იხდება ფარდა
იხდება ფარდა ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
მაგრამ იწყება. ასწიეს ფარდა.
მის წინ კარპიის არის ცხედარი.
ქალის თვალები იფეთქებს ვარდად,
გრძნობათა ცეცხლით გაუბედარი.
იდგა მუხლმოყრით და ცრემლებს ღვრიდა
სასოწარკვეთა და გრძნობა ძველი,
იყო ოცნება - ხან მარგარიტა,
ხან კლეოპატრა, ნილოსის გველი.
რა ფერებია! თვალთა სეირად
ათასნაირი ელავს კანდელი,
ხატავს ჯორდანო და რიგიერა:
მწვანე ფერების კორიანტელი.
შიპრის სურნელი, იები პარმის
თითქო ათასი არის ზმანება,
მოეფინება სამუმად დარბაზს
ოვააციის ატორტმანება.
აჰ, გრიმი, გრიმი, ლევკოებს ისე
აღარ აღელვებს გრძნობათა ქარი,
ელეონორა, ნინო ჩხეიძე,
სარა ბერნარი.