თარგი:Header

ქვეყანაზედ და ზეცაზედა იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა...
და მე კი მკლავდა მწუხარების წყლულთა ტკივილი,
შიგ გულში მედვა სასიკვდილო გესლი სევდისა.
სული მიგუბდა, გული მტეხდა ტკივილით, ტანჯვით,
თითქოს ჩემს გვამსა ზედ-გადესხა ნავთი მდუღარე,
ძარღვნი სკდებოდნენ საშინელის წვითა და დაგვით,
ტვინი მეწოდა, გესლი მწვეთდა თვალთაგან მწარე.
ესე უწყალოდ განწირული და დაშთომილი
ვეგდე მარტოკა უცხო ცის ქვეშ დიდ კლდისა პირსა,
ქვეყანაზედ და ზეცაზედ კი იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა!

11 ივნისი, 1860 წ. პავლოვსკი.