მე და ზამბახი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ბნელ ღამის დროს წყნარი ძილი რომ ეწვევა თეთრ ზამბახებს,
მათ ნარნარი მთის ნიავი უალერსებს, აცახცახებს.
დასჩურჩულებს: სიზმრად ვნახე, თქვენი სახე მომხიბლავი,
და მოფრენა განვიზრახე, გენაცვალოთ ჩემი თავი!
მზეს ნუ ელით… დღე დიდია, სიზმარს უნდა ყურისგდება,
ხანმოკლეა ეგ სიზმარი, გაკოცებს და გაფრინდება.
გაფრინდება… მერე ცეცხლის მზე ამოვა, დღე მწვავდება
და გგონია, თითქო იგი არასდროს არ გათავდება!
მეც, მეც ასე მიჩურჩულებს იდუმალი ფიქრთა გროვა,
დავივიწყო, ვინაც ჩემში გრძნობათ ცეცხლი ამოსწოვა,
მაგრამ მაინც ჩემი სული, ვით ზამბახი მინდორ-ველის,
მზის ამოსვლას უდარაჯებს და სიყვარულს ელის, ელის.