კახეთს
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1913 წელი


მაღალ-ახადით გავხედავ,
 სამოთხეს კარი ეღება:
 ალავერდი სჩანს, კახეთი,
 ჩემის სამშობლოს შვენება;
 გულში ამოხდა ცისკარი,
 ღამემ დაიწყო თენება.

 მომინდა ძველის დროების,
 გარდასრულ გმირთა ხსენება.
 იმათ აჩრდილთან ლანდადა
 მკლავებიც მომეჩვენება,
 ხმლითა და ფარით შემკული,
 მამულის მტერზე ტევება.
 დავლიო შესანდობარი,
 ოცნება მომეფერება.
 სმით გავძეღ, მოგონება კი
 გულს საუკუნოდ ენება.

 რაზმი და რაზმი ფიქრების
 გარს შემომერტყა ნისლადა,
 აღარ მაცლიან ავწონო,
 რაც მომივიდა ფიქრადა.
 ტალღა აწვება ტალღასა,
 ჩემს გულს იხდიან ბინადა,
 ათას ნაწილად დაიჭრა
 ერთად ნაგრძნობი წინადა.

 თვალს ვერ ვაცილებ ბახტრიონს:
 აყვანილი მყავ შვილადა,
 ნატბევარია სისხლისა,
 დღეს განისვენებს ტკბილადა;
 ლუხუმ-ზეზვასებ ერთგული
 მას ეყოლება ძვირადა!
 ოცნება ბახტრიონისა
 მონასტერშია მწირადა.

 თვალს დავაყოლებ ალაზანს,
 ქცეულსა ბევრჯელ სისხლადა,
 ველს, ოქროს მტევნად წოდებულს,
 აჰკიდებია კისრადა
 გაღმა-გამოღმა სოფლები,
 თავის სიცოცხლედ, იღბლადა.
 ფილტვად აქვს კახეთს თელავი,
 ხოლო სიღნაღი — ღვიძლადა,
 პირის-პირ დაუყენებენ
 კავკასიის ქედს ჯიბრადა
 იმ თავის ციხე-გალავნებს,
 ანაგებებსა მკვიდრადა.
 ჩვენია ჩვენი ქვეყანა,
 თუ ვის სხვას ერგო წილადა?
 ქედ-დახრილნი ვართ, ბეჩავნი,
 შთენილნი განაწბილადა.

 წიწამურს, კიდით-კიდემდე
 გართხმულს ალაზნის ველადა,
 მე ვსახავ სული-წმინდადა,
 მოფენილს კახთა მცველადა.
 დღეს სად არიან, ვისაცა
 ჩვენი დაღუპვა ეწადა?
 რა ირგეს? — სხვა არაფერი,
 მხეცები დარჩნენ მხეცადა!
 ჩვენი ტანჯვის და ვაების
 ალი აუშვეს ზეცადა.
 ჩვენ ბევრი გვავნეს, თავის თავს
 ვერ არგეს ერთი ბეწვადა.
 რა დაჰრჩესთ ან დღევანდელებს
 შემდეგში დასაკვეხადა!

 დავცურავ ფიქრის ზღვაშია,
 ტალღა პირში მცემს სილებსა,
 ბედ-იღბლის ვერაგობაზე
 ამაოდ ვაღრჭენ კბილებსა.

 ავაყენებ კი ტირილით
 გარდასრულ ქართვლის გმირებსა?
 ხმალს ვინც იქნევდა, კვდებოდა
 მკლავზე სისხლ-გადამდინარი,
 ვინც ვერა სთმობდა მამულსა,
 მტრის რაზმში ელვად მფრინავი,
 “არ მოგცემთ ჩემსა სამშობლოს.”
 ამირანის ხმით მგრგვინავი.
 კვდებოდა პირზე ღიმილით
 იმაზე მეტი ბევრადა,
 რაც კახეთს მწვანე ამოვა
 ტურფა ყვავილთან ერთადა
 მაისის დამდეგებშია
 მთა-მინდორ-ჭალა-ველადა.

 დღეს გმირთა შესანდობარსა
 მთები-ღა ჰსვამენ მაღლები,
 რადგან კახეთში კახთათვის
 დაცარიელდა მარნები.
 ის მთები კავკასიისა, —
 მკვდარი კახეთის ზღუდენი,
 კვარცხლბეკი შავის ნისლების,
 სად არწივთა აქვთ ბუდენი.
 ჩემი ბავშვობის ოცნება —
 ბარტყი — გაზარდა ორბადა,
 უზარმაზარის მხრებითა,
 კიდით-კიდემდე ზორბადა,
 თავზე დაჰბრუნავს კახეთსა
 გულმტკივნეული, მშობლადა.
 და რომ არ იყოს ტანჯვითა
 სულ მუდამ ისე ობლადა,
 ალავერდს გიორგისა სთხოვს,
 ბოდბეში — წმინდა ნინოსა,
 რომ იმათ მეოხებითა
 კახთ სხივი მოეფინოსა;
 მეტი ისწრაფონ სწავლისკენ,
 ნაკლებსა ჰსვამდენ ღვინოსა.