მე მივაშურებ ურარტუს ქვაბებს
მე მივაშურებ ურარტუს ქვაბებს ავტორი: ანა კალანდაძე |
1945 წელი |
ფეხზე მაცვია ირმის ტყავით შეკრული ხამლი,
ვაღმერთებ მზესა,
ვანთებ ცეცხლსა
და მზისკენ მიდის რძისფერი კვამლი...
დღისით ვნადირობ,
წვრილ ნადირთა ბუნაგებს ვარბევ
კეტით და მშვილდით...
და თუ გამოჩნდა ნადირი დიდი,
მყის მივაშურებ ურარტუს ქვაბებს...
ჩამეძინება ათასნაირ მხეცთან ნატოქარს,
მე არ მაწუხებს ხვალისათვის ფიქრი და ჯავრი...
ვარსკვლავთაც ვუჭვრეტ შიშით და კრძალვით...
უდაბურს ტყეში დაძრწის მარტორქა...
ქარი გუგუნებს ქვაბის კართან თავგანწირული,-
ხმა აქვს საზარი...
რათა უმწეოს დამცეს თავზარი,
ქვაბის სიღრმეში წვეთავს ყინული...
ფეხზე მაცვია ირმის ტყავით შეკრული ხამლი.
ვაღმერთებ მზესა,
ვანთებ ცეცხლსა
და ვწირავ მსხვერპლსა...
გრძნეულ ურარტუს
ეფინება რძისფერი კვამლი...