ისევ ახალგაზრდობას
ისევ ახალგაზრდობას ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ცხოვრების ზღვაზე მენავეს
ტალღა სცემს ხმაონავარი.
სულის სიმტკიცე აქ გმართებს, -
აი, რა არის მთავარი.
რაც ომმა ჩვენ მოგვაყენა
ჭრილობა სხვადასხვაგვარი,
უნდა მოშუშდეს. აი რა,
აი რა არის მთავარი.
მეცნიერება კი მზეა,
ფუძეა, მტკიცე ჯავარი.
შრომა, ცოდნა და სიმართლე -
გვწამდეს, ესაა მთავარი.
თუ ადამიანს გეტყვიან,
მასზე ძვირფასი რა არის.
სახელი ადამიანის -
აი, რა არის მთავარი.
გეკაფოთ, რაც უღრანია,
აგევსოთ, რაც ხარვეზია.
სამშობლო არ დაივიწყოთ,
სამშობლო - უმთავრესია