ზღვა ახმაურდა
ზღვა ახმაურდა ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ზღვა ხმაურობდა
ყრუ ხმაურობით,
ანძა გრიგალის
მეთაურობით
მოგზაურობდა.
ძარღვებს თანდათან
ეს უცნაური
წეწდა, არღვევდა
აურზაური,
ზღვა ხმაურობდა.
ძარღვებში სისხლის
წვეთი ყოველი,
იმ სიმფონიის
ვერ დამტეველი,
გრიგალს სწყურობდა,
დენის ყოველი
მცირე ატომით,
ძალგამეტებით,
ძალგადაკვდომით
ზღვა ხმაურობდა.
და მე ვიგრძენი
უეცრად, მკაცრად -
არა ჩემს გარეთ,
არა რამე სხვა -
არამედ ჩემში
ახმაურდა ზღვა,
ზღვა ახმაურდა.