პატარა პიერი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



სანაპიროს ნაგვის ყუთში
გულსაკლავად სძინავს პიერს;
მოკუნტული წვიმით ბავშვი
სიზმარშია: ერთ მშვენიერ

მინდვრად თითქო სოფელია,
აქ, ქალაქის შორიახლო
საცოდავად იყურება
პიერისა სამოსახლო.

ალიონზე ქალაქისკენ
მიაქვს ძველი მას კალათი,
იქ არაფრით მიმავალი
შინაც მოდის არარათი.

პიერს ეზოს ბოლოს უდგას
ერთადერთი ძირი მსხალი
მისი ბედი და ნუგეში,
მისი მზე და მარჩენალი.

მსხლის თვისება ზღაპრულია:
ზამთარ-ზაფხულ, ყოველ დილით,
მადლიანი ხის ტოტები
იტვირთება მწიფე ხილით.

მით საზრდოობს, პიერისთვის
ხე მფარველი არის ხატი,
მაგრამ ერთხელ საღამოთი
ცრემლით ხვდება ხე მარადი.

ვერა ხედავს მწიფე ნაყოფს,
გაუძარცვავთ მძიმე მსხალი.
ვინ მოვიდა, ვინ დაამხო,
რომ არ დარჩა ნატამალი?

და ყველაფერს მიხვდა პიერ,
ხედავს პიერ, რა ეჭვია,
რომ დღეიდან დაიღუპა,
რომ მას ქურდი შეეჩვია.

გაიღვიძა აქ პიერმა, და წამოხტა,
ვით შურდული,
ბავშვი, როგორც სიცხადეში,
სიზმარშიაც გაქურდული.

1936 წ.