იყო
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1923 წელი


იყო ბურუსი გაურღვეველი
და კაკანებდა ტყვიისმფრქვეველი.
დღემ მოღუშულმა წარბი შეხარა,
დაცლილ ქუჩებზე მკვდრები ეყარა.
უცებ მაღალი ცეცხლი ავარდა
და ბნელი ცისკენ გაინავარდა.
ცეცხლი ძლიერი დიდხანს ვინახე,
როს იმედები სხვა დავინახე.
ეს მინდა ვუთხრა მიეთ-მოეთებს:
მე ქარში ვიყავ, როცა პოეტებს
თქვენთვის საყვარელ ბულბულ-მდელოში
ტკბილად გეძინათ საქართველოში.

მოძიებულია „https://ka.wikisource.org/w/index.php?title=იყო&oldid=3350“-დან