რიცა
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


აფხაზეთს არის
ერთი ტბა: რიცა,
და იქ ხომ გვახსოვს
შენცა და მეცა:
ზეცა, ვით ზეცა
და არა მიწა,
მიწა, ვით მიწა
და არა ზეცა;
იმ მიწაშიაც
ფრთების მოკვეცის
ატანაც შევძლო
იქნებ, ვინ იცის,
მიწის, ვით მიწის
და არა ზეცის,
ზეცის, ვით ზეცის
და არა მიწის.
ოჰ, გამახსენდა
ჩანგი. და მეც ის
შარავანდედად
მაგებებს ციმციმს
მიწის, ვით მიწის
და არა ზეცის,
ზეცის, ვით ზეცის
და არა მიწის.
აქ ყინვებია,
ლამაზო რიცა.
შენს ჭავლშია კი
სიზმრებს მიეცა -
ზეცა, ვით ზეცა
და არა მიწა,
მიწა, ვით მიწა
და არა ზეცა.

1948 წ.

მოძიებულია „https://ka.wikisource.org/w/index.php?title=რიცა&oldid=4557“-დან