მე დავიბადე განთიადისას

მე დავიბადე განთიადისას
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


მე დავიბადე განთიადისას,
როცა მთის წვერზე დილა მაისის
თვალებს ახელდა… და ნაზი იყო
ელვა-ელფერი მტრედისფერ სივრცის…
შემოდგომაზე, მახსოვს, ვიბრძოდი,
ცხარედ ვიბრძოდი ყმაწვილურ ჟინით,
მაგრამ დაცინვით მომიკლეს რწმენა,
და ძირს დავემხე კვნესა-ქვითინით.
ვცხოვრობდი ზამთრის ყინვა-ქარბუქში,
ხსოვნა არ იყო ჩემში ზაფხულის
და ნელა-ნელა მიჭკნობდა დღეებს
სიცივე სულის, სიცივე გულის.
დღეს კი, როდესაც შავი ბურუსი
მისპობს და მიკლავს ოცნების კუთხეს,
ჩემს გაჩენის დღეს ვწყევლი იდუმალს
და ვლოცავ ყოფნის აღსასრულის დღეს.
ბნელი ღამეა… მალე ინათებს…
ჩქარა, სიკვდილო… ოჰ, გევედრები…
გადმომივლინე ტკბილი ოცნება…
გადამაფარე შავ-ბნელი ფრთები!