინმა”. ხომ გაგიგონიათ ძველი თქმულება - “ამინი” დღეში სამჯერ ჩამოივლისო და რასაც იმ დროს ინატრებს კაცი, უნაკლულოდ ის აუსრულდებაო. “ამინი” ერთი თვალის დახამხამებაზე ხდება. როცა ვეფხვიამ და მზიამ ფრინველობა ინატრეს, “ამინმა” ამინი დაუცა და გადაიქცნენ ბუებად. ერთმანერთის გამომშვიდობება ვერც კი მოასწრეს. ერთი ერთ მხარეს გაფრინდა, მეორე - მეორეს და შეუდგნენ თავშესაფარის ძებნას. დღე დედინაცვლის შიშით ვერ გამოდიან კარში. იმალებიან ხის ფუღუროში. სხვა ფრინველებსაც იმიტომ ეჯავრებათ ბუები, რადგან თვის ტომად, თავისიანად არა სცნობენ. ამიტომ ჩვენც, ადამიანები, როცა ერთს ვისმე აწვალებენ, დასცინიან, სტანჯავენ მრავალნი, ვამბობთ “აიბუეს საწყალი კაციო!..”
დიაღ, გაფრინდნენ საწყლები სხვადასხვა მხარეს და შეუდგნენ თავიანთ საქმეს - საქონლის ძებნას. რამდენმა ათასმა წელმა განვლო დღესნამდე. ისინი-კი ისევ გულმოდგინედ დაეძებენ დანაკარგს, უძახის ერთი მეორეს, ეკითხება: “ვერ იპოვეო?” - ``ვერა, ვერაო”, - უპასუხებს მეორე და თავიანთ ამაო შრომას “ვაი, დედიო, ვაი, დედიო!” ამ სიტყვებით აბოლოვებენ...
III
იოთამი არა სცხრებოდა, გაფაციცებით დაეძებდა შვილებს, იმას საქონელი აღარ აჯავრებდა, არ გადურჩა გაუჩხრეკელი ღრანტობი, არც ხის ძირი, არც კლდის ძირი. ამაო იყო ყოველი ცდა, არსად სჩანდა დედამიწაზე იმის შვილების კვალი. ღამ-ღამობით განუწყვეტლად ესმოდა ეს საუცხოვო ხმა - ბუების ძახილი; ბევრჯელ ვაის ძახილით თავზედაც გადაუარა ბუმ, მაგრამ ერთმანეთს ვეღარა სცნობდენ მამა-შვილები. მთელი ორი კვირა შვილების ძებნას მოანდომა. რასაც კი მტაცებელს ნადირს, თუ ფრინველს შეჰხვდებოდა, ისრით გულს უპობდა, ღმერთმანი, ააცდენდა, საოცარი მსროლელი იყო მშვილდ-ისრისა. ერთხელ გალეშილი, თავპირდასისხლული მგელი ნახა ტყეში. მაშინვე გულში იმ ფიქრმა გაუარა - უთუოდ ჩემის შვილების სისხლით აქვს მგელს ლაშები მოთხუპნულიო. დიდხანს არ ალოდინა, ხელდახელ მოიმარჯვა მშვილდი, გაუდო ისარი და მოსწია ლარსა. ისარი სტვენით წავიდა და ნადირს გულში გაუარა: ასე გულეურად ისარი არასოდეს არ გაუსროლია. “ოჰ, შე წყეულო, შე მოსისხლევ, შენ დასჭამე ჩემი შვილები?” - ჩაეუბნებოდა იოთამი. აღარ აცლიდა ნადირს თავისთავად მომკვდარიყო. ყურები დასტაცა და აითრია, თავში ლურსმებით მოჭედილს ხვედას უშენდა: “მოკვდი, არამზადავ, მოკვდი!” თან ხახაში ხელებს უყოფდა. მგელს სიკვდილი არ აკმარა, დანით მუცელი გადუსერა და შიგ ხელებს აფათურებდა, თითქოს ცოცხლებს ამოჰრეკავდა მგლის მუცლიდან თავის შვილებს. როცა ვერაფერი ნიშანი იპოვნა, გაუტყავებელს ნადირს მიანება თავი. წყლულიდან ისარი ამოაძრო, გაწმინდა სისხლიანი ზრო (ისარზე დასაგები წვეტიანი რკინა), ჩააგო საისრეში და წავიდა. მეორე დღეს მიადგა ბუნაგში მწოლს დათვს, - რაღაც ცხოველის ძვალსა ჰხრავდა. “შენ დასჭამე ჩემი შვილები და ახლა ძვლებსა ჰხრავ, შე მურტალო?” დათვმა მხოლოდ ღრიალით უპასუხა, უკანა ფეხებზე შედგა, იოთამის მოსაგერებლად ემზადებოდა, მაგრამ იოთამის წვერმახვმა შუბმა აღარ დააცალა და იქვე სული გააფრთხობინა... იოთამმა ძვლებს დაუწყო სინჯვა, მაგრამ დათვის ნახრავი ძვალები ერთიც არ გამოდგა ადამიანისა. დარწმუნდა, რომ არც მგელს და არც დათვს იოთამთან არაფერი დანაშაული ჰქონდათ, მაგრამ იმათ დახოცვა მაინც არ, ენანებოდა...
IV
“რა ვქნა?” - წარმოსთქვა იოთამმა: - ``მთელი დედამიწა გადავჭყვენე, გადავქექე, გადავბზარე, კინაღამ გადავაბრუნე და ვერ ვიპოვე შვილები. ნუთუ დედამიწამ უყო პირი და ქვესკნელს ჩაიტაცა? იქნება ცამ ცაში აიტაცა საცოდავები? აღარ ვიცი, საით წავიდე, აღარ ვიცი, რაღა ვქნა? რა წყალს ჩავუდგე?” - ოხრავდა და ბორგავდა; მუხლები ეკვეთებოდა, წელში მოიხარა ასის წლის მოხუცივით. მალ-მალ გიჟივით წამოიტყოდა: “ვაჰმე, შვილებო, საწყლებო, უსუსურებო, ჩავდეგ თქვენს ცოდვაში ეს თავმკვდარი, ესა!”
კლდეებზე ბღოტიალში ვეფხვს წააწყდა, ერთმანეთი მალე იცნეს. ვეფხვი გულიანად მიესალმა.
- გამარჯობა, ჩემო კეთილისმყოფელო! - მიახალა პირში ვეფხვმა, როცა იოთამისა და ვეფხვის თვალები ერთმანეთს შეჰხვდენ.
- გაგიმარჯოს, ჩემო მეგობარო, მაგრამ ვაი ამისთანა გამარჯვებას, მე რომ გამარჯვებული ვარ. - სთქვა გულამოსკვნით იოთამმა.
- რაო, რა დაგმართნია? რა ამბავია? რა საქმე წაგიხდა ისეთი, აღარ შეიძლებოდეს გამოვაკეთოთ? ნუთუ ვეღარას ვუშველით, ვერაფერს ვუწამლებთ შენს ვარამს. - წარმოსთქვა ვეფხვმა და თანაც მოშავფრო სალტებით აჭრელებული კუდი გავაზე შემოიგდო ნიშნად იმისა, თუ შენ რამ გიჭირს, მე ხომ არ გამიჭირდებაო. ვეფხვი ჰფიქრობდა, იქნებ ვეღარ მოკლა ნადირი და დახმარებას მთხოვს, ისევე, როგორც წინათ დავხმარებივარო. მართლაც, ამ ვეფხვმა იოთამს თმაზე უმრავლესი ნადირი მოაკვლევინა, ზედ შეაგდებდა და იოთამი ისრით ჰხოცავდა. რა თქმა უნდა, იოთამისაგანაც სიკეთე მოაგონდებოდა და სიკეთეს ვეფხვიც სიკეთით უხდიდა. კლანჭიდან იოთამმა ვეფხვს სიპი ქვა ამოუღო, ისეთ დროს უექიმა, რომ ვეფხვს აღარ შაეძლო მოძრაობა. იოთამს შველა სთხოვა და ამანაც არ დაიზარა მიშველება, ამის შემდეგ დამეგობრდენ. ამ დამეგობრების ხანში ვაჟიშვილიც ეყოლა იოთამს და იმას ახალ მეგობრის სახელი - ვეფხვია დაარქვა.
- შვილები დავკარგე, მეგობარო, უსუსური ბალღები; დღეს ათი დღეა დავეძებ და სრულებით ვერაფერი გავიგე იმათი ვერც სიცოცხლისა, ვერც სიკვდილისა. ვინ იცის, იქნება ნადირმა დამიჭამა შვილები? - მიუგო იოთამმა.
- მე კი ღმერთმა დამიფაროს ადამიანის ლეშს პირი დავახლო! განა ფიცია საჭირო? განა იმ სიკეთის შემდეგ, რაც შენ ჩემზე დასთესე, შემიძლიან-ღა დავახლო ადამიანის ხორცს პირი, არა მარტო შენს და შენობილისას, არამედ ვინც უნდა იყოს, მხოლოდ ადამიანის სახე ჰქონდეს. სხვა მხეცებისა რა მოგახსენო, იმათ ვერ დავუფიცავ. ვერ დავუფიცავ ვერც მგელს, ვერც დათვს, ვერც აფთარს, ვერავის, ვერა. მე, მეგობარო, სამსახურისთვის მზადა ვარ, არ დავზოგავ შენთვის ჩემს ჯანს, ჩემს კლანჭებს და თვალებს, თვით სიცოცხლესაც-კი. წავიდეთ, მივიარ-მოვიაროთ, მოვძებნოთ, ან მკვდრებს შევხვდებით, ან ცოცხლებს, - უთხრა ვეფხვმა.
მეგობრის ნუგეშიანი სიტყვები იოთამს გულზე მალამოდ წაესო. იოთამმა მადლობა გადაუხადა.
- თუ მაგდენს სიკეთეს მიზამ, მეც იქნება ისე არ მოვკვდე, არაფერი გარგო, დიდადა ვარ შენგან დავალებული და ეხლა თითქმის ყელთამდე ავივსე შენის დავალებით. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები, თუ ჩემის გულისთვის გაირჯები. - უთხრა იოთამმა. წავიდენ სხვადასხვა მხარეს და თანაც ის პირობა დადვეს, ამავე ადგილას შაყრილიყვნენ, სცდილიყვნენ ერთიმეორისთვის და გაეგებინათ ერთმანეთისათვის საქმის ავ-კარგი.
ვეფხვი გულმოდგინედ შეუდგა მეგობრის შვილების ძებნას, მოვლო მთელი მიდამოები. იოთამსაც, რა თქმა უნდა, არც დღე ეძინა, არც ღამე. ბევრი იარა, ცოტა იარა, მიადგა ერთს მდინარეს.
- მდინარევ, მდინარევ, ხომ არ გინახავს ჩემი შვილები, ჩემი მზია და ვეფხვია? ნუ დამიმალავ, სწორე მითხარი? ხომ არ მოსულან შენს კიდეზე? წყალი ხომ არ დაულევიათ? იქნება შენ დაარჩვე, მაგრამ რა შვილი მეტყვი! - სთქვა რა ეს იოთამმა, თან შუბის წვერი ჩასჩხვლიტა ერთს დიდ მორევში.
- რასა სჩადი, რას, ეი, ხეპრევ, უგუნურო? - წარმოსთქვა გაჯავრებულმა მდინარემ, - შვილები თავად შენ დაარჩვე და, აქ, ჩემთან კითხულობ? შენს შვილებს რა დაუშავებიათ, რო დავარჩო, ისინი ანგელოზებია, უსუსურნი, უმეცარნი, ცხოვრებაში გამოუცდელნი, დასარჩობი შენა ხარ და, რომ შევიძლებდე, არც დაგზოგავდი, რადგან ღირსი ხარ ამ სასჯელისა.
- რადა? რა დავაშავე? - დაეკითხა იოთამი.
- დანაშაული მეტი იქნება? რად ჩაჰყარე ჩვილი ბალღები დედინაცვლის ხელში, თუ შენ კაი კაცი ხარ? როცა ის თვალჟუჟუნა, თმაგრძელა თავის კერაზე დააბძანე, მაშინვე დაარჩვე თავიც და თავის შვილებიც. - მიუგო მდინარემ. იოთამმა ხმა გაკმინდა, თავი დაჰკიდა...
- ჰო, ჰო, უთუოდ არა სტყუი, მდინარევ, - წარმოსთქვა მან ბოლოს დროს, - ნამდვილად ჩემი ბრალია, მოდი, ნუ დამზოგავ, დასარჩობი ვარ, დამარჩვე.
პასუხს არ დაუცადა მდინარისას, გადაეშვა პირდაპირ წყალში. წყალმა წაიღო, კარგა მანძილზე ატარა და გარიყა. როდი დაარჩო. იოთამი კვალად გადავარდა მდინარეში, მაგრამ წყალმა ისევ გარიყა. ასე ცხრაჯერ თუ ათჯერ გამორიყული ისევ წყალში ვარდებოდა, მაგრამ წყალი არ არჩობდა, ჰზოგავდა, ენანებოდა. ბოლოს გალუმპულმა, სიცივისაგან აცახცახებულმა ერთ გამოქვაბულს კლდეს შეაფარა თავი... მოიბუზა კლდის ქვეშ და თანაც მოსთქვამდა: “ვაჰმე, ჩემო შვილებო, ჩემო ვეფხვიავ, ჩემო მზიავ!”...
უღრანი ტყე, უდაბური ადგილი რაღაც ხმაურობამ ააზრიალა... “მზიავ, ვეფხვიავ!”...
- კაცო, კაცო, ადამიანო, რასა სტირი? რას სჩივი, რას დაეძებ? აგერ შენი შვილები, აგერ იმათი ძახილი, ისინი უკვე ფრინველები არიან, იმათ რომ შეხვდე, ვეღარ იცნობ, საბრალოვ! აგერ ერთი ეძახის: “ვეფხვიავ, ვეფხვიავ, ვერ იპოვეო?” - “ვერა მზიავ, ვერაო”, - მეორე უპასუხებს. - უთხრა კლდემ იოთამს, - ეხლა ტირილით და ჩივილით ვერაფერს უშველი.
- მართალს ამბობ? სწორეა? საწყლები ისევ საქონელს დაეძებენ, რადღა უნდათ საცოდავებს? - სთქვა იოთამმა და თვალებიდან ცრემლების წმენდა დაიწყო.
- მაშ, ვსტყუი? რა საკადრისია. ქვეყანაზე რაც მოხდება, განა მე გამომეპარება? არადროს, - მიუგო კლდემ.
- მაშ, დავიჯერო - გეყურება ჩემი შვილების საუბარი? - წარმოსთქვა კვალად იოთამმა.
- ნათლად, ცხოვლად, ისევე, როგორც შენი საუბარი, გოდება და გულის ტკივილი, - უპასუხა კლდემა.
- არ შეიძლება, გეთაყვანე, გამოელაპარაკო ჩემს მაგივრად, შეატყობინო, რომ მე აქა ვარ და მინდა იმათი ნახვა, ასე დაუძახო: მამა თქვენი აქ არის და თქვენი თვალით დანახვა უნდა-თქო? - შესთხოვა კლდეს იოთამმა.
- სულ ტყუილია, არაფერი გამოვა. ისინი მაინც და მაინც არ მოგეკარებიან, არც ხმას გაგცემენ; ვერც არაფერს შენ გააგონებ, დავიწყებული ჰყავთ მამა, სიტყვა მამა აღარ არსებობს მაგათთვის. - მიუგო კლდემა.
- მაშ, ნეტავი მეც კლდედ მაქცივა, რომ ჩემი შვილების ხმა მაინც მსმენოდა მუდამ, ამით მენუგეშებინა თავი. ღმერთო, ყოვლად შემძლებელო, მაქციე მეც კლდედ. - წარმოსთქვა იოთამმა ხელაპყრობით. სწორედ ამ დროს ჩამოიარა “ამინმა”. იოთამი კლდედ იქცა, აეტუზა, მიეკრა იმავე კლდეს, სადაც თავი შეაფარა, მხოლოდ იოთამს შეჰრჩა ადამიანის სახე. სდგას თავდაკიდებული, გულხელდაკრეფილი და თვალებიდან ცრემლს აფრქვევს. როცა გაიგონებს თავის შვილების გულის მომწყვლელს კივილს, იოთამი, კლდედ ქცეული, დაიწყებს გულამოსკვნით: “ვაჰმე, შვილებო, ვაჰმე, შვილებო!...”
V
ვეფხვი, იოთამის მეგობარი, რაღა იქნა? იჯდა დანიშნულ ადგილას გაუნძრევლად დაყუნთებული და თვალებს აწყალებდა მეგობრის მოსასვლელ გზასა. ერთს ადგილას იყო ტკიპივით მიკრული. აღარც საჭმელი აგონდებოდა ვეფხვს და აღარც სასმელი. მიცემულს პირობას არ ჰღალატობდა, ელოდებოდა თავის კეთილის მყოფელს. უცადა ერთი კვირა, უცადა ორი, - თვე, - ორი, ოთხი, მთელი წელი, ხმებოდა ვეფხვი და დნებოდა ერთ ადგილას დაკერებული, იოთამი არსადა სჩანდა. ჩამოდნა, როგორც ცვილი, დაეღვენთა დედამიწას. ვეფხვის ძვალების და ლეშის ნაღვენთისა ამოვიდა დეკა ქუჩად, დაყუნთებულ ვეფხვის სახედ, რომელიც აღარც იზრდება, აღარც პატარავდება, არცა ხმება. ვეფხვის მსგავსად ამოსულს დეკას მხარს უმშვენებს ზამთარ-ზაფხულ აყვავებული, დაუჭკნობელი პირიმზე - ყვავილი მთისა.