მგზავრის სიმღერა (გალაკტიონ ტაბიძის ლექსი)

მგზავრის სიმღერა
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



რამდენ მდინარეს არბევს
ეს დატეხილი მთები,
დემონისას ჰგავს წარბებს
მძლავრი ნიაღვრის ფრთები.

სუნთქვა მაღლიდან მორბის,
როგორც ქარული რაში,
და ბუდეები ორბის
მიჯგუფებულა მთაში.

უუძველესი ციხის
ჩანს ნანგრევები შორი,
ჩქარი მდინარის რიყეს
რგოლებს აზომებს ქორი.

დგება საღამო ჟამი,
მთებს ეპარება რული,
ჩქარა დაეშვი, ღამევ,
და დამიმშვიდე გული.

ჩქარა დაეშვი, ბინდო,
ფიქრი მომეცი წმინდა,
ვისაც ვენდე და მინდო,
კვლავ მომაგონდეს, მინდა.

მინდა ახალი გზები,
მინდა ახალი რამე,
გაბრწყინვებული მთები,
განათებული ღამე!