მგლოვიარე სერაფიმები

მგლოვიარე სერაფიმები
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1916 წელი


მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!
მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);
საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა;
ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.
მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,
ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები
და სასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით
მე მიმყვებოდნენ და სტიროდნენ სერაფიმები.
ასე სტიროდნენ: “ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი!
იყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი,
დადაფნულ გზაზე მიდიოდი, ვით კეისარი,
შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენაესი.
ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის,
თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები
შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს,
და შენ, მწყურვალემ, გამოცალე ყველა თასები!
ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრეს შხამით;
ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე.
იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით
და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე.
ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით კენტავრები,
მათ სიბნელეში, ნისლიანი და უეცარი,
გამოჩნდებიან პოეზიის თანამგზავრები,
დგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!”