მატიანე ქართლისაი
მეორმოცდახუთე მთავარნი ქართლისა, იოვანე და ძმა მისი ჯუანშერ,
ძენი წმიდისა მოწამისა არჩილ მეფისანი, ხოსროიანნი
შემდგომად ამისსა, რაჟამს აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ, დაშთეს შვილნი მისნი იოვანე და ჯუანშერ. წარვიდა იოვანე ეგრისად და წარიტანა თანა დედა და ორნი დანი თჳსნი. ხოლო ჯუანშერ და ორნი დანი მისნი დაშთეს ქუეყანასა ქართლისასა და კახეთისასა. არამედ უმრწემესი დაჲ მისი იყო სახითა შუენიერ. და მიესმა სიშუენიერე მისი ხაზართა მეფესა ხაკანს; მოუგზავნა მოციქული და ითხოვა შუშან ცოლად, და უქადა შუელად სარკინოზთა ზედა. რაჟამს მოიწია მოციქული ხაკანისა, მიუმცნო ჯუანშერ ძმასა თჳსსა და დედასა. ხოლო მათ არა ინებეს და უთხრეს: „უკეთუ უღონო იქმნეს ყოფა ჩუენი, უმჯობეს არს, რათა შევიდეთ საბერძნეთად და მივმართოთ ქრისტიანეთა, ვიდრე-ღა-რა შეიგინოს შვილი ჩუენი წარმართთა მიერ“. და შუშან-ცა აგინა ხაზართა მეფესა.
შემდგომად სამისა წლისა მოგზავნა ხაკანმან სპასალარი თჳსი ბლუჩან; გამოვლო გზა ლეკეთისა და შემოვიდა კახეთად; მოადგა ციხესა, რომელსა შინა იყვნეს ჯუანშერ და დაჲ მისი შუშან, და მცირედთა დღეთა წარიღო და ტყუე ყვნა იგინი; შემუსრა ქალაქი ტფილისი, წარტყუენა ქართლი და ყოველი ესე ქუეყანა.
და ვითარ წარემართა გზასა დარიალანისასა, დღესა ერთსა რქუა შუშან ძმასა თჳსსა: „უმჯობეს არს ჩემთჳს სიკუდილი, რათა ღირს მყოს მე უფალმან წმიდათა დედათა თანა, ვიდრე-ღა-რა შევიგინო წარმართთა მიერ“. და ჰქონდა მას ბეჭედი, აღმოუგდო მას თუალი და მოწოა იგი; რამეთუ იყო თუალსა მას ქუეშე წამალი სასიკუდინე, და მუნქუეს-ვე მოკუდა.
წარვიდა ბლუჩან ხაკანისა, მიჰგუარა ჯუანშერ და მიუთხრა სიკუდილი დისა მისისა შუშანისი. ხოლო იგი განუწყრა არა-მიტანებისათჳს გუამისა მისისა, რომლისა წადიერ იყო ხილვად შეიპყრეს ბლუჩან და მოაბეს ყელსა საბელი, და განზიდვად სცეს ორთა ცხენოსანთა იმიერ და ამიერ, და მოსწყჳდეს თავი მისი ბოროტად. და ვითარ დაჰყო ჯუანშერ წელიწადი შჳდი, განუტევა. ნიჭითა დიდითა ხაკანმან და წარმოგზავნა ქუეყანად თჳსად.
ხოლო ამიერითგან იწყო შემცირებად მეფობამან დიდთა მეფეთა ხუასროანთამან. პირველად, უფლება სარკინოზთა განდიდნა და მიერითგან მიეცა ყოველი ესე ქუეყანა ჟამითი-ჟამად რბევასა და ოჴრებასა. მეორედ, იქმნა სიმრავლე მთავართა ქუეყანასა ქართლისასა და შეერია ბრძოლა, იქმნეს მტერ ურთიერთას. და უკეთუ ვინ-მე გამოჩნდის შვილთა შორის ვახტანგისთა, რომელი-მცა ღირს იყო მეფედ, იქმნის შემცირებულ სარკინოზთაგან. რამეთუ დაიპყრეს ქალაქი ტფილისი აგარიანთა, შექმნეს სახლად საყოფლად თჳსად; მიიღებდეს ხარკსა ქუეყანისა ამისგან, რომელსა ჰქჳან ხარაჯა. რამეთუ განგებითა ღმრთისათა სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩუენთასა განდიდნა ნათესავი აგარიანთა. და განეფინა ქადაგება მაჰმად უსჯულოსა და მრავალი ერი შეუდგა მას შემდგომად მისსა გამოვიდეს სპარსნი და პონტომდე მოიწინნეს, და ყოველი კაბადუკია დაიპყრეს ღ~ჲვ.
ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი ნათესავი ბაგრატონიანთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი, და აბრალა დედამან მისმან მოყვანება მისი ცოლად: არა-თუ-რე კეთილად მეცნიერი იყო, ვითარმედ არიან იგინი ნათესავნი დავით წინასწარმეტყუელისანი, რომელი-იგი ჴორციელად მამად ღმრთისად იწოდა. და ვითარ იხილა ძის ცოლი თჳსი, შეუყუარდა, აკურთხა და დალოცა.
და ვითარ გარდაჴდეს ამას შინა წელიწადნი მრავალნი, მოვიდა ამირა აგარიანი, რომელი მთავრობდა სომხითს, ქართლს და ჰერეთს, სახელით ხუასრო; ამან აღაშენა ტფილისი ქალაქი, მოოჴრებული ხაზართაგან.
ხოლო რაჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერის-თავი აფხაზთა, სახელით ლეონ, ძმის-წული ლეონ ერის-თავისა, რომლისად მიეცა სამკჳდროდ აფხაზეთი. ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ-იდვა მეფე აფხაზთა, რამეთუ მიცვალებულ იყო იოვანე და დაბერებულ იყო ჯუანშერ. და შემდგომად ამისსა ჯუანშერ-ცა მიიცვალა.
არამედ სიცოცხლესა-ვე ჯუანშერისსა იცვალა ადარნასე ბაგრატონიანმან ნასამალი კლარჯეთისა, შავშეთისა, აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა და ქუემოსა ტაოსა, და ციხეთაგან-ცა რომელნი ჰქონდეს შვილის-შვილთა ვახტანგ მეფისათა. და წარვიდა ადარნასე კლარჯეთად და მუნ მოკუდა. რამეთუ მამა მისი ნერსე, ძე ვარაზ-ბაკურ ანთიპატრიკისა და ამის ვარაზ-ბაკურის მამა, სახელით გუარამ კურაპალატი, ძე პირველისა სტეფანოზისი და ძმა დემეტრესი, - ესენი გარდაცვალებულ იყვნეს; და ძმანი ამის ადარნასესნი, სახელით ფილიპე და სტეფანოზ, იგინი-ცა მომკუდარ იყვნეს.
მეორმოცდაექუსე კურაპალატი ქართლისა. აშოტ. ძე ადარნასესი, ბაგრატოანი
შემდგომად სიკუდილისა ადარნასესისა განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა: ხოლო ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა. რამეთუ მათ-ვე ჟამთა შესრულ იყო მასლამა საბერძნეთად, და შეიქცა მოუძლურებული და განწბილებული. მაშინ ბერძენთა მეფემან მოუბოძა კურაპალატობა აშოტს, და მოუძლურებულ იყვნეს სარკინოზნი, და განდიდნა აშოტ კურაპალატი. ხოლო ტფილისს არა-ვინ დარჩა სარკინოზთაგანი თჳნიერ ალი შუაბის ძისა. და გრიგოლი მთავრობდა კახეთს.
მას ჟამსა გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმან, და უშუელა თევდოსი აფხაზთა მეფემან, ძემან მეორისა ლეონისმან, რომელი-იგი სიძე იყო აშოტ კურაპალატისა. მოვიდა გრიგოლ კახეთით, და გრიგოლს უშუელეს მთიულთა და წანართა და ამირამან ტფილელმან. და შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ. გააქციეს გრიგოლ, მთავარი კახეთისა, და დაიპყრეს ქუეყანა, რომელი ჰქონდა ქართლისაგან. და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე.
შემდგომად ამისსა მოვიდა ხალილ იზიდის ძე არაბიელი, და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი. და მოკლეს აშოტ კურაპალატი გარდაბანს, ეკლესიასა შინა, და სისხლი მისი, რომელი მაშინ დაითხია, აწ-ცა იხილვების ვითარცა ახალი.
ხოლო კუალად-ცა ეუფლნეს სარკინოზნი ქართლსა. და ვითარ წარვიდა ხალილ, დაუტევა ამირად ალი შუაბის ძე. მას ჟამსა შეითქუნეს გარდაბანელნი და განაჩინეს ქორეპისკოპოსად დაჩი, ძე იოვანე ქუაბულის ძისა და შემდგომად ამისსა დასუეს ქორეპისკოპოსად სამოელ დონაური. კუალად მეორედ მოვიდა იგი-ვე ხალილ არაბი. შეებნეს გარდაბანელნი, გავაზს; და გააქციეს ხალილ, და მოსწყდა სიმრავლე ფრიადი. კუალად დაჯდა ამირად ტფილისს საჰაკ ისმაელის ძე. ხოლო ხალილ მოვიდა მესამედ, და მოკლეს ჯავახეთს და ძე მისი მოჰამედ მოვიდა ქართლს. მოერთო მას ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა, და მისცა მას ქართლი.
მეორმოცდაშვიდე კურაპალატი, ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა
და ძმა ადარნესესი და გუარამისი. ბაგრატოანი
ხოლო ამან ბაგრატ და ძმათა მისთა დაიპყრეს არტანუჯით გამოღმართ მათი ნაქონები იგი მამულები მამისა მათისა, და მორჩილობდეს სარკინოზთა. ხოლო ვითარ მოვიდა მოჰამედ ქართლს და მიერთო მას ბაგრატ კურაპალატი, მაშინ
გამოვიდა საჰაკ, ამირა ტფილელი, ლაშქრითა და დადგა რეჴს, ხოლო მოჰამედ და ბაგრატ წარიღეს უფლისციხე. და მოვიდეს კახნი გარდაბანელნი შუელად საჰაკისა; შეიბნეს რეჴს და იყო ბრძოლა მათ შორის: არ-ცა იგინი გაიქცეს და არ-ცა იგინი, ვიდრემდის გაიყარნეს. აიყარა მოჰამედ და წარვიდა ბარდავს. ხოლო ამან ბაგრატ გააჩინა და განაწესა კათალიკოსი აფხაზეთს ქრისტეს აქეთ ყ~ლ.
აქა ჟამამდის გარდასრულ იყვნეს წელიწადნი მოჰამედის გამოჩინებითგან, რომელმან სარკინოზთა სჯული დაუდვა, ორას ცხრამეტნი.
მაშინ მოვიდა ბუღა თურქი მონა ბაღდადით რომელი გამოეგზავნა ამირმუმნსა, სპითა დიდითა: შემუსრა ყოველი სომხითი და ტყუე ყვნა ყოველნი მთავარნი მათნი. და მოვიდა და მოადგა ქალაქსა ტფილისსა, რამეთუ არა მორჩილობდა ამირა სააკ: მოკლა სააკ, შემუსრა ტფილისი, დაწუა ცეცხლითა და მოაოჴრნა ყოველნი არენი მისნი.
და თევდოსი, მეფე აფხაზთა, გამოვიდა წინა-აღმდგომად მისა, და დადგა კუერცხობს. ხოლო ბუღა, ვითარცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თჳსი, და ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა: შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი, და მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ. და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დვალეთისასა.
კუალად უკუ-მოქცეულთა დაუდგეს წინა გარდაბანელნი ჯუარის-გუერდსა, და ავნეს დიდად ლაშქარსა. ვითარ ცნა ბუღა, აღიყარა მუნით და მოვიდა ჭართალეთს, და დადგა მუნ შინა; აღიყვანნა მთიულთაგან მძევალნი, კაცი სამასი, და ლამოდა შესლვასა ოვსეთად, და შევიდა ცხავატამდის. ხოლო აბულაბაზ სომეხთა ერის-თავმან და გუარამ აშოტის ძემან მიუწერეს მთიულთა, რათა არა შეუშუან. ხოლო მათ გაწირნეს მძევალნი მათნი. უშუელა ღმერთმან: რამეთუ მოვიდა თოვლი, დაუდგეს წინა და შეებნეს. მოსცა ღმერთმან ძლევა, და მოკუდა ურიცხჳ ერი სარკინოზთა; და ცხენმან მათმან ძოვა იელი, და დაიჴოცა ფრიად. ხოლო სიმრავლისაგან ლაშქრისა არა აჩნდა დაკლება, რამეთუ იყო სიმრავლე მისი ვითარ ასოცი ათასი.
შეიქცა გარე და დაიზამთრა ბარდავს და შეიპყრა ხუცისა ვინ-მე ძე, რომელი გამთავრებულ იყო, და შემუსრა გარდაბანი. განაღო კარი დარუბანდისა და გამოიყვანნა ხაზარნი, სახლი სამასი, და დასხნა იგინი შანქორს. დარიალანით გამოიყვანნა ოვსნი ვითარ სახლი ასი, და დასხნა იგინი დმანისს, და ენება ზაფხულის შესლვა ოვსეთად. ხოლო ამირმუმნმან ვითარ ცნა, ვითარმედ ხაზართა, ტომთა მისთა, ზრახავს, მოუვლინა ბუღას, რათა დაუტეოს ქართლი ჰუმედს, ხალილის ძესა. და წარვიდა ბუღა, და ამირობდა ჰუმედ, ხალილის ძე. და გარდაადგინა ამირამან მან ჰუმედ და დაადგინა ისე შიხის ძე, ნათესავი ჰუმედისი-ვე.
და ქორეპისკოპოსი იყო გაბრიელ დონაური, ძმა სამოელ ქორეპისკოპოსისა. და წარვიდა ისე, და მოვიდა სხუა ამირა, აბრაჰამ. და მოვიდა კუალად ამირად ხალილის ძე ჰუმედ, და უფროს ნებიერად დაიპყრა ყოველი ესე ქუეყანა: სომხითი, ქართლი და რანი.
და წარვიდა ხალილის ძე, და დადგა ამირად კაცი სააკის მონათაგანი, სახელით გაბულოც. ხოლო გუარამ, ძემან აშოტ კურაპალატისამან, შეიპყრა გაბულოც და წარსცა საბერძნეთად: რამეთუ განდიდებულ იყო გაბულოც და დაემორჩილნეს გარდაბანელნი.
და ბრძოდა აშოტ მამის ძმის-წულსა მისსა, ძმასა გუარამისსა. ხოლო გუარამს დაეპყრა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი და აბოცი, და არტანი. და ჰბრძოდა სარკინოზთა: ზოგ-ჯერ სძლის გუარამ და ზოგ-ჯერ სარკინოზთა. ხოლო გუარამ განუყვნა ქუეყანანი ძმათა თჳსთა ადარნასეს და ბაგრატს, და აბოცი განუყო ცოლის ძმასა თჳსსა სომეხთა მეფესა. და შემდგომად ამისა გარდაიცვალა ადარნასე, ძმა ამის გუარამისა და ძე აშოტ კურაპალატისა.
გარდაიცვალა ბაგრატ კურაპალატი, ძმა ამის ადარნასესი, ქორონიკონსა ე~ვლ, და დაუტევნა სამნი ძენი: დავით, აშოტ და ადარნასე.
გარდაიცვალა ესე ადარნასე ქორონიკონსა ჟ~დ.
გარდაიცვალა აშოტ, ძმა ამის ადარნასესი და ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქორონიკონსა რ~ე.
მას ჟამსა გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერის-თავად ჩიხას ძე დემეტრესი, და ვითარ გარდაიცვალა გიორგი აფხაზთა მეფე, დარჩა ძე დემეტრესი მცირე, რომელსა ერქუა ბაგრატ, რომელი იცნობების ექსორია-ქმნილობით. და ცოლმან გიორგი მეფისამან მოკლა ძე დემეტრესი, ერის-თავი ჩიხისა. და მცრუა იგი ივანე მთავარსა შავლიანსა, და შთააგდეს ბაგრატ ზღუასა. ხოლო ღმერთმან განარინა იგი, და მიიწია ქალაქად კოსტანტინეპოლედ. და მოჰგუარა მეფემან იოვანე ძესა თჳსსა ადარნასეს ცოლი, ასული გუარამ აშოტის ძისა. და მოკუდა იოვანე, მეფე აფხაზთა, და მეფობდა მის წილ ძე მისი ადარნასე. და შეიპყრნა ლიპარიტ ქუეყანანი თრიალეთისანი, აღაგო ციხე კლდე-კართა და იპატრონა დავით ბაგრატის ძე. თეოდოსი მეორე გარდაიცვალა ცოლ-შვილიანად, და დაჯდა მეფედ გიორგი, რომელსა საუფლისწულოდ ჰქონდა აღწეფი. ამისთჳს ეწოდა მას გიორგი აღწეფელი. თეოდოსიმ იბატონა ოცდაშჳდი წელი.
მეორმოცდარვე მეფე, კურაპალატი დავით, ძე ბაგრატ კურაპალატისა. ბაგრატოანი
ხოლო ამას დავით კურაპალატსა აღუდგა მტრად ნასრა, ძე გუარამ მამფლისა, რომელი იყო მამის ძმა ამის დავითისი.
ხოლო ნასრა, ძე გუარამისი, და გურგენ იყვნეს აფხაზთა კერძ, ხოლო დავით და ლიპარიტ უშუელდეს სომეხთა, და იბრძოდეს სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა. მას ჟამსა მონაზონ იქმნა გუარამ. ხოლო ამან დავით კურაპალატმან აღაშენა ეკლესია ხახულისა.
და ვითარ მოკუდა კახთა ქორეპისკოპოსი გაბრიელ დონაური, დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა არევმანელი, კაცი ბრძენი და საქმის-მეცნიერი.
მას ჟამსა, ვითარცა მოიტყუა ნასრა ძემან გუარამისმან დავით ძე ბაგრატისი, მამის ძმის-წული მისი, და მოკლა იგი
ჩანართი
ქორონიკონსა რ~ა, და დაუტევა ძე სახელით ადარნასე, რომელი მეფე იქმნა შემდგომად მამისა თჳსისა.
გარდაიცვალა აშოტ კეკელა, ძე ადარნასესი, მისა აშოტ დიდისა ქორონიკონსა პ~ზ.
გარდაიცვალა სუმბატ მამფალი არტანუჯელი, ძმა აშოტ კეკელასი და ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, ქორონიკონსა რ~თ.
გარდაიცვალა ძე ამის სუმბატისა, დავით მამფალი მონაზონ-ქმნილი, ქორონიკონსა რ~ჲგ.
გარდაიცვალა სუმბატ ერის-თავთ-ერის-თავი, ძე მის დავით მამფალ-მონაზონისა, ქორონიკონსა ს~ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ.
გარდაიცვალა ესე ბაგრატ, ძე სუმბატისი და ძმა დავითისი, ქორონიკონსა ს~ჱ, მას-ვე წელსა, რომელსა წელსა მოკუდა მამა მისი სუმბატ, და დაუტევნა ძენი ორნი: გურგენ და სუმბატ.
ხოლო გურგენ დაუტევა ძე ერთი, სახელით დემეტრე; და სუმბატ დაუტევა ძე ერთი, სახელით ბაგრატ.
გარდაიცვალა გურგენ კურაპალატი, ძმა სუმბატ მამფალ არტანუჯელისა და ძე ადარნასესი, ძმისა აშოტ დიდისა, ქორონიკონსა რ~ია.
გარდაიცვალა აშოტ კუხი, რომელმან აღაშენა ტბეთი საეპისკოპოსო, ძე მის გურგენ კურაპალატისა, ქორონიკონსა რ~ლჱ.
გარდაიცვალა ადარნასე ერის-თავთ-ერის-თავი, ძე გურგენ კურაპალატისა, ძმა აშოტ კუხისა, ქორონიკონსა რ~ივ, და დაუტევნა ორნი ძენი: დავით ერის-თავთ-ერის-თავი და გურგენ ერის-თავთ-ერის-თავი.
გარდაიცვალა ეს გურგენ ერის-თავთ-ერის-თავი, ძმა დავით ერის-თავისა, ქორონიკონსა რ~ჲა.
გარდაიცვალა ბაგრატ მამფალ არტანუჯელი, ძე სუმბატ მამფალ-ანთიპატი არტანუჯელისა, ძისა ადარნასესი, და ძმა დავით მამფალ მონაზონ-ქმნილისა, ქორონიკონსა რ~კთ.
გარდაიცვალა ადარნასე-ყოფილი და მონაზონ-ქმნილი ბასილი, ძე მის ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რ~ჲე.
გარდაიცვალა აშოტ, ძმა ადარნასე მონაზონ-ქმნილისა და ძე ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რ~ნთ.
გარდაიცვალა დავით ერის-თავთ-ერის-თავი, ძე ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა და ძმა ადარნასე-ყოფილ ბასილისა, ქორონიკონსა რ~კჱ.
გარდაიცვალა გურგენ ერის-თავი, ძმა ამის დავით ერის-თავთ-ერის-თავისა და ძე ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რ~მგ.
გარდაიცვალა გურგენ ძე მის გურგენ ერის-თავისა, ძისა ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რ~პჱ.
ხოლო ვიწყოთ ჩუენ პირველი-ვე ამბავი იგი დავით კურაპალატისა, რომელი მოკლა ნასრი, მამის ძმის-წულმან მისმან, ძემან გუარამ მამფალისამან.
ხოლო ნასრას შეუკრბეს მტერად სომეხნი, ლიპარიტ და ქართველნი, და აშოტ ძმა დავითისი, და მათ თანა სარკინოზნი. და შეებნეს ნასრას და გააქციეს, და მიუხუნეს ციხენი. და წარვიდა საბერძნეთს წინაშე ბერძენთა მეფისა.
და მოკუდა გუარამ ძე აშოტისი, და დამარხეს ოპიზას, მეორედ მისგან აღშენებულსა.
მერმოცდაცხრე მეფე. ადარნასე. ძე დავით მეფე-კურაპალატისა. ბაგრატოანი
და დასუეს ქართველთა მეფედ ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, ხოლო ამან ადარნასე მეფობასა შინა მისსა აღაშენა ბანა, ჴელითა კჳრიკე ბანელისათა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ.
ხოლო ბაგრატ, ძე აფხაზთა მეფისა დემეტრესი, შესრულ იყო საბერძნეთად, კოსტანტინეპოლედ, და მოსცა ბერძენთა მეფემან ლაშქარი, და მოგზავნა ზღჳთ და ნავითა შემოვიდა აფხაზეთად, და მოკლა ადარნასე, ძე იოვანესი, და დაიპყრა აფხაზეთი. და შეირთო ცოლი მისი ცოლად, ასული გუარამისი; და გამოიყვანა ბაგრატ აფხაზთა მეფემან ნასრა ცოლის ძმა მისი საბერძნეთით და მისცა ლაშქარი მისი. ხოლო ნასრა შეიპყრნა სამნი ციხენი სამცხეს: ოძრჴე, ჯუარის-ციხე და ლომსიანთა, გუარამისი-ვე აღშენებული.
მოვიდეს გურგენ და ადარნასე, ძე დავითისი; უშუელეს სომეხთა, შეიბნეს მტკუარსა ზედა; იძლივნეს აფხაზნი, მოკლეს ნასრა და ბაყათარ, მთავარი ოვსი, და ერის-თავი აფხაზთა.
ხოლო ფადლა ქორეპისკოპოსი განძლიერდა და დაიმორჩილნა გარდაბანელნი, და შემდგომად მისსა დაჯდა კჳრიკე ქორეპისკოპოსად; და იპყრობდეს ქართლს აზნაურნი.
მას ჟამსა გამოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, დაიპყრა ქართლი, და ემტერა სომეხთა მეფე სუმბატ ტიეზერაკალი; გამოილაშქრა სპითა დიდითა, და მოადგა უფლისციხესა, და მოიღეს პალან-კურდანი, აღმოაგეს ზემო-კერძო და წარიღეს ციხე ჴერჴითა. ხოლო კეთილად იმზახნეს სუმბატ და კოსტანტი, და უკუ-მოსცა უფლისციხე და ყოველი ქართლი.
ხოლო ამისსა შემდგომად მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბუსაჯისი, რომელი გამოეგზავნა ამირმუმნსა სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა. რამეთუ მოვიდა პირველად სომხითს, და მოსრა ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ასფურაგანი. და სუმბატ სომეხთა მეფემან ვერ დაიდგნა ზარისა მისისაგან, და წარმოვიდა მუნით მეოტობით და მიმართა მთათა აფხაზეთისათა, და მუნ იყოფოდა.
და მოვიდა აბუსაჯის ძე ტფილისს, და მას ჟამსა ამირა იყო ჯაფარ, ძე ალისი, მოვიდა და მოადგა უჯარმოს. შიგა დგა სამასი კაცი, და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა. და ვითარ იხილეს, რამეთუ ვერ დაუდგმიდეს, დააგდეს ღამე და გარდაიხუეწნეს: რომელნი-მე წარვიდეს და რომელთა-მე ეწივნეს და დაჴოცნეს, ვითარცა ცნეს ბოჭორმელთა ციხოვანთა წაღება უჯარმისა, დააგდეს ციხე და გარდაიხუეწნეს. რაჟამს მოვიდეს, პოვეს იგი უკაცური და თქუეს: „რომელი ბაკი იყო, მუნ შინა ფიცხლად შეგუებნეს; და რომელი ციხე არს, იგი უკაცურად დაუგდიათ“. აღიღეს ბოჭორმა და დაიჭირეს ციხედ-ვე, და უჯარმის ზღუდენი დაარღჳვნეს.
ხოლო კჳრიკე ქორეპისკოპოსმან ვითარ იხილა, რომელ არა იყო ღონე მისი, მიენდო ფიცითა, მივიდა და ნახა; და ჰკითხა მან: „ვინ გაწჳა აქა მოსლვა?“ და უთხრა: „მაწჳა დედამან ჩემმან“. და თქუა: „არა ვატკინო გული ერთისა შემხედვარსა“. და შეუყუარდა სიკეთისა მისისათჳს და განუტევა, გარნა ბოჭორმა თჳთ დაიჭირა.
შემდგომად ამისა შემოვიდა ქართლად, და მოაოჴრა ქართლი; და ვიდრე იგი შემოვიდოდა, მოარღჳვნეს ზღუდენი უფლისციხისანი, რომელ არა დაიმჭირონ. შევიდა მუნით სამცხეს, და მოაოჴრა სამცხე და ჯავახეთი, მოადგა ციხესა თმოგჳსასა. და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით, მოვიდა ყუელს, მოადგა გარე და უწყო ბრძოლად.
იყო მუნ შინა ჭაბუკი ერთი, სახელით გობრონ; ებრძოდა შიგნით გამოღმართ ყოველთა დღეთა მოყუასთა თჳსთა თანა. და ვითარ წარიღეს ციხე იგი, შეიპყრეს წმიდა გობრონ და აწამეს, რომლისა წამება მისი ვრცელად აღწერა წმიდამან მამამან ჩუენმან სტეფანე მტბევარ ეპისკოპოსმან.
აღიყარა მუნით და წარვიდა დვინად ქალაქად. მოვიდეს და უთხრეს, ვითარმედ სუმბატ მეფე შევიდა ციხესა კაპოეტისასა; მსწრაფლ აღიყარა და მიუმცნო ლაშქარსა თჳსსა, რათა ყოველი კაცი, რომელი პოვონ ცოცხალი, გამოიყვანონ მის წინაშე მოვიდა და მოადგა ციხესა კაპოეტისასა; და ციხოვანთა დედა-წული რომელი პოვა გარეგნით, დაიპყრა ჴელთა. ამისთჳს გამოსცეს ციხე და შეიპყრეს სუმბატ; წარიყვანა დვინს, ჩამოჰკიდა ძელსა და მოკუდა.
შემდგომად ამისა, ვითარ გარდაჴდეს წელნი რა-ოდენნი-მე და მოეშენა ქუეყანა, მაშინ უჴმო კჳრიკე ქორეპისკოპოსმან კოსტანტი აფხაზთა მეფესა; ჩავიდეს ჰერეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა. აფხაზთა მეფე მოადგა ზედათ-კერძო, და კჳრიკე ქუემოთ. და ვითარ მისწურეს წაღებად, მაშინ ადარნასე პატრიკი მოვიდა, პარასკევის ჯუარსა მიუპყრა ზავის პირი, მოსცა აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი, და კჳრიკეს ორჭობი. ვითარ დაიზავნეს, და შემოიქცეს. მოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, ილოცა ალავერდს წმიდის გიორგის წინაშე, და შემოსა ხატი მისი ოქროთა. ხოლო ლაშქარი მისი უმრავლესი წარავლინა გზასა გარესა და ფრიად პატივ-სცა კჳრიკე ქორეპისკოპოსმან, და წარვიდა ქუეყანად თჳსად.
შემდგომად მცირედთა დღეთა გარდაიცვალა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, და იშლებოდა ქუეყანა აფხაზეთისა ჟამ რა-ოდენ-მე. რამეთუ ესხნეს ძენი ორნი კოსტანტი მეფესა: ერთი უხუცესი და მეორე, რომელი უშვა მეორემან ცოლმან, უმრწემესი. უხუცესსა ერქუა გიორგი, უმრწემესსა ბაგრატ. და იყო მათ შორის ბრძოლა ფიცხელი, რომელი თჳთოეულად ჰპოვო ცხოვრებასა მათსა.
ხოლო ესე ბაგრატ სიძე იყო გურგენ ერის-თავთ-ერის-თავისა; უშუელდა გურგენ ყოვლითა ძალითა მისითა. ვიდრე არა მიიცვალა ბაგრატ, არა იყო მშჳდობა და შემდგომად სიკუდილისა მისისა მიიღო სრულობით მეფობა აფხაზთა გიორგი მეფემან. იყო იგი სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმჴნითა და ახოვნებითა; ღმრთის-მოყუარე იყო, უმეტეს ყოველთა მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა, უხჳ და მდაბალი, და ყოვლითა კეთილითა და სათნოებითა სრული. ამან განაგნა და განაწყუნა ყოველნი საქმენი მამულსა და სამეფოსა მისსა: აღაშენა საყდარი ჭყონდიდისა, შექმნა საეპისკოპოსოდ, და განაშუენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა მარტჳლთათა.
მას ჟამსა გარდაიცვალა კჳრიკე ქორეპისკოპოსი, და დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა, ძე კჳრიკესი; ამან აღაგო ციხე ლოწობანთა. ამას-ვე ჟამსა მოვიდეს სარკინოზნი, რომელთა უჴმობდეს საჯობით, და მოტყუენეს კახეთი, და დაწუეს ჯუარი და მცხეთა, და შეიქცეს; და წარვიდეს და წარიტანეს თანა ჯუარი პატიოსანი დაჭრილი. და შეედვათ სნება მუცლისა, და გულის-ხმა ყვეს, რომელ ჯუარისაგან ევნოთ. შეკრიბნეს ნაწილნი და წარმოსცნეს ჯუარსა. ჩაკრიბნეს ბუდესა შინა და აღმართეს ადგილსა-ვე თჳსსა.
და ჰერეთსა-ვე, მეფობამდე იშხანიკისსა, პირველნი ყოველნი იყვნეს მწუალებელნი; ხოლო იშხანიკ დის-წული იყო გურგენ ერის-თავთ-ერის-თავისა, და დედამან მისმან მოაქცივნა მართლ-მადიდებელად, დინარ დედოფალმან. და სალართა დაეპყრა მაშინ ბარდავი და ადარბადაგანი.
ხოლო გიორგი აფხაზთა მეფემან მისცა ქართლი ძესა თჳსსა უხუცესსა კოსტანტის.
ჩანართი
რამეთუ მაშინ გარდაცვალებულ იყო მეფე ადარნასე, ქორონიკონს რ~მგ.
და გარდაიცვალა ძე ამის ადარნასე მეფისა, აშოტ კურაპალატი, ქორონიკონსა რ~ოდ.
გარდაიცვალა ძმა ამის აშოტ კურაპალატისა, მეფე დავით, ქორონიკონსა რ~ნზ.
გარდაიცვალა ყმა ამათი და მე ადარნასე მეფისა, ბაგრატ მაგისტროსი კურაპალატი, ქორონიკონსა რ~ჲე.
გარდაიცვალა მე ამის ბაგრატისა, ადარნასე კურაპალატი, ქორონიკონსა რ-პა.
გარდაიცვალა ბაგრატ, ძე ამის ადარნასე კურაპალატისა, ქორონიკონსა რ~პთ.
გარდაიცვალა დავით ერის-თავთ-ერის-თავი, ძმა ამის ბაგრატისა, ქორონიკონსა რ-პვ.
გარდაიცვალა სუმბატ მეფე-კურაპალატი, ძე ადარნასე მეფისა, და ძმა დავით მეფისა, ქორონიკონსა რ~ოჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ რეგუენი, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა მეფე იქმნა, და ადარნასე კურაპალატი.
გარდაიცვალა ესე ადარნასე კურაპალატი ქორონიკონსა ს~გ.
გარდაიცვალა ძე ამის ადარნასესი, დავით დიდი კურაპალატი, აღსავსე სიკეთითა, რომლისა ამბავი ქუემო-რე სიტყუამან ცხად ჰყოს, ქორონიკონსა ს-კა.
გარდაიცვალა მამის ძმა ამის დავით კურაპალატისა და ძე სუმბატ მეფე-კურაპალატისა, ბაგრატ მეფე რეგუენი, ქორონიკონსა ს~იდ.
გარდაიცვალა ძე ამის ბაგრატ მეფე რეგუენისი, სუმბატ, ქორონიკონსა ს~იბ, და არა დაუშთა შვილი.
მეორმოცდაათე მეფე ქართლისა, კოსტანტინე. ძე აფხაზთა მეფისა
და ვითარ დაყო სამი წელიწადი, იწყო მტერობად მამისა თჳსისა და ძებნად მეფობისა. და ვითარ გამოცხადნა საქმე მისი, შედგა იგი უფლისციხეს და შეუდგეს თანა ტბელნი და სხუანი მრავალი აზნაურნი.
ხოლო გიორგი მეფემან ვითარ დაიდასტურა განდგომა ძისა თჳსისა, და გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა თჳსითა, და მოიყვანნა ტაოელნი მეფენი და ფადლა ქორეპისკოპოსი, და მოადგეს უფლისციხეს. და ბრძოდეს მრავალთა დღეთა და ვერა-რას ავნებდეს ციხესა, რომელ მრავლად დგეს შიგნით. ზოგსა დღესა შეიბნიან ცხენითა, და ზოგსა დღესა ქუეითნი.
მაშინ გიორგი მეფემან აბირნა აზნაურნი საზუერელნი ესრე სახედ: „გამოვედ ჩუენ წარგიყვანოთ აფხაზეთად, შენ დაჯედ მეფედ და მამა შენი დარჩეს გარეგნით“. ხოლო მან დაიჯერა და მიენდო, გარნა აზნაურნი იგი,რომელნი უდგეს თანა, უშლიდეს საქმესა ამას, და მან არა ისმინა მათი. გამოვიდა ღამე ტივითა მტკუარსა, და ვითარ განეწურა პირსა მტკურისასა, ვერ-ღა-რა დაითმინეს და მიეტევნეს შეპყრობად. და ვითარ იგრძნა ზაკულება მათი, შეაქცივნა ტივნი გარე, რათა-მცა შევიდა ციხესა-ვე. ვერ-ღა-რა დაიმორჩილნეს ტივნი და ჩაჴდეს ადგილსა, სადა ტივნი დადგებოდეს. შეიქმნა ჴმა, გამოვიდა მეფე და ყოველი ლაშქარი; დაიცვეს ციხე გარეშემო, და რაჟამს განთენა, იწყეს ძებნად. ხოლო იგი გამოსრულ იყო წყლით, და შესრულ იყო ნაპრალსა კლდისასა, და მუნ დამალულ იყო. პოვა იგი კაცმან ვინ-მე უნდომან, შეიპყრეს და მოჰგუარეს მეფესა, და მეფემან გააპატიჟა ბოროტად: პირველად თუალნი დასწუნეს და მერმე გამოყუერეს, და მოკუდა. ხოლო აზნაურნი, რომელნი დგეს ციხესა ძინა, მინდობით გამოიყვანნა, და ტბელნი განუტევნა მშჳდობით, და გაგზავნნა იგინი ასფურაგანს.
გარდაიცვალა ფადლა ქორეპისკოპოსი, და დაჯდა კჳრიკე ქორეპისკოპოსად. ამისა შემდგომად გადგეს აზნაურნი გარდაბანელნი, იწყეს ზრახვად გიორგი მეფისა. გამოილაშქრა გიორგი მეფემან, ჩავიდა კახეთად, მოსწუა და ასწყჳდა, და წარვიდა თჳსად-ვე ქუეყანად. კუალად დადგა ატენს და ძე მისი ლეონ იყო ერის-თავად ქართლისა; და აწჳა ყოველი ლაშქარი კუალად შთასლვად კახეთად. ვითარ ცნა კჳრიკე, რამეთუ ვერ დაუდგებოდა, მოვიდა მათ წინაშე. და კუალად ენება გაპარვა ზაკჳთ, შეიპყრა ჴელთა და წარვიდა კახეთად, რათა-მცა დედა-წული მისი აკრიბა ჴელთა. გარდაეხუეწნეს, რამეთუ აცნობეს აზნაურთა ქართველთა.
მოერთო შურტა, ძმა კჳრიკე ქორეპისკოპოსისა, გიორგი მეფესა, და მოუტანა თანა ციხე მისი უჯარმო; და ეუფლნეს სხუათა-ცა ციხეთა კახეთისათა თჳნიერ სამთა ციხეთა: ნახჭევანისა, ბოჭორმისა და ლოწობანთა.
ლოწობანნი ჰქონდეს ივანე არშის ძესა, და გამაგრდა შიგან, გაწირა პატრონი. აუგეს შურის-ციხე და დააყენნეს შიგან ლაშქარნი. და ციხე მარანისა ჰქონდა მაშინ ხახუასა, არშის ძესა-ვე, ძმასა ივანესსა; ლამოდა მსგავსად ძმისა თჳსისა მკლავითა დაჭირვასა. მივიდა მეფე, უბრძანა შებმა ლაშქართა. ხოლო მათ წარიღეს ჴერჴითა და ხახუა მოიყვანეს შეპყრობილი წინაშე მეფისა; და მეფემან წარსცა პყრობილად ჯიქეთს.
ციხე ნახჭევანისა ჰქონდა ფადლას, ძესა კჳრიკესსა. იგი-ცა გამაგრდა შიგან. ვითარ იხილა კჳრიკე ქორეპისკოპოსმან, რამეთუ არღარა იყო ღონე მისი, ითხოვა სიმტკიცე ცოცხლებით გაგზავნისა, და დაულოცა კახეთი გიორგი მეფესა. ხოლო ლეონ, ძე მეფისა, არა ლამოდა განტევებასა კჳრიკესსა, რამეთუ არ-ცა პირველ შეპყრობასა იყო ნება მისი, გარნა არა უსმინა მამამან მისმან. და კჳრიკე ესე პირი ითხოვა, რათა მას ზამთარსა არა აღიღონ ციხე ბოჭორმა, და შემდგომად აღვსებისა წარვიდეს და ნება სცეს. ამისთჳს აღიღეს ციხე ნახჭევანისა და შვილი ერთი უმრწემესი, დავით, მძევლად, და განუტევეს დღესა ლამპრობასა.
წარვიდა მეფე აფხაზეთად, და შევიდა კჳრიკე ბოჭორმას; ეკაზმოდა და ლამოდა შემდგომად აღვსებისა წარსლვასა. მაშინ შეეზრახნეს აზნაურნი ქართველნი და მათ თანა კახნი: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხჳლოსელნი, სარა და გრიგოლ ძმანი ფხუენელნი, და მათ თანა ორმოცდაათი აზნაური სხუა, და მიერთნეს კჳრიკეს. დაუწყეს ბრძოლად ციხეთა, და მცირედთა დღეთა წარიხუნეს ციხენი ყოველნი; დაარღჳვნეს შურის-ციხე და ლოწობანთა, და კუალად ეუფლა კჳრიკე მამულსა თჳსსა.
მოვიდეს და უთხრეს გიორგი მეფესა წაღება კახეთისა დაუმძიმდა დიდად, და აბრალა ყოველთა ვინ-ცა-ვინ აწჳა გაშუება კჳრიკე ქორეპისკოპოსისა. და ვითარ ამას შინა გარდაჴდა ზამთარი, კუალად გაგზავნა ლაშქარი თჳსი, და ძე მისი ლეონ უჩინა წინა-მძღურად. და მივიდა და მოწუა კახეთი, და მას-ვე ლაშქრობასა შინა მოართუეს ამბავი: მიცვალება დიდისა და ღმრთის-მოყუარისა გიორგი მეფისა. მაშინ მოუწოდა ლეონ კჳრიკე ქორეპისკოპოსსა; და შეკრბეს ბაზალეთს, ტბისა პირსა, თჳთო ცხენოსნითა, და იუბნეს დღე ერთი, ვიდრემდის განუცხადა მიცვალება მამისა თჳსისა. და აჰკიდა სიყუარული, და უქადა ძისა მისისა სიძობა. და ვითარცა ესმა ესე კჳრიკეს, გარდაჴდა ცხენისაგან, და თაყუანის-ცემითა მისცა მადლი, და განიხარა ზავი და სიყუარული, და უფროს პირი მზახობისა.
შეიქცა ლეონ და ეუფლა მამულსა და სამეფოსა თჳსსა, რამეთუ მაშინ-ვე შთავიდა აფხაზეთად. და განადიდა უფალმან ღმერთმან მეფობა მისი მსგავსად მამისა მისისა. იყო იგი-ცა ღმრთის-მოყუარე და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა ეკლესია მოქჳსა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა. და ვითარ ეუფლა მამულსა თჳსსა, აღუსრულა აღთქმა თჳსი კჳრიკე ქორეპისკოპოსსა, და მისცა ასული თჳსი ცოლად ძესა მისსა. და შემდგომად მცირედისა მოკუდა ასული ლეონისი.
კუალად იწყო მტერობად კჳრიკესა და ძებნად კახეთისა; გაილაშქრა სპითა დიდითა, ჩადგა არაგჳს პირსა, ასწყჳდა მუხნარი, ხერკი და ბაზალეთი, და მას-ვე ლაშქრობასა დასნეულდა, შეიქცა გარე და მოკუდა.
შემდგომად მისსა დაჯდა დემეტრე მეფედ, ძმა ლეონისი, და ეუფლა ქართლსა. და ვითარ მოიწყო სამეფო თჳსი, გარდაჴდეს ამას შინა ჟამნი. და იყო ძმა მისი თეოდოსი საბერძნეთს, უჴმეს კაცთა ვიეთ-მე ამის ქუეყანისათა, რათა გამოვიდეს ძმასა თჳსსა ზედა. რამეთუ სიცოცხლესა-ვე დიდისა გიორგი აფხაზთა მეფისასა გაეგზავნეს ორნი შვილნი საბერძნეთს, თეოდოსი და ბაგრატ, რათა მუნ იზრდებოდიან, ამისთჳს რათა შემდგომად სიკუდილისა მისისა არა იყოს მათ შორის ბრძოლა და ჴდომა.
გამოვიდა თეოდოსი საბერძნეთით, მოვიდა სამცხეს, და დადგა მარგის მერეს, უჴმობდა მესხთა აზნაურთა, იკრებდა ლაშქართა და ლამოდა მკლავითა თჳსითა აღებასა მამულისა თჳსისასა. ხოლო დემეტრე მეფემან წარავლინა ლაშქარი თჳსი, დაესხნეს უგრძნეულად და გააქციეს თეოდოსი. წარვიდა ქართლს და მიმართა ადარნასეს, ძამელსა მთავარსა; შეიყვანეს იგი ძამის ციხესა და მუნით გამოღმართ ეძიებდა საქმესა თჳსსა.
მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თჳსი, მოადგეს ციხესა ძამისასა, და ჰბრძოდეს სამ თუე ოდენ. და ციხით გამოღმართ ევნებოდეს ფრიად. და ვითარცა მისჭირდა ციხოვანთა, ითხოვეს ფიცი და სიმტკიცე, რათა განუტეონ თეოდოსი და წარვიდეს მშჳდობით. და მათ მიინდვეს იგი, და .გაგზავნეს მშჳდობით. წარვიდა წინაშე დავით კურაპალატისა, და მუნ დაყო წელიწადი ერთი. ხოლო ესე დავით კურაპალატი იგი არს, რომლისა სიკუდილი ზემო-რე აღგჳწერია, ს~კა ქორონიკონს-ზე, რომელი იყო ძე ადარნასე კურაპალატისა, ძისა სუმბატ მეფე-კურაპალატისა, რომელი იყო ბაგრატოანი.
და კუალად წარმოვიდა ტაოთ და მოვიდა კახეთად. მაშინ მოუგზავნა მოციქული დემეტრე მეფემან თეოდოსის და კჳრიკე ქორეპისკოპოსსა და რქუა: „რათგან მოვიდა ძმა ნემი საბერძნეთით, არა დაილევის ჩუენ შორის ბრძოლა, სიტყჳთა კაცთათა; აწ შუა-მდგომელობითა შენითა მომანდევ ძმა ჩემი, და ვიყვნეთ ორნი-ვე სწორად უფალ მამულსა ჩუენსა, ვითარცა ვიშვენით უწინარეს მე და ლეონ; და აღიღე ჩემგან სიმტკიცე და შუა-მდგომელნი, და შენგან დიდად დავიმადლო საქმე ესე“. ვითარ ცნა კჳრიკე ქორეპისკოპოსმან სიტყუა დემეტრე მეფისა, მოიყვანა თეოდოსი და აწჳა მინდობა მისი, და ეტყოდა: „მე ვიყო მეძიებელი სისხლისა შენისა“. და თეოდოსი მიანდო ძმასა თჳსსა და გაგზავნა.
მაშინ წარიყვანეს იგი ფიცითა და სიმტკიცითა, რომლითა ეფუცნეს წინაშე სუეტსა ცხოველსა კათალიკოსი, მღდელთ-მოძღუარნი და დიდებულნი ყოველნი. და ვითარ მოვიდა თეოდოსი წინაშე ძმისა თჳსისა, დაყვნა დღენი მცირედნი. ხოლო დემეტრე მეფემან დაივიწყა შუა-მდგომლობა ღმრთისა და კაცთა, და შემართა ფიცთა გატეხა: შეიპყრა თეოდოსი და დასწუნა თუალნი. და ვითარ იხილეს ესე მყოფთა მამულისა მისისათა, ძიება ყვეს ძმისა მათისა, რომელსა ერქუა ჭალა-მეფე, და ვერ შეუძლეს ამისი ქმნა, რამეთუ დემეტრე მეფე იყო მჴნე და ახოვანი. და რაჟამს აღესრულა დემეტრე მეფე, იხილეს ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელ არღარა დარჩა მკჳდრი აფხაზეთისა და ქართლისა, გამოიყვანეს თეოდოსი, და დასუეს მეფედ.
მაშინ მოვიდეს კახნი და მოადგეს უფლისციხესა. და იყო მათ ჟამთა ერის-თავი ქართლისა ივანე მარუშის-ძე, კაცი ძლიერი და ერ-მრავალი. ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; აწჳა, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი: ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის-წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი. ესე-ვე ივანე მარუშის-ძე ეძებდა ბაგრატს მეფედ. და ვითარცა მოისმინა დავით კურაპალატმან სიტყუა ივანე მარუშის-ძისა, წარმოემართა ძალითა თჳსითა ყოვლითა, და მოვიდა ქართლად. და რაჟამს ცნეს მოსლვა მისი კახთა, წარვიდეს ვითარცა მეოტნი და დაუტევეს ქართლი.
მოვიდა დავით კურაპალატი, ჩამოდგა ქუაჴურელთა; მოეგება წინა ქართლის ერის-თავი ივანე მარუშის-ძე, აღიღო მისგან უფლისციხე, და მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენს, რამეთუ არა ესუა შვილი დავით კურაპალატსა, და ბაგრატ, ძე გურგენისი, გაეზარდა შვილად თჳსად.
ესე დავით კურაპალატი უმეტეს განდიდნა ყოველთა მეფეთა ტაოსთა. რამეთუ ამათ ჟამთა შინა განუდგა მეფესა ბერძენთასა სკლიაროსი და ყოველი ჴმელით კერძი დაიპყრა; მეფენი და დედოფალი შეწყუდეულ ყვნა ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა. ამას რა შინა იყვნეს. განიზრახეს, ვითარმედ: „ჩუენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე არა-ვინ არს“. დაწერეს წიგნები ვედრებისა და წარმოგზავნეს ქართველი თორნიკე რომელ მყოფ იყო დიდსა ლავრასა შინა მთა-წმიდისასა, მონასტერსა დიდისა ათანასესსა, დავით კურაპალატისა თანა, რათა შემწე ეყოს მათ.
იხილა რა ესე კურაპალატმან, ფრიად განიხარა და წიგნები ბერძენთა მეფისა მიითუალა, და ყოველი-ვე საქმე თორნიკ[ე] გააცადა რომლისათჳს-ცა განზრახვა ქმნეს, (და) რათა ლაშქარნი წარგზავნენ საბერძნეთს, და სპასალარად თორნიკე განაჩინეს. ხოლო თორნიკე კურაპალატისა და თავისი წიგნები ბერძენთა მეფეთა წინაშე წარსცა და ყოველი-ვე ნება კურაპალატისა აუწყა. და მაშინ მისცნეს მეფემან ბერძენთამან ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი კურაპალატსა, რათა თავის სიცოცხლეში აქუნდეს.
და აზნაურთა შვილნი მძევლად ითხოვნა დავით კურაპალატისაგან. და მისცა მძევლად უფლისწელნი. და კუალად ითხოვნა: ცოლის ძმათა მამისა იოანესთა ძე მისი ეფთჳმე მიგუარეს მეფესა ბერძენთასა ესე რა ცნა იოანე, უნდა თუ არა, უნებლიეთ თავი თჳსი გამოაცხადა და სამეუფოდ ქალაქად აღვიდა და ვინათგან მეფენი მეცნიერ იყვნეს აბუჰარბისა, რომელ იყო სიმამრი მამისა იოანესი, და იოანესდა-ცა ფრიადი სიყუარული აჩუენეს მის ზედა, და კეთილად მოიკითხეს. და ამისა შემდგომად განგრძობილად სიტყჳს-გება იქმნა შორის იოანესსა და სიმამრისა მისისა ეფთჳმესთჳს. რამეთუ არა ენება მოცემა მისი, და ფრიად აბრალა მას იოანე, ვითარმედ: „რა არს ესე? ნუ-უკუე შვილ არა გესხნეს-ა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით ვითარცა შვილთა თჳსთა, და შვილი ჩემი ვითარცა ობოლი მძევლად გასწირეთ, გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ“. და ესრეთ განგებათა საღმრთოთა და ბჭობითა მეფეთათა თჳსი შვილი მიიყვანა და კუალად ულუმბოდ-ვე მიიქცა.
ხოლო თორნიკ[ე] მოუწერა კურაპალატსა: „ვიცით, რომელ ღმერთი შეგეწევის და ნურა-რას ორგულობ; და ოდეს ღმერთმან წარგიმართოს, ყოველნი წინა-აღმდგომნი ჩუენნი დატყუენენ, და ყოველი-ვე ნატყუენავი მათი შენი იყოს“ რომლისათჳს-ცა მისცა კურაპალატმან თორმეტი ათასი მჴედარი რჩეული, და შეწევნითა ქრისტესითა აოტა სკლიაროსი, და ვიდრე სპარსეთად-ვე მეოტად წარიქცია. და მერმე შეიქცა სიტყჳსაებრ მეფეთასა და ტყუე ყვნა ყოველნი დიდებულნი საბერძნეთისანი, და მონაგები მათი იავარ-ყო, და რომელი-მე ლაშქართა განუყო, და რომელი-მე თჳთ დაიმჭირა ნატყუენავი ფრიადი და დიდ-ძალი: ოქრო, და ვეცხლი, და სტავრა, და სხუა ესე-ვითარი, და უკუნ-იქცა, და მოიკითხა კურაპალატი და დიდად მოიმადლა.
რამეთუ იყო პირველად ღმრთის-მოყუარე და გლახაკთ-მოწყალე, მდაბალი მშჳდი და ძჳრ-უჴსენებელი, ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხჳ, კაცთ-მოყუარე და ფიჩოსანთ-მოყუარე, ყოველთათჳს კეთილის-მყოფელი და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა მონასტერი და საყდარი ღმრთისა, წმიდა ეკლესია ხახულისა.
და ვითარ შეიქცა მუნით გარე, დაუტევნა უფლისციხეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ. მას ჟამსა იყო ბაგრატ ჯერეთ ასაკითა თჳსითა უსრულ, ამისთჳს თანა-განმგებელად დაუტევა მამა მისი გურგენ. შემოკრიბნა ქართველნი აზნაურნი და უბრძანა: „ესე არს მკჳდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანა-შემწე; ამას დაემორჩილენით ყოველნი“ და დაყვნა დღენი მცირედნი და წარვიდა ტაოს.
მეორმოცდათერთმეტე მეფე, ბაგრატ, ძე გურგენ მეფეთ-მეფისა. ბაგრატოანი
ვითარ წარჴდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნი-მე, იწყეს კუალად მედგრობად ზაკულებით, ვითარცა არს ჩუეულება ქართლისა აზნაურთა: შეეუბნეს ნაქურდეველთა და საბოტარელთა, და მოიყვანნეს ლაშქარნი კახეთით; და გასცეს უფლისციხე, და შეიპყრეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, წარიყვანეს კახეთად.
რაჟამს ცნა ესე დავით კურაპალატმან, დაუმძიმდა ფრიად, გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა მისითა, მოვიდა თრიალეთს შთასლვად კახეთად და რაჟამს ცნეს კახთა, მოუგზავნეს მოციქული და მოუპყრეს პირი ზავისა: განუტევნეს გურგენ და ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, და შეუქციეს ქართლი და უფლისციხე, ხოლო წირქუალის ციხე და გრუი თჳთ დაიჭირეს. მას ჟამსა ეპყრა უფლისციხე და ქართლი გუარანდუხტ დედოფალსა. ესე გუარანდუხტ დედოფალი ასული იყო გიორგი აფხაზთა მეფისა და დედა ბაგრატისი.
და ვითარ გარდაჴდა ამას შინა წელიწადი სამი, და მეფობდა აფხაზეთს თეოდოსი მწუხარე. განირყუნა ქუეყანა იგი და შეიცვალა ყოველი წესი და განგება, პირველთა მეფეთაგან განწესებული იხილეს რა წარჩინებულთა მის ქუეყანისათა, იყვნეს ყოველნი ერთობით მწუხარებასა შინა დიდსა.
ამან-ვე ივანე მარუშის-ძემან ინება, რათა მოიყვანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა და მის თანა ყოველთა დიდებულთა, ერის-თავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამოითხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალატისგან. ხოლო მან დიდითა იძულებითა ძნელად აღასრულა თხოვა მათი; ვითარცა ვთქუ პირველად, უშვილო იყო დავით კურაპალატი, და ბაგრატ გაეზარდა შვილად, მპყრობელად ორისა-ვე კერძოსა ტაოსა. გარნა რაჟამს უმკჳდრო ქმნილ იყო ქუეყანა ქართლისა და აფხაზეთისა, მოსცა მათ სიმტკიცითა და მძევლითა.
შთაიყვანეს იგი აფხაზეთს, დალოცეს მეფედ და დაემორჩილნეს ყოველნი ბრძანებასა მისსა: რამეთუ განსრულებულ იყო ასაკითა. და ვითარ გარდაჴდა ამას შინა წელიწადი ორი, იწყო განგებად და საურავად და განმართებად ყოველსა საქმესა მსგავსად პაპისა მისისა, დიდისა გიორგი მეფისა, გინა თუ უმეტესადრე ვთქუა, რამეთუ ყოვლითურთ მიემსგავსებოდა ქცევასა გამზრდელისა თჳსისასა, დიდისა მეფისა დავით კურაპალატისასა, და იხილვებოდა მის თანა ყოველი საქმე კეთილისა. გამოგზავნა თეოდოსი მეფე, დედის ძმა მისი, ტაოს წინაშე დავით კურაპალატისა, რამეთუ ესე საქმე გამონახა უმჯობესად, რათა ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, სასოება კეთილისა, გინა შიში უწესოებისათჳს მისა მიმართ აქუნდეს.
შემდგომად ამისსა გარდამოვიდა ქართლს, რათა განაგნეს საქმენი დაშლილნი ქართლისანი მოვიდა და დადგა თიღუას. ხოლო მას ჟამსა აზნაურთა ქართლისათა რომელთა-მე არა ენება გარდამოსლვა მისი, რამეთუ თითოეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა, დაღაცათუ იყვნეს მორჩილებასა შინა გუარანდუხტისასა.
იწინამძღურეს ქავთარ ტბელი, მოეგებნეს ბრძოლად და დაუდგეს თავსა ზედა მოღრისასა. იხილა რა ბაგრატ აფხაზთა მეფემან, აღუზახნა სპათა თჳსთა, მივიდეს და შეებნეს. იოტნეს ქართველნი: რომელნი-მე დაჴოცნეს, რომელნი-მე დაიპყრნეს და სხუანი კუალად მეოტნი გარდაიხუეწნეს და დაიფანჩნეს. მოვიდა უფლისციხეს, აღიღო ციხე დედისაგან თჳსისა, დაყვნა დღენი და განაგნა მცირედ საქმენი ქართლისანი; წარიყვანა დედა თჳსი და წარვიდა ქუეყანად აფხაზეთისა. და ვითარცა ჴელოვანმან მენავეთ-მოძღუარმან განაგო ყოველი საქმე აფხაზეთისა: რამეთუ მცირედ ამხილის ყოველთა, ვინ უკუე პოვის ურჩი, და მისსა ადგილსა განადიდის ერთ-გული და მისანდობელი თჳსი.
და ამას შინა გარდაჴდეს წელიწადნი რა-ოდენნი-მე. იყო მას ჟამსა ერის-თავად კლდე-კართა რატი, და ჰქონდა ციხე ატენისა და ქართლისაგან მტკუარსა სამხრით-კერძო ყოველი-ვე, თრიალეთი, მანგლის-ჴევი და სკჳრეთი; არა მორჩილობდა კეთილად ბაგრატ მეფესა.
შეკრიბა უცნაურად სპა თჳსი ყოველი ბაგრატ მეფემან და გამოვიდა ქართლს: ენება შეპყრობა რატი ერის-თავისა. მაშინ უკუე აუწყეს მსწრაფლ დავით კურაპალატსა და უთხრეს ესრე სახედ: „არა სადა წარვალს სხუაგან, არამედ განმზადებულ არს სიკუდილად შენდა. და შეკაზმულ იყო გურგენ, მამა ბაგრატისი, მისლვად შვილისა თჳსისა თანა. ხოლო დავით კურაპალატი წარმოვიდა მსწრაფლ, მოუწოდა ლაშქარსა თჳსსა და უჴმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა. და მაშინ ჯერეთ ცოცხალ იყო პაპა ბაგრატისი, ბაგრატ ქართველთა მეფე; იგი-ცა მოვიდა დავით კურაპალატისა წინაშე, რამეთუ ეშინოდა ძისა თჳსისა გურგენისგან წაღებასა მეფობისასა. მოვიდეს და დადგეს დლივს სპითა დიდითა, რომელთა არა იყო რიცხჳ, და გაგზავნნა ლაშქარნი გურგენს ზედა. მიეგებნეს წინა გურგენს, და შეიბნეს გარდათხრილთა, თავსა შავშეთისასა; გააქციეს გურგენ, და შთაიხუეწა მეოტი, და შევიდა ციხესა წეფთისასა.
მას ჟამსა მოსრულ იყო ბაგრატ თრიალეთს; დადგა კარუშეთს. გაგზავნა მოციქული, განახნა ლაშქარნი და იხილა, რომელ ძალითა არა ეგებოდა წინა-აღდგომა დავით კურაპალატისა. მაშინ დაუტევნა სპანი თჳსნი ადგილსა ზედა, და თჳთ მარტო მივიდა წინაშე მისსა; ითხოვა შენდობა და აუწყა, ვითარმედ: „სხჳსა არა რომლისათჳს მოვედ, გარნა არა მორჩილებისათჳს რატისა“. ხოლო მან გაგზავნა და უბრძანა ესრეთ: „მითხრეს რომელ სიკუდილად ჩემდა გამოსრულ იყავ, გარნა აწ ვსცან დასტური, რომელ უბრალო ხარ. არამედ მითავისუფლებიხარ რატის ზედა: დაიმორჩილე ვითა-ცა სახედ გწადიან“.
მაშინ წარმოვიდა სიხარულითა სავსე, და წარვიდა მას ჟამსა აფხაზეთად-ვე, რათა ვერ უგრძნას რატი და უგრძნეულად მივიდეს ოდეს არა გონებდეს. ვითარ მოიწია ჟამი ზამთრისა, მოვიდა ძალითა თჳსითა ყოვლითა და მოადგა კლდე-კართა იხილა რა ესე რატი, გამოვიდა გარე და გამოიტანა შვილი მისი ლიპარიტ თანა, შევედრა ბაგრატ აფხაზთა მეფესა, და მისცა ციხე თჳსი ბაგრატს, და თჳთ დაჯდა მამულსა თჳსსა არგუეთს. ხოლო ამას ჟამსა შინა გარდაცვალებულ იყო დავით დიდი კურაპალატი, ვითარცა ვთქუთ ზემორ[ე]. და ვითარ მოკუდა ესე დავით, არა დაშთა ძე.
და აოჴრდა იმიერ-ტაო და გამოვიდა ბასილი, ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა.
და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ, აფხაზთა მეფე, და მამა მისი გურგენ, და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივად გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა, რათა-მცა ვითა მტერ ყვნა ერთმან-ერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცუა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და წრფელი იყო, და ვერა აღძრა გული მისი ზაკჳთა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონის-ძიებითა.
და შემდგომად ამისა რა-ოდენთა-მე წელთა გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთ-მეფე, მამა ამის ბაგრატ მეფისა და ძე ბაგრატ მეფე რეგუნისა, ქორონიკონსა ს~კჱ.
კუალად ვითარ წარჴდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნი-მე და ვითარ ვთქუ პირველ-ვე, მოიწყუნა და განაგნა ყოველნი საქმენი აფხაზეთისანი: ურჩნი თჳსნი შეცვალნა დიდებისაგან და ადგილთა მათთა დაადგინნა ერთ-გულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა. და წარემატა ყოველთა მეფეთა აფხაზეთისა და ქართლისათა ყოვლითა განგებითა. და განამრავლა ლაშქარი თჳსი უმეტეს ყოვლისა ჟამისა.
გამოილაშქრა ყოვლითა სპითა თჳსითა, გარდამოვიდა ქართლს, წარგზავნა მოციქული კახეთს, ითხოვნა ციხენი ქართლისანი, რომელნი მათ ჰქონდეს. მას ჟამსა იყო ქორეპისკოპოსი დავით. ხოლო მან არა ინება მოცემა ციხეთა, არამედ მიუმცნო ესრეთ: „უკეთუ ეძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ომი; ხოლო მე წინა მოგეგებო ქსანსა ზედა“.
განუწყრა ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე. და კურაპალატი იყო მას ჟამსა დლივს, რამეთუ განაგებდა საქმეთა ტაოსა და ქართლისათა, რომელ მაშინ თჳთ-ვე ეპყრა ტაო მიცვალებასა ზედა მამისა მათისა გურგენ მეფეთ-მეფისა. წარგზავნა კაცი მოსწრაფედ, აწჳა სპათა აფხაზეთისა და ქართლისათა, და თჳთ წარემართა ზემოთა ლაშქრითა, გაიარა თრიალეთი, გავლო ჴიდი მცხეთისა. და მოერთნეს თანა აფხაზნი და ქართველნი. დადგა თიანეთს, და იწყო შემუსრვად კახეთისა. და ვერ წინა-აღუდგა დავით, რამეთუ იყო ძალი მისი ურიცხჳ; იწყო ბრძოლად ციხეთა და მას ჟამსა აღიღო ქუეყანა ჰერეთისა, და განაჩინა მთავრად აბულალ და წარმოვიდა შინა.
და მათ-ვე ჟამთა, რაჟამს წარმოვიდა ბაგრატ აფხაზთა მეფე, კუალად მიიქცეს კაცნი ჰერეთისანი და მიერთნეს დავითს; აღიღო დავით ჰერეთი. შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა. კუალად გამოვიდა ყოვლითა სპითა თჳსითა ბაგრატ, აღიღო მეორედ ჰერეთი. დაიჭირა დინარ დედოფალი თჳსად, იწყო ძებნად კახეთისა, და ძალითა მისითა მიუწდომელითა ორ წელ წარიხუნა ყოველნი ციხენი კახეთისანი. შეაწყუდია კჳრიკე ბოჭორმას, და დაუყენნა ციხესა გარეშემო მცველნი წელიწდამდი, წარიღო ბოჭორმა-ცა. და დაიპყრა სრულიად ჰერეთი და კახეთი, წარმოიყვანა კჳრიკე და დაიჭირა თჳსსა კარსა ზედა.
მას ჟამსა განდიდნა ფადლონ, ამირა განძისა, იწყო კირთებად ერის-თავთა ჰერეთისა და კახეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად და ტყუენვად ადგილითი-ადგილად. ხოლო იხილა რა დიდმან მეფემან ბაგრატ კადნიერება მისი, დიდად შეძრწუნდა და აღივსო შურითა. განემზადა ყოვლითა სპითა მისითა, წარგზავნა მოციქული წინაშე გაგიკ შაჰანშა სომეხთა მეფისა; აწჳა, რათა იძიოს შური ფადლონისგან. ხოლო მან განიხარა სიხარულითა დიდითა, მოსწრაფედ მოუწოდა ყოველთა სპათა თჳსთა, წარმოემართა და მოვიდა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა. შეკრბეს ორნი-ვე ძორაკერტს; მიმართეს ფადლონს, დიდად განლაღებულსა, მოძულესა ქრისტიანეთასა, რომელი-იგი ყოვლითურთ ეძიებდა წარწყმედასა ყოველთა ჯუარის-მსახურთასა. და ვითარ იხილა ძალი მათი უძლეველი, შეუშინდა, წარვიდა და მიმართა სიმაგრეთა შესლვად.
ამან დიდმან და ყოვლითურთ ძლევა-შემოსილმან მეფემან ბაგრატ წარმოტყუენა ქუეყანა რანისა, მოადგა ქალაქსა შანქორსა, დაუდგნა ფილაკავანნი, და მცირედთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი. ხვალისა დღე ეგულებოდა შემუსრვად და წარტყუენვად ქალაქისა მის. მას ღამესა მოუვლინა მოციქული ფადლონ, ითხოვა შენდობა; აღუთქუა დღეთა შინა სიცოცხლისა მისისათა მსახურება, გაუკუეთა ხარაჯა და დაუწერა თავის-თავითა ლაშქრობა მტერთა მისთა ზედა მაშინ უბრძანა და შემოკრიბნა ყოველნი დიდებულნი წინაშე მისსა; უბრძანა პირველად, რათა დაიჭირონ ქალაქი იგი ძალითა მათითა. იხილეს და განიცადეს, და მოაჴსენეს, რომელ ვერ-ვის ძალ-ედვა. და უფროს ამისთჳს, რომელ სხუათა ყოველთა სალაშქროთა საქმეთაგან უცალო იქმნებოდეს.
კუალად უბრძანა და განიზრახა დაზავება ფადლონისი. და მათ ყოველთა, სიბრძნითა მათითა, გამოარჩიეს და უმჯობესად აწჳეს ზავი. უბრძანა და გაგზავნა მოციქული, და მისგან აუწყა ზავი დასტური. მაშინ ფადლონ განიხარა სიხარულითა დიდითა, აღასრულა ყოველი იგი, სიტყჳთ აღთქმული, საქმით: უძღუნა ძღუენი დიდი და მიუწდომელი, აღავსნა ყოველნი დიდებულნი ნიჭითა მიუწდომელითა, და წარმოვიდა შინა გამარჯუებული. ამის მეფობისა-ზე იყო წმიდა მამა ჩუენი ეფთჳმე ქართველი მთარგმნელი წიგნთა ჩუენ ქართველთანი, შ~კ.
ამან-ვე დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა, და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყჳსა საეპისკოპოსო, შეწირნა სოფელნი მრავალნი ყოველთა ჴევთა და ადგილთა, განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასუა ეპისკოპოსი. უკეთუ ვის-მე ენებოს განცდად და გულის-ხმის-ყოფად სიმაღლისათჳს დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ბედიისა ეკლესიისა, და მისგან გულის-ხმა ყოს, რომელ არა-ვინ ყოფილ არს სხუა მეფე მსგავსი მისი ქუეყანასა ქართლისასა და აფხაზეთისასა.
ამან-ვე აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწდომელითა. რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენი და კათალიკოსნი, მღდელთ-მოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინა-მძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი. ხოლო ამან ბაგრატ მეფემან კურაპალატმან დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთ-მპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე, და ადარბადაგანი და შირვანი მოხარკე ყო სომხითისა ჴელმწიფებითა. მეფე სპარსთა მეგობარ და ერთ-გულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა, უფროს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთა მეფესა-ცა შიში აქუნდა ამისი ყოვლად-ვე.
ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ჴელმწიფეთა ყოვლითა განგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ ვითარცა თჳსნი და მისანდობელნი. და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინა-აღმდგომნი მისნი; მომადლა დღეთა მისთა მშჳდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა. და უკეთუ ვინ-მე ინებოს თჳთოეულად წარმოთქმად ყოველთა განგებულებათა მისთა, მოუძლურდეს ძალი მისი, რომელთაგან მცირედი წარმოვთქუ ჟამთა სიგრძისაგან არა-დავიწყებისათჳს.
და ვთქუა ესე-ცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არა-ვინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა გონებითა; ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის-მოქმედი ყოველთა კაცთათჳს. მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დასუა ამან მეფემან დიდებულთა კაცთა შვილი მეყვისი და გაზრდილი თჳსი მელქისედეკ კათალიკოზ-პატრიაქად. ხოლო ესე წმიდაჲ მეფე წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კოსტანტინეპოლედ, რათა შეეწიოს. რამეთუ იყო დიდი ესე კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი, რომელი ვახტანგ გორგასალს აღეშენა, დაძველებულ იყო და ჟამთა შლილობით გარეშემო სტოანი და ბჭენი დაქცეულ იყო, და აღარა-ვინ იყო მწე აღშენებად და არ-ცა-რა-ვის ძალ-ედვა აღშენება მისი. და მივიდა და მიუთხრა ყოველი შეუძლებლობა ქართველთა და სათხოველი თჳსი.
მაშინ მეფემან ბასილი მოსცა მონასტერი ჴესტორია, რომელ[სა] რ~ე სოფელი აქუს, განძი და შესამკობელნი ეკლესიათანი, ხატნი და ჯუარნი, და ყოველი-ვე სამღდელთმთავრო და სამღდელო სამკაული. წარმოვიდა და მოიწია ქუეყანასა-ვე თჳსსა ქართლად და სამეუფოდ ქალაქად მცხეთად, და იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედა-დაბურვითა, და ყოველი განასრულა. და მიმადლა ღმერთმან განახლება მცხეთის ქალაქისა-ცა, და შეამკო დიდი კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და შესჭედა სვეტი-ცხოველი ოქროთა და ვეცხლითა; და შესჭედა წმიდა საკურთხეველი ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და მოჭედა კანკელი და კარნი საკურთხეველისანი ოქროთა და ვეცხლითა; და შექმნა წმიდა სამარტვილო ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და შექმნა ძელ[ნ]ი ცხოვრებისანი ორნი თუალითა და მარგალიტითა და დაასვენნა ყოველთა წმიდათა ნაწილნი აურაცხელნი და ძელი ცხოვრებისა სხუაჲ; მოჭედილნი ხატნი თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა შემკულნი, რიცხვით ორმოცდათხუთმეტი; წიგნნი მოჭედილ-მოუჭედელნი, რომელ თვითან აღაწერინა და დასდვა, ჯუმლად ოცდახუთი.
ჩანართი ხოლო ესე-ცა წარმოვთქუათ ჩუენ, რამეთუ რა-ოდენნი ბაგრატოანნი მეფედ და კურაპალატად ზემორ[ე] აგჳწერია, რომელნი-მე მეფობდეს ქართლსა და რომელნი-ვე სამცხე-ტაოსა შინა, ვიდრე ამა ბაგრატის გამეფებამდე. და ოდეს მეფე იქმნა, რომელნი-მე გარდაცვალებულ იყვნეს და რომელნი-მე ამას ჟამსა გარდაიცვალნეს. და არღარა-ვინ იყო ამის ჟამში სხუა ბაგრატოანი, თჳნიერ სუმბატისა და ძმისა მისისა გურგენისა, რომელნი მეფობდეს კლარჯეთს, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, რომელთა სიკუდილი ზემო-რე აღვწერეთ:
სუმბატის სიკუდილი, ს~ლა ქორონიკონ-ზე;
ძმისა მისისა გურგენისა სიკუდილი, ს~ლბ ქორონიკონ-ზე.
ხოლო ესრეთ იყო გარდაცვალება მათი: რამეთუ მაშინ ოდეს-მე ამან ბაგრატ მეფემან კურაპალატმან მოიყვანნა ესე ორნი ძმანი, კლარჯთა ჴელმწიფენი, სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, დარბაზობად მის წინაშე, ციხესა შინა ფანასკერტისასა, და მუნ შინა შეიპყრნა იგინი და აღიხუნა ციხენი და ქალაქნი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შინა თმოგჳსასა, და მუნ ციხესა შინა გარდაიცვალნეს სუმბატ და გურგენ.
ხოლო შვილნი ამათნი წარვიდეს კოსტანტინეპოლედ, ძე გურგენისი დემეტრე და ძე სუმბატისი ბაგრატ, ბასილი მეფისა წინაშე, და მათნი-ვე შვილნი კლარჯთა მეფეთანი რომელ დაშთეს ამა ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა.
ჩანართი ამისსა შემდგომად ბაგრატ მეფემან მოვლო ყოველი სამეფო თჳსი, აფხაზეთი, ჰერეთი და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსათა, და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა მას-ვე ციხესა ფანასკერტისასა, წელსა მესამესა. და მუნ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ მეფე.
მეფობდა ოცდათექუსმეტ წელ და გარდაიცვალა შემკობილი მჴცითა შუენიერითა, ქრონიკონსა ორას ოცდათოთხმეტსა, თუესა მაისსა შჳდსა, დღესა პარასკევსა. და იყო დღეთა მიცვალებისა მისისათა ტაოს და წარმოიღო გუამი მისი ზჳადმან ერის-თავთ-ერის-თავმან, და დამარხა ბედიას.
შემდგომად მისსა მეფე იქმნა ძე მისი გიორგი და იყო იგი-ცა სავსე ყოვლითა სიკეთითა.
მეორმოცდათორმეტე მეფე, გიორგი. ძე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა. ბაგრატოანი
ხოლო ესე გიორგი ეუფლა ყოველსა მამულსა და სამეფოსა თჳსსა ჟამსა ოდენ სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისასა, რამეთუ იყო, რაჟამს მეფე იქმნა, წლისა თორმეტისა. მას ჟამსა გან[უ]დგა ამას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა, და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერის-თავნი, მათ ქუეყანით კუალად-ვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი.
ხოლო მეშჳდესა წელსა მეფობისა მისისასა გამოვიდა ბასილი, მეფე ბერძენთა, მას ზედა ყოვლითა სპითა საბერძნეთისათა და უცხო-თესლითა ურიცხჳთა. ხოლო გიორგი მეფე განვიდა სპითა დიდითა წინა-აღდგომად მისსა. და დაიბანაკეს ორთა-ვე ქუეყანასა ბასიანისასა მრავალ-დღე, და არი მიმართეს ბრძოლად ურთიერთას. მორიდა გიორგი მეფემან, მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი. და მუნით მოვიდა კოლას, და გამოუდგა კუალსა, და მოუდგა უკანა ბასილი, მეფე ბერძენთა. და შეკრბეს უკანა-მავალნი გიორგისნი და წინა-მავალნი ბასილისნი, და იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა, რომელსა რქჳან შირიმნი. და მოისრნეს ორ-კერძო-ვე მრავლად, მოკლნეს ერის-თავნი და დიდებულნი: რატი, ძე ლიპარიტისი, და ხურსი. და გჳანად ეწია ჴმა გიორგი მეფესა, ვითარმედ ომი არს უკანა-მავალთა ზედა. მაშინ უბრძანა სპათა თჳსთა და აღიჭურნეს მსწრაფლ. განვიდა თჳთ გიორგი მეფე, რამეთუ ახოვან იყო და უშიში ყოვლითურთ ვითარცა უჴორცო, და მის თანა სიმრავლე სპისა მისისა. და მოვიდა მუნით ბასილი მეფე ყოვლითა სპითა მისითა. შეკრბეს იმიერ და ამიერ, იქმნა ბრძოლა დიდი, და მოისრნეს ბერძენნი ფრიად, და წარმოიღეს ავარი. ეზომ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, რომელ სივლტოლად განემზადა ბასილი მეფე.
ხოლო ვითარ სულ-მოკლე იქმნეს ქართველნი, მორიდეს და წარმოვიდეს. წარმოუდგეს უკანა ბერძენნი და დაჴოცნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისათა მოუწია ლაშქარმან არტანს, ტყუე ყვეს და მოაოჴრეს არტანი. და რაჟამს წარვიდა გიორგი მეფე თრიალეთს, წარმოუდგა უკანა, ასწმჳდა ქუეყანა ჯავახეთისა და გარდავიდა თრიალეთს. კუალად-ცა დაეახლნეს ურთიერთას, რამეთუ განძლიერდა გიორგი მეფე და მოირთო ძალი კახეთისა და ჰერეთისა, გარნა დაუშალეს შებმა მეორედ.
შეიქცა ბასილი მეფე თრიალეთით, უკუ-მოიარა ჯავახეთი და არტანი. და კუალად უბოროტესადრე შურის-გებით მოაოჴრნა ქუეყანანი იგი; წარვიდა და დაიზამთრა ქუეყანასა ხალდისასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა. და ვიდოდეს მათ შორის მოციქულნი ზავისა და სიყუარულისათჳს.
მას ჟამსა იქმნა დიდი განდგომილება საბერძნეთს. შეიერთნეს სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა და წარიდგინეს ქუეყანა აღმოსავლეთისა. და დიდად შეძრწუნდა ამისთჳს ბასილი. გარნა პატივ-სცა ღმერთმან მას-ვე, და მოკლა წარვეზი ქსიფე; და გადგეს რომელნი მირთულ იყვნეს. ხოლო ქსიფეს მიეგო ცრუობა წარვეზისა: რამეთუ შეიტყუეს ციხესა დალასანოსთა სისხლისათჳს ფოკას ძისა, შეიპყრეს და მოჰგუარეს ბასილი მეფესა, და მან ექსორია ყო კუნძულსა რომელსა-მე. და მისთანათა მრავალთა მოჰკუეთა თავი მახჳლითა, რომელთა თანა იყო ფერის, ძე ჯოჯიკისი, ნათესავით ტაოელი, და სხუანი იყვნეს ბერძენნი.
კუალად შემოიქცა ბასილი, მოვიდა ბასიანს, ითხოვდა ქუეყანათა და ციხეთა, და აღუთქმიდა ზავსა და მშჳდობასა. ცნა რა გიორგი მეფემან, წარავლინა ზჳადი ერის-თავი სპითა მისითა და უბრძანა, რათა[მცა] ზავის მიპყრობითა მცირედ-ხან დაიმჭირვა ადგილსა, და თჳთ წარუდგა უკანა სპითა ძლიერითა. და განიზრახვიდა ესრეთ: „უკეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ; და უკეთუ ინებოს ომი, განვემზადნეთ მისთჳს-ცა“. ხოლო რომელთა არა უნდა ყოფად მშჳდობისა, იწყეს განმზადებად ბრძოლად და მივიდეს ბასილი მეფესა ზედა დაბანაკებულსა, რომელსა უწოდიან სჳნდაქსად.
იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ლაშქრისა მისისა განუწერა ბასილი მეფე, უბრძანა მოყვანებად ძელისა ცხოვრებისა, და მანდილი წმიდა დადვა ქუეყანასა ზედა, და თქუა: „უკეთუ მიმცე ჴელთა მტრისათა, არღარა ვიყო თაყუანის-მცემელ თქუენდამი უკუნისამდე“. და ვითარ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, კუალად-ცა მეოტ იქმნნეს სპანი ქართველთანი და წარმოვიდეს მეოტად, მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისათა; და რომელნი-მე ტყუე იქმნნეს. და წარიღეს ავარი დიდ-ძალი და განძი სამეფო, რომელი ჰქონდა თანა.
და წარმოუდგა უკანა ბასილი მეფე. ხოლო კუალად-ცა იწყეს ზავად, ვითარცა პირველ; რამეთუ შიში დიდი აქუნდა საბერძნეთით განდგომისა. და ყვეს მშჳდობა და დაიზავნეს, და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ წელიწდისა სამისა და ციხენი რომელ პირველ გაეცნეს აზნაურთა დაუცალნა და მისცნა; სხუანი-ცა ციხენი პირველ მიცემულნი და უკანის თოთხმეტნი; და ქუეყანა, რომელი ჰქონდა დავით კურაპალატსა ტაოსთა, ბასიანს, კოლა-არტანთა და ჯავახეთს. ხოლო რომელნი-მე ამა ქუეყანათაგან ეკლესიანი, სოფელნი და ადგილნი დაულოცნა გიორგი მეფესა. და წარვიდა ბასილი მეფე და თანა წარიყვანა ბაგრატ უფლის-წული მძევლად ძე გიორგი მეფისა ჩუენისა. აღუთქუა ფიცითა აღთქმა, ვითარმედ: „წელსა მესამესა გამოგიგზავნო; ძე შენი“. და იყო. სამ წელ ქალაქსა სამეფოსა კოსტანტინეპოლეს და წელსა მესამესა გამოგზავნა, ვითარცა აღუთქუა.
რაჟამს მოიწია მამულსა და სამეფოსა თჳსსა, მოჰყვა თანა კატაბანი აღმოსავლეთისა ვიდრე საზღვართამდე მამულისა მისისა. და ვითარ შეიქცა გარე, მოეწია სწრაფით მანდატური და მოართუა კატაბანსა წიგნი კოსტანტინე მეფისა, რომელსა წერილ იყო ესრე სახედ, ვითარმედ: „განგებითა ღმრთისათა მიიცვალა სანატრელი ძმა ჩემი, ბასილი მეფე, და ნაცვლად მისსა ვიქმენ მე მეფედ ყოველსა საბერძნეთსა. აწ უკუე, სადა-ცა მიწევნულ იყოს განსაგებელსა ჩემსა ბაგრატ, ძე გიორგი აფხაზთა ჴელმწიფისა, შეაქციეთ სწრაფითა დიდითა, რომელ მოიწიოს წინაშე ჩუენსა“.
ხოლო მან, ვითარცა წარიკითხა ბრძანება მეფისა, ენება, რათა-მცა შეაქცია გარე ბრძანებისა-ებრ მისისა შეიქცა სწრაფით, დევნა უყო უკანა. რაჟამს მიეახლა, იხილა, რომელ სიმრავლე დიდ-ძალი მიგებებულ იყო წინა: დიდებულნი, ერის-თავნი და აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართველნი, რომელთა არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მათისა. შეიქცა გარე და უთხრა მანდატურსა, რომელი მიწეულ იყო: „უკეთუ ძალ გიც შენ, აქციე, ჩემგან კულა ესე აღარა ეგების“.
ჵ, დიდი საკჳრველება და მოწყალება ღმრთისა! ვითარ მყის განერა მართალი ჴელთაგან მათთა, რომელთა ენება ზაკჳთ შექცევა მისი. და თუ ვის-მე გენებოს განცდად ესე-ვითართა, შეწევნითა ღმრთისა-მიერითა იხილეთ და განიცადენით ურიცხუნი ჴელის აპყრობანი ღმრთისა-მიერნი ამას დიდსა ბაგრატს აფხაზთა მეფესა ზედა, რომელნი არა-ვის ზედა. მოწევნულ იყვნეს სხჳსა მეფისა, რომლისათჳს ჟამსა და ჟამსა გაუწყოს წინამდებარემან სიტყუამან.
ვითარ უკუე მოიწია წინაშე მამისა თჳსისა გიორგი მეფისა, სახლად მათდა ქუთათისს, იხილეს მშობელთა მისთა შვილი მათი მსგავსი განუცდელისა და მიუთხრობელისა სიკეთისა მათისა, ყოვლითურთ შუენიერი, რომლისა სიკეთისა მისისათჳს შეუძლებელ არს კაცთაგან მითხრობა. იხილეს რა, განიხარეს სიხარულითა მიუთხრობელითა და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. იყო ქრონიკონი მას ჟამსა ორას ორმოცდახუთი. ამისა შემდგომად წარვიდა პატრიაქი მელქისედეკ კოსტანტინე მეფისა წინაშე კოსტანტინეპოლედ. შეიწყნარა მეფემან ბერძენთამან კოსტანტინე<მ> და მოსცა მესამკობელნი ეკლესიათა, ხატნი და ჯუარნი, და ყოველი სამღდელთმთავრო და სამღდელო სამკაული. მოვიდა ქუეყანასა და სამწყსოსა თჳსსა და იყიდა სოფლები ტაოს: ზადკარეკი ხუთითა აგარა[ჲ]თა, და ძაღლის-ჴევს იყიდა სოფელი ოროთა სამითა აგარა[ჲ]თა. ესე ორნი-ვე სოფელნი მათითა აგარა[ჲ]თა თჳსთა ძმათა განძითა იყიდა. და კლარჯეთს მოიგო სოფელი ერთი სხლოანი. და შავშეთს მოიგო სოფელი დიდი სხლობანი, აგარა მისი ნაღუარევი. და ჯავახეთს მოიგო სოფელი ტონთიო. და კოლას მოიგო და დააშენა სოფელი დიდი ოროტანი აგარა[ჲ]თა. და ფანავარს ააშენა სოფელი ერთი მახაროვანი. და საკოეთს შეიპყრნა და ააშენნა სოფელნი ორნი <და>: ნაქალაქევი და ბერდაძონი, და დაუდვა წმიდასა ამას დედა-ქალაქსა მცხეთას, სუეტსა ცხოველსა.
შემდგომად ორისა წლისა გარდაიცვალა გიორგი მეფე, სავსე ყოვლითა სიკეთითა, ჟამსა ოდენ სიყრმისასა, რომელ არა-ვინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვნებითა, ჭაბუკობითა და სიქუელითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და სავსე ყოვლითა განგებითა საჴელმწიფოთა, ქრონიკონსა ორას ორმოცდაშჳდსა, თუესა აგჳსტოსა თექუსმეტსა, ქუეყანასა თრიალეთისასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების მყინვარნი გინა იწრონი. და დაუტევა გლოვა და მწუხარება ყოველთა მკჳდრთა მამულისა და სამეფოსა მისისათა. იგლოვდეს ყოველნი სიკეთისა, და სიჭაბუკისა, და ახოვნებისა მისისათჳს. წარიყვანეს და დამარხეს საყდარსა ქუთათისსა.
ესხნეს შვილნი ოთხნი: ძენი ბაგრატ და დემეტრე, და ასულნი გუარანდუხტ და კატა; მეხუთე შვილი მათი მართა მიცვალებულ იყო შემდგომად მიცვალებისა დიდისა მეფისა გიორგისსა, მას-ვე ჟამსა მეფე იქმნა ბაგრატ ყოველსა მამულსა და სამეფოსა მისსა ზედა, ზემოსა და ქუემოსა, წელიწდისა ცხრისასა.
მეორმოცდაცამეტე მეფე ქართლისა და აფხაზეთისა, ბაგრატ, ძე გიორგი მეფისა, ბაგრატოანი
მას-ვე ჟამსა წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის-ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა. ხოლო კოსტანტინე მეფემან მოქცევასა ოდენ წელიწდისასა გამოგზავნა პარკიმანოზი ლაშქრითა ურიცხჳთა, მოვიდა და ჩამოდგა, და მოაოჴრნა იგი-ვე ქუეყანანი, რომელნი ბასილი მეფესა მოეოჴრნეს. მოვიდა თრიალეთს ციხესა ქუეშე კლდე-კართასა; მას ჟამსა ჰქონდეს ლიპარიტ ერის-თავთ-ერის-თავსა, ძესა ლიპარიტისასა. შემოკრიბნა სხუანი-ცა აზნაურნი, დაუდგეს განძათა და შეებნეს ციხესა ქუეშე. რაჟამს იხილა პარკიმანოზმან, რომელ ვერას ავნებდა, შეიქცა გარე. მას-ვე ჟამსა წარვიდა ჩანჩახი ფალელი საბერძნეთს, მისცა ციხე გარყლობისა, მიერთო ბერძენთა, და არჯევან ჰოლოლას-ძემან მისცა ბერძენთა ციხე წერეფთისა.
რაჟამს იხილა საბა, მტბევარმან ეპისკოპოსმან, რომელ შავშეთს არღარა იყო სხუა ღონე, ააგო ციხე თავსა ზედა ტბეთისასა, დაიჭირა ქუეყანა შავშეთისა, ქმნა დიდი ერთ-გულობა ბაგრატ აფხაზთა მეფისათჳს. პატივ-სცა ღმერთმან და ვერ წარუღეს ქუეყანა მტერთა. რამეთუ მას ჟამსა გაგზავნა პარკიმანოზმან და პროედროსმან იოვანე ბანელი ხარტულარი, წარიყვანა თანა ვალანგი ლაშქრითა დიდითა, და მისცა თანა დემეტრე კლარჯი, ძე სუმბატისი, რე-ცა შესატყუევნელად ქუეყანისა კაცთათჳს, და ამით მიზეზითა მოიქცეს მრავალნი კაცნი მის ქუეყანისანი წურილისა ერისაგან. შემოვიდა მას-ვე ციხესა შინა ეზრა ანჩელი, და რომელნი აზნაურნი გამოჩნდეს ერთ-გულად. შეუდგეს მას-ვე ციხესა შინა და გამაგრდეს ფრიად.
ხოლო ციხე არტანუჯისა ჰქონდა იოვანეს ერის-თავსა აბუსერსა, და მათ ჟამთა ქუეყანათა ამათ შინა იქმნნეს ბრძოლანი და შუღლნი და მი-და-მონი მრავალნი. და ვითარ დიდად იღელვებოდა ქუეყანა ესე, კუალად-ცა პატივ-სცა ღმერთმან ბაგრატს, აფხაზთა და ქართველთა მეფესა. ეწია სენი სასიკუდინე კოსტანტინე მეფესა. მოუწერა პარკიმანოზს პროედროსსა, უჴმო შეღმართ. ხოლო იგი წარემართა მსწრაფლ და, ვიდრე მოვიდოდა, მიიცვალა კოსტანტინე მეფე. და რაჟამს მიიცვალებოდა, დასუა სხუა მეფე, სახელით რომანოზ, და შერთო ცოლად ასული თჳსი ზოია. წარვიდა კათალიკოზ-პატრიაქი მელქისედეკ წინაშე რომანოზ ბერძენთა მეფისა კოსტანტინეპოლედ. შეიწყნარა და მოსცა შესამკობელნი ეკლესიათანი, ხატნი და ჯუარნი, სამღდელთეთავრო და სამღდელო სამკაული, და წარმოვიდა ქუეყანასა და სამწესოსა-ვე თჳსსა.
შემდგომად ამისსა, წელსა მესამესა, წარვიდა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატისი, აფხაზთა მეფისა, საბერძნეთად ძიებად მშჳდობისა და ერთობისა, და კუალად ძიებად პატივისა კურაპალატობისა ძისათჳს თჳსისა, ვითარცა არს ჩუეულება და წესი სახლისა მათისა, და მოყვანებისათჳს მის ცოლისა. ამის ჟამში იყო წმიდა გიორგი მთა-წმიდელი მთარგმნელი, თან ახლდა დედოფალს მარიამს, ქრისტეს აქათ ჩ~ჲჱ.
ხოლო ჩუენ პირველსა-ვე სიტყუასა მოვიდეთ.
და ვითარცა მიიწია საბერძნეთად წინაშე ბერძენთა მეფისა, აღუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით: მოსცნა ფიცნი და სიმტკიცენი ერთობისა და სიყუარულისათჳს, დაუწერნა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისა, და მოსცა ცოლად ბაგრატისთჳს ელენე დედოფალი.
მო-რა-იწია მარიამ დედოფალი მამულსა ძისა თჳსისასა, ქუეყანასა ტაოს, მოართუა პატივი კურაპალატობისა. აღასრულეს ქორწილი, უკურთხეს გჳრგჳნი ბანას.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა ელენე დედოფალი ქუთათისს შინა, და შეირთო ცოლად ბაგრატ მეფემან ბორენა დედოფალი, ოვსთ მეფისა ასული, დაჲ დორღოლელისა. და ამისსა შემდგომად სხუა-ცა ძე დარჩა გიორგი მეფესა ანაკოფიას შინა, ოვსთა მეფისა ასულსა მეორესა ცოლსა თანა და აზნაურთაგან იყო მათ შუა მი-და-მო საუბარი, და ყრმა მცირე იყო, სახელით დემეტრე. ვერ-ცა გაამეფეს, თუ-ცა ვის გულსა ედვა, და ვერ-ცა-ღა გამოინდვეს ბაგრატ მეფემან და დედამან მისმან, არ-ცა-ღა თავადთა დიდებულთა ამის სამეფოსათა. და ვერ-ღა-რა დაიდგნა და წარვიდა სამეფოსა მისგან, და მიმართა ბერძენთა მეფესა, და წარუტანა თანა ანაკოფია. და მიერითგან წარუჴდა ანაკოფია აფხაზთა მეფესა მოაქაჟამადმდე.
შემდგომად ამისა წმიდამან მეუფემან კათალიკოს-პატრიაქმან მელქისედეკ მოიგო ქართლს: მონასტერი პალავრა ოთხითა სოფლითა; და ცუქითი შესავლითა მისითა; ყინცვისი შესავლითა მისითა; და შინდების ნახევარი; კურბითს სააზნაურო კარგი სოფელი ერთი; ჩოჩეთს უბანი ერთი, მიწა და ვენაჴი სასეფეო; ზეგანთა სოფელი ერთი შიდარი; და კახეთს ახატანს უბანი ერთი და ნოსორნა სოფელი ერთი; და ჰერეთს მონასტერი დიდითა ძალითა (და) ლაგოდეჴი და ჰერეთს-ვე კატეხისა ეკლესია შესავლითა მისითა. და კაკს ვაჭარი ათორმეტი. და ზიარი სოფელი დიდი. ესე ყოველი სოფლები, რომელი მას მოიგო.
და რომელნი სოფელნი ძუელად ჰქონდეს წმიდას[ა] სუეტსა ცხოველსა და კათოლიკე ეკლესიასა, და სხუა შესავალნი რა-ც იყვნეს მოაჴსენა ბაგრატ კურაპალატსა და შეუვალად გაუჴადნეს. და მისცა სიმტკიცე შეუვალობისა; და სხუა რომელნი-მე შესავალნი იყვნეს ამის წმიდისა დედა-ქალაქისანი: ცხუარი, ცხენი, ღჳნო ზედანი და რა-ცა იყო ყოველი ალი ამირმა[ნ] ამოაგდო და აჴადა ამას წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა. და ყოველნი სოფელნი, რომელნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი არიან, ააშენნა და დადგნა ყოველგან სახლნი და ააგო ეკლესიანი რიცხჳთ ყოველნი-ვე.
და შემდგომად სამხრით სადიაკვნოსა წმიდათა მოწამეთა სამარტჳლოსა შიგან შექმნა საფლავი თჳსი, და დადგა საკურთხეველი. დააყენა საფლავსა თჳსსა ზედა გაზრდილი მისი იოანე, და უჩინა ამა საკურთხეველსა [და] ჟამის-მწირველსა, და მისცა თემს გლეხი სამი ფუძითა სრულითა, ვენაჴი ერთი, მიწა ერთი, წის-ქვილი ერთი, ჭალა და ოტათლოანს გლეხი ერთი; ციხედიდს გლეხი ერთი, ორი-ვე ფუძითა სრულითა, და ვენაჴი ერთი; მცხეთას სენაკი ერთი, ბოსელი, ყანა, ვენაჴი - ესე ყოველი ჴელ-შეუვალად თავის-უფლად მისცა და გაირიგა სამკჳდრო სასულიერო აღაპნი და მოსაჴსენებელი და გარდაიცვალა წმიდა ესე, და აწ წარუმართენ ღმერთმან ოქროპირს, მელქისედეკისგან შვილად გაზრდილსა; დაჯდა კათალიკოს-პატრიაქად ოქროპირი, და ამან-ცა მრავალნი შემატნა დიდსა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიასა და აღაშენა დასავლის კუთხს სამხრით ეკვდერი, ქვითა წმიდითა და თეთრად შუენიერად გამოქანდაკებულითა, ყოვლად წმიდისა და კათოლიკე ეკლესიისა, და სხუა შესავალნი რა-ც იყვნეს მოაჴსენა ბაგრატ კურაპალატსა და კჳრიკე კახთ მეფესა, დის-წულსა კჳრიკე მეფისასა, და შეუვალად გაუჴადნეს და მისცა სიმტკიცე შეუვალობისა. წმიდამან ამან კათალიკოს პატრიაქმან ოქროპირ(მა) მრავალნი ეკლესიანი აღაშენნა და განა[ა]ხლნა.
და შემდგომად ამისა მოირჭუნა და ეუფლა ზემოსა და ქუემოსა თავის მამულსა ზედა ბაგრატ.
და დიდი ფადლონ ავად იქცეოდა, და სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის სამეფოსათა. და ვიდრე ყრმა-ღა იყო ბაგრატ, შეკრბეს ლაშქარნი ამის სამეფოსანი, იპირნეს ლიპარიტ და ივანე აბაზას-ძე; მოვიდა დიდი კჳირიკე, რანთა და კახთა მეფე, დავით სომეხთა მეფე, და ჯაფარ ამირა ტფილელი, რამეთუ ესე ყოველნი პირობითა კჳრიკესითა შეკრებულ იყვნეს ეკლეცს ფადლონს ზედა; გააქციეს ფადლონ და აუწყჳდეს ლაშქარი, აიღეს ავარი და განძი ურიცხჳ. ამიერითგან ვიდრე სიკუდილამდე შეჰავდა ფადლონ.
და სიმცირესა-ვე შინა ბაგრატ მეფისასა ლიპარიტ ლიპარიტის-ძემან და ივანე აბაზას-ძემან, ქართლის ერის-თავმან, მუხათ-გუერდსა გამოიტყუეს ტფილელი ამირა ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთჳსი. შეიწყალა აფხაზთა მეფემან და დაუტევა ტფილისს ზედა ამირად; და მიერითგან დარჩა მტერობა ლიპარიტეთ და ამირას შუა.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა აზრახა ლიპარიტ ბაგრატს წაღება ტფილისისა. მოადგეს ტფილისსა მტკუარსა ამიერით, ზემოთ და ქუემოთ, აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და წყალსა იმიერით, ისნით კერძო, მოადგეს ლაშქარნი კახნი და ჰერნი მას ჟამსა მოკლულ იყო დიდი კახთა მეფე კჳრიკე ოვსისა ვის-მე მონისა მიერ, რამეთუ წყობასა შინა ოვსთა მეფე ურდურე მოეკლა კჳრიკე მეფესა. და მესისხლეობით მოიკლა კჳრიკე მეფე ნადირობასა შინა, ფიდრაზის გორთა, ოვსისა მონისა მიერ.
მას ჟამსა იყო მეფე კახეთს გაგიკ, ძე დავით სომეხთა მეფისა სამშჳლდარისა და ძორაკერტელისა, დის-წული კჳრიკესი, და ბრძოდეს ორ წელ ტფილისსა. და მას ჟამსა იყო ამირად ჯაფარ, ძე ალისი. და ესრე შეაჭირვეს ტფილელთა, რომელ ლიტრა ვირის ჴორცი ხუთას დრამად ასყიდიეს, და ვერ-ღა-რა დაუდგმიდეს შიმშილთა და ბრძოლათა ძლიერთა. ტფილელთა განიზრახეს მოცემა ტფილისისა. და ამის ქალაქისა ბრძოლასა შინა წაუხუნეს ციხენი ორბეთი და ფარცხისი აფხაზთა მეფისა ლაშქართა და ამირა შეეკაზმა თავის ლაშქრითა შემზადა ტივები და ნავები ღამით წარსლვად განძას ლაშქარიას თანა ფადლონის შვილსა და რომელთა-მე დიდებულთა აფხაზთა მეფისათა ლიპარიტისაგან ფარულად გააზრახეს მეფესა არა განძება ამირასი, და ფარულად ლიპარიტისაგან დაჰკიდეს ზავი ამირასა, გამოაცხადეს და დაამკჳდრეს ამირა ტფილისსა-ვე ზედა. და იბირნა აფხაზთა მეფემან კახნი, აშოტ მთავარი მარილელი, დი-სიძე კჳრიკე მეფისა, და ხახჳლა გურთა ჯუარის-ციხითა; და მოეყარა აფხაზთა მეფე ქალაქსა და ემტერა კახთა. და მიერითგან შეიქმნა ლიპარიტ ქუე-გამხედვარად თავის პატრონისაგან.
გაილაშქრა აფხაზთა მეფემან კახეთს, შეება და შეუჴდა მთასა ზედა მიქელ-გაბრიელთასა. და წყობასა შინა შეიპყრნა: სტეფანოზ ვარჯანის-ძე, პანკისისა ერის-თავი; და ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერის-თავი; და ჯედი, დის-წული გოდერძისა, შტორის ერის-თავი და მაჭელისა. გარდადგა თიანეთს და დაწუა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი, დიდისა კჳრიკე მეფისა აგებული. და ესე ერის-თავნი ქენებით აძლევდეს ციხეთა მათთა; და ვერ-ღა-რა ჩავიდეს კახეთს და შემოიქცა, რამეთუ ლიპარიტ იწყო საურავთა გუერდ-ქცეულთა.
შემდგომად მცირედისა ჟამისა გამოიყვანა ლიპარიტ დემეტრე, ძმა ბაგრატისი, საბერძნეთით ბერძენთა მეფისა ლაშქრითა. და მიერთნეს სხუანი-ცა ვინ-მე დიდებულნი და აზნაურნი, მოვლეს ზემო ქუეყანა და ჩამოვიდეს ქართლს, მოადგეს ატენს, არე-არე მოწუეს ქართლი.
და ჰყვეს ლიპარიტს კახნი და ბერძენნი, და ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთ-გულობასა ზედა ბაგრატისსა, თჳნიერ ფარსმან თმოგუელისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერის-თავისა. გავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო. არე ზამთრისა მოწევნულ იყო; ბერძენთა ენება შეღმართ წასლვა. დაეზავა ლიპარიტ აფხაზთა მეფესა; უბოძა მეფემან ქართლის ერისთაობა. წარვიდეს ბერძენნი საბერძნეთად და წარიტანეს დემეტრე თანა.
და კუალად განძლიერდა და მოირჭუნა ბაგრატ მეფემან თავის მამულსა ზედა. და დააგო სუემან ბაგრატისმან ჟამი; მოერთო ვესტი ცხრითა ციხითა ანისისათა, თჳნიერ ამბერდისათა. და მოსცეს ანელთა ანისი ბაგრატის დედასა, რამეთუ მამულად ეყვოდეს სომეხნი - სენაქერემ სომეხთა მეფისა ასული იყო მარიამ დედოფალი, ბაგრატის დედა.
იყო ჟამი გაზაფხულისა და ბაგრატ აფხაზეთს იყო; მოადგა ანაკოპიას და მისწურა წასაღებელად და მოვიდეს ტფილელნი ბერნი, რამეთუ მის ჟამისა პირველ მომკუდარ იყო ტფილელი ამირა ჯაფარ. უქადეს ქალაქი და უჴმეს სასწრაფოდ. წამოვიდა და მოაყენა ანაკოფიას გარე ქუაბულელ ჭაჭას-ძე ოთაღო აფხაზეთისა ლაშქრითა. ამოიარა და მოვიდა ქუთათისს, და მოიყენა ქუთათისისა სამოქალაქოსა ლაშქარი, და გურიელნი აზნაურნი და ლომსიანნი მოიყვანნა ხუფათსა, დაუდგნეს ფილაკავანნი და ბრძოდეს. და ამოიარა მეფემან და მოვიდა ქართლს, და მოვიდეს სხუანი მჴმობელნი ბერნი ტფილელნი.
წარემართა ტფილისად და მოეგებნეს ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი დიღმისა ველსა, და ყოველი ერი ქუეითი დაკაზმული უმედეულსა, და დედათა და მამათა სიმრავლე იყო მოედანს. და იყო ჴმა ბუკთა და დუმბულთა ორ-კერძო-ვე საშინელი, რომლისა ჴმითა იძრვოდა ქუეყანა; და იყო სიხარული ორ-კერძო-ვე განსაკჳრვებელი. შეიყვანეს და მოვლეს ქალაქი, ასხმიდეს დრამასა და დრაჰკანსა, და მოართუნეს კლიტენი ქალაქისანი, და შეიყვანეს საამირაოსა დარბაზსა. დაჯდა მეფე ბაგრატ საურავად. აღიხუნა კოშკნი კართანი თავის კაცითა, და აღიღო ციხე ქალაქისა დარიჯელი, და ორნი-ვე კოშკნი წყალყინისანი და თაბორი, და დაადგინნა შიგან ლაშქარნი თჳსნი და ერის-თავნი. ხოლო ისნელთა ჩააგდეს ჴიდი და არა მოსცეს ისნი; დაუდგნეს ფილაკავანნი, და ბრძოდეს ისნსა, და ესროდეს ისარსა. და ისნის ველსა მოვიდეს კახთა მეფე გაგიკ და ერის-თავთ-ერის-თავი გოდერძი, და ყოველნი დიდებულნი კახეთისანი დარბაზობად ბაგრატ მეფისა წინაშე და მშჳდობისა ძებნად. მაშინ განვიდა ბაგრატ მეფე ველსა ისნისასა, მოიყვანნა კახნი და ითაყვანნა, მისცა მშჳდობა და განუტევნა. და იყო სიხარული და მშჳდობა და საურავი დღითი-დღე შემატებისა.
და ვითარ ამას შინა გარდაჴდეს დღენი ზაფხულისანი, და კუალად იწყო ლიპარიტ მათ-ვე ფიცხელთა საურავთა. და გამოიტყუვნა ანისით დედოფლისაგან აბუსერი, ერის-თავი არტანუჯისა, და ხისათა და ციხის-ჯუარისა და აწყუერის ციხის პატრონი, და ივანე ერის-თავი, ივანე დადიანი და გუარამ გოდერძის-ძე, ბეჭის ციხისა პატრონი, და შეიპყრნა იგინი ანისის კარსა და დააგდო ტფილისი მეფემან, და გავიდა ჯავახეთს.
ამისა შემდგომად გამოიყვანნა მაწყუერელმან მესხნი, განძითა ბაგრატისითა, შუელად მეფისა და მეფე დგა ღრტილას. ხოლო ლიპარიტ შეკრიბნა კახნი და მოადგა ფოკათა. გამოექცა მაწყუერელი მეფესა ბაგრატს და შეეზრახა ლიპარიტს. ვითარცა ცნა ესე მეფემან, ზამთრისა ბუქთა საშინელთა გარდაიარა შავშეთი და ჩავიდა ქართლს.
და ლიპარიტ გამოიყვანნა ახლად საბერძნეთით დემეტრე, ძმა ბაგრატ მეფისა. ბერძენთა მეფისა განძი და ლაშქარი შემწე იყო. და განხეთქნა ამის სამეფოსა კაცნი: რომელნი-მე წარუდგინნა დემეტრეს, და რომელნი-მე დარჩეს ბაგრატის ერთ-გულობასა შინა. და ძე ლიპარიტისი ივანე მძევლად დარჩა ბაგრატის ჴელთა შინა, და ითხოვა იგი ბაგრატისგან, და ნაცვლად გაუშუა აბუსერი თავის ციხითა მშჳდობით. და იყვნეს თანა-მდგომ ლიპარიტისსა კახნი ძალითა მათითა, და დავით სომეხთა მეფე ძალითა მისითა და განძლიერდა იგი ძალითა მათითა ამას კერძოსა ქართლისასა. და იყო მი-და-მო საურავი ჴელოვნებისა.
და მოვიდეს ვარანგნი სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს; გარდამოიტანა თანა შჳდასი კაცი. და მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა; და ამათ ვარანგთა მესხნი ვერ-ღა-რა მოილოდინნეს, მივიდეს, და შეიბნეს თავსა სასირეთისა ჭალისასა; გაიქცა შიდა ლაშქარი. და ომსა ამას-ვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანი-ცა დიდებულნი მის თანა, ვერ-ღა-რა უძლეს ბრძოლად ვარანგთა; მისცნა ლიპარიტ პაშტნი და წინა მათსა პურსა უკაზმიდეს; და ეგრეთ ლიხნი გარდავლეს.
და ამისსა პირველ მომკუდარ იყო ძმა ბაგრატისი დემეტრე და შემდგომად გაქცევისა შეშინდა ბაგრატ სამეფოსა და მამულისა მისისა განხეთქილობასა. და უქმნა მუდარა ლიპარიტს, და მცირედითა ცხენოსნითა მივიდა ლიპარიტის თანა ხოვლეს (?). და რა ცნა ლიპარიტ მისლვა მისი, არა ნახა, გარიდა მუნით; შეიქცა მეფე-ცა და წარვიდა აფხაზეთს.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა სულა ერის-თავმან კალმახისამან, გრიგოლ ერის-თავმან არტანუჯისამან შეაერთეს სიტყუა და შეიწჳვნეს მათ თანა სხუანი-ცა აზნაურნი მესხნი, და უჴმეს მეფესა ბაგრატს. და წარმოემართა ლაშქრითა, გარდამოვლო გზა რკინის-ჯუარისა, და შეკრბეს არყის-ციხეს. ცნა ესე ლიპარიტ და შეკრიბა თავისი ლაშქარი, და მოირთნა კახნი და სომეხნი, და ბერძენნი-ცა თანა-ვე ჰყვეს. და მიუჴდა უგრძნეულად არყის-ციხეს, და შეიბნეს. და სძლია ლიპარიტ-ვე, და გააქცია მეფე, შეიპყრეს სულა, კალმახისა ერის-თავი, და მრავლითა ტანჯვითა და ძელსა გასუმითა სთხოვეს კალმახი, და არა მისცა. მას-ვე ომსა შეიპყრეს გრიგოლ, ძე აბუსერისი, და სთხოვეს არტანუჯი სიკუდილისა ქადებითა, და მისცა. მოირჭუნა ლიპარიტ ზემოსა ქუეყანასა და აღიხუნა ციხენი, და მიიერთნა თავადნი კაცნი, და გარეს-გარე წარვიდა ლიპარიტ მით-ვე ლაშქრითა დვინად, და ულაშქრა ბერძენთა მეფესა დვინელსა ზედა, და შემოიქცა თავის ქუეყანად.
და შემდგომად წელიწდისა მოქცევისა გამოჩნდეს თურქნი სულტნისანი ბარაჰიმ-ილმი[ს]ანი ქუეყანასა ბასიანისასა. გამოვიდა ბერძენთა მეფისა ლაშქარი, და უჴმეს ლიპარიტს. და წარვიდა ლიპარიტ შუელად ბერძენთა ყოვლითა ლაშქრითა ამის ზედაჲს კერძისათა. შეიბნეს ორდროსა და უკუმიასა ქუემოთ, და გააქციეს ყოველი სპა საბერძნეთისა და ლიპარიტისა თურქთა იქმნა მოსრვა დიდი, და შეიპყრეს ლიპარიტ და წარიყვანეს ხუარასანს სულტანსა თანა. დიდებულთა ამის სამეფოსათა და შვილთა ლიპარიტისთა, ივანე და ნიანია, იძებნეს უშიშოება და გამოიყვანეს მეფე მეფედ. და კუალად მოირჭუნა და შეიპყრნა შვილნი ლიპარიტისნი; აიღო უფლისციხე და გამოუშუა ივანე.
და დადგომილ იყვნეს განძას ქუეყანასა თურქნი, და წასაღებელად მიეწურა განძა. გამოგზავნა თავისა ნაცვლად ბერძენთა მეფემან ლიხტური ლაშქრითა დიდითა, და აწჳეს. ბაგრატ ყოვლითა ლაშქრითა მისითა, და წაჰყვა თანა. დაემართნეს თურქთა; და მივიდეს განძას კარსა, და მირიდეს თურქთა, და დაარჩინეს განძის ქუეყანა, და შემოიქცეს მშჳდობით. და ამისსა შემდგომად კუალად უჴმეს ტფილელთა და მოსცეს ტფილისი ბაგრატს, და შეიყვანეს შინა. და იყო სიხარული და მშჳდობა დიდი.
ამისსა შემდგომად დაეჴსნა ლიპარიტ თურქთა, და შემოვიდა ანისს დააგდო ბაგრატ ტფილისი ლიპარიტის გზითა, აღმოვლო ქართლი და მოვიდა ჯავახეთს. განძლიერდა ლიპარიტ, რამეთუ მსახურებისათჳს ბერძენთა მეფისა ტყუე-ქმნილ იყო; წარვიდა საბერძნეთს, და ნახა ბერძენთა მეფე, და მოირთო ბერძენთა მეფისაგან ძალი. და ვერ-ღა-რა დაუდგა ბაგრატ.
ამისსა პირველ სუმოდა ძე მისი გიორგი ბაგრატს, დაუტევა ქუთათისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა და წარვიდა საბერძნეთს. მას ჟამსა იყო ბერძენთა მეფე კოსტანტინე მონომახი და [შემდგომად] მიხაელ. და ლიპარიტის სათნოთა სწრაფით ვერ-ღა-რა შემოიქცა ბაგრატ თავის მამულსა ზედა; და დაყო მუნ სამი წელიწადი დიდსა დიდებასა და პატივსა შინა. მაშინ უკუე წმიდა მამა ჩუენი გიორგი მთა-წმიდელი მოვიდა მთა-წმიდითგან, ხილვისათჳს და სათხოველისა, კოსტანტინე მონომახისა თანა. ხოლო ესე რა სმენოდა ბაგრატ მეფე და დედა მისი დედოფალი მარიამ კოსტანტინეპოლედ მოსრულან, აღმოვიდა წინაშე ბაგრატ მეფისა და დედოფლისა მარიამისა. იხილეს რაჲ მეფემან და დედოფალმან და ყოველთა მთავართა წარჩინებულთა მათთა, განიხარეს სიხარულითა დიდითა, რამეთუ ასმიოდა საღმ[რ]თო იგი მოქალაქობა მისი. და მიიღეს წმიდა ლოცვა და მადლი მისი. და სულიერი სარგებელი ფრიადი მოისთულეს და მადლობდეს ღმერთსა.
ამისა შემდგომად დაემოწაფა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატ მეფისა და იკურთხა მის მიერ სქემითა. ხოლო იყო რა ქალაქსა კოსტანტინეპოლედ ნათესავი სამარიტელთა, ტომისაგან სჳმონ მოგჳსა, და ესენი-ცა მგრძნეულობდეს მჴეცთა ზედა საკჳრველად უცხოდ. და ამას გიორგი ჯუარი გამოსახა და აყუდა შეგრძნება მისი. ესე რა ნახა მეფემან სასწაული ბერისა მის და მთავართა, აღივსნეს სიხარულითა და მიუთხრეს მონომახსა კოსტანტინეს.
ამისა შემდგომად, ვითარცა იხილა მეფემან ბაგრატ ესე-ვითარი სიწმიდით და ღირსებით მოქალაქობა და უსხეულოთა მსგავსი ცხოვრება და სასწაული მისი, დიდად შეიყუარა, ვითარცა ანგელოზი ღმრთისა, და ღონესა ეძიებდა, რათა-მცა თჳსსა მამულსა წარიყვანა. და მისცა მღდელთ-მოძღურება ჭყონდიდისა საყდრისა, სადა შექმნა ბაგრატ საფლავი თჳსი და დაუსვენებიან მრავალნი წმიდათა მარტჳლნი. ამა წმიდამა[ნ] ბერმა[ნ] (დ)არა მი[ი]თუალა, არ-ცა დაიჭირა, რამეთუ ყოვლითა მსწრაფებითა ევლტოდა დიდებასა კაცთასა და შფოთსა სოფლისასა, და სიმდაბლესა შეიტკბობდა. და ესრეთ დაყო სამეფოსა ქალაქსა რა-ოდენი-მე წელი.
ხოლო ჩუენ პირველსა-ვე სიტყუასა ზედა მოვიდეთ.
ვიდრე-ღა იყო ბაგრატ საბერძნეთს, ითხოვა ლიპარიტ ძე ბაგრატისი, გიორგი, მეფედ, რათა მოსცეს იგი დედამან მისმან და დიდებულთა მის ქუეყანისათა. მოიყვანეს. საყდარსა რუისისასა და აკურთხეს მეფედ. და მოიყვანეს მზრდელად მისა ლიპარიტ და პატრონად დაჲ ბაგრატისი გუარანდუხტ დედოფალი, კაცი სრული და უნაცვალო სახითა, სიბრძნითა, სიუხჳთა, ღმრთის-მსახურებითა და ყოვლითა სიკეთითა. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოითხოვა გუარანდუხტ ბაგრატ ბერძენთა მეფისაგან, და გამოგზავნა ბერძენთა მეფემან დიდითა დიდებითა, ნიჭითა და განძითა მიუწდომელითა მიეგება ყოველი ლაშქარი აფხაზეთისა ზღჳს-პირსა, ხუფათს. და იყო სიხარული და ღმრთის მადლობა დიდი, ბრძანა და შემოვიდა სახლად თჳსად ქუთათისს.
და ლიპარიტ მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუკლებელად, და იყო მოყუარედ მისა ხუარასანს დოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს ბერძენთა მეფე, და ზრდიდა ბაგრატის ძესა გიორგის მცირესა სახელითა მეფობისათა. ხოლო ბაგრატს აქუნდა ლიხსა ქუემოთი კერძი დაწყობით.
და მცირედისა ჟამისა შემდგომად ამის სამეფოსა დიდებულთა მოეწყინა პატრონობა ლიპარიტისი. სულა კალმახელი და ყოველნი მესხნი გამოექცეს ლიპარიტს, და შეიპყრეს დლივს ლიპარიტ და ძე მისი ივანე, ხოლო ნიანია გარდაეხუეწა და მიმართა კლდე-კართა; და არა შეუშუეს მამისა მისისა ციხოვანთა, და წარვიდა ანისს ბერძენთა თანა. ხოლო ლიპარიტ და ივანე პყრობილნი სულა წარიყვანნა კალმახს. და მსწრაფლ გაგზავნა სულა მეფისა წინაშე სულთა ზედა მჴმობელნი. ხოლო გუარანდუხტ და გიორგი, ძე ბაგრატისი, დგეს ღრტილას, და რა ცნეს შეპყრობა ლიპარიტისი, შეიყვანეს ახალქალაქსა და მუნ მოილოდინეს ბაგრატ სულთა ზედა. მოვიდა ბაგრატ და ამის მსახურებისა ნაცვლად მეფემან უბოძა სულას მამულობით ციხის-ჯუარი და ოძრჴე ბოდო-კლდითა, და სხუა-ცა მრავალი საქონელი და სამღდელთ-მოძღურონი, და რა-ცა უნდა.
მოვიდა მეფესა წინაშე სულა ჯავახეთს, და მოჰგუარნა ლიპარიტ და ივანე პყრობილნი, და მოაჴსენნა; ჴელთა აღიხუნა ლიპარიტეთგან ციხენი არტანუჯი და ყუელი, უფლისციხე და ბირთვისი. ხოლო კლდე-კარნი მტკიცედ ეპყრნეს ციხოვანთა; რამეთუ მუნ შიგან დგა ანამორი, მწიგნობართ-უხუცესი ლიპარიტისი მიიყვანეს თრიალეთს, ამოთა თხოვითა არა მოსცნეს ციხოვანთა კლდე-კარნი, აღმართნეს ძელნი და გაასხნეს მას ზედა ლიპარიტ და ივანე, და განწირნეს სიკუდილად. და შემდგომად დღეთა რა-ოდენთა-მე მოიმტკიცეს მეფე და დიდებულნი ამის სამეფოსანი ციხოვანთა ლიპარიტისთა მშჳდობით გაშუებისათჳს ლიპარიტისა და ივანესა. მოსცნეს კლდე-კარნი; გამოიღო თავისი ხუასტაგი და ჩაიცუნა ჩოჴანი ლიპარიტ, და შეჰვედრა ძე თჳსი ივანე მეფესა. დარჩა არგუეთის მამული ივანეს. ეფუცა ლიპარიტ მეფესა შეუცოდლობისათჳს, და გაუშუეს და წარვიდა სამეფოსა.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა გაიპარა და წარვიდა ივანე საბერძნეთს და დაყვნა მუნ წელნი რა-ოდენნი-მე. და ნიანია მოკუდა ანისს ბერძენთა ყმობასა შინა; და ივანეს უურვა თავის მამამან ბაგრატს თანა.
და თჳთ ბაგრატ-ცა გამოიზიდნა და გამოიყვანა ამას სამეფოსა, და უბოძა მამული არგუეთისა და ქართლისა, და ჰმონებდა ერთ-გულობით. და იყო თავად თავადთა-ვე თანა ამის სამეფოსათა და სპასალარ სიკეთითა მისითა. ხოლო ლიპარიტ მიიცვალა საბერძნეთს სამეფოსა ქალაქსა კოსტანტინეპოლეს, და წარმოიყვანეს დიდითა დიდებითა ერთ-გულთა და გაზრდილთა მისთა, მოიყვანეს და დამარხეს კაცხს, სამარხავსა მამათა მათთასა.
და მოირჭუნა ბაგრატ და განძლიერდა უფროს ყოველთა მეფეთა მის ქუეყანისათა. და ამან წარიხუნა ყოველნი ციხენი ჰერეთისა და კახეთისანი, თჳნიერ კუეტარისა და ნახჭევანისა. და შემდგომად ამისსა იქმნნეს დიდნი საქმენი და აღძრვანი დიდთა მეფეთანი.
ამის მეფობისა ჟამთა შინა გამოვიდა სულტანი არფასარან, მეფე სპარსეთისა, დასხმის გუარად. უგრძნეულად მოვიდა და შემუსრა კანგარი და თრიალეთი, და დღესა ერთსა მარბიელმან მისმან მიუწია ყუელის ყურსა, გარდავიდა შავშეთს, კლარჯეთს და ტაოს ვიდრე ფანასკერტამდე. და მას-ვე დღესა ჩამოუწია თორს და ღჳვის-ჴევს, და თჳთ დადგა თრიალეთს სამ დღე.
რამეთუ მას ჟამსა მომავალი იყო მეფე ტაოთ, და თანა ჰგვანდეს დედა, და დაჲ და ძე მისი გიორგი; გადგრომილ იყვნეს ხეკრებულთა. და აყრისა მისისა ჟამსა მოუჴდა ლაშქარი სულტანისა; მოვიდეს და წარმოადგეს ქედსა ზედა. ხოლო იგინი ჩამოესწრნეს ქართლს. წავიდეს ჯავახეთს და მოადგეს ახალქალაქს, რამეთუ მესხნი აზნაურნი და ზემოსა კერძისანი ძლიერად დგეს ახალქალაქს, და ბრძოდეს სამ დღე, რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო ახალქალაქი. ვერ-ღა-რა დაუდგმიდეს ბრძოლათა ძლიერთა, აღიჭურნეს მყოფნი ქალაქისანი, და განახუნეს კარნი და შეებნეს ძლიერად, მოსრნეს პირითა მახჳლისათა. და შევიდეს ქალაქად თურქნი და ტყუე ყვნეს ურიცხუნი სულნი ქრისტიანეთანი; აღიღეს განძი და ტყუე ძლიერი, და შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა.
და მოუვლინა ახალქალაქით მოციქული სულტანმან ბაგრატ მეფესა; აჰკიდა მზახობა და სთხოვა დის-წული ცოლად. და მიიქცა სულტანი ანისად, შემუსრა და წაიღო ანისი, მოსრნა და ტყუე ყვნა ურიცხუნი სულნი, და წარვიდა ქუეყანად თჳსად სპარსეთად და ანისი წარუღო ბერძენთა და მისცა მანუჩას, ძესა აბულასვარისსა.
ხოლო დის-წული ბაგრატისი, რომელსა ითხოვდა სულტანი, იყო ძმის-წული სომეხთა მეფისა კჳრიკესი. სთხოვა ბაგრატ და არა მოსცა სომეხთა მეფემან. მიგზავნა ბაგრატ მოციქულად დიდ-ძალად ერის-თავი ვარაზ-ბაკურ გამრეკელი. იბირნა კაცნი სომეხთა მეფისანი-ცა, და სამშჳლდეს შემომავალი სომეხთა მეფე კჳრიკე და ძმა მისი სუმბატ შეიპყრეს ქუეშის-ჭალასა, და აცნობეს ბაგრატს. და წარვიდა ქვაჴურელთათ. მსწრაფლ, და მოგუარნეს პყრობილნი კლდე-კართა ქუეშე სთხოვა სამშჳლდე და არა მოსცეს, რამეთუ ერთი ძმა მათი ადარნასე შესრულ იყო სამშჳლდეს. ხოლო მიიყვანეს სამშჳლდეს და ამართეს ძელი, და გასუეს სომეხთა მეფე კჳრიკე სამ დღე; ითხოვეს. მშჳდობა და მოსცეს სამშჳლდე. ხოლო მოსრულ იყვნეს ორნი ერის-თავნი სომეხთა მეფისანი: ლუკიის ერის-თავი და კაქვაქარისა. აძლევდა და მოსცემდა სამთა ციხეთა სუმბატ, ძმა კჳრიკესი: ოფრეთს და კოშკსა და ვარზაქარსა. ხოლო შეეწყალნეს ბაგრატ მეფესა: მისცნა და უთავისუფლნა ყოველნი ციხენი თჳნიერ სამშჳლდისა; და არ-ცა სხუანი ციხეთა-უფალნი, კაცნი დიდებულნი, შემოუშვნა, არამედ სამშჳლდე ოდენ იურვა სახლად თჳსად, და ეგრეთ-ვე მონებდეს სომეხნი. მას ჟამსა ოდეს თეოდორა დედოფალსა ეპყრა ბერძენთა მეფობა. ითხოვა ბაგრატ მეფისაგან, რათა მოსცეს ასული მისი მართა [და] შვილად თჳსად აღზარდოს. ხოლო მეფემან ბაგრატ სიხარულითა დიდითა წარმოგზავნა შვილი თჳსი მართა კაცთა თანა საკუთართა თჳსთა.
ხოლო მათ დღეთა შინა, განგებითა საღმრთოთა, თეოდორა დედოფალი აღესრულა, და მას-ვე ჟამსა მარიამ დედოფალი, დედა ბაგრატისი, მუნ იყო; და წმიდა-ცა ესე მამა ჩუენი გიორგი მთა-წმიდელი მუნ-ვე იყო მიზეზითა რა-მე საქმეთათა. ხოლო, ვითარცა ვთქუთ, მი-რა-იცვალა თეოდორა დედოფალი მეყუსეულად მართა, ასული ბაგრატისი, სამეუფოდ შემოიყვანეს და, ვითარცა იხილა წმიდამან ამან მართა, სასმენელად ყოველთა წინასწარმეტყუელა და თქუა, ვითარმედ: „უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა“. ხოლო მაშინ დაყო მცირედი ჟამი, და კუალად ზე-ვე წარიყვანეს მართა. ხოლო ოდეს მოიწია ჟამი, კუალად მოსთხოვა დუკიცმან და სძლად თჳსად სამეუფოსა ქალაქსა შეიყვანა. იხილეს რა აღსრულებულად, ყოველთა დაუკჳრდა [და] მადლობდეს ღმერთსა. ეგრეთ-ვე მარიამ დედოფალმან რქუა წმიდასა გიორგის, იყო რა იგი აღმოსავლეთს, ვითარმედ: „მამაო, აღესრულა წინასწარმეტყუელება შენი, რა-იგი ოდეს-მე წინასწარმეტყუელე მართასთჳს“.
ხოლო დიდმან ბაგრატ მეფემან გაათხოვა ასული თჳსი მართა და შერთო ბერძენთა მეფესა. ამისა შემდგომად მარიამ დედოფალი, დედა ბაგრატისი მეფისა, ქალაქით სამეუფოდ ქალაქად ანტიოქიად წარვიდა და მივიდა: რამეთუ ეგულებოდა წარსლვად წმიდად ქალაქად იერუსალემად, ლოცვად და თაყუანის-ცემად წმიდათა მათ და განმაცხოველებელთა ადგილთა, და აქუნდა სამეფო ბრძანება თავადსა თანა და პატრიაქსა ანტიოქი[ი]სასა, რათა მოვლითა დიდებითა და პატივითა წარგზავნონ. ხოლო პატრიაქმან და მთავარმან განიზრახეს და გაიგონეს, თანა-ზრახვითა მამისა გიორგისითა, რამეთუ: „არა კეთილად არს აღმოსავალისა მეფეთა დედა რათა-მცა სარკინოზეთს წარვიდა, ვინათგან ცოდვათა ჩუენთაგან იგინი უფლებენ ქუეყანასა მას“ და ესრეთ პირითა თჳსისა მოძღურისა გიორგისითა მოაჴსენეს დედოფალსა და წარსლვისაგან დააცხვრეს. ხოლო იგი დაღაცათუ შეწუხდა, არამედ ნებასა ღმრთისასა ვერ წინა-აღუდგა. მაშინ ევედრა წმიდა გიორგი ბერსა მთა-წმიდელსა, რათა შეიწყალოს სული მისი, ვითარცა შეუწყალებია-ცა, და იღუაწოს ცხოვრებისათჳს მისისა, ვინათგან თჳთ ვერ ღირს იქმნა შესლვად წმიდათა მათ და თაყუანის-საცემელთა ადგილთა, გარნა რათა საფასე იგი, რომელი საგზლად აღეკაზმა, წარიღოს იგი იერუსალემად და გლახაკთა და დავრდომილთა განუყოს წმიდისა მის ქალაქისათა და მონასტერთა მათ წმიდათა, რომელნი შენ არიან გარემოს მისა.
ხოლო შემდგომად ამისსა გაათხოვა დის-წული თჳსი და შერთო სპარსთა მეფესა სულტანსა. და შემდგომად სამისა წლისა გამოვიდა სულტანი, შემოვლო რანი და უგრძნეულად შევიდა ჰერეთად. და მის ქუეყანასა დიდებულნი იყვნეს მორთულ და ერთ-გულ ბაგრატისსა და მას ჟამსა იყო მცირედითა საქონლითა მეფე კახეთისა აღსართან, ძე გაგიკისი. და ყოველთა დაყარნეს ციხენი მათნი, და ივლტოდეს კავკასიად. და იყო ბაგრატ გალაშქრებული აღებად კახეთისა, და ლაშქარი მისი წინა გაგზავნილი იყო ვეჟინის ერის-თავსა თანა წირქუალელსა შემოიქცეს მშჳდობით, და უამბეს შემოსლვა სულტანისა და დაყრა ციხეთა. შემოიქცა სწრაფით და მოვიდა ქუეყანად თჳსად ქართლად.
ხოლო აღსართან მიერთო სულტანსა მიუძღუანა ძღუენი დიდი, დაუტევა სჯული, დაიცჳთა წინა, აღუთქუა ხარაჯა; და მისცნა ყოველნი ციხენი დაყრილნი სულტანმან მას-ვე: და რომელნი აფხაზთა მეფისა კაცთა დაეყარნეს, და რომელნი თჳთ აღსართანისთა, მისცნა ყოველნი. და შემდგომად სამისა კჳრისა წარეოემართა აფხაზთა მეფესა ზედა. და მიერთნეს სომეხთა მეფე კჳრიკე, და ტფილელი ამირა, და აღსართან; შემოჰყვეს ქართლს თანა ჯაჭჳთა. გაუშუეს მარბიელი ცისკრად, და სამწუხროდ აღივსო ყოველი ქართლი, თუესა დეკემბერსა ათსა, დღესა სამშაბათსა, ხოლო ქრონიკონი იყო ორას ოთხმოცდარვა.
და იყო ქართლს შინა პური და ღჳნო ფრიადი. და დაყო ექუსი კჳრა, და იწყო ოჴრებად და ჴოცად კაცისა, და გარდავიდა მარბიელი მისი არგუეთს. მიუწიეს და დაარბივეს ვიდრე სუერის-ციხემდე და მოისრა ურიცხჳ სული ქრისტიანეთა და ტყუე იქმნა; და იქმნა საძაგელ ქუეყანა ქართლისა სახილველად კაცთა: მოოჴრდეს ყოველნი ეკლესიანი და სიმრავლითა მძორისათა არღარა დაედგმოდეს ქუეყანასა თუალნი; და ცოდვათა ჩუენთა მოსაგებელსა რისხვასა ღმრთისასა ზეცით ცაჲ წამებდა, და სისხლის მწჳმელი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა; და იქმნა ღამე უკუნი, ვითარცა ნათელი დღისა და იყო ხილვა მისი საშინელი და შესაძრწუნებელი, და არე-არე სისხლის წჳმა ეხილვა კაცთა და იქმნა ზამთარი სასტიკი; რომელი გარდაეხუეწა და მიმართა მთათა, მოსწყდა იგი-ცა სიფიცხისაგან ზამთრისა. ხოლო ყოველსა ქართლსა შინა დადგა ლაშქარი, და თჳთ თავადი სულტანი დადგა კარბსა, და მერმე ჩამოდგა შერთულთა. და აჭირვა სიძნელემან ზამთრისამან და ბუქთა ძლიერთა.
და მიგზავნა მოციქულად ივანე, ძე ლიპარიტისი, მეფემან ბაგრატ ძიებად მშჳდობისა. ხოლო სულტანმან შეაქცია იგი აფხაზეთად ბაგრატისა, სთხოვა ხარაჯა და უქადა მშჳდობა. ხოლო სიფიცხლისაგან ზამთრისა ვერ-ღა-რა მოილოდინა და წარვიდა ქართლით. და ჩამავალმან წარუღო ტფილისი და რუსთავი, და მისცა ფადლონს, განძისა პატრონსა. არა-თუ მეფეთა ჩუენთა მტერობისათჳს ოდენ ამოსწყჳდა ტფილისი და რუსთავი ამას სამეფოსა, არ-ცა ამისთჳს ქმნა, თუ-მცა იგი ამირანი ორ-გულად დადგომილ იყვნეს კარსა მისსა ზედა, არამედ კეთილისა და მსახურებისა ნაცვლად ბოროტსა უყოფდიან ყოველსა კაცსა, რამეთუ მინდობილ იყვნეს იგინი ძალსა უღმრთოებისა მათისასა, და იყვნეს იგინი ყოვლით კერძო მცბიერ. და ამის ქართლისა ოჴრებასა შინა იყო ლაშქრისა მისისა სიმრავლე ხუთასი ათასი.
და წარვიდა სულტანი ქუეყანად თჳსად. და ვითარცა მოიწია არე გაზაფხულისა, შეიქმნა სიმდიდრე წყალთა ძლიერი, და მტკუარი ვერ-ღა-რა ეტია ნადინებსა თჳსსა, მოეფინა ველთა და წარიღო მრავალი სული, რომელი დარჩოეოდა სულტანსა.
და ამისა შემდგომად იწყო ფადლონ ამპარტავანებასა და ურჯუებასა, და სიახლესა ტფილისისა სადა სად-მე გამოყვანებასა ჴელოსანთასა. და ვითარცა იქმნა გაზაფხული, გარდამოვიდა მეფე ქართლად და ჩადგა დიდგორთა, რამეთუ საზაფხულო მეფეთა სადგომი არს ადგილი იგი. ხოლო ფადლონ არად შერაცხა დიდგორთა დგომა მეფისა. წარმოემართა ლაშქრითა, ოცდაცამეტი ათასითა კაცითა, მოვიდა ტფილისს და დაიბანაკა ველსა ისნისასა. ხოლო მუნ დაუტევნა კარავნი და აღმოვლო ღამე ყოველ მუხნარისა, და არბივნა ქართლისა ნაპირნი.
ხოლო ცნა ტფილისით გაღმართ აფხაზთა მეფემან ქართლისა ვნება, წარმოსლვა ფადლონისი, გამოგზავნა ხილვად ივანე ძე ლიპარიტისი, და ნიანია ძე ქუაბულისი, და მურვან ჯაყელი, ერის-თავი ყუელისა, და მათ თანა სხუანი-ცა აზნაურნი მცირედნი რჩეულითა ლაშქრითა. ხოლო ქართლს ვერ-ღა-რა ჩამოესწრნეს, შექცეულთა გაუსწრეს მუხნარს წინა წილკნის გორთა თანა. უკანასა კერძსა შეებნეს და პირველსა-ვე ჴრმლისა მოკიდებასა გააქციეს ფადლონ. და მიადგა ფადლონის ლაშქარი გაქცეული ხრამსა ნარეკუავისასა, მიჰჴოცდეს და იპყრობდეს აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და აღმოიგო ხრამი იგი ცხენითა და კაცითა.
და ზედა ლაშქარმან მეოტმან გასლვა იწყო შობოს ტყით. და ყოველთა ტყეთაგან და ძეძუნართაგან, ვითა ჭუისა მართუეთა, გამოჰკრებდეს დამალულსა ლაშქარსა ფადლონისსა ბაგრატის ლაშქარნი და შემოუსწრეს წინა იწროსა ღართისასა, და მცირედნი ვინ-მე გაესწრნეს და სდევნა ლაშქარმან ბაგრატისმან ვიდრე მთამდე ხერკისა. მოსრეს და ტყუე ყვეს ლაშქარი ფადლონისი. ხოლო ფადლონ თხუთმეტითა ოდენ ცხენოსნითა წარვლო გზა წილკნისა, და მიეხჳა პირსა არაგჳსასა, და გაჴდა ნარღუევთა გზით ერწოდ, და თქუა თავი თჳსი მოციქულად, ვითარმედ: „ფადლონის მოციქული ვარ და მახარობლად მივალ აღსართანის თანა; აფხაზთა მეფისა ლაშქარი გავაქციეთ“.
დახუდა კაცი ვინ-მე მეცნიერი, რომელი იცნობდა ფადლონს, და რქუა: „არა ხარ შენ მოციქული, არამედ ხარ ამირათ-ამირა ფადლონ“.
და რქუა კაცსა მას ფადლონ: „მიიღე ჩემგან ოქრო და ვეცხლი დიდ-ძალი და საკარგავნი მრავალნი, და ნუ შემიწამებ; გარდამიყვანე მინდორად და წამომყევ თანა“.
რქუა მას კაცმან: „ვერ ვიქმ საქმესა მაგას, რამეთუ მკჳდრი ვარ ამის ქუეყანისა. აწ ისმინე ჩემი და მომყევ თანა, და მე მიგიყვანო აღსართანის თანა, და მან გაგგზავნოს ქუეყანასა შენსა“.
ნებსით არა უნდა ესე ფადლონს, არამედ ერწოდ ვერ-ღა-რა შემძლებელ იყო წარსლვად. წარუძღუა კაცი იგი და მიჰგუარა ჟალეთს ისაკ ტოლობელის ძესა, აზნაურსა მესხსა. ხოლო რა ცნა ფადლონის კარად მისლვა, გაძარცუა ერი ფადლონისი, გარდაყარნა ცხენსა და დაიჭირნა ჴელთა, და გასუა ჯორსა ფადლონ. და არა იჴსენა ისაკ მკჳდრობა აფხაზთა მეფისა, რომელ-მცა აფხაზთა მეფისაგან გაქცეული ფადლონ შეიპყრა, და შეგუარა ბოჭორმას ბაგრატისთჳს. არამედ მსწრაფლ წარიყვანა და მიჰგუარა აღსართანს თელავს. ხოლო აღსართან მსწრაფლ წარიყვანა ხორნაბუჯს, რამეთუ აფხაზთა მეფისაგან ეშინოდა უკანა ჩამოდგომისა. მიუპყრეს ხორნაბუჯს ფადლონ, და მისცა ხორნაბუჯი. წარიყვანეს არადეთად და მისცა არადეთი აღსართანს-ვე.
ხოლო ბაგრატ შეშინდა გაშუებასა ფადლონისსა, მისცა ბოჭორმა და უჯარმო კახთა, და წამოიყვანა ფადლონ. გასუეს ძელსა და მიუპყრეს ტფილისსა; და აიღეს ჭირვეულად ტფილისი, რამეთუ მუნ შინა მდგომი კაცი თჳთ გაამირებასა ლამოდა. და არა დაიჭირა ბაგრატ თავისად ტფილისი, არამედ დმანისს დატევებული სითლარაბი ძებნა, შემოიყვანა ტფილისად, და მისცა მას ტფილისი. ხოლო თავისად აღიხუნა ციხენი რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლ-წმიდანი, ქავაზინი, და ორმოცდაოთხი ათასი დრაჰკანი, და მძევალნი ძმის-წული მისი, ძე მანუჩასი, და სამთა თავადთა განძისათა. მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ. იოანე პატრიკ-ყოფილი პეტრიწი ფილოსფოსი და სტეფანე.
და მოგზავნა სულტანმან სარანგი ალხაზი, და მისითა შუა-მდგომლობითა და სიტყჳთა სულტანისათა დაეზავა ბაგრატ და განუტევა ფადლონ, და გაგზავნა საჴელმწიფოსა თჳსსა განძას. და წარჰყვა სარანგი თანა.
და მოართუნეს გაგით კლიტენი, და აღიღო აფხაზთა მეფემან გაგი. შემდგომად ამისსა ფადლონმან გატეხნა ფიცნი და შუა-მდგომელობანი დიდისა სულტანისანი, და მოიპარა ქავაზინი და შემდგომად მისსა მეფე აფხაზეთს იყო, მოვიდა ფადლონ და მოადგა აგარათა; და მისცნა ციხის-თავმან აგარანი. და მსწრაფლ აღმოვიდა მეფე, მივიდა და მოადგა აგარათა. და წარიხუნა აგარანი.
და გამოიყვანა დორღოლელი, ოვსთა მეფე, ორმოცი ათასითა კაცითა ოვსითა, და წარუძღუანა ძე მისი გიორგი კურაპალატი და მოაოჴრა განძა, და აღიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და გაგზავნა თავის სამეფოდ. ამისა შემდგომად აღისურვილა დიდმან ოვსთა მეფემან დორღოლელმან დი-სიძისა მათისა ბაგრატისა სევასტოსისათჳს, და ითხოვა დარბაზობა ბაგრატისგან. ხოლო ბაგრატ ნება სცა და მხიარულად წარმოემართა ოვსთა მეფე ყოვლითა თავადითა ოვსეთისათა, და აღმოვლო გზა აფხაზეთისა და მოვიდა ქუთათისს და ნახა დაჲ მათი დედოფალი, დედა გიორგი კურაპალატისა; რამეთუ გიორგი კურაპალატი გებულ იყო უწინა, და მოიყვანეს ქართლს და მეფე დგა ტინისჴიდის ჭალასა, ნადარბაზევს, და მოეგება წინა დიდითა ზიემითა და პატივითა.
შეკრბეს ერთგან კეზუთა ზედა. და იყო სიხარული და ჴმა ბუკთა და დუმბულთა საშინელი და მიუწდომელი. და დაყვეს ერთგან დღე თორმეტი, და განისუენეს ყოვლითა განსუენებითა და სიხარულითა. და მიზეზითა ზამთრისათა გაისწრაფეს, და მისცა ნიჭი და საბოძვარი მეფესა და ყოველსა დიდებულსა ოვსეთისასა. გაგზავნა და წარვიდეს სიხარულითა. და გარდაიცვალა კათალიკოს-პატრიაქი ოქროპირ, და დაჯდა გიორგი ტაოელი. მცირედთა ჟამთა გარდაიცვალა გიორგი ტაოელი, და დაჯდა კათალიკოს-პატრიაქად გაბრიელ სიხარულითა.
და შემდგომად ამისსა არებდა სულტანი მოციქულთა, და უკრებდა ძღუენთა ბაგრატ მეფესა, ამოთა ენითა სთხოვდა ხარაჯასა. ხოლო არა დაიდვა ბაგრატ მეფემან ხარაჯა, არამედ ავლენდა იგი-ცა მოციქულთა, და უკრებდა იგი-ცა ძღუენსა. და იყო მათ შორის სიტყჳთ სიყუარული.
და შემდგომად მცირედთა წელიწადთა სამშჳლდის ტბათა მდგომსა ბაგრატ მეფესა დაეცა სალმობა მუცლისა, და ჩადგა მარაბდათა. და გაუძნელდა სალმობა, და ტახტითა წარმოიყვანეს, და თანა ჰყვა გიორგი კურაპალატი და ყოველნი დიდებულნი მისნი ხოლო გიორგი კურაპალატი გაგებულ იყო წინა, და მოიყვანეს ქართლს მეფე, და ყოველნი დიდებულნი მისნი მუნ მოვიდეს. და მოვიდა დედა მისი მარიამ დედოფალი, და ცოლი მისი ბორენა, და ასული მისი მარიამ. და შემდგომად მცირედთა დღეთა მიათუალა ძე მისი გიორგი კურაპალატი მეფედ დიდებულთა ამის სამეფოსათა, და ყოველნი შეჰვედრნა მას, და რქუა დედასა თჳსსა: „დედაო, მეწყალი შენ, რამეთუ ყოველნი შობილნი შენნი წარგჳქციენ წინა და ეგრეთ-ღა შენ მოჰკუდები“. და შემდგომად ამისსა მიიცვალა თუესა ნოემბერსა ოცდაოთხსა, ქრონიკონსა ორას ოთხმოცდათორმეტსა.
და ამის-ვე ბაგრატის სიკუდილისა ჟამსა შინა მოიკლა სულტანი კაცისა ვისგან-მე, ბერისა თურქისაგან, თავის ლაშქართა ხარგასა შინა. გაევლო ჯეონი შჳდასი ათასითა კაცითა, გაელაშქრა თურქთა მეფესა ზედა, სამარკანდისა სიახლესა ციხესა რომელსა-მე მოადგა; და მოიკლა მის ციხისა პატრონისა თურქისა მიერ და ვერ-ღა-რა შეესწრა თურქი იგი ციხესა, და დაჭრეს უწყალოდ მახჳლითა. და ვერ-ღა-რა ცნეს ბაგრატ და სულტანმან ერთმან-ერთისა სიკუდილი.
შემდგომად ამისსა დაჯდა ძე ბაგრატისი გიორგი კურაპალატი მეფედ.
და არა აფრინდა ყოველსა შინა მამულსა მისსა ერთი-ცა ქათამი. და დიდითა დიდებითა და პატივითა წარიყვანეს და დამარხეს ჭყონდიდს. ესე მეფე ბაგრატ წელიწდისა ცხრისა მეფე იქმნა, და აღესრულა წლისა ორმოცდათექუსმეტისა. ესე ბაგრატ პირველ იყო კურაპალატი, და შემდგომად ნოველისიმოსი, და მერმე იქმნა სევასტოს. იყო კაცი სახითა უშუენიერესი ყოველთა კაცთასა, სრული სიბრძნითა, ფილოსოფოსი ენითა, სჳანი ბედითა, უმდიდრესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, მოწყალე შეცოდებულთათჳს, უხჳ ალაგთა ზედა. ხოლო ჟამთა მისთა ქუეყანასა დაწყნარება არა ჰქონდა: ეკლესიანი და გლეხნი, აზნაურნი და გლახაკნი ვერ იკითხვებოდეს.
მეორმოცდათოთხმეტე მეფე ქართლისა და აფხაზეთისა გიორგი,
ძე ბაგრატისი. ბაგრატოანი
ხოლო გიორგი მეფე იყო მოწყალე და განმკითხველი გლახაკთა, კაცი საშიში და უუხუესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, და პურად უკეთესი ყოველთა კაცთასა, ცხენოსან-მშჳლდოსანი რჩეული.
და შემდგომად მამისა მისისა დაყო მშჳდობით ზამთარი ერთი და ზაფხულისა ნახევარი. ხოლო შემდგომად თავადთა ამის სამეფოსათა ნიანია ქუაბულის-ძემან, და ივანე ლიპარიტის ძემან, და ვარდან სუანთა ერის-თავმან, რე-ცა თუ იკლეს რა-მე სიყრმით გიორგი მეფისათ, და აუშალეს ქუეყანა: ივანე მოირთნა კახნი და დადგა ქსნის პირსა; და ნიანია წარუღო ქუთათისისა საჭურჭლე და შედგა ქუთათისს შიგა; და ვარდან გაადგინნა სუანნი ავისა მოხარკულნი, დაარბიეს და ამოსწყჳდეს საეგრო.
ხოლო გიორგი მეფემან სძლო სიკეთითა, სიბრძნითა, და ძჳრ-უჴსენებელ იქმნა: უბოძა ივანეს სამშჳლდე; და ძესა ივანესსა ლიპარიტს მისცა ლოწობანნი ნაცვლად რუსთავისა, რომელი მიეცა კახთა; და ნიანიას თმოგჳ და სხუანი საქონელნი რჩეულნი; ვარდანს უბოძა ასკალანა და უთალუბო ჯაყელთა, ივანეს სიტყჳთ, უბოძა და ყოველი-ვე ერთ-გული და ორ-გული დაიყარა წყალობითა, და დაიწყნარა მეფობა თჳსი გიორგი მეფემან.
კუალად გადგა ივანე ლიპარიტის ძე, და ცნა გიორგი მეფემან. ქუთათისით გარდამოვიდა სამცხეს, მოირთნა მესხნი, გარდამოიარა და მივიდა სამშჳლდის კარსა. მუნ მოიყვანა კახთა მეფე აღსართან. ვერ დადგა ივანე ციხე შიგან, მირიდა მთათა სამხრისათა. და მას ვერ-წყობილობასა შინა წაიხუნა ლოწობანნი ლიპარიტისაგან აღსართან. მოეყარა სამშჳლდესა, გარდადგა ჯავახეთს, და მოიყვანა მეფეთ-მეფემან გიორგი მათ წინაშე, და დაიფიცნეს ეკრანთას, და დაიმტკიცა ივანე კლდე-კართა და სამშჳლდესა ზედა.
კუალად-ცა გადგა ივანე, გამოსტყუა გაგი ციხოვანთა გიორგი მეფისათა, და მიჰყიდა ფადლონს, განძის პატრონსა. და მოვიდა სულტანი მალიქ-შა მტერად ყოველთა ქრისტიანეთა. მიაგება ივანე ძე მისი ლიპარიტ წინა, შეაწყნარა სულტანსა, და დაყო მის თანა მცირედი ხანი, და გამოეპარა. და მოვიდა სულტანი, და მოადგა სამშჳლდესა, და წარუღო სამშჳლდე, და ტყუე იქმნა ივანე თავითა, ცოლითა და შვილის-შვილითა, და ყოველთა აზნაურთა დედა-წულითა, და დაიჭირა სამშჳლდე სულტანმან. და მუნ დგომასა მოარბია ქართლი, წაიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და შეიქცა გარე. და აიღო განძა, და დააგდო სარანგი თავადად განძას და ბრძოლად ქუეყანისა ყოვლისა, ორმოცდარვა ათასითა კაცითა. შედგა ფადლონ ციხეთა მაგართა, და ვერ დაუდგნა, გამოიყვანეს და დააპატიმრეს იგი-ცა.
შემდგომად მცირედისა ხანიდა შეკრბა სარანგი ყოვლითა ლაშქრითა მისითა და განძისათა, დვინისა და დმანისისა ამირათა თანა-დგომითა, და მომართა გიორგი მეფესა. შეკრბა გიორგი მეფეთ-მეფე ყოვლითა სპითა მისითა, ზემოთა და ქუემოთა, და მოიყვანა მათ წინაშე აღსართან, კახთა მეფე, და დაჰმართეს ერთმან-ერთსა. განაძლიერა ღმერთმან გიორგი მეფე; წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა მიუჴდა ზედა, ფარცხისს ქუემოთ, და იოტა ბანაკი სარანგისი: გააქცია და ასწყჳდა იყო ჟამი მწუხრისა, და სიღამემან დაარჩინა ნეშტი სარანგის ლაშქრისა, და შემოიქცა უკლებლად და მშჳდობით მეფეთ-მეფე გიორგი თავისა სამეფოსა.
და შემდგომად ამისსა მომადლა ღმერთმან მძლავრებისაგან ბერძენთასა წახმულნი ციხენი. წაუხუნა ბერძენთა ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა, და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა და შემდგომად ამისსა ესე-ცა მომადლა ღმერთმან, აღიღო ქალაქი კარისა, ციხე-ქუეყანა, და სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი, და იოტნა თურქნი მის ქუეყანისანი.