მაცნე
მაცნე ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1886 წელი |
დაჰღონებულხარ, დედაო,
რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა,
ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე
მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა?
შენი გაზდილი მახარე
წევს მკვდარი კლდისა ძირზედა,
ეტყვიან დარიელასა,
ლაღის მდინარის პირზედა.
ნატყვიარი სჭირს გულშია,
სისხლი ამასდის ნჩქლევითა,
ხელში უჭერავ ფრანგული,
გადატეხილი ქნევითა.
შენს რძეს ვენაცვლე, დიაცო,
კარგი გაგიზდავ რწევითა!
ღამით მოგვადგა ურჯულო
იმ ვიწროებში მსხდომარეთ,
წინ-წინ ის გადაუფრინდა
ჩვენის გაწყვეტის მოლამეთ.
ხუთს კი დაუხშო ნათელი,
სხვანი ჩვენ თვითონ მოვძალეთ.
ზოგი კლდის ეხში შეგვიძვრა,
სხვათ გადალახნეს მთანია,
ყველამ კი გადააწითა
მთების ბალახი მწვანია.
ავსტეხეთ ხმლების წკრიალი,
თავზედ დავხვიეთ ალია.
ბევრი იტირებს ჩვენის მტრის
თმა-თაფლა, თეთრი ქალია!
დედილამ, ღვინოდ ვაქციეთ
ერთიან თერგის წყალია.
ზოგები დაშინებულნი
მთების ნაჟურმა დალია.