კაი ყმა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1887 წელი


კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინა არის კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ - მტერსა,
ხმლები, ხანჯრები ელავდეს.
სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,
ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;
ფარების დადგეს ჯღრდეები,
თვალები თვალებს სწველავდეს;
მოციქულობდნენ ტყვიანი,
შუბები შუბებს სწვერავდეს.
ჭიაფრად მუზარადებსა
სისხლის წვიმაი ჰფერავდეს;
დაგელაობდეს სიკვდილი,
სუდარაებსა ჰკერავდეს.

ვინც მიეგებოს მტერს წინა,
წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,
სახე სისხლგადამდინარი
ტკივილს არ გამოიტყოდეს,
თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,
ზედ ქორებულად ფრინავდეს,
სიცხეში სიოდ დაჰბეროს,
დაათბოს, როცა ჰყინავდეს.
პირველად ომის დამწყები
ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;
სხვანი იყოფდენ ნადავლსა,
ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;
მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს.
დარაჯად ედგას ლაშქარსა,
როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს.
სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,
ცდუნება არა სძირავდეს.

მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,
მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.
იქ იდგას ხმალამოწვდილი,
საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,
დაბეჩავებულს სიმართლეს
უსამართლობა სძალავდეს.
სხვისა იუბნოს სახელი,
თავის გარჯასა ჰმალავდეს.
მზედ იდგეს ხევსურეთისა,
უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.
სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,
კვდებოდეს, არა გმინავდეს;
თავის სამარხად, სუდრადა,
მარტო სახელსა სწირავდეს.

ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,
მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.
წყლული სცნას დედის კოცნადა,
თავის ლოგინად - სამარი,
საკაცე - თავის ლურჯადა,
ქვა-ლოდი - ნაბდად საფარი,
ქალისა, რძლისა ქვითინი
ეგონოს სიცილ-ხარხარი,
დენა ცრემლისა - ხორხოშა,
ღრუბელთა გადმონაყარი.

სულეთს შავიდეს ხმლიანი
ლაღი ლაღისა ცხენითა,
წინ მიუძღოდეს არწივი
ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.
ქება უყივლონ გმირებმა,
გადასრულებმა ჩვენითა.
ერეკლემ ხელი მაჰხვიოს,
დაისვას თავის გვერდითა,
გამაეგებოს თამარი
მცინარი, თავის ფეხითა.
გახარებული უფალი
კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.
ანგელოზები ხარობდენ,
ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.

აი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
არა თქვენ, სადიაცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არცროს არ გამასდგებითა.
თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;
გაიგებთ კარგის გარჯასა,
გწყინსთ და შურითა ხდებითა;
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ სააქაოსა,
ვერც საიქიოს სწვდებითა.
არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!