მოდის ჭალების სული მცურავი
მოდის ჭალების სული მცურავი ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
1916 წელი |
შენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს,
არ გახსენდება დიდი შარაგზა.
შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს,
აღარ გაუბამ მთებს ლაპარაკსა.
არ გაგონდება ჩვენი თუთები,
არ გაგონდება ჩვენი ფშანები.
არც შორი სახლი, ნასათუთები,
არც ღრუბლიან დღის კაეშანები,
ტყე, შემოსილი ჩქარი ფშატითა,
ჩუმი შრიალი ნეკერჩხალისა.
მდინარემ წყალი შემოადიდა,
კოპიტებთან დგას ზვირთი წყალისა.
დაფარულია მთელი მინდორი,
თანდათან მღვრიე რიონი მოდის,
მოაქვს ხაბო და ნასიმინდარი,
მოაქვს ამინდი წვიმის და შფოთის,
მოაქვს ხეები, მოაქვს მორები,
მოაქვს ჭალების სული მცურავი,
მოუახლოვდა სახლებს მორევი,
მდინარის რისხვა და სამდურავი.