მშობლიურო ჩემო მიწავ!

მშობლიურო ჩემო მიწავ!
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


სამი დიდი ოკეანე
გარე უვლის ნათელ მხარეს,
მთვარიანი და მზიანი
ზეცა აფრქვევს სიანკარეს.
ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო -
ის გადარჩა და სახელად
ეწოდება საქართველო.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს დიდებას,
წინაპართა ძვლებს დავიცავ!
ასწით კავკასიის ფარდა! -
ეს ამერი და იმერი,
მისი „ხელი ხმალს იკარ” და
მისი “მრავალჟამიერი”.
მიყვარს მარად მხნე და ძმური
ის გურია და სვანეთი,
თუში, ფშავი და ხევსური,
აჭარა და თრიალეთი.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს უფლებას,
შენს უფლებას სისხლით ვიცავ!
აღმოსავლეთ-დასავლეთის
გზა მიხვეულ-მოხვეული,
იავნანა მეგრელ დედის,
აფხაზური, მოხევური,
ლაზთა რბევა, სისხლის ტბორით
შეღებილი ქართლ-კახეთი!
რაჭა-ლეჩხუმია შორით,
ახლო - მესხეთ-ჯავახეთი...
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს ტკბილ ენას,
შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!
და ვიგონებ იმერეთის
ომს ვეფხვებრივს, შინ - ზრდილობას.
მის ჩონგურებს და წერეთლის
უდარებელ წერეთლობას.
“გამაგონე ეგ ხმა ტკბილი,
დაჰკარ გრძნობით დაირასა”, -
განა გული ძველის ჩრდილით
სამუდამოდ დაირაზა.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ.
რომ დავიცავ ფაზისის ცას,
საირმეთა ეშხს დავიცავ!
აგერ წინამძღვრიანთკარის
ქარი არხევს ზვარის სამოსს,
და ხავერდი სავსე მთვარის
მოჰფენია საგურამოს.
მეცხრამეტევ! განთიადით
გვეგებება ოხვრა კაკლის...
ახალგაზრდა გოლიათი
ახლა ავსებს ამ დანაკლისს.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ.
რომ დავიცავ შენს სიმაღლეს,
შენს მგზნებარე ჩანგს დავიცავ!
დიდი გზებით მიდის ძველთა
დიდება თუ დამარცხება.
ეთვისება ზაჰესს მცხეთა
და არაგვიც არა ცხრება.
უსივრცოა დროთა სივრცე
და მდიდარი - ფეროვნება,
მისი შრომა, მისი სიბრძნე,
მისი დიდი ხელოვნება.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს სიმართლეს,
სისხლით ნაპოვნ გზებს დავიცავ!
მტკვარს დაჰყურებს მაღლით ჯვარის
მონასტერის სიამაყე,
მოვიარე მთა და ბარი,
მაგრამ მსგავსი ვერსად ვნახე!
ხუროთმოძღვარს აქ ჰყავს მცველი
მეომარი და მგოსანი,
და ჩუქურთმა უფრო ძველი,
ვიდრე “ვეფხისტყაოსანი”.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ იმ ლექსთა ხმას,
იმ ჩუქურთმის შუქს დავიცავ!
მიწა, სადაც ვხნავთ და ვთესავთ,
მოკირწყლული იყო ძვლებით,
მოღაღადე უკეთესად,
ვინემ უსახელო წლები.
იმ წარსულთან რა ძლიერი
ანათებს აქ დროის თვალი -
რარიგად ჩანს მშვენიერი
საქართველოს მომავალი!
მშობლიურო ჩემო მიწავ.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ იმ მომავალს,
იმ მომავლის მზეს დავიცავ!
და ხმალივით ბასრი გრძნობა
არის ფუძე ახალ ხანის,
ჰგავდეს რკინას ნებისყოფა
თვითეული ჩვენთაგანის.
გამარჯვების გზებით მიდის
თვითეული დღე ფრთამალი,
რომ არ ჩანდეს კვლავ იმ დიდი
სიდუხჭირის ნატამალი,
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს მიღწევებს,
შენი დროშის ფერს დავიცავ.
ოცდაექვსი საუკუნის
წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს,
ხელნაწერნი განვლილ დროის
მოგვითხრობენ გმირთა ამბავს -
სუნთქვა ძველი წიგნებისა,
მშვენიერი ძველი ენა,
სული ქართლის ცხოვრებისა,
რუსთაველის აღმაფრენა!
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ უძველეს განძს,
იმ უძველეს წიგნს დავიცავ!
შლა წიგნების მიყვარს ძველის,
მშვენიერი ძველი ენა,
კიდევ - რაც ამ ოცი წელის
გადიშალა აღმაფრენა,
რაც ამბავი მოგუგუნე
ამ ანბანით აწყობილა...
სხვა მეოცე საუკუნე
არასოდეს არ ყოფილა!
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს ახალ გზებს,
შენს უახლეს წიგნს დავიცავ!
ახლა ვეღარ გეტყვის ბედი,
საქართველო ნაწამებო:
ქართლს განუდგა იმერეთი,
საკუთარი სურს სამეფო.
თემურ-ლენგის ვერ წამოვა
ველურობის ხმა და ზახი.
თბილისს რომ არბევდა ხროვა
ჯალალ-ედინ - ხორეზმ-შაჰის.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს მშვიდობას,
შენს მთასა და ზღვას დავიცავ!
ქარმა მიანგრ-მოანგრია
ძველი ქვეყნის საბუდარი,
აწ სხვაგვარნი ქარნი ჰქრიან,
ჩვენ მხარე გვაქვს საკუთარი.
ის ვერ ითვლის გმირთა მხარ-მკლავს,
ვერც უხვობას გენიისას,
და ბრწყინვალეს ანთებს ვარსკვლავს -
ვარსკვლავს აკადემიისას.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ ერთა ძმობას,
მეგობრობის ფიცს დავიცავ!
თუ მრავალგზის დანგრეული,
კვლავ ბრწყინვალე გახდა მხარე,
თუ მოედო მეყვსეული -
მშენებლობის ნიაღვარი,
თუ ძალების არდაზოგვა
ამეტყველებს თვით ქვა-ლოდებს,
ეგ მისთვის, რომ ჩვენ ეპოქა
ახალ გზისკენ მოგვიწოდებს.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს მიღწევებს,
შენი დროშის ფერს დავიცავ!
თუ ბუნების მოკვდავ კაცებს
გვიერთდება აღტაცება,
თუ გვამხნევებს და გვიტაცებს
განახლების დიდი მცნება,
თუ ყოველ დღის მძაფრი ჟინი
ახალ სიმაგრეებს აგებს,
ეგ მისთვის, რომ ჩვენ ლენინი
მუდამ წინსვლას გვიქადაგებს.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს სიმაღლეს,
შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!
ქვეყნის მეტის მზით ავსება
საგანია ჩვენი ზრუნვის,
ჩვენ შევძელით დაფასება
ჩვენი მძლავრი საუკუნის.
გავიარეთ სევდისმგვრელი
გზათა სივრცე და საზღვარი,
გადავლახეთ ღამე ბნელი
და ბურუსი ყოველგვარი.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
გიცავდი და გიცავ მარად,
გიცავდი და კვლავ დაგიცავ!