ის
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1915 წელი


ღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვა
გადააქსოვა სარკის მწვანე ბროლს,
სარკეს ანათრთოლს დაუახლოვა
და დაათოვა სურათებს, საწოლს.
მე დამავიწყდა ძველი წვალება
და ვალალება გრძნობათ დამხობის,
და მახსოვს მხოლოდ ცისფერთვალება
იდუმალება შორეულ ტრფობის.
მომიახლოვდი, ვით მთვარის შუქი,
მითხარ, მაჩუქე ოცნებათ კრება.
უჩინრად ჩნდება ვნებათ ქარბუქი...
ეს მართლა ხდება თუ მესიზმრება?

მოძიებულია „https://ka.wikisource.org/w/index.php?title=ის&oldid=3321“-დან