თანდათან, თანდათან ახალი ქვეყანა შენდება!

თანდათან, თანდათან ახალი ქვეყანა შენდება!
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


მრამდენიც მძლავრი
მკვიდრდება სახლი
და ემატება
აგური აგურს,
თვალი სიახლეს
ხვდება სიახლით,
გულიც უჩქარებს
რიტმს ამხანაგურს.
არაფერია -
თუ ამ ლექსთა ცვლის
სისწრაფეს ბევრი
თვალსაც ვერ მოჰკრავს.
ცოტათი მაინც
სისწრაფე მისი
ჰგავს ჩვენთა დღეთა
კინემატოგრაფს.
ვინ იფიქრებდა,
რომ ამოდენა
გრანდიოზული
საქმე გველოდა, -
ასეა ტემპი, ასეა დენა
რევოლუციურ
საქართველოდან.
როცა ვიგონებ
ძვირფას სახელებს,
სხვა რომ ხატავდა,
აწ არც მამშვიდებს
და არც მახელებს...
მორჩა, გათავდა!
გათავდა, მორჩა!
ჩვენს საქართველოს
სხვას ველით წრიდან -
ყოველი მხრიდან,
ყოველი მხრიდან,
ყოველი მხრიდან!
წაიღო ცხოვრებამ
ოცნება -
მოსილი ლაჟვარდი
კორდებით;
თანდათან,
თანდათან,
თანდათან,
ყოველდღე
იმ წარსულს ვშორდებით.
გზებიდან მიიჭრა
ანძასთან
ტრიერით,
ბენზინით,
შორ ფრთებით...
თანდათან,
თანდათან,
თანდათან,
ყოველდღე
რუტინას ვშორდებით.
ხარაჩოც, ქცეული
ლანდადა,
და კერაც, რომელიც
ენთება,
თანდათან,
თანდათან,
თანდათან,
ახალი ქვეყნისთვის
შენდება.
სასახლე, რომელიც
ჩანდა თან,
ჩაგრულის
სისხლი და ოფლია,
თანდათან,
თანდათან,
თანდათან,
ახალის
გახდება მსოფლიო.
ვინ იფიქრებდა,
რომ ამოდენა
გრანდიოზული
საქმე გველოდა,
ასეა ტემპი,
ასეა დენა
რევოლუციურ
საქართველოდან.