კვლავ შეგვახვედრებს გამარჯვება
კვლავ შეგვახვედრებს გამარჯვება ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ჩვენი მუხის ხე ჩვენთანაა,
ვით ძველის-ძველი,
ვით ძველის-ძველი
მეგობარი, მომსწრე ომების,
მას განუცდია
და წარშლია მრავალი წელი,
მრავალი წელი -
განშორება-დამშვიდობების.
მომგონებელი
შეკრებათა, მისი ხავსია,
მისი ხავსია,
რომ ეტმასვნის ტოტს მონდომებით…
ნუ დაგიმონებს მოგონება:
ყოფნა სავსეა,
ყოფნა სავსეა
განშორება-დამშვიდობებით.
აჰა, სინათლემ
კავკასიის დაფარა ქედი,
დაფარა ქედი…
ნუ შეკრთები ამაოებით:
რაც დედამიწა
გაჩენილა, სავსეა ბედი,
სავსეა ბედი
განშორება-დამშვიდობებით.
გზა გამარჯვების!
დაიცავი შენი ქვეყანა,
შენი ქვეყანა
გევედრება დედის ვედრებით:
კვლავ შეგვახვედრებს
გამარჯვების ახალი ხანა -
ახალი ხანა
აღტაცებით და შეხვედრებით.