მეოცნებე აფრებით
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1922 წელი


სად ოდესმე მეოცნებე აფრებით,
ათასფერი იმედით და ზაფრებით,
აგასფერის მიმოჰქროდა ხომალდი,
მეზღვაურის სულთან გათანაბრებით.
როგორც ზვირთთა ქაფიანი მოდება,
ფაგოტების მიტაცებდა გოდება,
მაოცებდა უმძლავრესი მუსიკა,
თმას მიწეწდა ქარის გაბოროტება.
დატვირთული მრავალ უამინდობით,
კიდევ დიდხანს ვიქანავებ კიდობნით,
აღტაცებავ სიყმაწვილის დროისა,
სამუდამოდ, სამუდამოდ მშვიდობით!
ის ირღვევა, ის ოცნება ბერდება,
და ხომალდი ნაპრალებთან ჩერდება,
საიდანაც მარად ესმის მსოფლიოს
ზეცის ნგრევა, მიწის გადაფერდება.