მეურმის სიმღერა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1910 წელი


(ვუძღვნი ალ. კავსაძეს)

როგორ ძალიან დაბნელდა,
მთვარეც არა ჩანს ტიალი!
როდი ანათებს ბნელს ღამეს
ამ ჩემის ურმის ჭრიალი!

არაგვში უნდა გავიდე,
ბობოქრობს, მოაქვს ლოდები!
ადევებულა და, რა ვქნა,
ხამი მიბია მოზვრები.

წმინდავ გიორგი! მიშველე,
ნურას შემამთხვევ ავსაო;
წვრილი მებრალვის ცოლ-შვილი,
თორემ არ ვზოგავ თავსაო.

ნუ აატირებ დედა-ჩემს.
იორამაანთ ქალსაო,
ხშირს თმას ნუ მოაჭრევინებ
ქალთამზეს, ჩემსა დასაო.
თავს დამინებებს ბალღებსა
ცოლი, გაჰყვება სხვასაო.

მოგივალ ღამის სათევლად,
სანთელს აგინთებ სამსაო.
ცისკარმაც ამოაშუქა,
კელაპტრად ეკვრის ცასაო.

თენდება, აღარა ბნელა,
კარგა გაიგნებთ გზასაო.

გაიწით, თქვენი ჭირიმე,
ჩემო შვინდავ და გიშელა,
გავედით სამშვიდობოსა,
ეგ არი, ღმერთმა გვიშველა!

გაიწით, ჩემო ხარებო,
თქვენ გენაცვალეთ ქედშია!
არც ერთს არ გაგცვლით სხვაზედა,
თუნდ ორი მომცენ ერთშია.