პუშკინი პარიზში
პუშკინი პარიზში ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
პარიზი. კაფე. პალმების ბუჩქის
ტოლის და სწორის
პოეტი ამბობს: ვუსმინოთ პუშკინს,
რომ დგას ჩვენს შორის: -
„გადავერიოთ ბახუსის ალებს,
შორს სევდა-დარდი.
ეს გაუმარჯოს მშვენიერ ქალებს,
ჩვენ რომ ვუყვარდით!
სავსე თასების ცბიერ ძალაში
ნუ დაეჭვდებით,
ჩავუშვათ ღვინის სიანკარეში
ჩვენი ბეჭდები:
ასწით თასები, გადავკრათ უცებ,
გადავცდეთ ჩარჩოს,
ეს გაუმარჯოს მგოსნების მუზებს,
აზრს გაუმარჯოს!
იბრწყინე მარად, დიადო მზეო,
იბრწყინე მარად.
ვით ეს სანთელი ქრება უმწეო
მზის შუქის კარად,
ისე - ცრუ სიბრძნე უკვდავ აზრის ბჭეს,
ვით ნისლი რამე,
იხრწნება, ქრება, გაუმარჯოს მზეს,
ძირს ბნელი ღამე!“
მომეცით ჩრდილი ვარდების ბუჩქის,
მომეცით - თასით.
ეს გაუმარჯოს ჩვენს ძვირფას პუშკინს!
თამამად ასწით!