იავნანამ რა ჰქმნა?/მდევარი
სამშობლო ღვინისა | იავნანამ რა ჰქმნა? ავტორი: იაკობ გოგებაშვილი |
ქეთო საშინლად იტანჯება |
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაში აღწერილია ქართველი გოგონას ლეკთა მიერ მოტაცების ამბავი და ლეკთა და ქართველთა ურთიერთობა. |
ქეთოს დედ-მამას ფიქრი არაფრისა ჰქონდათ. ეგონათ, მეზობლებში იქნებიან ჩვენი ქალი და გამდელი და თავის დროზე მოვლენო. როდესაც დაღამდა და გამდელი ბავშვით არსად იყო, შეფიქრიანდნენ და მეზობლებში გაგზავნეს მოსაკითხავად, მაგრამ აბა რას იპოვნიდნენ, ყველგან უთხრეს, რომ დღეს არც კი გვინახავს ისინიო. მაშინ შეშინებულმა დედ-მამამ ჩირაღდნებით დაუწყეს ძებნა სოფლის გარშემო. დიდხანს ეძებეს და ბოლოს თავს წაადგნენ ტყეში გამდელს, რომელიც მკვდარივით ეგდო ხის ძირას. ღამის სიგრილემ და ხმაურობამ გონში ჩააგდო გამდელი და გამოაცოცხლა. ჯერ ხეირიანად არ გამორკვეულიყო, რომ შეშფოთებულმა და გაფითრებულმა მაგდანმა მიაძახა: – ქეთო სადღა არის? – გამდელმა სუსტი ხმით და შესვენებით უამბო, როგორ მოიტაცეს ლეკებმა ქეთო. ამის გაგონება და მაგდანის გულის წასვლა ერთი იყო. ზურაბსაც საშინელი თავზარი დაეცა, მაგრამ ვაჟკაცურად თავი შეიმაგრა, მწუხარებას სძლია და დაიძახა: – არიქა, მდევარიო!
მაშინდელს დროში ყველა ვაჟკაცს სრული თოფ-იარაღი ჰქონდა სახლში და გამოცდილი მეომარი იყო, რადგანაც გაჭირვების დროს საქართველოს მეფე ქუდზე კაცს დაიბარებდა ხოლმე. ამიტომ ზურაბის დაძახების შემდეგ ერთი საათი არ გასულიყო, რომ მისი სახლის წინ იდგა ოცამდის ვაჟკაცი, თავით ფეხებამდე შეიარაღებული... სწრაფად გამოვიდა იარაღში ჩამჯდარი ზურაბი, მიესალმა და გაუძღვა წინ.
ღამე ღრუბლიანი და ძლიერ ბნელი იყო. მას უკან, რაც ლეკებმა ქეთო გაიტაცეს, კარგა ხანმა განვლო. დაღესტნისაკენ ტყეებსა და მთებში მისდევდა მხოლოდ ვიწრო ბილიკები და მთაზე სიარული ბნელ ღამეში ძლიერ ძნელი იყო ხამი კაცისათვის. ქეთოს მომტაცმა ლეკებმა ისე იცოდნენ ეს ბილიკები, რომ თვალდახუჭულსაც შეეძლოთ მათზე სიარული. ზურაბსა და იმის რაზმს კი აქეთ თითქმის არ ევლოთ. ამიტომ ლეკებმა მთელი ღამე განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ იარეს, დიდს მანძილზე გაუსწრეს მდევარს და მოტაცებული ქეთო მეორე დღესვე გადაიყვანეს დაღესტანში. ზურაბ ქართველაძე თავის ამალით იძულებული შეიქმნა ხელცარიელი და საშინლად დაღონებული უკანვე დაბრუნებულიყო. ქეთოს ნაიბი ყიდულობს
ლეკებმა პირველად ქეთო გაატარეს ერთს დიდ დაღესტნის სოფელზე, რომელიც იყო აქეთ ნაპირას, კახეთის საზღვარს ახლო. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი მდიდარი ნაიბი, რომელსაც ემორჩილებოდა მთელი დასავლეთის მხარე დაღესტანისა. მას ჰყავდა ცოლად ლეკისავე ქალი, შემკული ერთსა და იმავე დროს ვაჟკაცურის გამბედაობითა და მეტად ნაზი გულით. ესენი იყვნენ დიდი ხნის ნაქორწილავნი, მაგრამ შვილი კი არ ჰყავდათ და, გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვისიმე ბავშვი ეშვილათ.
საღამო ჟამი იყო, როცა იმათ სახლის წინ ლეკებმა ქეთო გაატარეს, ნაიბი და მისი ცოლი კარაპანში ისხდნენ. მათ დაინახეს მიმავალი ორი ლეკი და ერთს მათგანს შეამჩნიეს ზურგზე გუდა, რომლიდგანაც ბავშვის თავის და სახე სჩანდა. დაუძახეს თავისთან. ლეკები მოწიწებით მოვიდნენ და თავი დაბლა დაუკრეს, როგორც თავის ბატონს, მბრძანებელსა. ლეკებს ამბავი დაწვრილებით გამოჰკითხეს. ამათ დატუქსვისა ეშინოდათ და ამიტომ მართალი დაუმალეს, – უთხრეს, რომ ეს ბავშვი გზაზე ტყეში ვიპოვნეთ და წამოვიყვანეთო.
პატარა ქეთო ცალკე დიდი ხნის მოგზაურობისაგან და ცალკე შიმშილისაგან ძლიერ მისუსტებული იყო და ძლივსღა ახელდა თვალებს, მაგრამ ეს სისუსტე კიდევ უფრო საყვარელს ბავშვად ხდიდა მას. რა წამს ნაიბმა და მისმა ცოლმა ეს ბავშვი დაინახეს, მაშინვე გული ზედ შეუვარდათ. ნაიბის ცოლმა ჰკითხა ლეკებს: – რა მოგცეთ, რომ ეს ბავშვი ჩვენ დაგვითმოთო? – რა უნდა გვიბოძო, ქალბატონო, თუ გნებავთ, ფეშქაში გახლდეთო. – ნაიბი ადგა, შევიდა სახლში. გამოუტანა ვეებერთელა ქისა, ოქროებით სავსე, და მისცა ლეკებს. ქეთო გამოართვა ლეკსა ნაიბის ცოლმა და მაშინვე გულში ჩაიკონა, ლეკებმა მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ.
დედობრივმა ალერსმა მალე მოასულიერა ბავშვი. მას თუმცა ყველაფერი ეუცხოვა, მაგრამ იმოდენა წვალების შემდეგ ბრიყვის ლეკების ხელში, ნაიბის ცოლის მისაყვარლება და ზრუნვა სწორედ შვებად ეჩვენა. პირველს ხანებში მაინც ქეთო ყველაფერზე გულცივად იყო და ხშირად სტიროდა, როცა თავის დედ-მამას, სხვა შინაურებს და თავის სოფელს მოიგონებდა. მაგრამ ნაიბის ცოლი და იმისი ქმარი ისეთი სიყვარულითა, მოფერებითა და ალერსით ექცეოდნენ ქეთოს, რომ მალე დაავიწყებინეს წინანდელი ყველაფერი. ქეთო ლეკ ქალად იქცა
ბავშვი აწმდგომით ცხოვრობს. ის შეუწყვეტლივ, ყოველდღე იზრდება, სულითა და ხორცით წინ მიდის, მატულობს, გრძნობს ამ თავის ზრდასა, წინსვალას და ბედნიერია ამ გრძნობით. ის სრული სიხარულით შეჰხარის ცასა და დედამიწასა, ბუნებასა და ადამიანსა. რადგან ბედნიერია აწმდგომით, ბავშვი არ ფიქრობს არც წარსულზე და არც მომავალზე. ამის გამო წარსულის ნაშთი, ხსოვნა, მოგონება მის გულსა და გონებაში მალე სუსტდება, მკრთალდება და თითქოს სრულიად იშლება. აწმდგომი კი სრული ძალით მოქმედებს მასზე და იჭერს წარსულის ადგილს მთლად განუყოფლად.
ქეთოსაც ეს დაემართა. ნაიბმა და მისმა ცოლმა ისე შეაყვარეს ქეთოს თავი, რომ თანდათან ჩააქრეს მის სახსოვარში ღვიძლი დედ-მამის სიყვარული, მოგონება, სახე. ორი-სამი წლის შემდეგ ქეთოს თავის ნამდვილ მშობლად მიაჩნდა ნაიბი და მისი ცოლი, იმათით სცოცხლობდა, იმათით ჰხარობდა. ღვიძლი დედ-მამის კვალი თითქოს მთლად წაიშალა მის ბუნებაში. ლეკურმა ენამ ცოტ-ცოტაობით, დღითი-დღე შეასუსტა ქართული ენა ქეთოში, დაიჭირა მისი ადგილი და ჩააქრო იგი. ლეკურმა სოფელმა ვაშლოვანის სახსენებელი ამოაგდო მისი გულიდან. ქეთო დიდხანს ჰგრძნობდა მხოლოდ ერთს დანაკლისს: მაგდანის მშვენიერი ხმა, დამატკბობელი სიმღერა ქეთოს ყურს აღარ ასიამოვნებდა. მაგრამ ესეც დაივიწყა, თუმცა ყველაზე გვიან. ერთი სიტყვით, აწმდგომი გამეფდა ქეთოს სულში და წარსული ჯერედ მკრთალი გახადა და მერმე სრულიად გააქრო. ქართველი ქალი გადაიქცა ლეკ ქალად, კახეთის შვილი დაღესტნის შვილად.
ამ სრულ გალეკებას ქეთოსას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ნაიბმა სასტიკი ბრძანება გასცა სოფელში: არამც და არამც არავინ გაბედოს და ქეთოს ყურს არ გააგონოს, რომ ნაშვილარია და არა ჩვენი ღვიძლი შვილიო. ამაო ცდა ქეთოს მამისა
რას ფიქრობდა და რას სჩადიოდა იმ დროს ქეთოს დედ-მამა?
დიდხანს მათ არ იცოდნენ, რა უყვეს ლეკებმა ბავშვი. ზურაბს თავის ქალი უფრო შუა დაღესტანში ეგულებოდა და იქ აძებნინებდა, რადგანაც მომტაცი ლეკები იქიდან იყვნენ. ამასობაში გავიდა სამი, ოთხი წელიწადი. ბოლოს ერთმა ნაცნობმა ლეკმა მოუტანა ამბავი, რომ ამა და ამ ნაიბს შენი ქალი ხელში ჩაუგდია, უშვილებია და ზრდის, როგორც საკუთარ ქალსაო. ზურაბმა შეუთვალა ნაიბს, რომ ეგ ქალი ჩემი შვილია, მოტაცებულია ჩუმად და ოღონდ დამიბრუნე უკან და რასაც მთხოვ, მომცემი ვარო. ნაიბმა შემოუთვალა პასუხად, რომ თუ თავდაპირველად მცოდნოდა, რომ ეს ბავშვი შენი ქალია, მე თვითონ დაგიბრუნებდიო, მაგრამ ახლა გვიანღა არისო. მეცა და ჩემს ცოლსაც მზე ამ ბავშვზე ამოგვდის, მასაც ძლიერ ვუყვარვართ, აქაურობაში გაჩვეულია, თქვენ სრულიად დავიწყებული ჰყავხართ და ამიტომ ქეთოს ვერ დაგიბრუნებ, თუნდ მთელი კახეთის სიმდიდრე კარებზე დამიგროო.
ამისთანა პასუხის შემდეგ ზურაბს შეეძლო თავისი ქალი დაეხსნა მხოლოდ ძალით ან რაიმე ხერხით. დარჩენა კი ქეთოსი დაღესტანში აუტანელი იყო მათი დედ-მამისათვის, მით უმეტეს, რომ მაგდანას ქეთოს შემდეგ შვილი აღარ ეძლეოდა. ქართველაძე ბევრჯერ გაემგზავრა დაღესტნისაკენ ოციოდე შეიარაღებული ვაჟკაცით ქეთოს მოსატაცებლად, მაგრამ ტყუილად. ნაიბმა კარგად იცოდა წადილი და მეცადინეობა მისი და ამიტომ ყოველთვის გზაში დაახვედრებდა ხოლმე ჩასაფრებულს ლეკებს იმისთანა ადგილას, სადაც ერთი ჩასაფრებული ოცსა და ორმოც ვაჟკაცს გზას შეუკრავდა. სიმრავლეც ქართველების რაზმისა აძნელებდა შეუმჩნევლად მიახლოვებას ნაიბის სოფლამდე.
როცა ამ გზით ვერასფერს გახდა, ზურაბმა ხერხს მიმართა: ხმა გააგდო, რომ გულიდან ამოვიღე ჩემი ქალი და აღარ მწადია მოვტაცო დედობილსა და მამობილსაო. ეს ხმა მივიდა ნაიბამდინაც და მან ჯერ თუმცა ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ მერე კი დაიჯერა, რადგან მთელი ორი წლის განმავლობაში ქართველაძის მხრივ ჩამიჩუმიც არ ისმოდა. აქამდე ქეთოს დიდის სიფრთხილით უშვებდა კარში, ახლა კი მაშინდელის დროის ლეკების სხვა ქალებივით თავისუფლად დადიოდა ერთი უბნიდან მეორე უბანში თავის ნაცნობებთან. ეს ყველაფერი ზურაბმა კარგად შეიტყო ნაცნობი ლეკების შუამავლობით და თადარიგს სხვანაირად შეუდგა. ქეთოს მამა იტაცებს
დადგა სწორედ მეათე გაზაფხული მას უკან, რაც ქეთო მოიტაცეს ლეკებმა. ტყე ხშირად იყო შეფოთლილი და აადვილებდა შეუმჩნევლად მოსვლას ნაიბის სოფლამდე. ზურაბმა იხმო ერთი იქაური ლეკი, დიდი ხნის ნაცნობი და პურმარილით დავალებული, გაიმძღვარა წინ და თან წაიყვანა მხოლოდ ათი შეიარაღებული ვაჟკაცი. მთელი მანძილი ისე ფრთხილად გაიარეს, რომ ერთი ლეკი არ დახვედრიათ გზაზე. მეორე დღეს საღამო ჟამზე მივიდნენ ნაიბის სოფლის პირად და ტყეში მოხერხებულ ადგილას დაბინავდნენ. ლეკი ჩუმად წავიდა იმ ღამეს თავის სახლში, ყველაფერი გაიგო და დილა სისხამზე მეტად საამო ამბავი მოუტანა: ქეთო თურმე ყოველ დილით ტყისპირად აივლიდა ხოლმე ერთის თავისი მეგობარი ქალის სანახავად. ეს ქალი იყო შვილი წინანდელი მოხუცებული ნაიბისა, რომელიც ამას წინათ გარდაცვლილიყო. ყმაწვილი ქალი ძლიერ მწუხარე იყო მამაზე და ამიტომ ქეთო ყოველდღე დადიოდა იმის სანუგეშებლად.
ამოვიდა თუ არა მზე, ზურაბ ქართველაძე მივიდა გზის პირად, ამოეფარა ხეების ჯგუფსა და დაიწყო ცქერა იქითკენ, საიდანაც უნდა ქეთოს გამოევლო. ქართველაძიდ პირდაპირ გზის იქით ამართული იყო დიდი სერი, რომელიც იმ სოფელს ჰყოფდა ორად, ქვემო და ზემო უბნად. ქეთოს ქვემო უბნიდან უნდა ამოევლო და ასულიყო ზემო უბანში. ლოდინში კარგა ხანმა გაიარა. ასე, რომ ზურაბმა იფიქრა, ვაითუ დღეს ქეთო სულაც არ ფიქრობდეს ზემო უბანში ასვლასაო. მაგრამ აგერ შორს გამოჩნდა ქალი, ახლად შეღერებული, თამამად მომავალი და ლეკურად ჩაცმული... ზურაბი თვალებად გადაიქცა და გულის ცემამ მოუმატა. ქალი თანდათან მოახლოვდა და ზურაბი ისე შეაცქერდა, თითქო თავისი მშიერი თვალით მისი შეჭმა უნდაო. ქეთოს ცოტა იერი შესცვლოდა, გაზრდილიყო ბევრად დიდი თავის ხანზე, მაგრამ ფერი და პირისახე სულ პატარაობისავე, უწინდებური შერჩენოდა. მამის გული უზომო სიხარულით აივსო, როცა თავისი ქეთო ისევ ქართველ ქალად შეიცნო. ქეთომ მიატანა იმ ხეებს, რომელთაც ზურაბი ამოჰფარებოდა. ამან იდროვა და წინ გადაუდგა ფრთხილად, რომ არ შეეშინებინა. ქეთო შეკრთა, დაფრთხა და შველივით განზე გახტა.
– ნუ გეშინიან, შვილო, შენი მამა ვარ, მოვედი აქა, რომ დედასთან წაგიყვანო, წავიდეთ შინა, - უთხრა ზურაბმა ტკბილი მამობრივი ხმით. ქეთო შიშით უსმენდა უცნაურ სიტყვებს და ვერ გაეგო, რა უნდოდა მისგან ამ უცხო კაცსა. ზურაბმა იფიქრა, თუ ლაპარაკში დრო დავკარგეო, ვინმე მოგვასწრებს და საქმე წახდებაო; ამიტომ სწრაფად მივიდა ქეთოსთან, ფრთხილად დაავლო ხელი და გაიტაცა ტყისკენ. ქეთომ შექმნა საშინელი წივილ-კივილი, მაგრამ ვისი იყო ან საიდან მოდიოდა, პირველ ხანებში ვერ შეიტყვეს. სოფელი შეჩოჩქოლდა და რამდენიმე კაცი წავიდა ნაიბთან. ის სხვაგან იყო და ამიტომ დროზე ვერ შეატყობინეს. როცა უთხრეს ეს ამბავი, საშინლად შესწუხდა და სთქვა: უთუოდ ქალი მომტაცა ქართველაძემაო და მდევარი დაიბარა. ფიცხლავ შეიკრიბა ოცდაათი შეიარაღებული ვაჟკაცი. ვაშლოვანისაკენ სამი გზა მიდიოდა. მდევარნი ნაიბმა სამად გაჰყო. ათი ვაჟკაცი გაგზავნა ერთ გზაზე, ათი მეორეზე და ათიც თვითონ გაიდევნა მესამე გზაზე. სამივე რიგმა მდევარმა თითქმის ვაშლოვნამდე უწია, მაგრამ ზურაბის და ქეთოს კვალი ვერ მიაგნეს; ისინი თითქოს მიწაში ჩაძვრნენ და გაჰქრნენ. საქმე ის იყო, რომ ზურაბმა თავისი ქალი ვაშლოვანისაკენ როდი წაიყვანა, რადგანაც იცოდა კარგად, რომ მდევარი აქეთკენ დაედევნებოდა. ის დაადგა ჩრდილოეთის გზასა, რომელიც კახეთის ზემო სოფლებისაკენ მიდიოდა. შორს მოვლა არჩია, რომ შინ მშვიდობით მისულიყო, მაგრამ ვაი ამ მშვიდობასა.