ოფორტი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ელვარე თოვლში მიჰქრის მარხილი,
რომ მოიხვიოს თეთრი ავდარი,
ამ სივრცეებში მყავს დამარხული
ზამთარი ცივი და ნაზავთარი.
მისი ელამ მზის თვალის ხილება
არ ეშორება ჰაერს არეულს.
მხოლოდ ტყემლების აყვავილება
ხეებს რიდეებს ჰფენს სიზმარეულს.
ფერ-უმარილის სახით ცხედარი -
მარმარილო დგას, როგორც მუმია,
გაყინულია თითქო მხედარი
და იდუმალ წუხს: რა სიჩუმეა!
რა სიჩუმეა! როგორ აჩნია
გზებს ნაკვალევი არ-საამსოფლო,
რომ სხვა სამშობლო არ გამაჩნია…
რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლო.