მივაშუროთ!
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1916 წელი


სიცოცხლის ჩანგებს მივაშუროთ ისევ თასებით,
მრავალ წყურვილთა გახელებით, გაათასებით…
ტკბილი და მწარე… სულ ერთია… ცეცხლი მაგარი,
საქართველოსთვის გრიგალია და ნიაგარი…
მაგრამ ისინიც… ცეცხლი იყო მათი თვალები…
ყველა ისინი მშვენიერნი იყვნენ ქალები!
ვთქვათ ამომსკდარი მიწებიდან ზღვა დარხეული,
თასი დღის ხმათა და კვლავ თასი ზამბახეული…
ვთქვათ ბრძოლა, ომი, ქარიშხალი, სახლი, ვაგონი,
ვთქვათ, ახალი დრო და ახალი გამონაგონი,
მაგრამ ისინი… ცეცხლი იყო მათი თვალები…
ყველა ისინი მშვენიერნი იყვნენ ქალები!