იავნანამ რა ჰქმნა?/ქეთო და მისი დედობილ-მამობილი
იავნანამ რა ჰქმნა? ავტორი: იაკობ გოგებაშვილი |
ქეთოს ბედნიერება |
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაში აღწერილია ქართველი გოგონას ლეკთა მიერ მოტაცების ამბავი და ლეკთა და ქართველთა ურთიერთობა. |
ერთხელ, როდესაც ქეთომ გული იჯერა ახალი ცხოვრებით, ჰკითხა თავის დედასა: - დედილო, გენაცვა, არ შეიძლება, რომ დაღსტანში მოკითვა ვისიმე პირით შევთვალო?
მაგდანს ეს სიტყვა არ ესიამოვნა და შეკრთა.
- ფიქრი ნუ გაქვს, დედა! – შვილებრივი სიყვარულით უთხრა ქეთომ, - შენ და მამაჩემი მიყვარხართ, როგორც ღვიძლი მშობელნი, იმათ კი პატივსა ვცემ, როგორც ჩემს მოამაგეთა და ჩემს აღმზრდელთ. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ვინ იცის, ვის ხელში ჩავვარდნილიყავ და რა მომსვლოდა.
მოკითხვა შეუთვალეს ნაიბსა და მის ცოლს საგანგებოდ გაგზავნილი კაცების პირით და ძღვნადაც გაუგზავნეს ჩინებული კახური ღვინო, რომელსაც მაშინდელი ლეკები კახელებზე ნაკლებად არ ეწყობოდნენ.
ზაფხული გადიოდა, დედა ატყობდა, რომ ქეთოს ძლიერ უნდოდა ნახვა თავისი დედობილ-მამობილისა, მაგრამ კი არ ამბობდა ამასა. ერთხელ მაგდანმა უთხრა ქეთოსა: - იცი, ჩემო კარგო, რა აზრი მომივიდა? ეხლა რჩველი ახლოვდება, დაღესტანში ვენახები არ არის და რჩველი იქ არ იცის. მოდი, რთველში მოვიწვიოთ შენი დედობილ-მამობილი და ვასიამოვნოთ; სიკეთეს გადახდა უნდა. – მადლობის ნიშნად ქეთო დედას მხურვალედ გადაეხვია.
ნაიბსა და იმის ცოლს ძლიერ უნდოდათ ქეთოს ნახვა. ამიტომ რთველში მოწვევამ გაახარა და დანიშნულს დროზე ეწვივნენ თავისი შვილობისლის დედ-მამასა. დედ-მამის ნება-დართვით ქეთო თავის დედობილ-მამობილს ლეკური ტანისამოსით მიეგება. ქეთოს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, რადგანაც ერთად ხედავდა ოთხს ძვირფას თავისიანს, რომელნიც გულით და სულით უყვარდა.
ზურაბი და ნაიბი დამეგობრდნენ, მაგდანამაც გულით შეიყვარა ნაიბის ცოლი და ამიტომ ყოველ შემოდგომაზე მათი რთველში მოწვევა წესად დასდეს. ეს წესი არ შეცვლილა მას უკანაც, როცა რამდენიმე წლის შემდეგ ქეთო გათხოვდა დედის სამშობლოში და ჯვარი დაიწერა ერთს ღირსეულ ქართველს ვაჟკაცზე, ყოველ ენკენისთვეში ქართველაძეს ქართლიდან ეწვეოდნენ ხოლმე ქალი და სიძე, დაღესტნიდან ნაიბი თავისი ცოლითა და ამალით. არა გვგონია, რომ ვისმე თავის სიცოცხლეში რთველი ისე სიამოვნებით და ბედნიერებით გაეტარებინოს, როგორც ატარებდა ქეთო.