თორმეტი ანათემა
ავტორი: კირილე ალექსანდრიელი


1 . თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!

2. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ მამაღმერთის სიტყვა ჰიპოსტასურად შეუერთდა ხორცს, რომ ერთია ქრისტე თავისი ხორცითურთ და რომ თვითვეა, ცხადია, ღმერთიც და ამასთან ადამიანიც, ანათემა!

3. თუ ვინმე ერთ ქრისტეში განყოფს ჰიპოსტასებს შეერთების შემდეგ და შეაკავშირებს მათ მხოლოდ ღირსებისმიერი ან თვითუფლებრივი ან ძალმოსილებითი თანაშეკავშირებით და არა, უმალ, ბუნებითი შეერთების შესაბამისი თანაშერთვით, ანათემა!

4. თუ ვინმე სახარებისეული და სამოციქულო ნაწერების სიტყვებს ანდა ქრისტეს შესახებ წმინდანთა გამონათქვამებს ან კიდევ თვით მის მიერვე თავის თავზე თქმულთ ორი პირისადმი ანუ ჰიპოსტასისადმი განყოფს და ერთ ნაწილს განუკუთვნებს მას როგორც ადამიანს, მამაღმერთის სიტყვისგან განცალკეცებით მოაზრებულს, მეორე ნაწილს კი, როგორც ღვთის შესაფერისს, მხოლოდ მამაღმერთის სიტყვას, ანათემა!

5. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ ღმერთშემოსილი ადამიანია ქრისტე და არა, უმალ, ჭეშმარიტად ღმერთი და ერთი და ბუნებითი ძე, როგორც ხორცქმნილი სიტყვა, და ჩვენს მსგავსად სისხლთან და ხორცთან ზიარებული, ანათემა!

6. თუ ვინმე ამბობს, რომ მამაღმერთის სიტყვა არის ქრისტეს ღმერთი და მეუფე და თუ ვინმე უმალ თვით არ აღიარებს ერთობლივად ღმერთად და ადამიანად, როგორც ხორცქმნილ სიტყვას, თანახმად წერილისა, ანათემა!

7. თუ ვინმე ამბობს, რომ იესო, როგორც ადამიანი, მოქმედებდა ღვთის სიტყვის მიერ და რომ მას უკავშირდებოდა მხოლოდშობილის დიდებულება, როგორც თითქოსდა მხოლოდშობილისგან განსხვავებულს, ანათემა!

8. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ საჭიროა ღმერთ-სიტყვასთან ერთად მისგან მიღებული ადამიანის თანათაყვანისცემა, თანადიდება და ღმერთად თანაშერაცხვა, როგორც სხვისა სხვასთან (რადგან წინდებული „თანა" ყოველთვის იმას გვაიძულებს, რომ შემატებულობა ვიფიქროთ) და თუ ვინმე უმალ ერთი თაყვანისცემით არ სცემს პატივს ემმანუელს და ერთ აღსარებას არ უკავშირებს მას, როგორც ხორცქმნილ სიტყვას, ანათემა!

9. თუ ვინმე ამბობს, რომ ერთი უფალი იესო ქრისტე იდიდება სულიწმინდის მიერ, რომ არის იგი თავისი ძალის, როგორც თითქოსდა უცხოს, გამომყენებელი და რომ სულიწმინდისგან იღებს იგი შემძლეობას, რათა იმოქმედოს უწმინდური ძალების წინააღმდეგ ან აღასრულოს ადამიანების წინაშე საღვთო ნიშნები, და თუ თავისვე საკუთრად არ იტყვის სულიწმინდას, რომლის მიერ იმოქმედა მან, აგრეთვე, საღვთო ნიშნები, ანათემა!

10. საღვთო წერილი ამბობს, რომ ჩვენი აღსარების მღვდელმთავარი და მოციქული გახდა ქრისტე, ხოლო ჩვენს გამო თავისი თავი შესწირა მან ღმერთსა და მამას „კეთილსურნელების საყნოსელად“ (ეფეს. 5.2). ამიტომ, თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენი მღვდელთმთავარი და მოციქული გახდა არა თვით სიტყვა მამაღმერთისა, რაჟამს იქმნა იგი ხორცი და ჩვენებრ ადამიანი, არამედ - სხვა ვინმე, განსხვავებული მისგან, კერძოდ, ადამიანი, რომელიც ქალისგან იშვა. ანდა თუ ვინმე იტევის, რომ თავისი თავისთვისაც შესწირა მან მსხვერპლი და არა, უმალ, მხოლოდ ჩვენთვის, რადგან არ საჭიროებდა მსხვერპლს ის, ვინც არ იცოდა ცოდვა, ანათემა!

11. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ უფლის სხეული ცხოველმყოფელია და რომ საკუთარია იგი თვით მამაღმერთის სიტყვისა, არამედ - რომ სხვა ვინმესია იგი, სიტყვისგან განსხვავებულისა, რომელიც დაკავშირებულია სიტყვასთან ღირსებით ანუ თითქოსდა მხოლოდ იმით, რომ სიტყვას მასში აქვს მკვიდრობა, და თუ ვინმე არ აღიარებს, რომ იგი, როგორც ვთქვით, ცხოველმყოფელია უმალ იმით, რომ გახდა საკუთარი სხეული სიტყვისა, რომელსაც ძალუძს ცხოველყოს ყოველივე, ანათემა!

12. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ღვთის სიტყვა ხორცით ევნო, ხორცით ჯვარსეცვა, ხორცით იგემა სიკვდილი და გახდა პირმშო მკვდართა, რადგანაც არის იგი სიცოცხლე, ცხოველმყოფელი, და ღმერთი, ანათემა!