მთაწმინდის მთვარე

მთაწმინდის მთვარე
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1915 წელი


ჯერ არასდროს არ ყოფილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,
მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე…
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!