თარგი:Header

«В труде проходит жизнь его
И не приносит ничего».


I

გოლვიან დღესა ტფილისშია შუა ბაზრისკენ
მე ჩამივლია... ჩემო მუშავ, მინახვიხარ შენ
კედელთან მწოლი; მხურვალე მზე ზედ დაგყურებდა,
ჩუმი ღიღინი შენი ხშირად გულს მიწყლულებდა.
ნაღვლიან ხმაში სულ ისმოდა შენი ცხოვრება,
დღიურ ლუკმისთვის ტანჯვა, შრომა და მწუხარება.
ვინა ხარ შენა, ჩემო ძმაო? სიდამ მოსულხარ?
ბატონის მათრახს ვერ გაუძელ, გამოქცეულხარ,
მოშორებულხარ ჯალაბობას, შენსა სახლ-კარსა,
მინდორს მამეულს და შეჩვეულს მიწასა, წყალსა?
თუ უნებლიეთ გადმოგტყორცნა მუხთალმა ბედმა,
ან მოგიტაცა სხვა კაცზედა მაცდურ იმედმა?
აქ სად მოსულხარ?.. რაც დაჰკარგე და რაც დასტოვე,
მის მაგიერი ტფილისშია, აბა რა ჰპოვე?..


II

აი ტვირთ-ქვეშა მოკაკულხარ, საბრალოვ, შენა!
ოფლი წურწურით პატიოსან შუბლით გეღვრება,
შეგუბებულის სულის ისმის დაღლილი ქშენა,
მიხვალ, საწყალო, ტომარის ქვეშ მუხლთ გეკეცება!..
ვინ შეგიბრალებს?.. აგერ მოჰქრის დიდკაცის დროშკა,
შენს პირდაპირა იგი მორბის დაუდევნელად,
აგერ წამოგწვდა, დაგეჯახა — და, როგორც კოკა,
შენ — კერძო ღვთისა — არ დაგინდო დასამსხვრეველად...
შენ გარდიქეცი ტომარითურთ და გამვლელ ხალხმა
მაგ შენ ყოფაზედ იწყო უგრძნოდ მაღლა ხარხარი...
რასც მაშინ ჰგრძნობდი, ყოველი სთქვა მწუხარმა თვალმა:
შენს დუმილშია იყო ღვთისა რისხვისა ზარი!
იმავ დუმილით მიხველ, წევა დაუწყე ტვირთსა,
ძარღვნი გალურჯდნენ შენს სახეზედ, თითქო სკდებიან,
სწევ, ვერ ეწევი, — გეკარგება შენ საზრდო დღისა...
ხალხი გიყურებს — და არავინ არა გშველიან!..


III

აჰა, მიხვედი, მიუტანე ტვირთი პატრონსა,
რუსულ ფარაჯის კალთით შუბლზე იწმენდავ ოფლსა,
განივრად იძვრის დიდი მკერდი სიგრილეშია,
იცდი, საწყალო! — შენი ლუკმა იმის ხელშია!..
ხშირად ამ ლუკმის მთლად მოცემაც იმას შენთვის ჰშურს,
ხშირად ფასს გიკლებს შიშველს, მშიერს, მწყურვალს, უბედურს...
”ნუ მიტეხ ლუკმას, — ეუბნები, — ღმერთსაც შეხედე!
მე ეგე ლუკმა პირუტყვსავით ზიდვით ვიყიდე”.
შენ უღონო ხარ... და უღონოს კაცი იბრიყვებს,
მდიდარს მეტს მისცემს, შენ კი გროშზე შეგევაჭრება,
ვისაც არ უჭირს, მას გააძღობს — და შენ კი გიკლებს,
შენ, რომელსაცა ერთის გროშით დღე გემატება.
ეგრეთ დასჯილი უსამართლოდ ბევრჯერ წამოხვალ
და, თუ დაღამდა, თავთ დაიდებ ერთგულ კურტანსა
და სადმე ქვებზედ მიეგდები იმ ფიქრით, რომ ხვალ
ისევ ამ-რიგად განაგრძელებ უღმრთო შრომასა.


IV

შენ სიცოცხლესა დააღამებ ესრეთს შრომაში,
კაცი კაცურად ვერ იცხოვრებ ვერც ერთსა დღესა...
მერე, ვინ იცის, რომელ ქოხში, რომელ სარდაფში
დაუწყებ ბრძოლას სასიკვდილოდ მოსულსა სენსა.
მარტო ეგდები და ლეიბად გექნება ნამჯა
და სახურავად, თუ კი მოგყვა, რუსის ფარაჯა!
მარტო იცოცხლებ და მარტოცა, ძმაო მოჰკვდები!
ჯალაბი შენი ვერ დაგასხამს მდუღარე ცრემლსა,
ვერ დაგტირებენ საბრალონი შენი შვილები,
ამაოდ მათკენ სიკვდილის ჟამს გაიწვდი ხელსა.
მოჰკვდები და მსწრაფლ ჩაგჭედავენ საკაცეშია,
უცრემლოდ, ძმაო, ჩაგიშვებენ სამარეშია!
ეგრეთ უბრალოდ გაფუჭდები, — და ჩვენ ხსოვნასა
არაფერი არ მოაგონებს შენს ”აქ” ყოფნასა.

12 ივლისი, 1860 წ. პავლოვსკი.

მოძიებულია „https://ka.wikisource.org/w/index.php?title=მუშა&oldid=513“-დან