პაპიჩემის ანდერძი

პაპიჩემის ანდერძი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1886 წელი


შვილო, რად სტირი ნეტარა,
რა უბედობა გეწვია?
ჭირში ყოფნის დროს გაძლება
მუდამ ვაჟკაცის წესია!
ვაჟკაცს არ ჰშვენის ცრემლის ღვრა,
ქვითინი დიაცურადა.
მტერს ხმალი უნდა საფთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.
აგრემც ექმნები პაპაშენს
დღეგრძელიო და სრულიო,
ნუ დაისვენებ, ებრძოლე
მტერს, მინამ გიდგა სულიო.
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო.