ნატვრა (ვაჟა-ფშაველა)
ნატვრა ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1889 წელი |
კლდე უნდა იყო, სალი კლდე -
მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, -
რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს
ქარჩით მოხუცი ხნიერი.
რატომ არვისგან იძლია
შენი სამეფო ძლიერი?
არ იქნა, ლეშით არ გაძღა
ეგ შენი ხახა მშიერი?
რამდენი კენჩხა გამოჰხარ,
რამდენი მკლავი ძლიერი?
რამდენი სახე ქალისა,
ელვა - მთათ შუა რეული,
თვალები - მთვარე მომწყდარი,
წყვდიადში გამორეული,
წელია დილის მზის სხივი,
ვარდებში ჩამორეული.
იმასაც ამას უპირობ,
ვინც მე მინათებს ღამითა,
ვისთვისაც სიცოცხლე მწყურან
ამ ბეჩაურის ჟამითა,
დაჰშალო, დაანაწილო
ძვლები და ლეში კანითა?
ზეზეურ დარჩეს, ღვთის მადლსა,
ყელ-გამოჭრილი დანითა,
რომ ფერფლი ჩემის ლეშისა,
გადატანილი ქარითა,
მიეხლოს იმის ნაშთის ფერფლს,
განედლებული ცვარითა.
მზემაცა ნახოს, მთვარემაც,
ცამ ვარსკვლავების ჯარითა
და გაზაფხულის იამა
მის ანგელოზის თვალითა.